საზოგადოება · სოციალური · CSR - ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა

CSR-ის ეპოქაში მშიერი ადამიანები პირამიდებს აღარ აშენებენ

 

  “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

 იმას კი არ გულისხმობს, თუ როგორ ხარჯავს კომპანია მოგებას,

 არამედ იმას, თუ რა გზებით იღებს ამ მოგებას”.

მათიას სტაუსბერგი

 

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მეტად პოპულარული კერძო კომპანიის ოფისის ეზოში ხუთიოდე წლის ბავშვი მოთქმით ტიროდა. დედას ითხოვდა. ვიფიქრე, დაიკარგა-მეთქი. მისკენ გავემართე. გზა დაცვის თანამშრომელმა ჩამიჭრა. თან დამამშვიდა- ნუ დარდობთ, დედა აქ მუშაობს. მალე მორჩება საქმეს და ჩამოვაო. შემდეგ ბავშვთან მივიდა, ისიც დაამშვიდა. ჩემს თვალწინ დაურეკა კიდეც პატარას დედას.

მოგვინებით გავიგე, რომ ამ კომპანიაში საქმე რთულად ყოფილა – თურმე, იმ ოფისში ბავშვებს არ უშვებენ. ანუ თანამშრომლებს სამსახურში შვილის მიყვანა კატეგორიულად ეკრძალებათ. და როცა დედას ან მამას სამუშაო საათების შემდეგაც საქმე აქვს, გამოუვალი მდგომარეობის გამო ბავშვები ოფისში მიჰყავთ და ეზოში ტოვებენ. ეზოში, რომელსაც ავტომანქანების სავალ ნაწილამდე ღია კარიანი ღობე და ერთმეტრიანი ტროტუარი აშორებს.

ვიდრე პირველი შოკიდან გამოვიდოდი, შევიტყვე, რომ ეს კომპანია რამდენიმე პროფესიონალმა დატოვა. მათ შორის ისეთებმა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 3 ათას ლარს აღემატებოდა. მიზეზი ის იყო, რომ დამსაქმებელი მათგან საქმეში დღე-ღამის გაერთიანებას და უპირობო ერთგულებას მოითხოვდა. ნებისმიერ შეწინააღმდეგებაზე კი თანამშრომლებს არჩევანის წინაშე აყენებდა – ან საქმე ან ოჯახი!

ეს, ალბათ, საუკეთესო ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად ვერ აცნობიერებს ზოგიერთი კომპანია კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ მომხმარებლების, გარემოს ან გარეშე დაინტერესებული პირების, არამედ თანამშრომლებიც მიმართ.

როცა ცხოვრებისა და სამუშაოს წონასწორობა ოჯახურ მოვალეობებთან თავსებადი არ არის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალებიც ტოვებენ ასეთ კომპანიებს. მით უფრო, თანამედროვე სამყაროში, როცა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ოჯახთან თავსებადი სამუშაო გარემოს შეთავაზებით ცდილობენ.  family friendly პოლიტიკა მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სახლიდან მუშაობას ან სამსახურში ოჯახური გარემოს შექმნას გულისხმობს. მათ შორის, არაერთ კომპანიას თანამშრომელთა შვილებისთვის საბავშვო ბაგა-ბაღები და გასართობ-განმავითარებელი ოთახებიც აქვს მოწყობილი. თუ საქართველოში მოქმედი ისეთი კომპანიის შესახებ გსმენიათ, აუცილებლად მითხარით. მე კი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე ის ვერ ვიპოვე.

CSR-512.png

მეტიც, არაერთი ფაქტი ვიცი, როგორ ეუბნებიან დასაქმებაზე უარს ახალგაზრდა გოგონებს, იმის გამო რომ პატარა შვილი ჰყავთ. და თუ სამსახურში  მიიღეს, არავითარი შეღავათი მათ. მაგალითად, 28 წლის ლიკამ არაერთხელ სთხოვა მენეჯერს, რომ ერთ საათიანი შესვენების გარეშე იმუშავებდა, ოღონდ 30 წუთით ადრე გაეშვათ სამსახურიდან, შვილი რომ გამოეყვანა საბავშვო ბაღიდან. მაგრამ ამაოდ. მენეჯერის პასუხი ამ დრომდე ასეთია: – „თუ სამსახური არ მოგწონს, წადი!“. ლიკას ფული ძალიან სჭირდება, ამიტომ სამსახურიდან ვერ წავა. არადა, მისი 4 წლის ნუციკო სიზმარში ხედავს და ოცნებობს, რომ დღის ბოლოს,  საბავშო ბაღის ჯგუფში, ერთხელ მაინც არ დარჩეს მარტო, ბოლო ბავშვად;  ერთხელ მაინც ყველაზე ადრე მიაკითხოს დედამ, რომლის გზასაც ბაღის ფანჯრებიდან პატარა სკამზე შემდგარი გაჰყურებს ყოველ საღამოს.

როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, შენ კი უკვე შემდგარი ბრენდი ხარ, უმცირესი დანახარჯებითად შეგიძლია პოზიტიური გავლენა იქონიო საზოგადოების გარკვეული ჯგუფის – მომხმარებლების, პარტნიორების, თუნდაც თანამშრომლების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. და თუ ამას არ აკეთებ, შენ ვერც კარგ კადრს შეინარჩუნებ და ვერც მომხმარებელს, რადგან კლიენტთან ურთიერთობა დაბალი რგოლის თანამშრომლებს აქვთ. მათი განწყობა კი დიდწილად მუშაობის ხარისხზე აისახება.  მით უფრო, თუ ამ ადამიანებს არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა, დაათრევენ სარეალიზაციო პროდუქტით სავსე  უმძიმეს ჩანთებს, იძულებულნი არიან შეისყიდონ დახლზე დარჩენილი ვადაგასული პროდუქცია, აიტანონ სამსახურის გასახდელ ოთახში დამონტაჟებული ვიდეო კამერები და ა.შ.

მართალია, ბიზნესის მიზანი მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგების მიღებაა, მაგრამ, როცა კომპანიის მმართველი რგოლი აცნობირებს, რა სასიკეთო წვლილი შეუძლია შეიტანოს გარემოს და საზოგადოების ცხოვრებაში, მთავარი მიზნის მიღმა განსაზღვრული აქვს პრიორიტეტი და გამოხატავს კეთილ ნებას, შეცვალოს სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ, ასეთ კომპანიას განვითარების გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, რადგან საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მომხმარებელი ენდობა, ხოლო თანამშრომლებს ეამაყებათ მაღალი კოპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაში მუშაობა და ხშირად უარს ამბობენ სამსახურში მეგობრული გარემოს დათმობაზე, თუნდაც  უფრო მაღალი ხელფასის სანაცვლოდ.

ჩვენს დროში გრძელვადიან და მდგრად წარმატებას მხოლოდ მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები აღწევენ, რადგან დღეს 21-ე საუკუნეა. CSR-ის ეპოქაში მშიერი ადამიანები პირამიდებს აღარ აშენებენ.

 

 

განათლება · საზოგადოება

ბავშვები ჩვენთან ურთიერთობაზე ოცნებობენ, ჩვენ ანიმატორებს ვქირაობთ

ექსკურსიაზე ვიყავით  კახეთში. გრძელი და უსაფრთხო გზა ავირჩიეთ. მაგრამ მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ შეეძლო მძღოლს ასეთ ხმაურში მანქანის მართვა. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, წარმოდგენაც არ მინდა. ვიცი, მეტყვით, სულ ეგრე იყოო, მაგრამ ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი და ახლა ცხადად ვხედავ, რომ ძალიან მაღალია ასეთ დროს ავარიის რისკი. ჩვენ კი, რატომღაც დარწმუნებულები, რომ ყველა მძღოლი ჯანსაღი და მდგრადი ფსიქიკისაა, ჩვენდაუნებურად ვუშვებთ უბედური შემთხვევების ალბათობას.  რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლმა გამომიცხადა, კლინიკური სიკვდილი მაქვს გადატანილი და საფრთხის მოახლოებას ისე ვგრძნობ, თვალდახუჭულსაც შემიძლია მართვაო. შეეცადა კიდეც, სანამ მშვიდად არ დავარწმუნე, რომ მჯეროდა მისი და ნიჭის დემოსტრირება არ ღირდა. მეორემ, დამტვრეული ქართულით გამომიცხადა, თურქეთის მოქალაქე ვარ, იქ კაცი მოვკალი და საქართველოს შევაფარე თავიო. გაჩერება რომ მოვითხოვე, დიდხანს უარზე იყო. მერე გამოტყდა, რომ ქართველი იყო, ეს ისტორია მოიგონა და მგზავრების რეაქციებზე ერთობოდა.

 

34846343_801957119992883_1699558588122398720_o.jpg

აი, რა ვიცი, რომ ეგეთი მძღოლი არ შეხვდება ექსკურსიაზე მიმავალ კლასს? ან რა ვიცი, რომ მანქანას, რომელსაც მართავს მუხრუჭები უჭერს? ….   რა ვიცი …  რა ვიცი …. რამდენიც გინდათ, იმდენი რა ვიცი….

არადა სკოლებს შეუძლიათ მართონ რისკები. კერძოდ, ჰყავდეთ კონტრაქტორი მძღოლები, რომლებიც გამართული მანქანებით მოემსახურებიან კლასებს. მნიშვნელოვანია, ორგანიზატორმა კლასის დამრიგებელს და დანარჩენ მშობლებს წინასწარ დაუგზავნოს: ავტომანქანის სერია – ნომერი, ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის მართვის მოწმობა, მანქანის ტექნიკური პასპორტი, რომლითად მშობლებს საშუალება მიეცემათ დაადგინონ, რამდენი ჯარიმა აქვს მათი შვილების პოტენციურ მძღოლს. ასევე, კარგი იქნება თუ შედგება იმ ისტორიული ძეგლების თუ ადგილების სია, სადაც მისასვლელი გზა გაფუჭებულია. სკოლებს შეუძლიათ თავად შეადგინონ ასეთი ნუსხა. ასევე, როცა არსებობს არჩევანის საშუალება, არც განიხილონ მოკლე გზა.

ეს ყველაფერი უბედური შემთხვევების რისკებს  შეამცირებს.  მშობლები და სკოლა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვანთა გაყვანას სკოლის შენობიდან.

და კიდევ, ბოლო წლებში დაწყებით კლასებში გავრცელებული პრაქტიკა, ანიმატორების წაყვანა ბავშვების გასართობად სრულიად არღვევს ექსკურსიის არსს და დანიშნულებას. ექსკურსია ის აქტივობაა, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთად, საინტერესოდ, შედეგიანად უნდა ატარებდნენ დღეს. განსხვავებულ გარემოში ეცნობოდნენ ერთმანეთს, ამყარებდნენ ახალ კავშირებს, ერთად თამაშობდნენ წინასწარ დაგეგმილ თამაშებს  და ა.შ. რათა ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მეტი საერთო ჰქონდეთ ერთმანეთთან, ვიდრე იქამდე ჰქონდათ.

თუ ამ დღეს ვჩუქნით შვილებს, ვიყოთ ბოლომდე მათ გვერდით, შუამავლების გარეშე. ისე, როგორც ამას ბავშვები წარმოიდგენენ ოცნებებში. ბავშვები არ ოცნებობენ შეჟუჟუნებულ დედებზე, რომლებიც ერთმანეთთად ვახტანგურებს სვამენ ან მამებზე, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, სკოლასთან დაბრუნებულს მანქანით დახვდება.

ბავშვები ჩვენთან ურთიერთობაზე ოცნებობენ.

 

 

განათლება · საზოგადოება · სოციალური

მშობლებო, ხელის გულზე გიდევთ პრობლემები! თქვით. ილაპარაკეთ..

მშობლებო, ამოიღეთ ხმა!

კონსტრუქციულად გამოთქვით თქვენი აზრი, თორემ ამდენი დუმილით სკოლაში უინტერესოები ვგონივართ.

 

ხმამაღლა და გასაგებად თქვით, რასაც ერთად შეკრებილები მოსთქვამთ, რაზეც გაუჩერებლად საუბრობთ ყველგან, სკოლის კედლების გარდა.

 

ამოიღეთ ხმა, თორემ, იცით რას ამბობენ სკოლებში ჩვენზე? თავიანთი შვილებისთვის არ სცალიათო, დრო არ აქვთ, რა უნდა ელაპარაკოო. წელიწადი ისე გადის, შვილის ამბავს არ იკითხავენო.

 

რისი გეშინიათ? იმაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რაც ისედაც ხდება?

 

გგონიათ შვილს დაგიჩაგრავენ და იმიტომ დუმხართ?

ასწავლეთ შვილებს, რომ არ ღირს გაჩუმება იქ, სადაც სათქმელია.

ასწავლეთ, რომ გაჩუმება გამოსავალი არ არის.

ასწავლეთ, რომ სიმართლეს თავისი ძალა აქვს და აუცილებლად შეჭამს სამართალი პურს.

ასწავლეთ რომ ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე და სკოლაში მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციები კი არ ისწავლება, წინააღმდეგობების გადალახვაც აქ უნდა ისწავლოს.

ასწავლეთ, რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია და საზოგადოება მხოლოდ მაშინ ვითარდება, როცა ყველა მხრიდან აფასებს და წონის ამა თუ საკითხს.

 

ნუ შეაჩვევთ უსამართლობას, ჩაგვრას, ხმის ვერ ამოღებას.

 

დასცინიან  – არ ერევით!

სხვას დასცინის – არ ერევით!

სკოლის ბინძურ ტუალეტში შედის – თვალს ხუჭავთ!

სახლამდე თავს იკავებს – ეგეც არაუშავს!

ხელს ვერ იბანს? – რა უჭირს მერე.

თვალსაჩინოება არ აქვთ? – უიმე!

სახელმძღვანელო არ ვარგა? – რა გასაკვირია!

მასწავლებელი ვერ უხსნის? – რა არის ახალი ამაში!

კლასში ბევრი ბავშვია? – რა ქნან, სად წაიყვანონ!

ეგ რა არის, რეგიონებში უარესები ხდება?! მეც ამას ვამბობ, რომ უნდა ავლაპარაკდეთ.

 

ნუ ავიღებთ საზომად უარესს. უარესი ყოველთვის იარსებებს, უკეთესს შევედაროთ. უკეთესზე ავიღოთ სწორება. უკეთესი გვინდოდეს და უკეთესი მოვითხოვოთ მისგან, ვისაც ეს ევალება.

 

რამ შეგაშინათ?

ვის უწევთ ანგარიშს?

ვინ გყავთ უფრო ძვირფასი, ვიდრე თქვენი შვილია?

 

უთხარით მასწავლებელს, რომ პრობლემა გაქვთ, მაგრამ არ გამოსწორდა? მიმართეთ დირექტორს, მაგრამ ვერ მოაგვარა დიალოგით? დაწერეთ განცხადება და მოსთხოვეთ დირექტორს ეს განცხადება განათლების სამინისტროს დოკუმენტგაცვლის სისტემა e-flow -ში ატვირთოს და დაელოდებით პასუხს განათლების სამინსიტროსგან.  ნუ გგონიათ, რომ ამით სკოლის დირექტორს ან მასწავლებელს უჩივით, დამრიგებლის წინ მიდიხართ და ა.შ. ეს არ არის მთავარი. მთავარი ბავშვის ინტერესია. მთავარი იმ გარემოს სიჯანსაღეა, სადაც ბავშვი იზრდება. ნუ გვავიწყდება, რომ სკოლა ბავშვებისთვის არის და არა მასწავლებლებისთვის და არა დირექტორებისთვის, არამედ ბავშვებისთვის.  

 

სკოლა ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს, მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა იქ დასაქმებულების ნება-სურვილებსა და შესაძლებლობებს.

 

რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ნაცნობი პედაგოგი ან სხვა მშობელი, რა მნიშვნელობა აქვს წარბაწეული შეგხვდება დირექტორი თუ ღიმილით? შენ რაც არ მოგწონს, უნდა თქვა, უნდა დაწერო, უნდა ილაპარაკო, იმისთვის რომ მოგვარდეს, იმისთვის რომ წინ წავიდეთ, იმისთვის რომ სისტემას, რომელიც გავალდებულებს სკოლაში ატარო შვილი, გააგონო შენი ხმა, შენი სურვილი, შენი აზრი, შენი დაკვეთა.

 

შენ არ ხარ სტუმარი სკოლაში, შენ თანაბარუფლებიანი პარტნიორი ხარ და გააქტიურდი.

გაუზიარე შენი აზრი კარგზეც და ცუდზეც. უთხარი რა მოგწონს და რა არ მოგწონს. წაახალისე პოზიტივი და ყველას გასაგონად განიხილე ნეგატივი.

 

როგორი იქნება სკოლა ხვალ, შენს ხელშია. შენ უნდა მისცე დაკვეთა სახელმწიფოს, როგორი სკოლა გინდა შენი შვილისთვის. თუ შენ ჩუმად იქნები, არაფერი მოგვარდება. სისტემის ყველა რგოლის თანამშრომელი აიღებს ხელფასს, სხვადასხვა დროს, ბევრს ან ცოტას, შენ კი ის რაც უფასო გგონია, ძალიან ძვირი დაგიჯდება.  

 

შეხედეთ სერიოზულად სასკოლო ცხოვრებას!

აგიჩქარდეთ გული პატარების დიდ ამბებზე!

აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა!

სიჩუმე დანაშაულია!

ზურგს უკან ლაპარაკი, კიდევ უფრო დიდი დანაშაული!

 

მშობლებო, ხელის გულზე გიდევთ პრობლემები.

თქვით.

ილაპარაკეთ..

 

#მშობლებიგანათლებისთვის

Uncategorized

ნაადრევი ქორწინება – ნორმად აღიარებული ქალზე ძალადობის ფორმა საქართველოში

 

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგები საქართველოში:

• ქალებისა (66%) და კაცების (78%) უმეტესობა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სახლის საქმეების მოწესრიგებაა.
• ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს.
• ქალების ერთი მეოთხედსა (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია.
• როგორც მამრობითი (50%), ისე მდედრობითი (33%) სქესის რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა პირადი ცხოვრების საკითხია და მასში არავინ უნდა ჩაერიოს.
• კაცების 22%-ისა და ქალების 14%-ის აზრით, თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

პირადად ჩემთვის, ქალთა​ ​მიმართ​ ​ძალადობის​ ​მძლავრი იარაღი ნაადრევი ქორწინება, ნაადრევი უღელში შებმა და ნაადრევი “პატრონს ჩაბარებაა”. ის შედეგებიც, რაც ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, ჩვენში დაუწერელ კანონად აღიარებულმა არასრულწლოვანთა ქორწინებამ მოგვიტანა.  სანამ თვალს გაახელს, მანამდე რომ უკრავენ თავს საზარეულოში, დიდი შანსია მან თქვას რომ მისი ადგილი “კუხნაშია”, მთავარი ფუნქცია შვილების გაზრდა და მოსიყვარულე მეუღლედ დარჩენაა. უნდა მოითმინოს, უნდა აიტანოს, აბა როგორ უნდა.. ოჯახში უფროსი მაინც კაცია…

რეალურად ადრეული ქორწინება ბავშვთა უფლებების დარღვევაა, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ქორწინებაზე თავისუფალი, გააზრებული და ინფორმირებული თანხმობის გაცემა არ შეუძლიათ.

ქართული კანონმდებლობა კრძალავს ბავშვთა ქორწინებას, მაგრამ მთელი საზოგადოება, მათ შორის ისეთი მძლავრი ინსტიტუტი, როგორიც არის ეკლესია, ქადაგებს რომ ოჯახი წმინდაა და ოჯახის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს. ამას იძახიან იმ გოგონების მშობლებიც კი, რომლებიც დედ-მამის თანხმობის გარეშე დაოჯახდნენ. არსებობს მაგალითები, როცა მცირეწლოვანი წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში არ არის, მაგრამ ჯვარი აქვთ დაწერილი, რაც მათ ოჯახს საზოგადოების თვალში​ ​იმხელა​ ​ლეგიტიმაციას​ ​ჰმატებს,​ ​რომ​ ​მის​ ​წინააღმდეგ​ ​ვერავინ​ ​წავა.

საქართველოში ხშირად ქორწინება გამოსავალია. გამოსავალი იმ სიტუაციიდან თუ მცირეწლოვან გოგონაზე იძალადეს, ის ფეხმძიმედ არის. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ ხდება მისი ოჯახის უღელში შებმა, მოძალადე მამაკაცთან დატოვება, იმის შიშით, რომ არ ამოქმედდეს სტიგმა, რომ ის არის ხელიდან წასული, მსუბუქი ყოფაქცევის და ა.შ. სინამდვილეში, ეს არათუ გამოსავალია, პირიქით, არასრულწლოვანის მდგომარეობის დამძიმებაა.
გასული წლის 6 თვეში საქართველოში 396 არასრულწლოვანი გახდა მშობელი, მათ შორის 382 გოგონაა. ანუ თავად ბავშვი სხვისი დედაა.. 

როგორც წესი მცირეწლოვანმა გოგონამ არ იცის და ვერ ეცოდინება ის მოსალოდნელი პრობლემები, რაც მას ელის ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ განათლების მიღების და მატერიალური კეთილდღეობის შესაძლებლობები უმცირდება, ყველაზე მთავარი მაინც არის გოგონას ჯანმრთელობა. როცა ის იწყებს ნაადრევ სექსუალურ ცხოვრებას, როცა ის ბავშვობაში ხდება დედა, თან რამდენჯერმე. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას. ხოლო, დედები, რომლებიც უშვებენ იმ ფაქტს რომ შესაძლოა მათი შვილი 13, 14, 15 წლის ასაკში თავად გახდეს დედა, დარწმუნებული ვარ, ვერ აცნობიერებენ რა რისკს სწევს მისი შვილი.

გაეროს ოფიციალური სტატისტიკით, განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა მშობიარობს, რომელთა შორის ორ მილიონს 14 წლამდეც კი არ მიუღწევია. დაახლოებით 70 000 მოზარდი გოგონა კვდება ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, აბორტები კი 3​ ​მილიონზე​ ​მეტ​ ​მოზარდზე​ ​მოდის.

მე მყავს ორი შვილი, ორივე გოგო და არავითარ შემთხვევაში არ გავიმეტებ მათ​ ​ნაადრევი​ ​ქორწინებისთვის.

Uncategorized

საიდან ამდენი ძალადობა სკოლებში? აი, აქედან

გორში 14 წლის ბიჭმა თანაკლასელი გოგონა გააუპატიურა. ასე ამბობენ სკოლაში, თუმცა  თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის დაკვნა თვალით არავის უნახავს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე გოგონას ოჯახი სავარაუდო მოძალადეს უჩივის, მაგრამ ბიჭის ასაკის გამო, კანონი მის მიმართ ლოიალურია. შედეგად, „მოძალადეც“ და „მსხვერპლიც“ ისევ ერთად დადიან სკოლაში, ისევ ერთად სხედან გაკვეთილზე.  სკოლას უფლება არ აქვს მოზარდებს გაკვეთილებზე დასწრება აუკრძალოს. თუმცა დირექციას არც რეკომენდაცია გაუცია შინ სწავლის მეთოდზე გადაიყვანონ ბავშვები.

სკოლის დირექტორს პირადად ვესაუბრე და მომხდარი არ უარყვია, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევა საგაკვეთილო საათებში არ მომხდარა და საქმის დეტალებს არ იცნობს. კითხვაზე, მუშაობენ თუ არა 14 წლის მოზარდებთან ფსიქოლოგები, დირექტორი მპასუხობს, რომ ფსიქოლოგი არ ჰყავთ და ტელეფონს თიშავს.

მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით, ოჯახები ერთმანეთს გადაემტერნენ.  სკოლა კი სადაც ამბის მთავარი გმირი 14 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი ყოველ დღე სავალდებულოდ დადიან, სახიფათოდ დუმს. დირექტორმა ამ თემაზე საუბარი ყველას აუკრძალა. მათ შორის, შეძრწუნებულ მასწავლებლებსაც, რომლებისთვისაც რეკომენდაციები არავის მიუცია, როგორ მოიქცნენ ამ ვითარებაში. რა უპასუხონ მერხებიდან მომზირალ ათობით დაბნეულ თვალს.

~.ჩუმად.jpg

გაჩუმდითო, თქმა დირექტორმა და გაისუსა სკოლა. მოზარდებს კითხვები აქვთ, მაგრამ თემა ტაბუდადებულია. უფროსები მზად არ არიან სასაუბროდ. ყველა მასწავლებელს საგანგებოდ აეკრძალა მოსწავლეებთან და მშობლებთან ზოგადი საუბრები ძალადობაზე. დირექტორს ფსიქოლოგების ხსენებაც არ უნდა და მიზეზად გამოძიების მიმდინარეობას ასახელებს …

საქმეს სამართალდაცველები იძიებენ. სოციალური სამსახურიც ჩართულია. ინფორმაციას განათლების სამინისტროც ფლობს. მაგრამ ბავშვებთან, რომლებმაც მოხდარი სექსუალური ფაქტის შესახებ იციან, არავინ მუშაობს. უყურებენ თანატოლ ბიჭს და გოგოს თვალებში და იმ კითხვებს, რაც თავში უტრიალებთ, არავინ პასუხობს.

უმოქმედობა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად საჭიროა.

რა შედეგს მივიღებთ უადგილო სიჩუმით?

ეს ამბავიც ჩაივლის.

მერე გაგვიკვირდება, საიდან ამდენი ძალადობა სკოლაში..

Uncategorized

ციფრული ბავშვობა – ბავშვები online სამყაროში

“ბავშვობაში მეც ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ მაშინ, ჩემს ბავშვობაში, სახლში რომ შემოვიდოდი და კარს დავხურავდი, იქ მთავრდებებოდა ჩემი ჩაგვრა. ახლა მარტო არასდროს ხარ. ახლა ბულინგი კვირაში 7 დღე, 24 საათი გრძელდება.  ეს არის ონლაინ ცხოვრების ზიანი” – ამბობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი ბავშვების მიერ ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში, ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჯონ კარი.

 

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები, მსოფლიოს ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედია. ყოველი სამიდან ერთი ბავშვი ინტერნეტმომხამრებელია. ინტერნეტით დაინტერესებული ბავშვების ასაკი სულ უფრო მცირდება.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვებს ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ, კარგია. თანამედროვე ეპოქაში ციფრული ბარიერი დაკარგულ შესაძლებლობებს უდრის. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი მოკლებულნი არიან საგანმანათლებლო რესურსებს, გლობალურ ინფორმაციას, როგორც ციფრული უნარების შეძენას, ასევე თვითგამოხატვის ახალი ფორმების განვითარების შესაძლებლობას. დადგენილია, რომ როცა ადამიანი ზრდასრულ ასაკს აღწევს და შრომით საქმიანობაში ერთვება, ინტერნეტზე წვდომა ან მისი უქონლობა შესაძლოა მისთვის პირდაპირ ნიშნავდეს თავის რჩენის შესაძლებლობას ან ამ შესაძლებლობის არ ქონას. ინტერნეტით მოსარგებლე ბავშვები საკუთარ სათქმელს გამოხატავენ  ბლოგებით, ვიდეოებით, სოციალური მედიით, ჰაშთაგებით და სხვა საშუალებებით. ისინი აღიარებენ ციფრული საშულებების პოტენციალს ინფორმაციის მოპოვებაში და იმ პრობლემების მოგვარებაში რაც მათ ოჯახებს და თემებს აწუხებს.

 

 

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ონლაინ რისკები და ინტერნეტის შესაძლო მავნე ზეგავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე.

ციფრული საფრთხეები, ონლაინ ცხოვრების ზიანი:

ინტერნეტი ზრდის ტრადიციულ რისკებს და ქმნის ბავშვებზე ძალადობის და მათი ექსპლუატაციის ახალ ფორმებს. “კლიენტზე მორგებული” სექსუალური ვიდეომასალა ბავშვების მონაწილეობით. ან თავად ბავშვების მიერ შექმნილი მასალა, როგორიც არის მაგალითად სექსუალური შინაარსის კომენტარი, მესიჯი, ვიდეო, აუდიო და ა.შ.

ბავშვები ყველაზე ნაკლებად აცნობიერებენ ინტერნეტის ბნელ მხარეებს. შესაბამისად ონლაინ ყველაზე მეტი ზიანი მათ შეიძლება მიადგეს.

ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ეს რისკები მხოლოდ თეორიულად არსებობს. სინამდვილეში, მსოფლიოში არც ერთი ბავშვი რომელიც ინტერნეტით სარგელობს ბოლომდე დაცული არ არის. მეტიც, ბავშვზე ზრუნვის და მათი დაცვის ტრადიციული მეთოდები შეიძლება სრულიად უძლური აღმოჩნდეს.

ინტერნეტი ბავშვისთვის ხელმისაწვდომს ხდის ისეთი შინაარსის მასალას, რაც მას სხვაგვარად ხელში ვერ ჩაუვარდებოდა. ასევე ამყარებინებს პოტენციურად საშიშ ურთიერთობებს, რასაც სხვაგვარად ვერ დაამყარებდა.

 

ონლაინ რისკები სამ ჯგუფად იყოფა:

  1. შინაარსობივი რისკები: როცა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია არასასრუველი და მისი ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის მასალა. ის შეიძლება შეიცავდეს სექსუალური, პორნოგრაფიული, ძალადობის ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალას. რასისტულ გამონათქვამებს, სიძულვილის ენას, ვებ-გვერდებს, რომლებიც აქეზებს არაჯანსაღ და საშიშ ქცევას. მაგალითად, საკუთარი სხეულის დაზიანებას. თვითმკვლელობას, ანორექსიას და ა.შ.
  2. კონტაქტური საფრთხეები: როცა ბავშვი ჩართულია სახიფათო ურთიერთობაში. ასაკისთვის შუეფერებელი შინაარსის კომუნიკაცია ზრდასრულის მხრიდან.
  3. ქცევითი რისკები: როცა ბავშვის ქცევა ხელს უწყობს მისთვის სახიფათო კავშირების დამყარებას. ეს შეიძლება გამოჩნდეს ბავშვის ნაწერებში ან გამოიხატოს სხვა ბავშვების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაში. რასიზმის წაქეზებაში, სექსუალური შინაარსის ფოტომასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებაში. მათ შორის თავისი გადაღებული ფოტოების ან სხვა სახით შექმნილი მასალის გავრცელებაში.

 

UNICEF-ის რეკომენდაციაა, მეტი ყურადღება დაეთმოს არა ეკრანებთან გატარებული დროის კონტროლსა და შეზღუდვას, არამედ მის შინაარს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ ბაშვები ონლაინ, ვიდრე რამდენ დროს ატარებენ ეკრანებთან. 

ძალადობა, ექსპლუატაცია, ბავშვებით ვაჭრობა არა მხოლოდ ინტერნეტის ბნელ მხარეშია აქტუალური, არამედ ძირითად ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ მედიაშიც. ბავშვებს ემუქრება სხვა საფრთხეებიც, კიბერბულინგი, ასაკისთვის შეუფერებელი ონლაინრესურსები. მაგალითად პორნოგრაფიული და აზარტული თამაშების საიტები. ამ საიტებზე ბავშვები დაუბრკოლებლად შედიან და ბევრი მათგანისთვის უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. ონლაინ მიყენებულმა ზიანმა შეიძლება სამუდამოდ დაუმახინჯოს ცხოვრება პატარას.

იმ ბავშვებთან, რომლებიც სარგებლობენ ინტერნეტით, უფროსების მხრიდან დადებითი კომუნიკაციის უნარის განვითარება აუცილებელია. მათ უნდა აუხსნან ბავშვებს ციფრული ტექნოლოგიების გონივრულად გამოყენების მნიშვნელობა და მხოლოდ აკრძალვებით არ შემოიფარგლონ. ბავშვებს არ ესმით რამდენად მოწყვლადები არიან ონლაინ საფრთხეების წინაშე და ვერც პასუხისმგებლობას აცნობიერებენ რომ იყვნენ წესიერი ციფრული მოქალაქეები.

 

საჭიროა ვასწავლოთ:

ყველა, ვისაც გაიცნობს ინტერნეტში, შეიძლება არ იყოს ნამდვილად ის. შეიძლება ჰქონდეს სხვა სახელი და გვარი, შეიძლება ჰქონდეს ბოროტი მიზნები და ა.შ.

ყველაფერი, რასაც ისინი ქსელში გაავრცელებენ, დატოვებული კომენტარები იქნება, ფოტოები თუ ვიდეობი, ვეღარ ჩაითვლება პირად ინფორმაციად. ნემისმიერ მომენტში, მათ შორის, ისეთ დროს, როცა გაიზრდებიან და სხვა ღირებულებები ექნებათ, შეიძლება წინ დახვდეს ბავშვობაში გაზიარებული სტატუსი. ამისთვის უნდა იყოს მზად.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ შექმნილ მასალას. ვთქვათ, სკოლაში გადაღებული სახუმარო ვიდეოს გაზიარებას ინტერნეტში. ამის ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი წიგნი-კომიქსი “წრიპა ბიჭის” მეოთხე ნაწილში, სადაც  ერთი შეხედვით უმტკივნეულო და მხიარული ვიდეოს გავრცელების შემდეგ მთავარ გმირს მილიონობით ადამიანი დასცინის, მას “პამპერს ხელიანს” უწოდებს და ძალიან დიდხანს ის ვეღარ გამოდის ამ ვიდეოს ჩრდილიდან.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუნდაც ხუმრობით გადაღებულ ფოტო/ვიეო მასალა სადაც რაიმე უხერხული მომენტია ასახული, შეიძლება ზიანის მომტანი იყოს თუ ის უცხოს ჩაუვარდება ხელში. მაგალითად, ბავშვს აწეული აქვს კაბა ან გასახდელში დგას საცვლებით. ეს შეიძლება ძალიან ადვილად ჩაუვარდეს ხელში უცხო პირებს და გამოძალვის საფრთხის წინაშე დააყენოს ბავშვი. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ დროს ბავშვები ,როგორც წესი, დახმარებას სთხოვენ არა უფროსებს, არამედ თანატოლებს, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

პირადი სივრცის და პირადი მონაცემების დაცვა: საჭიროა ვასწავლოთ, რომ თუ თავის პირად მონაცემებს არ გაუფრთხილდება, შეიძლება ვინმემ მათი იდენტობა მიითვისოს და ბოროტად გამოიყენოს მათი მონაცემები.

ონლაინ კომუნიკაციის წესები: საჭიროა დავეხმაროთ ბავშვებს გაიგონ, რომ ონლაინ კომუნიკაცია ძალიან განსხვავებულია ტრადიციული კომუნიკაციისგან. ის მოკლებულია სიტყვიერ მასალას, ხმას, მიმიკას და ადვილად შეიძლება ანონიმურად იქცეს. მაგალითად, ბავშვს ვეკითხები, ვთქვათ სკოლიდან გამოსვლის დროს დედამ ფეისბუქზე მოგწერა რომ მოსვლას ვერ ახერხერბს და ახალ თანამშრომელს სთხოვა შენი გამოყვანა. ის კი წითელი, ??000??  ნომრის მანქანით დაგელოდება სკოლის ეზოში. რას იზამ? რათქმაუნდა, დაგიჯერებ – მპასუხობს ბავშვი. აი ამ დროს ვუხნი, რომ ჩემი ფეისბუქპროფაილის ასლის გაკეთება ყველას შეუძლია, მათ შორის ბოროტი ჩანაფიქრის მქონე ადამიანს. ამიტომ არასოდეს ენდო საეჭო მონაწერს, აუცილებლად დაურეკე დედას და გადაამოწმე, მართლა პრობლემა აქვს სკოლიდან შენს გაყვანასთან დაკავშირებით, თუ არა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმომხმარებლების მესამედს ბავშვები შეადგენენ, საერთაშორისო ინტერნეტპოლიტიკა მორგებულია ზრდასრულთა მოთხოვნებს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ზრდასრულებს მართებთ. როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორს. თუმცა ვიდრე განვითარების მაღალ სტანდარტებს მივაღწევდეთ, სჯობს მშობლებმა ვაკონტროლოთ რას აკეთებენ ბავშვები ინტერნეტში და ვასწავლოთ მათ ინტერნეტწიგნიერება.

P.S. წერილი ეყრდნობა გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ანგარიშის, ”მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა: ბავშვები ციფრულ სამყაროში” პრეზენტაციას. 

თბილისი · საზოგადოება

ელიავას ბაზრობა, როგორც გამოუსწორებელი შეცდომების მაგალითი

eliava.jpg

ეს თბილისია.

თბილისის ცენტრი.

მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორია.

ე.წ ელიავას ბაზრობის საკადასტრო რუკის ნაწილი.

თუ ამ ფოტოს ჩამოწერთ და გაადიდებთ, ასობით საკადასტრო კოდს ნახავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიას ერთი, ორი ან სამი მეპატრონე კი არ ჰყავს, არამედ 100 და კიდევ უფრო მეტი.. და როგორ ფიქრობთ, ამას მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვა არ დასჭირვებია? თბილისის მერიის ნებართვით და სრულიად ლეგალურად, კანონიერი გზით თბილისის ცენტრში 12 ჰექტარზე მეტი მიწა ნაკუწებად არის გაყიდული.

დედამიწაზე ვერავინ აიძულებს კეთილსინდისიერ შემძენს  თავის საკუთრებაში საბურავი, ქვიშა, ხრეში ან ცემენტი არ გაყიდოს. მათი ძალა ერთობაშია. მივა ბიძა კაცი “შპაკლზე”, წამოიყოლებს ცემენტს, ცოტა ქვიშას, თაბაშირ-მუყოს. მერე ცოლთან ერთად ონკანის და ნიჟარის საყიდლადაც იქ მივა. მისი ბიჭი, “BMW”-ს რომ ალეწავს, ძმაკაცებთან ერთად გაივლის დაშლილებში. მოგვწონს თუ არა, ჩვენი კულტურის ნაწილია ელიავაზე სავაჭროდ სიარული.

ერთ დღესაც გაიღვიძა თბილისის მერიის ყოფილმა შემადგენლობამ და თქვა: თბილისს გენ.გეგმა სჭირდებაო. ვინ იქნებოდა წინააღმდეგი? ნამდვილად სჭირდება. შეიკრა 70 კაციანი ჯგუფი, ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული და დაიწყო ქალაქის კონცეფციაზე მუშაობა. დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ დასრულდა. ვერ დასრულდა იმიტომ, რომ თუ ქალაქის იერსახის გამოსასწორებლად დაუკვეთეს ეს გეგმა, მაშინ დოკუმენტით განსაზღვრული ზონებიც უნდა დაიცვან. დოკუმენტში კი წერია, რომ მაგალითად ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეში-ღორღის ნაცვლად კარგი იქნებოდა მწვანე ზონა იყოს, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკი იქნებოდა. დაახლოებით, აი, ასეთი.24130480_717885625066700_4450616509438779689_o.jpg

როგორც კი ელიავაზე მწვანე ზონის მოწყობის გეგმა დაიდო, დაინტერესებული მხარე ალაპარაკდა, რომ ელიავაზე ნიადაგი არ ვარგა და სკვერი ვერ მოეწყობა. თუმცა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მწვანე ზონები უდაბნოში ან სახლის სახურავზე გააშენო, ან სულაც ყრუ კედელზე მოაწყო ვერტიკალური ბაღი.

პრობლემა სწორედ იმ ასობით მესაკუთრეშია, ვისაც პირველ ფოტოში ხედავთ. გენ.გეგმის მიხედვით, სამშენებლო და ავტონაწილების ბაზრობა ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს. საწარმოო, აუთვისებელ ტერიტორიებზე, რომელიც სამგორსა და ავჭალაში მრავლად გვაქვს. მაგრამ მეწარმეებს ეს გეგმა არ მოსწონთ, მოტივი მარტივია – ავჭალაში ვინ ივლისო, ამბობენ.

თუმცა სულ ცოტა უკან რომ გავიხედოთ, გავიხსენებთ რომ დიღმიდან მანქანების ბაზრობის რუსთავში გადატანის დროსაც ეს ფრაზები ისმოდა. დღეისათვის კი მანქანის ყიდვის და გაყიდვის მსურველი შაბათ-კვირას რუსთავში ატარებენ, ანუ ბიზნესი ამ გადაწყვეტილებით არ მომკვდარა, მხოლოდ მდებარეობა შეიცვალა.

რა გადაწყევტილებას მიიღებს თბილისის მერია, გენ.გეგმის შესახებ 28 ნოემბერს გახდება ცნობილი. (მერიას დოკუმენტი 15 დღის წინ ჩაბარდა, კანონით განსაზღვრული ვადა ხვალ, 28 ნოემბერს იწურება)

“ელიავას ბაზრობა”, როგორც ამ დოკუმენტის ყველაზე ცხელი წერტილი, კარგი მაგალითია იმისა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ხვალ შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქალაქს.

თბილისის მერის კაბინეტის ვიტრაჟი პირდაპირ გადაჰყურებს ქალაქის ცენტრში მოწყობილ სამშენებლო ბაზრობას. მესამე მერი გვყავს, რომელიც სამუშაო ოთახიდან გაჰყურებს ნაკუწებად გაყიდულ თბილისს. გადაწყვეტილება იმდენად რთული მისაღებია, რომ ელიავას თემას ყველა აჩერებს.

თბილისის ჩასმა კი დედაქალაქისთვის შესაფერის ჩარჩოში ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება.

საზოგადოება

ექნება თუ არა დედაქალაქს გენ.გეგმა – თბილისი განაჩენის მოლოდინში

თბილისის ყოფილი თავებისგან მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების მცდელობებიც გვახსოვს  და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ბევრი გვინახავს ვიდეო კამერების წინ ცხვირზე ხელაფარებული. თბილისის ახალ მერს გაცილებით მსხვილი მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, ვიდრე ნაგვის თავახდილ ურნაში ჭვრეტაა.

მერიის ახალ შემადგენლობას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია ერთი კვირის წინ ჩაბარდა. დოკუმენტი, რომელსაც ნარმანიას მთავრობა 4 წელი ფარად იშველიებდა, როცა საქმე არასასურველ თუ უკანონო მშენებლობაზე მიდგებოდა. “აი, სადაც არის გენ.გეგმა გვექნება და მერე მოვუღებთ ბოლოს ამ ჯოჯოხეთსო”– ეს იყო მერიის პასუხი ყველა კითხვაზე, რასაც ჟურნალისტები უსვამდნენ ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით და ყველა პრეტენზიაზე, რასაც მშებენლობის ბუმით შეწუხებული მოსახლეობა უყენებდათ.

თუმცა 4 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მერიას თბილისის განაშენიანების ძირითადი დოკუმენტი მიეღო და დაემტკიცებინა. ამასობაში ქალაქში მილიონობით კვ.მ. ფართის მშენებლობის უფლება  გაიცა, რაც ისედაც ჩაბეტონებულ ქალაქს მომავალ წლებში კიდევ უფრო უჟანგბადოს და გაუვალს გახდის.

მოკლედ, როგორც იქნა გენ.გეგმის 2 000 გვერდიანი და 50 რუკიანი დოკუმენტი მერიამ ჩაიბარა. ახლა ჯერი მთავრობაზეა – ან დაამტკიცებენ გენ.გეგმას ან იტყვიან რომ არ ვარგა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გეგმა მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა და საბოლოო ვარიანტის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა გავლილი ფაზა უკვე ჩაბარებული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გენ.გეგმა არ ვარგოდა, ამას ახლა არ უნდა ვიგებდეთ. 

ახალი გარემოება: 

უკვე იმ დროს, როცა თბილისს დამტკიცებული გენ. გეგმა უნდა ჰქონოდა, სრულიად მოულოდნელად მერიამ გადაწყვიტა, შუა აზიის განვითარების ბანკისთვის დაეკვეთა ამ დოკუმენტის შეფასება. შერჩეულ ფრანგ ექსპერტს დოკუმენტაციის ნაწილი ინგლისურად უთარგმნეს, 2 კვირით ჩამოიყვანეს, ექსპერტმა უარყოფითი დასკვნა დადო. არ ვარგა თქვენი გენ.გეგმაო, ბევრი ხარვეზი აქვსო და ა.შ.

მე, როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს  3 კითხვა მაქვს: 

1. რატომ გაიწელა გენ.გეგმის დამტკიცების პროცესი? (ქალაქს გენგეგმა ჯერ კიდევ მაისში უნდა ჰქონოდა)

2. თუ ეს გენ.გეგმა არ ვარგა, მაშინ რატომ იბარებდა ეტაპობრივად მერია გაწეულ სამუშაოებს? 

3. რატომ დასჭირდა მერიას თავისივე დაწყებული სამუშაოების შეფასება უკვე იმ დროს, როცა გენ.გეგმა მიღებული უნდა ჰქონოდა?

შემთხვევით, მერია გამოსავალს ხომ არ ეძებს, როგორ თქვას უარი თბილისის გენერალური განაშენიანების დოკუმენტზე, რომლის სისრულეში მოყვანასაც არანაკლები შრომა, ცოდნა, კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე მის შექმნას. არადა, თუ გეგმას დაამტკიცებს, მისი განხორციელებაც მოუწევს. შეძლებს კი იმ ამოცანების დაძლევას, რაც გენ.გეგმის დოკუმენტით არის განსაზღვრული? უფრო ადვილი არ არის ქალაქის მართვა სახელმძღვანელოს გარეშე? აი, როგორც დღეს არის, ერთ ქუჩაზე ველობილიკი რომ გაგვიკეთეს და იქამდე ტრანსპორტით უნდა მიიტანო ველოსიპედი.. 

ერთი რამ ფაქტია, თბილისის დასაკუთრება 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება. რაც დრო გავა, მით უფრო შეუძლებელი გახდება კვ.მ-ობით გაყიდული თბილისის ქალაქისთვის დამსგავსება. როგორც, “ელიავას ბაზრობის” შემთხვევაშია – საბურავი, “დაშლილები”, ქვიშა, ხრეში, ქვა, ღორღი შუა ქალაქში, საცხოვრებელ ზონაში ყრია, მაგრამ მიწა კერძო საკუთრებაა და არავის დედამიწაზე, უფლება არ აქვს ხელყოს კერძო საკუთრება.

სულ ცოტა ხანიც და თბილისის გენ.გეგმის დოკუმენტის შექმნა აზრს დაკარაგავს. თუ მერიას მიწის ნაგლეჯიც აღარ ექნება საკუთრებაში, იქ ვერც ზონას დაადგენს, ვერც ხმაურის კოეფიციენტს და ვერც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი “ცეხების” ყოფნა-არყოფნას განსაზღვრავს.

P.S. მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, არც არსად  წასვლას ვაპირებ. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისის ბედი. მე არ მინდა, წლები მალოდინონ და მერე მითხრან:  უი, ის, რასაც შენ ელოდებოდი, მე რომ შეგპირდი, თურმე არ ვარგოდაო. მითუმეტეს, თუ ჩემი და სხვა მოქალაქეების ჯიბიდან ამისთვის გაცილებით მეტი ფული ამოიღეს, ვიდრე ის 2 800 000 ლარი, გენ.გეგმის ღირებულებისთვის რომ გაწერეს.

განათლება

ხარისხიან განათლებას მეტი ფული სჭირდება

განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები იზრდება, თუმცა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლებაზე გაწეული ხარჯების წილი დაბალია, უფრო კონკრეტულად კი მშპ-ს 2.8 %-ს არ აღემატება (2016 წ). მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ამ მიმართულებით გაცილებით დიდ თანხებს ხარჯავენ. მაგალითად, შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში განათლებაზე მშპ-ს 7%-ზე მეტი იხარჯება. ინგლისის და ამერიკის მშპ-ს 5%-ზე მეტი ეთმობა, გერმანიაში, ხორვატიასა და იტალიაში – 4%-ზე მეტი.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, განათლებას ერთი ფასი აქვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. კავკასიონის ქედს აქეთ მდებარე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი,  კულტურის, ფართობის და მოსახლეობის რაოდენობის განსხვავების მიუხედავად, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში თითქმის ერთნაირად იმეტებენ ფულს განათლებისთვის. სამივე შემთხვევაში განათლებაზე დანახარჯები 2-3%-ს შორის მერყეობს.

 Megikoli.jpg

 

 

განათლება

განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები იზრდება, ოჯახების ხარჯები კი იკლებს

განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები იზრდება, ოჯახების მიერ გაწეული ხარჯები კი იკლებს. ამის მიუხედავად ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლებაზე გაწეული დანახარჯები 2.8%-ს არ აღემატება. (განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია)
გრაფიკი1. განათლების დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში (ნომინალური მშპ) 

Megi-2.jpg

გაცილებით თვალსაჩინოა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების სამინისტრო დაფინანსების რაოდენობით მესამე ადგილზეა და 1. 116 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი.

გრაფიკი2. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი წლების მიხედვით

Megi-3.jpg

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარდა, განათლების ხელშწყობისთვის ფულს სხვა სახელმწიფო ორგანოებიც ხარჯავენ. მათ შორის, თავდაცვის, კულტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსიტრო, აჭარის მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობები და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით განათლების დარგის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება.
გრაფიკა 3: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები განათლებაზე (მლნ ლარი)

Megi-4.jpg

განათლებაში ინვესტირებას ოჯახებიც ახდენენ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახების მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა არაერთგვაროვანი კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ბოლო მონაცემების თანახმად, შინამეურნეობების დანახარჯები კვლავ ასობით მილიონი ლარია.
გრაფიკი 4: შინამეურნეობების და არაკომერციული ორგანოების დანახარჯები განათლებაზე (მლნ. ლარი)

Megi-5.jpg