განათლება

ეროვნული გამოცდები – სასჯელი თუ ცხოვრების გზაჯვარედინი?!

უნარებში ეროვნული გამოცდის შემდეგ მეგობარს დავურეკე. აბიტურიენტი შვილი ჰყავს, ბავშვის ამბავი მაინტერესებდა. გაღიზიანებული შემხვდა. მგონი ვერაფერიც ვერ დაწერა ამ უტვინომ. დაბნეულა, იქ რომ შესულა და გამოვიდა ყურებჩამოყრილიო. არ ველოდი ასეთ პასუხს. გამიკვირდა. იმედია, ბავშვს არ ესმის ჩვენი საუბარი-მეთქი. როგორ არ ესმის, აქ ზის, შენ თვითონ დაელაპარაკეო – მიუგდო შვილს ტელეფონი. ბავშვმა დალაგებულად ჩამოაყალიბა რაც დაწერა. მასწავლებელსაც ვესაუბრე და ვვარაუდობთ, რომ ცუდი შედეგი არ მექნებაო. დედა რატომ ღელავს-მეთქი. რავიცი, დილიდან ქოთქოთებს, რომ ვერ ჩააბარო, რა უნდა გიყო, არ ვიციო!!
რა გინდათ ამ ბავშვებისგან?
გიკვირთ რატომ არის გამოცდა სტრესი? რატომ გამოდიან ბავშვები გამოცდიდან განერვიულებულები, ძალა გამოცლილები, უხასიათოდ?
წლების განმავლობაში სახლში თუ სკოლაში, ყოველი “დაჯექი იმეცადინე”-ს, ყოველი არ ნასწავლი მასალის, ყოველი გაცდენილი გაკვეთილის შემდეგ რომ ეროვნული გამოცდებით აშინებენ და ემუქრებიან ბავშვებს, ამ მართლაც მნიშვნელოვან ეტაპს რომ ბედნიერები ვერ შეხვდებიან, გასაკვირია ეს?
ბავშვობიდან დიდობაში გადასასვლელ საცალფეხო ხიდზე რომ გადადის მოსწავლე, თანადგომა უფრო სჭირდება თუ ნიშნისმოგება?! ცალკე მასწავლებელი ეტყვის, ხომ გეუბნებოდი – შემოდგომაზე ითვლიან წიწილებსო; ცალკე დედა იმუქრება – ერთი შედეგები გავიგო, მერე ნახავ შენო. გავა მერე ეს ბავშვი გამოცდაზე, ისე გავა რომ არავის სჯერა მისი, არავინ ენდობა, არავის აქვს მისი იმედი. გავა და ან საწერკალამი აუფეთქდება სიცხეში და ან ფეხები დაუსველდება წვიმაში – ეგეთ ქალაქში ცხოვრობს, სადაც უფროსებმა სანიაღვრე სისტემები ვერ გააკეთეს და კალმებშიც ფულს ზოგავენ. მაინც მოახერხებს, დაწერს რაღაცას და უფროსები, რომლებსაც ვერც ხარისხიანი პასტები უყიდიათ და ვერც ქალაქი მოუწესრიგებიათ, იმაზე ედავებიან – რატომ მხრებში გამართული, ომახიანად არ გამოდიხარ გამოცდიდან, რატომ ხარ დაბნეული და ძალა გამოცლილი, გულს რად მიხეთქავო.
აბიტურიენტები დაძაბული ფსიქიკით შედიან გამოცდებზე, თითქოს ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება მათ ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს, რა არის სანერვიულო – ზის და წერს. თუ რამე იცის – დაწერს თავისთვის, წყნარად და მშვიდად. არც სათვალის ზემოდან გადახედავს გამომცდელი, ვერც ძალით ჩაჭრას დაუპირებენ. რაც ისწავლა ჩააბარებს და გამოვა. რა არის აქ გულის გასახეთქი?! ან ქოლგით ხელში გარეთ ლოდინი რად უნდა?
– რომ ვერ ჩააბაროს? შესაძლოა, ეროვნული გამოცდები მართლაც ცხოვრების დიდი გზაჯვარედინია, მაგრამ ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება. სხვა უამრავი საშუალება არსებობს განათლების მისაღებად.
ახლა ნერვიულობას აზრი აღარ აქვს.
ნერვიულობა იქამდე სჯობდა, იმ 12 წლის განმავლობაში. როცა არ სწავლობდა ან არ ასწავლიდნენ ან არ გიჯერებდათ ან არ გეცალათ! და კიდევ ბევრი ან, მაგრამ მაინც ჩუმად იყავით, რომ ნერვები არ მოგშლოდათ.
ახლა ჩახუტების და პოზიტიური ემოციების გაცვლა-გამოცვლის დროა. ის დრო, ამდენი წელი რომ აშინებდით ბავშვებს – გახვალ ეროვნულ გამოცდებზე და მერე მე გავიცინებო!!
იცინეთ ახლა.. რა განერვიულებთ?!

Uncategorized

სკოლა – ლიმუზინი – შარვალი და კოსტუმი

მეგი კავთუაშვილის ბლოგი

მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების.  რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ,  რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.

ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემ „ქეიფ-დროს ტარებაში“ კიდევ დამატებით   ვერ დავახარჯინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.

გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 – 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო. თან შარვალ-კოსტუმიც საყიდელი გვაქვს და ვის ვესესხო ფული, იმას ვფიქრობო. გლდანში ხდება ეს.

რა ბანკეტი, რა მასწავლებელი, რა ლიმუზინი, რა შარვალ-კოსტუმი..

თუ დედამიწაზე არ ვარ „შემომილაწუნეთ“ !

View original post

საზოგადოება · სოციალური

“შენ, რომელიც ახლა იზრდები, შეგიძლია შეცვალო ტრადიციები” – წერილი პატარა გოგონებს

ქართული წესით ოჯახი მარტივი სქემა არ არის. ამიტომ ფრთხილად, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდე! აქ ოჯახის კეთილდღეობისთვის მხოლოდ ცოლ-ქმრული სიყვარული არ კმარა. იმ ბიჭის დედაც უნდა გიყვარდეს, მამაც, დაც, ძმაც, ახლო და შორეული ნათესავებიც. რაც უფრო დიდია ოჯახი, მით უფრო მეტი უფროსი ეყოლება, ამიტომ ბევრი უნდა მოითმინო, ბავშვების გულისთვის ყველაფერი აიტანო, მაგ ლამაზ თავზე წისქვილის ქვაც დაიტრიალო, თვალების დახუჭვაც უნდა იცოდე და სმენის დახშობაც, რომ ვერც ღალატი დაინახო და ვერც ჭორები მოისმინო შენს “წმინდა” ოჯახზე. მერე ნათესავები რომ გესტუმრებიან სახლში და შენი ხელებით გაშლილ სუფრასთან შეჟუჟუნდებიან, სხვა ქართველ ქალებთან ერთად გადღეგრძელებენ, როგორც ყველაზე მომთმენ არსებას დედამიწაზე. შენ ამ დროს ბედნიერად გატრუნული უნდა იჯდე და თავი აქნიო, დანანებით. ასეთია ჩვენი ტრადიცია.

შენ ახლა ძალიან პატარა ხარ და არ იცი, რომ ბოლო 5 წელიწადში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 55 ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს. ჯერ არც ის გესმის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს შემაშფოთებელი რიცხვია. არც ის გესმის, შენი ბაბუების თაობა 37 – მანეთად რომ ღალატობდა ოჯახს, “პასტაიანკა” რომ ყველამ იცის რას ნიშნავს და ამის მიუხედავად ერი უტიფრად ზეიმობს ოჯახის სიწმინდის დღეს..

შენ, რომელიც ახლა იზრდები და ის ბიჭი, რომელიც ახლა იზრდება, შეძლებთ ქართული ოჯახი აქციოთ წმინდად. და მე ამ თაობის წარმომადგენელი გთხოვთ თქვენ, მომავალ თაობას –  არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

ვნების დასაოკებლად ოჯახს ნუ შექმნით. ოჯახისთვის უფრო მყარი საფუძველია საჭირო. დაოჯახდით მაშინ, როცა გექნებათ თქვენი საქმე; როცა ერთმანეთთად თავს გამორჩეულად კარგად იგრძნობთ; როცა ერთმანეთთად დასამალი არაფერი გექნებათ; როცა ერთად “ბაზარში” სიარულიც ჟრუანტელს მოგგვრით; როცა მზად იქნებით, დაღლილებმა და დაქანცულებმა ერთმანეთის მაგივრად მთელი ღამე არწიოთ ბავშვი. როცა გაიაზრებთ, რატომ უნდა იაროთ ერთად სკოლაში მშობელთა კრებაზე; როცა შეძლებთ, ბავშვების გულისთვის დაისვენოთ სუფთა ჰაერზე, მოსაწყენ ადგილებში, თუნდაც ერთმანეთის სოფლებში, თუნდაც ერთმანეთის მშობლებთან. როცა მზად იქნებით გაინაწილოთ საოჯახო საქმე და ეს ტვირთი კი არა ყოველდღიური სიამოვნება იქნება.

მერწმუნე, დედამიწაზე არავინ არის ვალდებული გემსახუროს მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდები. არც ქმარი – ოჯახი არჩინოს, არც დედამთილი – შვილები გაგიზარდოს, არც დედა – ყოველ დაძახებაზე შენთან გაჩნდეს და შენი მოვალეობები გადაიბაროს.

სიტყვიერადაც არ დათანხმდე, თუ ვინმე გეტყვის, რომ შენი საქმე ბავშვების გაზრდა და სახლის მოვლაა, დოვლათი კი ქმარს უნდა შემოჰქონდეს ოჯახში. შენს მაგივრად გაზრდის შენ შვილებს ან შენს მაგივრად იზრუნებს სადილ-ვახშამზე. გახსოვდეს, შენ ამისთვის მძიმე ხარკის გადახდა მოგიწევს და როცა ამას მიხვდები, გვიანი იქნება! ამიტომ, როცა ოჯახს შექმნით, თავიდანვე აიღეთ პასუხისმგებლობა და გადაინაწილეთ ფუნქციები ისე, რომ ერთად ნაშოვნი ფულსაც ქონდეს გემო და ღიმილ-ღიღინით ერთად მომზადებულ ვახშამსაც.

არავის მისცე უფლება ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში, გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა, გააცივოს თქვენი გრძნობები.

მშვიდად შეხვდი როცა გკითხავენ – რატომ არ ცხოვრობ დედამთილთან? რატომ არ დაარქვი შვილს მამამთილის სახელი? რატომ არ რჩები ფეხმძიმედ? როდის აჩენ მეორეს? მესამეს? ბიჭს? გოგოს? და ა.შ. ნუ გაბრაზდები ამ კითხვებს რომ მოისმენ – გაუღიმე და უთხარი, რომ ეს შენი პირადი საქმეა, მათ კი თავიანთ საქმეებს მიხედონ.

თუ გეტყვიან, რომ შენ მათ ოჯახში შეხვედი, არ დაიჯერო! შენ შენს ოჯახს შექმნი და არავის ოჯახის დამატებითი წევრი არ გახდები!
შენ შეგიძლია, შექმნა პატარა ავტონომია დიდ ოჯახში, ცალკე სახლის, ცალკე ოთახის, ცალკე სივრცის სახით. თუ “ოჯახის ინტერესების” სახელით ვინმე შენს პირად ცხოვრებაში ჩარევას მოინდომებს, არ მისცე ამის უფლება!
თუ რომელიმე ჩვეულებაზე მიგითითებენ, რომ ეს მათ ოჯახში არ ხდება, უთხარი რომ ამიერიდან მოხდება! თუ რომელიმე ოჯახური ტრადიცია შენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ნუ მოგერიდება შეპასუხება, რომ შენ ოჯახში ის ტრადიციები დამკვიდრდება, რასაც თქვენ ორნი ჩათვლით საჭიროდ.
ნურც შენ გადაწყვეტ “სტენკის დადგმას” და დალაგებულის ხელმეორედ დალაგებას. ეს წვრილმანია, ნუ მოცდები წვრილმანებზე.

შენ, რომელიც ახლა იზრდები იმაზე ძლიერი ქალი იქნები, ვიდრე იყო დედა, ბებია, იმის დედა და იმის ბებია…

შენ, რომელიც ახლა იზრდები შეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო ტრადიციები!

Uncategorized

სიყვარულს(ა) მალვა უნდა?!

არის ხოლმე მომენტები, გინდა ქუჩაში გავარდე და იყვირო, რომ გიყვარს. მერე გახსენდება, ინტიმური ამბების გულის გარეთ გატანა არ ღირს – საქირქილოდ და საღიმილოდ არ გემეტება შენი გრძნობები. იცი, ასი წლის მერეც ემახსოვრებათ და საჭიროების შემთხვევაში ნიშნის მოგებითაც წამოგაძახებენ – აი, ეგეც შენი სიყვარულიო!

სადღაც, გონების მიყრუებულ კუნჭულში ის აზრიც ბჟუტავს, ბავშვობაში რომ დაგარიგეს, გოგომ ბიჭს სიყვარული არ უნდა აუხსნასო!
მერე მეზობლის ჩერჩეტი ქალი გახსენდება, ხატზე რომ იფიცებს თავისი ქმრის პატიოსნებას, ქმარი კი მის ჩუმად ყველა კაბიანს ეტორღიალება.
ამ და სხვა მიზეზებით საგულდაგულოდ ვმალავთ გრძნობებს. როგორც სექსი დილის მზით განათებულ ოთახში, ისე გვესირცხვილება სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა. (მაინც და მაინც, თქვენ თავზე ნუ მიიღებთ 😉 ) თითქოს ქორწინება სიყვარულის წერტილია, თითქოს ერთნაირად გრძელდებოდეს მერე ყოველი დღე.
ვმალავთ სიყვარულს, ყველაზე დიდ პოზიტივს დედამიწაზე და ვასხივებთ სევდას, ბრაზს, დაღლას, ნეგატივს. უარყოფითი ემოციები უფრო “იყიდება” ჩვენში, არადა სიყვარულის ბოლსაც უნდა გამოშვება, გული რომ არ გაგლიჯოს და არ გადმოვიდეს საგულედან. უნდა გამოშვება, იმიტომ რომ “მოწამლო” სხვებიც, გადასდო სხვებსაც..
სიყვარული გადამდებია და მალვა რომ არ უნდოდეს, რომ არ გვესირცხვილებოდეს, გავაძღობდით ერთმანეთს ბედნიერი ამბებით.
გეტყოდით, რომ არის შემთხვევები, როცა მეგობარი, მეუღლე და საყვარელი ერთ კაცში ერთიანდება.
გეტყოდით რომ გადის წლები, მე კი დღითიდღე ვრწმუნდები, მასთან ყოფნა ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც ცხოვრებაში მიმიღია.
გეტყოდით, რომ მიხარია დროულად რომ გავიცანი – ვაი თუ, სხვა ყოფილიყო მისი ცოლი, ვაი თუ ჩემს დაგვიანებულ გრძნობას დაენგრია სხვისი ოჯახი.
გეტყოდით, რომ ათწლეულის შემდეგაც მებედნიერება მასთან ყოფნა.
გეტყოდით, რომ მე და ბავშვები ერთმანეთს ვასწრებთ, ვინ გაუღებს კარს.

გეტყოდით, რომ საღამოს ცალი ყურით ლიფტის ხმას ვუსმენ, დაკაკუნებამდე რომ მოვასწრო კარის გაღება.
გეტყოდით, რომ დილით, ცხელი ყავის სურნელი მაღვიძებს და გვიან საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ტაფაზე მიმწვარი კარტოფილი მხვდება;
გეტყოდით, რომ დილით ბავშვები ჩუმად გაყავს ოთახიდან, მე ნება-ნება გაღვიძება შევძლო;
გეტყოდით, რომ თანაბრად ვინაწილებთ მშობლობის დაღლას და სიამოვნებას.
გეტყოდით, რომ არასოდეს ვაიძულებ, გამომყვეს საყიდლებზე და არასოდეს მაიძულებს გავიღიმო, როცა უხასიათოდ ვარ.
გეტყოდით, რომ ხანდახან მინდა გავვარდე ქუჩაში და ვიყვირო, რომ მიყვარს, მაგრამ არ მემეტება თქვენთვის ჩემი ამბები. თან ბავშვობიდან დამაჯერეს, რომ სიყვარულს მალვა უნდა. ჰოდა, ვიქნები ჩემთვის ჩუმად ..
ფუ ფუ ფუ თვალი არ მეცეს 🙂

საზოგადოება · სოციალური

როგორ სქელდებოდა გულზე გარსი

მშიერი ბავშვების სიმღერა; მშობლების გოდება, როგორ ენატრებათ ხორცი და ტკბილეული მთელი წლის განმავლობაში; ფეხებმოკვეთილი ბებო, წამალი რომ არ აქვს და ჩირქი გადმოსდის ჭრილობებიდან; საწოლზე უძრავად მწოლიარე გოგონა კიდურების ნაცვლად ხის ტოტების მსგავსი ღერები რომ აქვს და დედას ეხუტება ჩვენი ვიდეო კამერის განათებით შეშინებული; შეზღუდული შესაძლებლობის ახალგაზრდა ქალი ეტლში, ლამაზი ზღვისფერი თვალებით 22 წელია ფანჯრიდან რომ უყურებს სამყაროს, გარეთ კი იმიტომ ვერ გადის, რომ კორპუსს პანდუსი არ აქვს. ერთარდეთი პატრონი მოხუცი დედა კი ვეღარ ძრავს 34 წლის შვილს. სამშენებლო კომპანიის უპასუხისმგებლობით დაზარალებული ხანშიშესული კაცი საპროტესტო აქციაზე, თვალებში რომ მიყურებს და თითქმის მიყვირის – “კიბო მაქვს, კიბოო!! ჩემ ნაყიდ სახლში შესვლას ვეღარ ვასწრებ”……..
რამდენი კიდევ, ალბათ ასი ან ასი ათასი ასეთი ისტორია, მე რომ თქვენამდე ისე უნდა მოვიტანო, ჩემში არ უნდა შემოაღწიოს.. ყოველი ჩანაწერიდან საუკეთესო მომენტები უნდა შევარჩიო, გავშიფრო, დავამონტაჟო და მერე თქვენც გაგიზიაროთ. ემოცია ისე უნდა მოვიტანო თქვენამდე, ჩემში არ უნდა გაიაროს, არ უნდა შემეხოს, არ მაქვს ამის უფლება.

სინამდვილეში მანგრევს და მანადგურებს ეს ემოცია.

ცოტა მრცხვენია ამას რომ ვწერ – რამდენჯერ მიტირია გულში, რამდენჯერ რეალობაში, რამდენჯერ ღამით, რამდენჯერ მანქანის უკანა სავარძელზე უკან დაბრუნებისას. რამდენჯერ დამირიგებია ჩემივე თავი – დამშვიდდი, ახლა ამის დრო არ არის, სხვა რამეზე იფიქრე!! შენგან თანაგრძნობაზე მეტად სხვა რამე სჭირდებათ-მეთქი!!
ნელ-ნელა ვატყობ გული მეყინება. ცრემლები შრება, რეაქციები მინელდება. საუბარს ტვინი ისმენს, გული აღარ. ვუყურებ მათ გაჭირვებას და თანაგრძნობის ნაცვლად ვფიქრობ ინტერვიუ რა კადრებით გადავფარო, სად მოვჭრა და სად გადავაბა ნათქვამი.
თითქმის ყოველთვის, ასეთ ოჯახში მოხვედრის შემდეგ ცოტა ფულს ვაგროვებთ, საჭმელს, ტკბილეულს, წამლებს ვუტოვებთ. უფრო ჩვენ გულს ვშველით, თორემ, ვიცით ცოტა ხანს ეყოფათ ძღვენი.
საბედნიეროდ, ყველა დროის მთავრობა მყისიერად რეაგირებს ტელევიზირში ნანახ საცოდაობაზე. რეკავენ მსხვილი ბიზნესმენებიც, პატარა კომპანიებიც, სიუჟეტების გმირების ნომრებს ითხოვენ. მოქალაქეებს მოაქვთ საკვები, ტანსაცმელი, გვთხოვენ მივაწოდოთ გაჭირვებულებს. ეს გვაძლებინებს, ალბათ.

გული კი მიქვავდება თანდათან, ჯავშანს იკეთებს და ცდილობს ემოციები არ მიიკაროს. წლებმა მასწავლა, რომ ადამიანებს ჟურნალისტისგან თანაგრძნობაზე მეტი ჭირდებათ და თუ არა გასქელებული გარსი გულზე, ძნელია მათი მოლოდინების გამართლება.

Uncategorized

ქაოსი შიმშილის სახელით

მეჩქარება, 16:00-ზე შეხვედრა მაქვს ჩანიშნული, სულ 15 წუთია დარჩენილი. დგას ჩემს უკან “ოპელი” და მძღოლი არ ჩანს. ჩაკეტილი ვარ. 5 წუთიანი უიმედო ტრიალის შემდეგ მივხვდი,  დაცდას აზრი არ ქონდა. დომინოს პრინციპით დამენგრეოდა ყველა გეგმა და გავიქეცი ფეხით, მერე ტაქსით. საქმე რომ მოვილიე, დავბრუნდი ჩემს მანქანასთან. ისევ ისე დგას “ოპელი”, ამჯერად პატრონთან ერთად. ამ დროს ერთადერთი სურვილი გაქვს, არ დავწერ, ისედაც გეცოდინებათ. მაგრამ..

შუახნის კაცი, მოკლე შარვლით, გაცრეცილი დიდი ზომის ქურთუკით, საბარგულს მიყუდებია. პირში სიტყვები ვერ მოვაგროვე, ისე უმწეოდ გამოიყურებოდა ჩემი გამბრაზებელი. გავაღე მანქანა და გაწიე მეთქი, ვთხოვე.

“- ხო გავწევ რა იყო, არ არი სხვა ადგილი” – უკმაყოფილოდ აზოზინდა.
“- ადგილი რომ არ იყო, 200 მეტრის დაშორებით გავაჩერე და თქვენც რო გადადგათ 2 ნაბიჯი რა მოხდება, ან ნომერი მაინც დაგეტოვათ მანქანაზე”
“- ნეტა შენა რაა.. მეტი პრობლემა რო არა გაქვს!”
“- თქვენ შემიქმენით დღეს პრობლემა.” – ჩემთვის ჩავილაპარაკე.
“- აესე რაა.. წაისმევენ პომადას, მოაჯდებიან მერსედესებს და კიდე შენა ხარ დამნაშავე” – არ ჩქარობს წასვლას.
” – ცოტა დრო მაქვს, გამაცალე მანქანა” – ავუწიე ხმას. სადღაციდან მესმის:
“- გაჭირვებული კაცია, რას დასჩხავიხარ”- ნაცნობი გამოესარჩლა.
“- რაკი გაჭირვებულია წესების დარღვევა შეუძლია?”
“- წადი რა, გაიარე. შარზე ხარ. შენ რა იცი ხალხი როგორ ცხოვრობს, შენ ლუკმა-პური უნდა გქონდეს საშოვნელი და მერე გნახავდი ერთი !!!”
ბოლომდე ვერ მივხვდი, რა კავშირი იყო ლუკმა-პურის შოვნასა და მანქანის არასწორ პარკირებას შორის ან რატომ ჩათვალა რომ მე არ მაქვს “ლუკმა პური” საშოვნელი, მაგრამ გავჩუმდი. აზრი არ ქონდა – შენ მარჯვნივ ხარ, ისინი მარცხნივ არიან. ან პირიქით. ხმას ამოიღებ და ისევ შენ გამოდიხარ უზრდელი, უგულო, თავში ავარდნილი გულქვა დედაკაცი.
ქვეყანაში ქაოსია, რომელსაც ლუკმა-პურის შოვნის სახელით გამართლება აქვს.
გარევაჭრობას ვერაფერს ვუზამთ, ბაზრის ქირას ვერ იხდიან მოვაჭრეები. მეტროს ამოსასვლელებთან დაყრილ მეორადი ტანსაცმლის გროვებს უნდა შევეგოუთ, იმიტომ რომ შია ხალხს.

delizi.jpg
“ელიავას” ბაზრობის ნაცვლად ცენტრალური პარკი ვერ გაკეთდება, გარეუბნებში ვინ წავა ქვიშა-ხრეში-ცემენტისთვის! მტკვრის პირას თუ თაბაშირ-მუყაო არ იყიდე, რაა მამული.
ტაქსებზე ლიცენზიას ვერ შემოვიღებთ, სად აქვთ ამდენი ფული საწყალ მძღოლებს?
სავალდებულო ტექდათვალიერებას ვერ დავაკანონებთ, რა ქნას ხალხმა, საიდან მოიტანონ ახალი მანქანები?
გზა უნდა გადაჭრან, ხიდზე ვერ ავლენ, ამდენ საფეხურს რა აივლის?
წითელზე ვერ გაჩერდებიან, ეჩქარებათ!
ავტოფარეხი რომ ჭირდებათ თორემ, ამ ნაძვს კი არაფერს ერჩის და ა.შ.
ყველაფერს გამართლება აქვს. ვიძრომიალოთ ნაგავში, ვიმგზავროთ ფახ-ფახით, ვისუნთქოთ კიბო, ვიცხოვროთ ქაოსში. მთავარია ლუკმა-პური ვიშოვოთ, რა გზებით და როგორ აღარ აქვს მნიშვნელობა.
სადამდეც ვიქნებით ვიქნებით.

საზოგადოება · სოციალური · ჯანდაცვა

სიბერე ქართულად ანუ სოციალური დახმარების იმედად დარჩენილი მოხუცი მშობლები

სოციალურად დაუცველ ოჯახში მოვხვდი. ბევრი გაჭირვებული მინახავს, მაგრამ შემძრა, რაც იქ დამხვდა. 60 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის ქალი დანგრეულ, შუშებჩამტვრეულ ქოხმახში ღრმად მოხუც მამასთან და 13 წლის შვილობილთან ერთად ყოველდღიურად ებრძვის შიმშილით სიკვიდილს. არ აქვს გათბობა, საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა… არაფერი აქვთ, რაც ოჯახს ჭირდება. მიწაყრილ იატაკზე თაგვის ცურლებში ლეიბის ნაგლეჯი გდია, წარმოუდგენელი ანტისანიტარიაა. დიასახლისი ტირის, რომ პენსია წამლებში წინასწარ აქვს დახარჯული, ახლა სოციალური შემწეობაც მოუხსნეს და ბავშვის დახმარება, თვეში 10 ლარი მათი ერთადერთი შემოსავალი. – რა მიზეზით მოგიხსნეს დახმარე? – ვეკითხები გაოგნებული – მსგავსი უბედურება ჯერ არ მინახავს. რის გამო შეიძლება ამ საცოდავებს დახმარება შეუწყვიტო.. “პლიტა” ჩავრთეო და დენის გადასახადი რომ მომივიდა, იმიტომო. გადავირიე. წავედი ჯანდაცვის სამინისტროში და მოვუყევი ნანახი და მოსმენილი. პირადი ნომერი გაგვიგე ბაზაში გადავამოწმებთო, შეცდომა არ იყოსო -შეფიქრიანდნენ. ოპერატიულად გავარკვიე. გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ იმ საწყალ ქალს 13 წლის შვილობილის გარდა, 2 ზრდასრული შვილი ყავს, ორი გოგო. და იმ დანგრეული ქოხის გარდა, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში 3 ოთახიანი ბინა აქვთ, თავისივე სახელზე რეგისტრირებული. დაჯერება გამიჭირდა. მე თვითონ გადავამოწმე საჯარო რეესტრის საიტზე. წავედი მითითებულ მისამართზე. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მეზობლები გამოვკითხე, დამიდასტურეს რომ ბინა იმ ქალს ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მისი ქალიშვილები ცხოვრობენ.

რა გვჭირს?
ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება? ვიდრე შეეძლო თან რომ გვყვებოდა, ეს მისი მოვალეობა იყო და ახლა მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია?

მეტროთი შვილთან ერთად ვმგზავრობდი. სახედამალულმა მოხუცმა ჩამოირა ტირილით, დამეხმარეთო. მშიაო. ჩურჩული მომესმა გვერდიდან – მგზავრმა მგზავრს გადაულაპარაკა – სახეს რას მალავს მერე, თუ შიაო. იქნებ არც არის მოხუციო..
– ამ ქალს შვილები არ ყავს? – კაბაზე მომქაჩა ბავშვმა.
– არ ვიცი, არ ვიცნობ. თან რა მნიშვნელობა აქვს, ცოტა ფულით დავეხმაროთ. რაკი ითხოვს ე.ი. სჭირდება. – ვუხსნი ჩუმად.
– როგორ არ აქვს მნიშვნელობა, შვილმა ხომ უნდა მიხედოს დედას – არ მეპუება.
– შეიძლება არ ჰყავს შვილი; შეიძლება ჰყავს და იმასაც შია; შეიძლება ჰყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. – შევეცადე ყველა შესაძლო ვარიანტი მეთქვა.
მესამემ ჩააფიქრა.
– მოხუც დედას არ აქცევს ყურადღებას? – გაოცებული მიყურებს. – შვილის უფლება რო ჩამოართვას პოლიციამ, არ შეიძლება?
– კანონი არ ავალდებულებს ადამიანს მოხუც მშობლებზე ზრუნვას. თვითონ უნდა მიხვდეს, დედ-მამა რომ ასეთ დღეში არ ჰყავდეს. მაგრამ, ალბათ, ამ ქალის შვილსაც ძალიან უჭირს და ისევ დედის დახმარება სჭირდება. – გავუმარტივე ფიქრები და იქვე, მეტროში ადამიანების თვალთვალი დავიწყე. მოზარდი გოგო-ბიჭები მხიარულად ახტებოდნენ ესკალატორის საფეხურებს. არც ყურსასმენიანი სტუდენტები გრძნობდნენ თავს ურიგოდ. 30-40 წლის ადამიანები, ცალხელში რომ პატარა ხელი უჭირავთ და მეორეში სმარტფონი ან ტელეფონში იქექებოდნენ ან ფიქრებით დატვირთულნი ელოდნენ ბაქანზე გადასვლას. აი, ორმოცდაათს ზემოთ, ვერაფერი დავინახე სანუგეშო. 

მომეჩვენა, რომ ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად ბეჩავდებიან და ეს არ არის მხოლოდ წლებით გამოწვეული. მომეჩვენა, რომ ჩვენთან ასაკოვანი ადამიანები იშვიათად გამოიყურებიან მხნედ, ამაყად, ბედნიერად.

რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში მოხუცი ქალის შესახებ გავიდა სიუჟეტი. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მარტოხელა ბებო სოციალურ დახმარებას, თვეში 60 ლარს გულსაკლავად ითხოვდა. თანამშრომლებმა ფული შევკრიბეთ, საკვები ვიყიდეთ და ჩვენს შორის ყველაზე ყოჩაღებმა გურჯაანში ჩააკითხეს სიუჟეტის გმირს. მარტოხელა ბებო სამი ვაჟკაცის დედა აღმოჩნდა. სამივე დაოჯახებული, დაწვრილშვილებული, უმუშევარი, მაგრამ მეურნეობის პატრონი. ჩვენდა გასაოცრად, ერთ-ერთი შვილი მანქანით დაგვხვდა და საჩუქრებით დატვირთული ჩანთები დედის სახლამდე მიგვატანინა . შემოესივნენ ბებოს შვილიშვილები, გახსნეს ნობათი.იმედი დავიტოვეთ, რომ ჩვენი ნაყიდი საკვებიდან რაიმე იმ ბებოსაც შეხვდებოდა და დავემშვიდობეთ.

ორ ცეცხლს შუა ვარ. არც ახალგაზრდა სიკვდილი მინდა და არც სიბერე. საერთოდ რატომ ვფიქრობ ამაზე, რა დროს სიბერეა? 2017 წელია და საპენსიო სისტემა ჯერ კიდევ არ გვაქვს. რომ მიიღონ კიდეც მეეჭვება, იმდენის დაგროვება მოვასწრო, ღირსეული ცხოვრების შენარჩუნება რომ შევძლო. რის იმედად ვართ? ვის იმედად ვართ? ასე ჩემსავით, დილიდან დაღამებამდე ხომ ისინიც შრომობდნენ, ახლა ხელებგაწვდილები რომ დგანან შუქნიშნებთან, სხედან მეტროს ამოსასვლელებთან, ტირიან ტელეეკრანების მიღმა.

ვაითუ ისეთივე სიბერე მოვიდეს, როგორიც ჩვენ მოხუცებთან მოვიდა. დაჭმუჭნული, დარდიანი, ერთფეროვანი, თავზე წისქვილის ქვა დატრიალებული, კაპიკ-კაპიკ გაწერილი და მაინც დუხჭირი სიბერე პირადი ცხოვრების გარეშე..