Uncategorized

ქაოსი შიმშილის სახელით

მეჩქარება, 16:00-ზე შეხვედრა მაქვს ჩანიშნული, სულ 15 წუთია დარჩენილი. დგას ჩემს უკან “ოპელი” და მძღოლი არ ჩანს. ჩაკეტილი ვარ. 5 წუთიანი უიმედო ტრიალის შემდეგ მივხვდი,  დაცდას აზრი არ ქონდა. დომინოს პრინციპით დამენგრეოდა ყველა გეგმა და გავიქეცი ფეხით, მერე ტაქსით. საქმე რომ მოვილიე, დავბრუნდი ჩემს მანქანასთან. ისევ ისე დგას “ოპელი”, ამჯერად პატრონთან ერთად. ამ დროს ერთადერთი სურვილი გაქვს, არ დავწერ, ისედაც გეცოდინებათ. მაგრამ..

შუახნის კაცი, მოკლე შარვლით, გაცრეცილი დიდი ზომის ქურთუკით, საბარგულს მიყუდებია. პირში სიტყვები ვერ მოვაგროვე, ისე უმწეოდ გამოიყურებოდა ჩემი გამბრაზებელი. გავაღე მანქანა და გაწიე მეთქი, ვთხოვე.

“- ხო გავწევ რა იყო, არ არი სხვა ადგილი” – უკმაყოფილოდ აზოზინდა.
“- ადგილი რომ არ იყო, 200 მეტრის დაშორებით გავაჩერე და თქვენც რო გადადგათ 2 ნაბიჯი რა მოხდება, ან ნომერი მაინც დაგეტოვათ მანქანაზე”
“- ნეტა შენა რაა.. მეტი პრობლემა რო არა გაქვს!”
“- თქვენ შემიქმენით დღეს პრობლემა.” – ჩემთვის ჩავილაპარაკე.
“- აესე რაა.. წაისმევენ პომადას, მოაჯდებიან მერსედესებს და კიდე შენა ხარ დამნაშავე” – არ ჩქარობს წასვლას.
” – ცოტა დრო მაქვს, გამაცალე მანქანა” – ავუწიე ხმას. სადღაციდან მესმის:
“- გაჭირვებული კაცია, რას დასჩხავიხარ”- ნაცნობი გამოესარჩლა.
“- რაკი გაჭირვებულია წესების დარღვევა შეუძლია?”
“- წადი რა, გაიარე. შარზე ხარ. შენ რა იცი ხალხი როგორ ცხოვრობს, შენ ლუკმა-პური უნდა გქონდეს საშოვნელი და მერე გნახავდი ერთი !!!”
ბოლომდე ვერ მივხვდი, რა კავშირი იყო ლუკმა-პურის შოვნასა და მანქანის არასწორ პარკირებას შორის ან რატომ ჩათვალა რომ მე არ მაქვს “ლუკმა პური” საშოვნელი, მაგრამ გავჩუმდი. აზრი არ ქონდა – შენ მარჯვნივ ხარ, ისინი მარცხნივ არიან. ან პირიქით. ხმას ამოიღებ და ისევ შენ გამოდიხარ უზრდელი, უგულო, თავში ავარდნილი გულქვა დედაკაცი.
ქვეყანაში ქაოსია, რომელსაც ლუკმა-პურის შოვნის სახელით გამართლება აქვს.
გარევაჭრობას ვერაფერს ვუზამთ, ბაზრის ქირას ვერ იხდიან მოვაჭრეები. მეტროს ამოსასვლელებთან დაყრილ მეორადი ტანსაცმლის გროვებს უნდა შევეგოუთ, იმიტომ რომ შია ხალხს.

delizi.jpg
“ელიავას” ბაზრობის ნაცვლად ცენტრალური პარკი ვერ გაკეთდება, გარეუბნებში ვინ წავა ქვიშა-ხრეში-ცემენტისთვის! მტკვრის პირას თუ თაბაშირ-მუყაო არ იყიდე, რაა მამული.
ტაქსებზე ლიცენზიას ვერ შემოვიღებთ, სად აქვთ ამდენი ფული საწყალ მძღოლებს?
სავალდებულო ტექდათვალიერებას ვერ დავაკანონებთ, რა ქნას ხალხმა, საიდან მოიტანონ ახალი მანქანები?
გზა უნდა გადაჭრან, ხიდზე ვერ ავლენ, ამდენ საფეხურს რა აივლის?
წითელზე ვერ გაჩერდებიან, ეჩქარებათ!
ავტოფარეხი რომ ჭირდებათ თორემ, ამ ნაძვს კი არაფერს ერჩის და ა.შ.
ყველაფერს გამართლება აქვს. ვიძრომიალოთ ნაგავში, ვიმგზავროთ ფახ-ფახით, ვისუნთქოთ კიბო, ვიცხოვროთ ქაოსში. მთავარია ლუკმა-პური ვიშოვოთ, რა გზებით და როგორ აღარ აქვს მნიშვნელობა.
სადამდეც ვიქნებით ვიქნებით.

საზოგადოება · Uncategorized

ალაგ-ალაგ გამოფხიზლებული ერი

ჩვენ არც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და არც “ყველაზე დამპალი ნაროდი”. ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ, ცოტა გულიანი და ბევრი “ამ ჩემს ფეხებს” მოქალაქით. გულიანები შინაურის მიმართ, თორემ სხვისი დედა? სხვისი მამა? სხვისი შვილი? სხვისი მოხუცი? – მოიცა ერთი რაა…
ალაგ-ალაგ გამოვფხიზლდებით ხოლმე, ვინმე გალეშილმა მძღოლმა ახალგაზრდა გოგო თუ მოგვიკლა; ყურები თუ გაუხვრიტეს ბავშვს პირდაპირ ეთერში, ბებიის დაწიოკების ვიდეო თუ გააზიარა შვილიშვილმა, ზაზა თუ გვყავს გადასაყვანი ALL STAR-ში და ა.შ. ისე გავერთიანდებით დედა ფუტკარსაც შეშურდება. ასეთ მომენტებში მჯერა, დავით აღმაშენებელმა 50 000 მეომრით თურქ-სელჯუკების 300 ათასიანი კოალიციური ლაშქარი რომ დაამარცხა დიდგორში. მაგრამ ..
ფრაგმენტულად გამოვანათებთ და მერე ისევ ვყარვართ. ადამიანის პატივისცემა არ ვიცით; წესებს და კანონებს არად დაგიდევთ; პირადი ინტერესი უზენაესობს.
მთავრობაშიც ჩვენ ვართ – ხან მე, ხან შენ, ხან ჩემი მეგობარი, ხან შენი მეგობარი.
პატრულშიც ჩვენ ვართ,
ექიმებიც ჩვენ ვართ,
მასწავლებლებიც ჩვენ ვართ,
სამღვდელოებაშიც ჩვენ ვართ – რაც ერიო, ის ბერიო.

მიღებული გასამრჯელოს გასამართლებლად ფაფხურის იმიტაციას ვქმნით და დრო გაგვყავს.

“რაც მთავარია”, ერთმანეთის გვესმის. მერე რა თუ ურიგოდ წავიდა, მერე რა თუ ავტომოძრაობაში შეგაფერხა, მერე რა თუ კარგად ვერ გასწავლა, მერე რა თუ არასწორი წამალი გამოგიწერა, მერე რა თუ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. არაუშავს. სულ ასე ხომ არ იქნება? შენ გაჩუმდი, თავისით” გამოსწორდება! მთავარია ხელი არ გავანძრიოთ, ხმა არ ამოვიღოთ. რა მოხდა მერე ცოტა თავზე თუ გადაგვივლის, ისეთებს შევგუებულვართ, ამასაც გავუძლებთ.

აბა, სულ ასე ხომ არ იქნება..

არადა, იქნება.

საზოგადოება · Uncategorized

ჩემი უცნაური მოგზაურობა საფრანგეთში

მე არ მოგიყვებით ლუვრის, ვერსალის, ეიფელის კოშკის ან პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ. არც ივ სენ ლორანის, კოკო შანელის, კრისტიან დიორის, პიერ კარდენის სამოდელო სახლებზე გეტყვით რამეს. მე ნამდვილ საფრანგეთში მოვხვდი, ისეთში სადაც მილიონერების გვერდით რიგითი, საშუალო და დაბალი შეძლების ფრანგები ცხოვრობენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კანის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე საქმიანი მიწვევა მივიღე.

მოლოდინი

მივლინებაში წასვლის წინ სულ გგონია, რომ საქმეს ძალიან სწრაფად მორჩები და დრო აუცილებლად დაგრჩება ცოტა ხნით ჭეშმარიტ ტურისტად გადაიქცე. მეც ამ ფიქრებით დახუნძლული ვზივარ თვითმფრინავში (პირღია, რომ აფრენისას ყურები არ დამიგუბდეს) და ცხადად ვხედავ, როგორ გავყურებ ფრანგულ რივიერას სასტუმროს ნომრის ვერანდიდან. როგორ მივქრივარ ლაჟვარდოვან სანაპიროზე “ფერარის” “კატერით” და როგორ მივირთმევ ვარდისფერ შუშხუნა ღვინოს ფრანგული ბროლის ჭიქიდან. ოცნებები ბორტგამცილებლის შემოთავაზებულმა გემრიელობებმა იმსხვერპლა.

 რეალობა

ნიცაში დილაადრიან ჩავფრინდით. რა თქმა უნდა, არც მანქანა დაგხვდა და არც სასტუმროში დაბინავების დრო დაგვრჩა. რაკიღა ფრანგი ტაქსისტის მოთხოვნილი 100 ევროც არ აღმოგვაჩნდა, 2 ევროიანი ავტობუსი მოვძებნეთ, ჩანთები საბარგულში შევჭუჭყნეთ და კანის კინოფესტივალის სასახლესთან ახლოს გაჩერებაზე ჩამოვედით. ბარგი შევინახეთ. აკრედიტაცია გავიარეთ და მთელი ღამის ნამგზავრები უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე შევცვივდით.

საქმე

კანი – მილიონერების ქალაქი. კინოფესტივალის მუდმივი მასპინძელი ამჟამად უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს მასპინძლობს. ათასობით საქმიანი შეხვედრა, ასობით ინვესტორი, დეველოპერი, ბანკირი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდი, დელეგაცია, მედია საშუალება ფუსფუსებს, გეგმავს, ათანხმებს, სანაცნობო წრეს აფართოვებს, კონსულტაციებს გადის, იღიმის, ფოტოებს იღებს, ერთმანეთს ხელს ართმევს. პავილიონები დამთვალიერებელს ვეღარ იტევს. საქმე თავზე გვაყრია. საქართველოს პაწუკა სტენდს რუსეთის დელეგაციის წევრები ეხვევიან. საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინის და ჩურჩხელის დეგუსტაციის პარალელურად მიდის – მერე რა რომ კანში ვართ, მერე რა რომ კანი საფრანგეთია, ჩვენ ჩვენებური მასპინძლობა ვიცით. პატარა გემრიელი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ.

შოპინგი

სამუშაო დღის ბოლოს გამოვქასქასდით მე და ჩემი ოპერატორი. ტელეფონის ნომერი ვიყიდეთ. სახლებში დავრეკეთ. ქალაქში გავიარეთ. ტურისტების ტევა არ იყო ქუჩებში. Bonjour გვესალმებიან მაღაზიებში. მიკვირს, მიხარია, ძალას მმატებს “თუ ყიდვა არ გინდა რას დაეთრევის” ქალაქიდან ვარ ჩასული. დამავიწყდა რომ ნამგზავრი ვარ, დაღლილი, მშიერი, ახალი სუნთქვა გამეხსნა. სადაც არის დაღამდება. მაღაზიიდან მხოლოდ ერთი მიზნით გამოვდივარ, მეორე მაღაზიაში რომ შევიდე. ოპერატორი გარეთ ზის – “ისვენებს”, თვლემს, ეწევა, “ათვალიერებს”, მაკვირდება ხომ ჯანმრთელად ვარ, უკვირს, ელოდება როდის დავეცემი, აქა იქ თვალს მავლებს – არ დავეკარგო. “ერთიც და მოვდივარ” – შევძახებ და იმ იმედით რომ თბილისში ნანახ 500 ლარიან ყავისფერ ტილოს პიჯაკს სამშობლოში ბევრად იაფად ვნახავ “სინექუანონში” შეშლილივით შევრბივარ. მაღაზიაში უჩვეულო უწესრიგობაა. ჭერიდან დაშვებული სარკის წინ ტანსაცმლის გორა დგას. 4 კონსულტანტი ამაოდ ცდილობს პოტენციური კლიენტისთვის შესაფერისი შარვლის, ქურთუკის, პერანგის მორგებას, კიდევ ორი ამაოდ კეცავს ძირს დაყრილ ტექსტილს და უკმაყოფილოდ ბუზღუნებს. კლიენტი არ იმჩნევს, ცალი ხელით საკიდზე ჩამოკონწიალებულ მაისურს იტოლებს, მეორეთი ტელეფონს იღებს, რეკავს და განგმირული ხმით იწყებს: “რა ქენი დეეეე ჭამე მაწვნის კერძიიი? ” ქართველია. აქამდე რატომ ვერ მივხვდი. თბილისში დაბრუნდება და იტყვის დავიხვიე მთელი საფრანგეთი თავზეო. მართალიც იქნება. შემეშინდა, ჩემი ტელეფონიც არ აწკრიალებულიყო და მეც იმ ენაზე არ დამეწყო ლაპარაკი. ჩუმად გამოვიძურწე.

tax

დაბინდებულიყო, ჩანთები ავიღეთ, გაჩერებაზე მივედით და მერეღა შევამჩნიე “რენჯროვერი” ყველაზე ცუდი ბრენდი იყო, რითიც კანში “ტაქსაობდნენ”. კონკურენცია დიდია. მძღოლები გაჩერებაზე ერთად დგანან და კლიენტს როგორც ნადავლს ისე ინაწინებენ. “რენჯროვერის” მძღოლს სასტუმროს მისამართი რომ ვუთხარით, 90 ევროზე ნაკლები არ გამოვაო. გადავამოწმეთ “პორშეთი” და “ბენტლით” მოტაქსავე მძღოლებთან, არ მოგვატყუოს მეთქი. კი გამახსენდა, სამსახურიდან სახლამდე მიყვანაში 1 ლარის დაკლებაზე რომ ვეჯღანები ხოლმე თბილისელ მძღოლებს, მაგრამ რას ვიზამდი საფრანგეთის ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე – გავიღეთ მსხვერპლი.

სასტუმრო

დაახლოებით ისეთ ადგილებში გვატარა, ჩვენში რომ “პერევალს” ვეძახით და მთაწმინდიდან კუკიის გავლით ვაზისუბნის ბოლოში ახვიდე. ჯიპიარესმა რომ აჩვენა აქ არის სასტუმროო, კიდევ ნახევარი საათი ვეძებეთ ჯერ მანქანით, შემდეგ ფეხით. ბოლოს მივაგენით – ერთ სართულიანი შენობა იყო, ვუვლით გარშემო როგორც ზღაპრებში, გასაღების ჭუჭრუტანიდან გამომავალი სინათლით ვიპოვეთ კარი. “სასტუმროში” კაციშვილის ჭაჭანება არ არის. როდისღაც კუთხური ფრანგულით მოსაუბრე ერთადერთი თანამშრომელი ქალი გამოჩნდა, გასაღებების ასხმიდან ერთი ცალი გამოაძვრინა და ჩაბნელებული დერეფნისკენ გაგვიძღვა. ჩანთები დავაწყეთ. იმედგაცრუებულმა მიმოვიხედე. მივხვდი, რომ შუასაუკუნეების ფუნდუკში ვიყავი. ის იყო მდგომარეობასთან შეგუება დავიწყე. გავიფიქრე, რაც არის არის, საფრანგეთში ვარ, ხასიათს არ გავიფუჭებ, დავიძინებ მეთქი და ორი თითით საწოლის გადასაფარებელი ავწიე. თურმე რა მელის.. ლოგინს თეთრეული არ ქონდა. აი ასე, უზეწრო ლეიბებზე უკონვერტოდ ეწყო გაძუნძგლული ლურჯი ადიალები და ბალიშები და ეს ხდებოდა ჩემს თავს საფრანგეთში 2011 წელს.

ADIALA.jpg

აქ ჩაირთო განგაშის ზარები. მოვიხმე ფუნდუკის დიასახლისი. ვერ ვაგებინებ რა მინდა. კუთხური ფრანგულის გარდა არაფერი ესმის. საცოდავად იყურება და ხელებს შლის რა გინდაო. ჩემმა სახემ ოპერატორი აიძულა სიმშვიდე და ნათელი გონება შენარჩუნებინა. ურეკავს მეგობარს, რომლის ცოლმაც იცის ფრანგული. მეგობრის ცოლი უხსნის რომ ლოგინს სჭირდება თეთრეული, რომ გაძუნძგლულ “ადიალებში” ჩაწოლა არაჰიგიენურია. კარგითო. გამომყევითო. ფუნდუკის საკუჭნაოში შემიყვანა, იქექა, იქექა და ზეწრები იპოვა. მხოლოდ ზეწრები.. უკან დასახევი გზა არ გვქონდა. იყო ღამე და ჩვენ ორნი, მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით უცხო ქვეყნის მიყრუებულ სოფელში, სადაც არც ტრანსპორტია, არც სულიერის ჭაჭანება. იმ ღამეს გვეძინა ჩაცმულებს. დაძინებამდე მადიანად მივირთვით კანის სუპერმარკეტში ნაყიდი “პეჩენიები”, დავაყოლეთ თბილისიდან წაღებული ბორჯომი. ჩვენ ფუნდუკში არც ჩაი და ყავა იყო. მაშინ პირველად და უკანასკნელად გავიფიქრე, რომ ჩხოროწყუში უკეთესი სასტუმროები გვაქვს.

მომსახურება

ინათა თუ არა იქ რა გაგვაჩერებდა. ავიკიდეთ ჩვენი ბარგი-ბარხანა და გავუყევით გზას კანისკენ. 1 კმ-ის ფეხით სიარულის შემდეგ კაფე გამოჩნდა. გაგვიხარდა. დავსხედით. შემწვარი “ჩიქენი” და კარტოფილი შევუკვეთეთ. ნახევარი საათის შემდეგ სისხლით მოწუწული წინსაფრიანი მიმტანი მოგვიახლოვდა, მგონი თვითონ დაკლა ის ქათამი. ეს იყო წუთი, როცა დავრწმუნდი, რომ თბილისში არ არის ყველაზე ცუდი მომსახურება.

ქუჩაში

ვდგავართ ტროტუარზე მე და ჩემი ოპერატორი და ვკამათობთ აქეთ უნდა წავიდეთ თუ იქით. ჩვენი ლაპარაკი ყვირილად გვესმის. უჩვეულოდ დაწყნარდა გარემო. შუქნიშანი არ არის, მაგრამ მოძრაობის ორივე მხარეს მანქანები გაჩერებულა, მძღოლები მშვიდად, წყნარად, ღიმილით გვიყურებენ. ვაი, ვფიქრობ “მიჩანს რამე”? რა უნდათ. ქვეითთა გადასასვლელთან ახლოს ვმდგარვართ. ისხდნენ და გველოდნენ საყვარელი ფრანგები როდის გადავკვეთდით ჩვენს გზას. არც სიგნალი, არც აგრესია.

ტრანსპორტში

მოვიდა ავტობუსი. მძღოლს რომ მისამართი ვუთხარით, არაო, გეშლებათო. წამოდით მე გაჩვენებთ რომელ მხარეს უნდა დადგეთო. ავტობუსი მგზავრებიანად გაჩერებაზე დატოვა, გამოგვყვა და იმ გაჩერებამდე მიგვაცილა სადაც ჩვენთვის საჭირო ტრანსპორტი გამოივლიდა. წარმატებული დღე გვისურვა და ღიმილით დაგვემშვიდობა.
მეორე ავტობუსი ისეთი იყო, უბანში რომ დადის და თითქმის ყოველ დღე ერთი და იგივე მგზავრები გადაყავს. ტემპერამენტიანი მძღოლი მთელი გზა ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვინმე ანტუანს და ჟერარს. თან საცობებსა და მოტოციკლის მძღოლებზე ჩხუბობდა. ვიწრო ქუჩაზე ცუდად გაჩერებული მანქანა შენიშნა, გვერდი რომ აუარა, პოლიციაში დარეკა და ეჩხუბა, რატომ არ აწესრიგებთ პარკირების საკითხებს, ხელი მეშლება მოძრაობაშიო. ახლა თქვენ მიხვდით რა სიტყვებით შეამკო ჩემმა ოპერატორმა ბატონი მძღოლი. სახით კი უღიმოდა, მაგრამ ქართულად სულ ბოზი და ჩამშვები ნაბიჭვარი ეძახა საფრანგეთის კანონმორჩილ მოქალაქეს.

ღამე კანში

გვიან მოვრჩით მუშაობას. უბადრუკ ფუნდუკში დაბრუნებას ქალაქში გასეირნება ვამჯობინეთ. იმ საღამოსაც ჩვეულ ბრწყინავდა ფრანგული რივიერა. საქმიანმა შეხვედრებმა არაფორმალურ გარემოში ზღვაში მოლივლივე იახტებზე გადაინაცვლა. ასობით გემბანიდან შეჟუჟუნებული ჟღურტულები, კისკისები, არ შემაწუხებელი მუსიკები ისმოდა. დუღდა, დუღდა, დუღდა სიცოცხლე.
მე კი დიდხანს ვიჯექი სანაპიროზე. შორიდან ვუთვალთვალებდი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების გუგუნს, გემიდან კაზინოს შორის რომ მოძრაობდნენ. დავყურებდი ჩემს ფეხებზე ხაშურში 34 ლარად ნაყიდ ბოტასებს და ვფიქრობდი, რომ ჩემს ქალაქში უკვე დიდი ხანია დაღამდა. ჩემს სოფელში კი მალე გაიღვიძებენ, რომ საქონელი გადენონ.  ორივეს ცხოვრება ქვია. აქაც და იქაც.

Uncategorized

“დარეკილია”ანუ წარმატების ქართული ფორმულა

რამდენიმე წელი ქართულ ცეკვაზე ძალით მატარეს მშობლებმა. არც ნატიფი მოძრაობა გამომდიოდა, არც ფიზიკური აქტივობა მეხალისებოდა;  მაინც დავდიოდი, იძულებით.. ერთ დღესაც, ჩემთვის მოულოდნელად ქორეოგრაფმა ანსამბლში გადამიყვანა. გავოცდი. თბილისში ერთ-ერთი ძლიერი ანსამბლი იყო, 90-იანების კვალობაზე კონცერტიც ხშირად გვქონდა. მოგვიანებით გავიგე, მამაჩემს ჩემი მასწავლებლის საპატივსაცემოდ რესტორანი „დაუხურავს“. მეც ამ ქეიფის შედეგად „დავწინაურებულვარ“. სავარაუდოდ 12 წლის ვიქნებოდი, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. – სხვები ჩემზე ბევრად უკეთ ცეკვავენ და ანსამბლში გადაყვანას წლები ელიან; ან რაში მჭირდება სცენაზე იმის კეთება, რაც არც ისე კარგად გამომდის; ან შენ რა მოგემატა, მე რომ ფილარმონიაში  გამოვედი-მეთქი, – დავტუქსე მამა.

მამაჩემის „ჩაწყობილმა საქმემ“ შედეგი ვერ გამოიღო. ცეკვას თავი დავანებე.  (საბოლოოდ, ჩემგან ქართულ ცეკვაზე შეყვარებული ემოციური მაყურებელი გამოვიდა მხოლოდ.)

მას შემდეგ მამაჩემი ჩემს საქმეში ზედმეტად აღარ ჩარეულა. არ უკითხავს პირველი გამოცდა როდის გაქვსო; არც სტაჟიორად როგორ მიგიღესო; არც შტატში როდის ჩაგსვამენო; არც რუსთავი 2-ში როგორ გადახვედიო ..  მოკლედ, არაფრის ჩაწყობა აღარ უცდია.

ერთი რა მიკვირს – რა ხუშტურია, შვილების, შვილიშვილების თუ ნათესაობის იქ შეტენვა, სადაც მათი ადგილი არ არის? აი, ტელევიზორში გამოჩენის სანაცვლოდ რომ ამღერებენ კიდევ ბავშვებს. არ აქვს ნიჭი, არც სმენა, არც ინგლისური იცის და რატომ უნდა იმღეროს, მაინც და მაინც ჰიტი „ბამ-ბო-ლე-ი-ო“ ?!.

ახლა სერიოზულად – ყველა მთავრობის დროს ვიხრჩობით ნეპოტიზმში .. რაიონის გამგეობები, სოფლის საბჭოები, საკრებულოები, სკოლები  – დირექტორების, თავმჯდომარეების და გამგებლების ნათესავების, ნაცნობების, სიდედრის ძმის შვილების და „მაზლიშვილების“ აღსაზევებელი ადგილია. ნული პროფესიონალიზმი.  არც არის მაღალ კვალიფიკაციაზე მოთხოვნა. მთავარია სანდოობის კრიტერიუმს აკმაყოფილებდე.

ეს დიდი თემაა და ახალსაც ვერაფერს გეტყვით. მე ის მიკვირს, ეს სანდო კაცი/ქალი რა სინდისით ირგებს „პროფესიონალის“ პოზას. სტაჟიორი იქნება თუ გამგებელი ისეთი საქმიანი სახით და მკაცრი ნაბიჯით დადის, იფიქრებ ხელი არ შევუშალო გამოლაპარაკებითო. არადა, დღეები კი არა,  თვეები, წლები გადის მოსახლეობისთვის სასარგებლოს არაფერს აკეთებენ.

ალბათ, იმიტომ არის სინდისი ასეთი კარგი, რომ დეფიციტშია.

რა მოხდება, არ გვინდოდეს „დახურული რესტორნებით“ მიღწეული სიკეთეები. ცოტა წინ მაინც არ ვიქნებოდით?

რა მოხდება, ყოველ ნაბიჯზე არ ვიყენებდეთ ახლობლების სახელებს – ექიმის რიგში, სამართალდაცველთან ურთიერთობაში, დამსაქმებელთან გასაუბრებაზე. ბაღში ბავშვის მისაყვანადაც  კი ნაცნობი თუ გყავს, სხვაზე წინ ხარ.

„საბჭოთა კავშირის“ მძიმე მემკვიდრეობა ვერ მოვიშორეთ. საქმის ჩაწყობა, გარიგება, ხელის წაკვრა, ბიძგი,  პრივილეგია, შეღავათი თუ გაძრომა-გამოძრომა –  ამ დრომდე მისაღებია საზოგადოებისთვის.

მოთმინებით ველოდები როდის გაქრება ჩვენში ცნება „დარეკილია“.

 

Uncategorized

რაშიც მთავრობა არაფერ შუაშია

დღეს დილით სამსახურში რომ მოვდიოდი, ლამის ერთი ახალგაზრდა ბიჭის უბედურებას შევესწარი. „მარშუტკას“ წინ გადაურბინა და მარცხენა განაპირა ზოლში სწრაფად მომავალ მანქანას ერთი ნაბიჯით აასწრო გზაგამყოფზე. მადლობა ღმერთს, ისიც გადარჩა და უდანაშაულო მძღოლიც.

Copy of kaxetis.jpgფაქტი აეროპორტის ტრასაზე მოხდა, ფეხით გადასასვლელი ხიდიდან 100-150 მეტრის დაშორებით.

ადრეც არა ერთხელ შევწრებივარ, როგორ მიფოფხავენ ადამიანები მეტრიან ბარდიურებზე, როგორ ძვრებიან საგულდაგულოდ გაკეთებულ რკინის ბადეში. ერთ ადგილას ორმოა ამოთხრილი, ღობის ქვემოდან რომ გაძვრნენ, მიხვდებით ახლა რასავით.

კაცი ორი მცირეწლოვანი ბავშვით, ფეხმძიმე ქალი, მოხუცი ბებო ჩანთებით – ვინ აღარ დამინახავს ამ გამყოფ ზოლებზე ამძვრალ-ჩამომძვრალი და მაგისტრალზე მორბენალი. ასევე, არაერთხელ გამივლია ავარიის გამო გადაკეტილ თუ შევიწროებულ ტრასაზე, საპირისპირო მხარეს მომზირალს, რომ ტრასაზე უსულოდ დაგდებული ადამიანი არ დამენახა…

ააშენეს მაღალი გზაგამყოფები, გადაღობეს რკინის ბადით, დარგეს ბუჩქები.. რა ქნან მეტი? ჩონჩხის თავები დააყენონ თუ შავი ჯვრები, რომ მივხვდეთ, ჩქაროსნულ მაგისტრალზე ფეხით გადასვლა ჩვენივე სიცოცხლისთვის არის სახიფათო.

ეს ალბათ საუკეთესო მაგალითია იმის, რომ ყველაფერში მთავრობა არ არის დამნაშავე. ზოგჯერ მაინც, სხვაში ნუ დავინახავთ პრობლემას, ჩვენი ცუდიც ვაღიაროთ.

 

 

Uncategorized

ცოლი, მეუღლე თუ საოჯახო all inclusive უფასოდ

ახალი წელი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დღესასწაული საქართველოში ჯერ კიდევ ორნაირი გვაქვს, ქალებისთვის და კაცებისთვის. სულ მიკვირდა რატომ უხაროდათ დედებს და ბებიებს ახალი წლის დადგომა.

აი, რომ დაფიქრდე:

  • სახლის საფუძვლიანი დალაგების ერთკვირიანი პროცესი;
  • პროდუქტებზე სიარული;
  • ბევრნაირი ნამცხვრისა და ხაჭაპურების ერთდრულად ცხობა;
  • გოჭისა და ქათმის შიშხინი, ტოლმისა და სალათების, საცივისა და გოზინაყის კეთება;
  • 12 საათზე დაღლილ-დაქანცულ-წელათრეული სუფრასთან მისვენება;
  • 15-20 წუთში ისევ წამოხტომა, თეფშების ცვლა და ორ კვირიანი სტუმრიანობის მზარეულ-მიმტან-ჭურჭლის მრეცხავობა 24 საათიან რეჟიმში..

 

კაცმა რომ თქვას, რა ჯობია საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დღესასწაულის აღნიშვნას, თუნდაც სამზადისს. მაგრამ ის რაც ჩვენს იგვლივ და ზოგჯერ ჩვენს თავსაც ხდება, არათუ დღესასწაულთან არ არის კავშირში, საერთოდ გასულია ცივილური სამყაროს საზღვრებიდან.

ფეისბუქზე ხშირად მხვდება ანიმაცია სახელწოდებით „ქართველი ქალის ახალი წელი“..  და ეს მანიშნებს, რომ პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალური და მასშტაბურია.

qartveli qalis axali weli.jpg

ყველაფერი იწყება სამ სართულიანი, საჭმლის სიმძიმისგან ჩაზნექილი სუფრიდან და მთავრდება იქვე, იმავე სუფრაზე, საცივში თავჩაყოფილი სმაში დამარცხებული მამრებით.

და მთელი ამ შემოქმედებითი პროცესის მომსახურე პერსონალი ვინ არიან? ქალები,  რა თქმა უნდა. ქალმა უნდა იტრიალოს, კაცი უნდა დაჯდეს და  სამშობლოს, წინაპრებისა და მანდილოსნების ვერბალურ დიდებაში დაიცალოს.

გადასარევი ახალი წელია.. საოცნებო 🙂

ის, რასაც ტრადიციას ვეძახით, სინამდვილეში საშინლად დამღლელია და ყველანაირ სადღესასწაულო განწყობას გიქრობს. როცა საქმეს ვერ აუდიხარ, აღარც ღიმილის სურვილი გაქვს, აღარც შენივე გაჩენილი შვილების ნერვები და მითუმეტეს საყვარელ ადამიანთან საინტერესო ურთიერთობების დაგეგმვისა და რეალიზაციის დრო და ხალისი …

სამწუხაროდ, ასეა ქართველი ქალების  დიდი ნაწილი და მათი უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ მთავარი არ არის სუფრაზე დევს თუ არა მარილი, როგორ გოზინაყს აკეთებდა შენი დიდი ბებია, საცივს მოსხმული აქვს თუ არა ნიგვზიდან გამოწურული ზეთი და ა.შ. მთავარი ის დადებითი ემოციაა რასაც შენგან მოელიან შენი ოჯახის წევრები;  რაც დაღლილ-დაქანცულს, მოუწესრიგებელს, სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში მორბენალს, აზრადაც არ მოგივა..

მე მიხარია, რომ დღესასწაულების წინა დღეებში სილამაზის ყველა სალონი გადაჭედილია. მიხარია, რომ მიუხედავად დიდი ჯაფისა, ქალები იცლიან საკუთარი თავისთვის, საკუთარი განწყობის ამაღლებისთვის, საკუთარი თავის პატივისცემისთვის..

ახალი წელი იქნება, აღდგომა თუ ერთი ჩვეულებრივი დღე, ქალები ყოველთვის მომსახურე პერსონალს წარმოადგენენ.

  • – „საროჩკა“ გამიუთოვე?
  • – შარვალი სად არის?
  • – სადილად რა გვაქვს?
  • – საჭმელი გამითბე!
  • – ყავა გამიკეთე!
  • – პირსახოცი შემომიტანე!
  • – წყალი დაიქცა და მოწმინდე!
  • – მოვრჩი ჭამას და მაგიდა აალაგე!
  • – დააძინე ახლა, რაღას ელოდები!
  • – სად ხარ აქამდე?
  • – რა გაქვთ ამდენი სალაპარაკო?

კიდევ უარეს შემთხვევაში „ბავშვი გააღვიძე!“ და „ნასკი გამხადე ქალო!“..

ჩაებით საოჯახო საქმეებში მამაკაცებო, ეს სახალისო იქნება თქვენთვისაც და თქვენი პარტნიორისთვისაც. კვერცხის შეწვაც არ ვიცი როგორ მივეხმარო ცოლსო – 28 წლის ბიჭი იძახდა. თითქოს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი ჭირდებოდეს კვერცხის შეწვას. გაამრავალფეროვნეთ ყოველდღიურობა.  სხვის გამზადებულზე ქეიფი ხომ რესტორნებშიც შეიძლება…

ან კიდევ – რა ვქნა, ვერ ვეხმარები მეუღლეს, მეშინია ბავშვს ხელში ვერ ვიჭერო.. არ გვჯერა!  ჩაებით თქვენივე შვილის მოვლაში. ეს უფრო დაგაახლოვებთ ბავშვებთან. ასე ძალიან დაეხმარებით გადაღლილ მეუღლეებს და მერწმუნეთ, სულ სხვა, გაცილებით სასიამოვნო ფაზაში გადავა თქვენი ურთიერთობა.

და თვენც ქალებო, ვისაც ქმარზე თუ შეყვარებულზე დედობრივი მზრუნველობა აგიღიათ თქვენ თავზე. არ არის საჭირო ზრდასრულ მამაკაცს წვერის საპარსით და სადილის თეფშით ოთახ-ოთახ სდიოთ. თუ სცივა, თვითონაც მიხვდება და ჩაიცმევს.

გვქონდეს შესაბამისი რეაქცია და როდესმე ქართველი კაცებიც მიეჩვევიან, რომ ჩვენ მათი მომვლელები არ ვართ და როცა მათზე ვქორწინდებიდით სულაც არ ვფიქრობდით, რომ მოახლედ ვიწყებდით მუშაობას.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ ახალი წელი კულინარიული დღესასწაული არ არის. ასე რომ გაერთეთ და ნუ ჩაიხოცებით სამზარეულოში.

კეთილი სურვილებით..

განათლება · Uncategorized

“ოცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა”-აინშტაინი

ქვეყანა იმით კი არ არის უძლური რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-განათებული კაცები არა ჰყავს

 – ილია ჭავჭავაძე –

  1. დეკემბერში გავაკეთეთ სიუჟეტი მასწავლებლების დაბალ ხელფასებზე. http://rustavi2.com/ka/video/2482?v=2
  2. ივნისში გავაკეთეთ სიუჟეტი წიგნიერების დაბალ დონეზე საქართველოში. სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობას წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა და წერა-კითხვის ფუნქციური გამოყენება არ შეუძლია. http://rustavi2.com/ka/video/6702?v=2
  3. ივლისში აღმოვაჩინეთ რომ განათლების სამინისტრო 7 ლარიან ერთ სახელმძღვანელოში 1 668 ლარს იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. (სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღესვე ამოიღეს ტენდერიდან ეს სახელმძღვანელოები, რითიც 64 მოსწავლის წლიური დაფინანსების ტოლი თანხა დაიზოგა ბიუჯეტიდან). http://rustavi2.com/ka/video/7645?v=2
  4. ოქტომბერში აღმოვაჩინეთ, რომ განათლების სამინისტროს კორუფციულ სქემაში ჩართული მაღალჩინოსნები მოსწავლისთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან ფულს საკუთარ ჯიბეში ეზიდებოდნენ. (სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღესვე ჩინოვნიკის ნათესავმა სხვას გადაუფორმა თავისი წილი). http://rustavi2.com/ka/video/9048?v=2
  5. ოქტომბერში გადავიღეთ ანტისანიტარია საჯარო სკოლის ტუალეტებში და გავაშუქეთ მოსწავლეების ხმაურიანი პროტესტი ტუალეტის სუნის და არაჰიგიენური პირობების წინააღმდეგ. http://rustavi2.com/ka/video/9935?v=2
  6. ამჯერად ვმუშაობ თემაზე სკოლებში გათბობის სისტემების გაუმართაობა. დაბალი ტემპერატურის მიუხედავად არაერთ სკოლაში დღემდე არ არის ჩართული გათბობა. 90-იანების მსგავსად მოსწავლეებს და მასწავლებლებს გაყინულ შენობებში უწევთ სწავლა და სწავლება.

 

არც ერთი ეს თემა საკმარისად მნიშვნელოვანი არ აღმოჩდა განათლების სამინისტროსთვის, რომ მინისტრს ან მისი ოთხი მოადგილიდან რომელიმეს, მრჩეველს, დეპარტამენტის უფროსს თუ რიგით სპეციალიტს არსებულ პრობლემაზე ღიად ესაუბრა „ბიზნეს კურიერთან“. ჩემი აქტიური მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტროში არავის ამ თემებზე სასაუბროდ არ სცალია. ტრადიციად დამკვიდრდა ჩვენს შორის ფეისბუქ მიმოწერა და უკეთეს შემთხვევაში, ვიმეორებ, უკეთეს შემთხვევაში წერილობითი, 5-6 სიტყვიანი კომენტარის გაკეთება. (ერთი გამონაკლისის გარდა, როცა თავად PR-ის უფროსმა იტვირთა სხვისი ტვირთი და მოკლე განმარტება გააკეთა ჩვენთვის, სკოლებში ფულის აგროვების თემაზე.)

მე როგორც ჟურნალისტს, ხელი ნამდვილად არ მეშლება. ჩემი სიუჟეტები მაინც კეთდება, ასახავს რეალობას და იმის მიუხედავად ვინ გააკეთებს კომენტარს და ვინ არა, მათ მაინც ნახავს ჩვენი მაყურებელი.

მაგრამ მე როგორც მოქალაქეს, მეშლება ხელი განათლების სამინისტროს ინერტულობით.

ვთვლი, რომ გაუნათლებლობა არის ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში.

რადგან ხვალ  უკეთეს საქართველოში მინდა ცხოვრება, მოვითხოვ განათლების სამინისტროსგან, არათუ დახუჭოს თვალი პრობლემებზე, რაც ცალსახად ძალიან ბევრი აქვთ დარგში, არამედ თავად დააყენონ პრობლემური საკითხები დღის წესრიგში.

არ მიყვარს პიროვნების შეურაცხყოფა. ყველას გვაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ძალიან მინდა, კორექტული ვიყო, მაგრამ საშინლად მაღიზიანებს განათლების მინისტრის შეწუხებული გამომეტყველებით გამოელვება ტელეეკრანებზე. იერს რომ თავი დავანებოთ, კრიტიკული აზრი არ უნდა აშინებდეს ჩინოსანს.

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, თავადვე მოვაწყობდი პრესკონფერენციებს პრობლებურ საკითხებზე. ყველას გავაგებინებდი, საპატრიარქოს სკოლაში რომ მოსწავლე გაროზგეს; სკოლის ტუალეტებში რომ საპონი და ხელის დაბანის საშუალება არ არის; მასწავლებლების დიდ ნაწილს რომ საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვთ; მაღალკვალიფიციურ პედაგოგებსაც რომ  შეურაცხმყოფელ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა; მაღალკლასელი მოსწავლეები რომ სკოლაში დროს ტყუილად კარგავენ და რასაც მისაღებ გამოცდებზე აბარებენ რეპეტიტორთან სწავლობენ; ვისაც რეპეტიტორის ფული არ აქვს, ის ვერც უმაღლეს განათლებას იღებს; სკოლებში რომ არც ისე კარგი გარემოა და დიახაც, ფულს აგროვებენ  მშობლები მცირედით უკეთესი პირობები რომ შეუქმნან შვილებს; უფასო სახელმძღვანელობის აღწერას რომ სკოლებში გულგრილად ეკიდებიან და ამიტომ ბევრ მოსწავლეს გადასაგდები წიგნით უწევს სწავლა;

ვიტყოდი ამ ყველაფერს, ვაღიარებდი პრობლემას. ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ვიმუშავებდი მათ აღმოფხვრაზე. ის ხომ დაქირავებული მოხელეა. ჩვენ დავიქირავეთ, რათა მართოს სისტემა.

ნაცვლად ამისა, დადის ჩვენი მინისტრი „შეწუხებული“ და „გადაღლილი“. არ თანამშრომლობს მასთთან ვინც არ მოსწონს. არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტია ის, გამომცემლობა, სკოლის დირექტორი თუ გამონაკლისი მასწავლებელი, რომელიც სკოლასთან შიმშილობს. სამაგიეროდ თანამშრომლობს გუნდის მეთაურთან, პრემიერთან და არ აწუხებს განათლების დარგის პრობლემებით. მოითხოვს ვინმე ხელფასის გაზრდას? გაუშვით სკოლიდან! არ არის საკმარისი ბიუჯეტი? არაუშავს, რა ვქნათ აბა..

თვის ბოლოს მისი უწყება მაინც მიიღებს ღირსეულ ანაზღაურებას, პრემია-დანამატებისთვის  და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ყოფნით ბიუჯეტი.

მისი შვილები მაინც კერძო სკოლაში დადიან. არც ხელები გაეყინებათ, არც ტუალეტის სუნი შეაწუხებთ, მასწავლებელსაც მეტი რესურსი აქვს გაკვეთილის საინტერესოდ ჩასატარებლად.

სულაც არ მწყინს ეს, არც მშურს. მეც ტყავში ვძვრები, რომ ჩემმა შვილმა კარგ სკოლაში ისწავლოს და მესმის მინისტრის. თანამდებობა წარმავალია, შვილი მომავალი და ბავშვის განვითარების ხარისხს ვერ ანაცვალებ პიარკამპანიას. ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს და იყოს ბედნიერი.  მე ვერც ერთ ცალკეულ შემთხვევაში ვიქნები წინააღმდეგი საუკეთესო განათლება მისცენ მშობლებმა შვილებს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მოკლებულია ამ სიამოვნებას და ეს დიდწილად არაკომპეტენტური და გულგრილი ჩინოსნების ბრალია, სისტემის მოწყობა და კონტროლი რომ ევალებათ.  ამის ნაცვლად კი ჩაყუჩებულები, სახედაწყობილები სხედან თბილ ოთახებში და გვმოძღვრავენ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი კეთილდღეობისთვის.

ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის დანიშნული კადრი იქნება განათლების მინისტრი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რა პერიოდში როგორ შედეგებზე გაიყვანს ქვეყანას.

მე ვერ ვხედავ 24 საათიანი მუშაობის შედეგს!

მეტ გამჭვირვალობას მოვითხოვ ამ უწყებიდან.  წინააღმდეგ შემთხვევაში დავუჯერებ აინშტაინს, „- ოცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა“ – ო. ეს მოსაზრება ზუსტად ასახავს მმართველი გუნდის პარტიულ ინტერესებს. ალბერტს უფრო მეტი გაუკეთებია აშკარად, ვიდრე ჩვენი განათლების მინისტრებიდან რომელიმეს.