საზოგადოება · სოციალური · ჯანდაცვა

სიბერე ქართულად ანუ სოციალური დახმარების იმედად დარჩენილი მოხუცი მშობლები

სოციალურად დაუცველ ოჯახში მოვხვდი. ბევრი გაჭირვებული მინახავს, მაგრამ შემძრა, რაც იქ დამხვდა. 60 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის ქალი დანგრეულ, შუშებჩამტვრეულ ქოხმახში ღრმად მოხუც მამასთან და 13 წლის შვილობილთან ერთად ყოველდღიურად ებრძვის შიმშილით სიკვიდილს. არ აქვს გათბობა, საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა… არაფერი აქვთ, რაც ოჯახს ჭირდება. მიწაყრილ იატაკზე თაგვის ცურლებში ლეიბის ნაგლეჯი გდია, წარმოუდგენელი ანტისანიტარიაა. დიასახლისი ტირის, რომ პენსია წამლებში წინასწარ აქვს დახარჯული, ახლა სოციალური შემწეობაც მოუხსნეს და ბავშვის დახმარება, თვეში 10 ლარი მათი ერთადერთი შემოსავალი. – რა მიზეზით მოგიხსნეს დახმარე? – ვეკითხები გაოგნებული – მსგავსი უბედურება ჯერ არ მინახავს. რის გამო შეიძლება ამ საცოდავებს დახმარება შეუწყვიტო.. “პლიტა” ჩავრთეო და დენის გადასახადი რომ მომივიდა, იმიტომო. გადავირიე. წავედი ჯანდაცვის სამინისტროში და მოვუყევი ნანახი და მოსმენილი. პირადი ნომერი გაგვიგე ბაზაში გადავამოწმებთო, შეცდომა არ იყოსო -შეფიქრიანდნენ. ოპერატიულად გავარკვიე. გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ იმ საწყალ ქალს 13 წლის შვილობილის გარდა, 2 ზრდასრული შვილი ყავს, ორი გოგო. და იმ დანგრეული ქოხის გარდა, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში 3 ოთახიანი ბინა აქვთ, თავისივე სახელზე რეგისტრირებული. დაჯერება გამიჭირდა. მე თვითონ გადავამოწმე საჯარო რეესტრის საიტზე. წავედი მითითებულ მისამართზე. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მეზობლები გამოვკითხე, დამიდასტურეს რომ ბინა იმ ქალს ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მისი ქალიშვილები ცხოვრობენ.

რა გვჭირს?
ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება? ვიდრე შეეძლო თან რომ გვყვებოდა, ეს მისი მოვალეობა იყო და ახლა მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია?

მეტროთი შვილთან ერთად ვმგზავრობდი. სახედამალულმა მოხუცმა ჩამოირა ტირილით, დამეხმარეთო. მშიაო. ჩურჩული მომესმა გვერდიდან – მგზავრმა მგზავრს გადაულაპარაკა – სახეს რას მალავს მერე, თუ შიაო. იქნებ არც არის მოხუციო..
– ამ ქალს შვილები არ ყავს? – კაბაზე მომქაჩა ბავშვმა.
– არ ვიცი, არ ვიცნობ. თან რა მნიშვნელობა აქვს, ცოტა ფულით დავეხმაროთ. რაკი ითხოვს ე.ი. სჭირდება. – ვუხსნი ჩუმად.
– როგორ არ აქვს მნიშვნელობა, შვილმა ხომ უნდა მიხედოს დედას – არ მეპუება.
– შეიძლება არ ჰყავს შვილი; შეიძლება ჰყავს და იმასაც შია; შეიძლება ჰყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. – შევეცადე ყველა შესაძლო ვარიანტი მეთქვა.
მესამემ ჩააფიქრა.
– მოხუც დედას არ აქცევს ყურადღებას? – გაოცებული მიყურებს. – შვილის უფლება რო ჩამოართვას პოლიციამ, არ შეიძლება?
– კანონი არ ავალდებულებს ადამიანს მოხუც მშობლებზე ზრუნვას. თვითონ უნდა მიხვდეს, დედ-მამა რომ ასეთ დღეში არ ჰყავდეს. მაგრამ, ალბათ, ამ ქალის შვილსაც ძალიან უჭირს და ისევ დედის დახმარება სჭირდება. – გავუმარტივე ფიქრები და იქვე, მეტროში ადამიანების თვალთვალი დავიწყე. მოზარდი გოგო-ბიჭები მხიარულად ახტებოდნენ ესკალატორის საფეხურებს. არც ყურსასმენიანი სტუდენტები გრძნობდნენ თავს ურიგოდ. 30-40 წლის ადამიანები, ცალხელში რომ პატარა ხელი უჭირავთ და მეორეში სმარტფონი ან ტელეფონში იქექებოდნენ ან ფიქრებით დატვირთულნი ელოდნენ ბაქანზე გადასვლას. აი, ორმოცდაათს ზემოთ, ვერაფერი დავინახე სანუგეშო. 

მომეჩვენა, რომ ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად ბეჩავდებიან და ეს არ არის მხოლოდ წლებით გამოწვეული. მომეჩვენა, რომ ჩვენთან ასაკოვანი ადამიანები იშვიათად გამოიყურებიან მხნედ, ამაყად, ბედნიერად.

რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში მოხუცი ქალის შესახებ გავიდა სიუჟეტი. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მარტოხელა ბებო სოციალურ დახმარებას, თვეში 60 ლარს გულსაკლავად ითხოვდა. თანამშრომლებმა ფული შევკრიბეთ, საკვები ვიყიდეთ და ჩვენს შორის ყველაზე ყოჩაღებმა გურჯაანში ჩააკითხეს სიუჟეტის გმირს. მარტოხელა ბებო სამი ვაჟკაცის დედა აღმოჩნდა. სამივე დაოჯახებული, დაწვრილშვილებული, უმუშევარი, მაგრამ მეურნეობის პატრონი. ჩვენდა გასაოცრად, ერთ-ერთი შვილი მანქანით დაგვხვდა და საჩუქრებით დატვირთული ჩანთები დედის სახლამდე მიგვატანინა . შემოესივნენ ბებოს შვილიშვილები, გახსნეს ნობათი.იმედი დავიტოვეთ, რომ ჩვენი ნაყიდი საკვებიდან რაიმე იმ ბებოსაც შეხვდებოდა და დავემშვიდობეთ.

ორ ცეცხლს შუა ვარ. არც ახალგაზრდა სიკვდილი მინდა და არც სიბერე. საერთოდ რატომ ვფიქრობ ამაზე, რა დროს სიბერეა? 2017 წელია და საპენსიო სისტემა ჯერ კიდევ არ გვაქვს. რომ მიიღონ კიდეც მეეჭვება, იმდენის დაგროვება მოვასწრო, ღირსეული ცხოვრების შენარჩუნება რომ შევძლო. რის იმედად ვართ? ვის იმედად ვართ? ასე ჩემსავით, დილიდან დაღამებამდე ხომ ისინიც შრომობდნენ, ახლა ხელებგაწვდილები რომ დგანან შუქნიშნებთან, სხედან მეტროს ამოსასვლელებთან, ტირიან ტელეეკრანების მიღმა.

ვაითუ ისეთივე სიბერე მოვიდეს, როგორიც ჩვენ მოხუცებთან მოვიდა. დაჭმუჭნული, დარდიანი, ერთფეროვანი, თავზე წისქვილის ქვა დატრიალებული, კაპიკ-კაპიკ გაწერილი და მაინც დუხჭირი სიბერე პირადი ცხოვრების გარეშე..

საზოგადოება · ჯანდაცვა

საბედისწერო სიუჟეტი

ჩვეულ რომ აწკრიალდა სამსახურში ტელეფონი, იქიდან დაიწყო ყველაფერი.
– ბიზნეს კურიერში ვრეკავ – საქმიანი ტონით იწყებს მოქალაქე.
– გისმენთ ყურადღებით.
– შშმ პირების დასაქმებაზე რატომ არ ამზადებთ გადაცემებს? მე უსინათლო ვარ და სამსახურს ვერ ვშოულობ. იქნებ დაინტერესდეთ ამ პრობლებით. არ იფიქროთ მოწყალებას ვითხოვდე, უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრატურაში ვსწავლობ. ინგლისურიც კარგად ვიცი, წესით არ უნდა გამჭირვებოდა დასაქმება, მაგრამ იმის გამო რომ უსინათლო ვარ, არავის ავყავარ სამსახურში.
ეს არ იყო ჩვეულებრივი ზარი. იმ ხმის პატრონმა ზუსტად იცოდა, სად რეკავდა და რა მიზნით.
ნანას დავემშვიდობე, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. პროდიუსერს ვთხოვე, ფონიჭალიდან უსინათლო გოგომ დარეკა, დღესვე უნდა წავიდე გადაღებაზე მეთქი. ეჭვით შემომხედა ნინომ. – აარა!! გეფიცები მაგარი გოგოა. აი, გამაყოლე ოპერატორი და მაგარ სიუჟეტს მოგიტან. დავიყოლიე.
წავედით მე და დიმა კოსტავა. შუა გზაში სმს მივიღე ნანასგან. “მეგი გაჩერებაზე გელოდებით”, მწერს უსინათლო გოგო. საპასუხო ტექსტი ავკრიფე და ვფიქრობ? რას ვშვრები ახლა მე? უსინათლო ადამიანს სმს-ს ვუგზავნი? ალბათ სხვამ აუკრიფა ტექსტი და პასუხს როგორ წაიკითხავს? მივწერე და გადავურეკე კიდეც. არ მინდოდა რამე შემშლობდა.
დათქმულ დროს ნანა გაჩერებაზე გველოდა. მაღალი ქუსლებით, მოკლე კაბით, მოწესრიგებული ვარცხნილობით და სათვალით. სახლისკენ გაგვიძღვა. ბილიკ-ბილიკ ჩავყევით “ბარაკებს”. ნანას სახლი, სულ ქვევით იყო, ყველაზე ქვევით. სახლი ერქვა ერთ ოთახს 2 საწოლით, კარადით და მაგიდით. მარტოხელა ასაკოვანი დედა იხსენებდა, რომ ნანას 2 თვისას ვირუსი შეხვდა და მას შემდეგ სინათლის სხივის გარდა ვერაფერს ხედავდა.
“მეგონა, ბავშვობაში ვერავინ ხედავდა და სამყაროს დანახვა მხოლოდ მოზრდილ ასაკში იყო შესაძლებელი”.
“დედას ჩემს ბაღში მიღებაზეც კი უარს მეუბნებოდნენ, ამიტომ მან ხელწერილი დაწერა, რომ ჩემგან პრობლემა არავის შეექმნებოდა. მართლაც, არავის ვუქმნიდი პრობლემას. ბავშვობაშიც ვცდილობდი, სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. ბაღის მასწავლებლებს უკვირდათ, რომ სხვა ბავშვებს ტოლს არაფერში ვუდებდი და ჩემი მოვლა არც ისე ძნელი იყო, როგორც ეგონათ. ვცდილობდი, ჩემი პრობლემებით სხვები ზედმეტად არ შემეწუხებინა “.
“შემიძლია დავარწმუნო ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, რომ ყველაფერი შემიძლია გავაკეთო ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი მხედველები აკეთებენ. ბევრ მათგანს კონკურენციასაც კი გავუწევ” – ირწმუნებოდა ნანა.
იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე როგორ მუშაობდა კომპიუტერზე, “მესიჯობდა” ტელეფონზე,  ფონიჭალიდან ვაკეში მიდიოდა ავტობუსით, აქტიურობდა უნივერსიტეტში, ეძებდა ვაკანსიებს, აგზავნიდა რეზიუმეებს.. წერდა წერილებს ყველა უწყებას; არ აშინებდა დაფინანსებაზე მიღებული უარი; აგროვებდა უარის წერილებს და უფრო მაღალჩინოსნებს უგზავნიდა. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, როგორ იბრძოდა ადამიანი, რომ დედასთან ერთად ცოტათი უფრო ღირსეულად ეცხოვრა. ნანას შესაძლებლობები ნამდვილად არ იყო შეზღუდული …
გმირი გოგოს შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით ბრწყინვალე სიუჟეტი გამომივიდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს იყო ამბის დასაწყისი. რა მოხდა შემდეგ, მოკლედ გეტყვით.
სიუჟეტი მაშინდელ პრეზიდენტს უნახავს. პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე იხსენებდა, რომ დაურეკა სააკაშვილმა და იმ უსინათლო გოგოს კოორდინატების დადგენა დაავალა, რუსთავი 2-ის ეთერით რომ აჩვენეს. ნანას საზღვარგარეთ მკურნალობა 47 000 დოლარით დაუფინანსდა. ძველი მთავრობის დაწყებული საქმე ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა – 2012 წელს ნანას მეორე ოპერაციაც გაუკეთეს.

ახლა ნანა აღარ არის უსინათლო. მხედველობა აღდგენის პროცესშია. ყველაზე მეტად ზეცის და ღურბლების დანახვამ გამაოცა, მეგონა ნაფლეთ-ნაფლეთი ღრუბლები ჩემთან ერთად მოძრაობსო . .

მაგრამ სირთულეები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ნანას სრულ განკურნებამდე 6 000 დოლარი აშორებს. ბოლო ოპერაცია ოქტომბერშია ჩანიშნული.. კვლავ წერილები, წერილები, წერილები.. ნანა ბრძოლას აგრძელებს.

იმ დღის შემდეგ, ვითომ ჩვეულებრივ რომ აწკრიალდა სამსახურში ტელეფონი, მე ღრმად ვირწმუნე რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არ იფიქროთ მე ჩემს თავს ვუწერდე ქულას, იმ საბედისწერო სიუჟეტის გამო. მე არა, სხვა იქნებოდა ჩემს ადგილას. სულ სხვა რამ უნდა ვთქვა: მე, ორივე თვალით მხედველს მეიმედება ნანა ბრეგვაძე თავისი შემართებით, შეუპოვრობით, ბრძოლის უნარით, მიზანდასახულობით, იმედით, მიღწეული წარმატებით .. 

დღეს ნანას დაბადების დღეა.

…… 2 თვის წინ ჩემმა შვილმა თანატოლი უსინათლო მარი გაიცნო. მერე მთელი საღამო თვალდახუჭული დადიოდა, მაინტერესებს სიბნელეში როგორ ცხოვრობსო მარი. ვიფიქრე  აუცილებლად გავაცნობ ნანას.

ჯანდაცვა

მშიერი ექიმი საშიშია ჯანმრთელობისთვის

 

პაციენტების ნაამბობიდან :

– ექიმმა არასწორი დიაგნოზი დამისვა. – ბავშვს ვირუსი ქონდა და თავის დაზღვევის მიზნით მაინც ანტიბიოტიკები დაუნიშნა; – ბრმანაწლავი ამოაჭრეს და ბამბა ჩაუტოვეს შიგნით; – არარსებულ დაავადებაზე მიმკურნალეს და მერე ფარმაცევტული კომპანიიდან დამირეკეს, მკითხეს რომელ აფთიაქში ვიყიდე ექიმის დანიშნული წამალი; – ექთანს შეეშალა და მედიკამენტის ნაცვლად საკვები გადაუსხა ბავშვს; – მამაჩემს პირში მიახალეს კიბო გაქვსო; – დილიდან რიგში ვდგავარ და ვიღაც თეთრხალათიანმა ურიგოდ შეიყვანა ნაცნობი; – ვიზიტზე შევედი და 40 სტუდენტის წინ მალაპარაკა კუჭში რა სიხშირით გავდივარ; – წესიერად არ ამიხსნა რა მჭირდა, ისე გამომიშვა ოთახიდან; რაკი მოხუცი იყო, ექიმი ყურადღებასაც არ აქცევდა; – ტკივილისგან ვტიროდი და ისინი თანამშრომლის შვილის ქორწილს განიხილავდნენ; წრეზე მატარეს კლინიკიდან კლინიკაში, გამოკვლევიდან გამოკვლევაზე, ქვეყანა ფული დამიჯდა იმის გარდა რაც სახელმწიფომ დაფარა; იმდენი წამალი დამინიშნა, ჭამის  დრო აღარ მქონდა…

ექიმების ნაამბობიდან:
– კართან ასი კაცი მელოდება და ამან ბაბუამისიდან დაიწყო ჩივილების მოყოლა; – სხვა ერთ წუთში უნდა გავუშვა და მას ორი საათი უნდა დავუთმო; ხედავს რომ პაციენტი მყავს და მაინც შემოდის; -დასვენება ჩვენთვის არ არის, ქორწილი და დაბადების დღე ჩვენთვის არ არის, ფეისბუქზე შევალ და იქაც პაციენტების ანალიზის პასუხები მხვდება, სად გავიქცე აღარ ვიცი; – პირდაპირ რეანიმაციაში შემოდიან პაციენტის “პატრონები”, რომელს მივხედო აღარ ვიცი; – მედიცინა ერთართი სფეროა, ჯერ კიდევ თვეობით რომ ველოდებით მიზერულ ანაზღაურებას; – რა დაბალ ხელფასზეა ლაპარაკი, მარტის შუა რიცხვებში რომ დეკემბრის ხელფასზე ოცნებობ ესაა საქმე? – თვეში 16 დღეს რომ ერთ სამსახურში ათენებ, რვას მეორეში და მაინც სულ იმას ფიქრობ ფული სად იშოვო, რომელ ქვეყანაში ხდება ასე;

მე, როგორც მხარე:
2010 წელს სრულიად ჯანმრთელს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დამისვეს და მეორე დღეს მითხრეს რომ შეეშალათ. როგორ დაღამდა და გათენდა ჩემთვის ექიმს არ უკითხავს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს 24 საათი, რამდენი ვიტირე, რამდენი ვეფერე 2 წლის მძინარე შვილს, რამდენჯერ ჩამიარა გავლილმა 28-მა წელმა თვალწინ ოჯახის წევრების გარდა არავინ დაინტერესებულა. მეც, უპასუხისმგებლო მოქალაქემ, არ ვუჩივლე ექიმს. ბედნიერმა, რომ ცხოვრება ერთ დღეში დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს, დავივიწყე ყველაფერი. აღარ მინდოდა იმათი დანახვა, ვინც “გრიპის” გამო მისულს მითხრა, რომ სიმსივნეს უცებ ამომაჭრიდნენ და ორ კვირაში სახლში გამიშვებდნენ. მე დამნაშავე ვარ. სხვა უფრო საზრიანი მიყენებული მორალური ზიანისთვის საზღაურს სასამართლოში მოითხოვდა და პრეცენდენტს შექმნიდა. მეც ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პაციენტი ვარ.

აი ასე .. ექიმებს არც კრიტიკა აკლიათ და არც პაციენტი.
ყველას გვაქვს არგუმენტი. ერთი რამ კი ფაქტია – ქართველი ექიმების უმრავლესობას ხელფასთან ერთად გულისხმიერება აკლია. თუმცა ჩემნაირი პაციენტები მეტს არც იმსახურებენ.

(საგანგებოდ არ გამოვყოფ კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ერთეულ ექიმებს, რათა ჩემმა სამიზნე აუდიტორიამ მათში არ მოიაზროს თავისი თავი)
ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვა – ჩანაფიქრი და რეალობა

რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.

                                                                                                                                      უინსტონ ჩერჩილი 

 

    „რა ფული რის ფული ბებია, როგორ გეკადრება. აქ ფული არ გჭირდება გენაცვალე!!“ – ეს სიტყვები საჩხერის საავადმყოფოს პაციენტმა 2012 წლის ნოემბერში მითხრა. მთავრობის ცვლილებიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ აქტიური საუბრები დაიწყო და „რუსთავი 2“-იდან საჩხერის საავადმყოფოს გადასაღებად წავედი. (კლინიკის, რომლის დირექტორიც ჯანდაცვის მინისტრი გახდა )

         ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა რომ საჩხერეში იყო  ერთადერთი სამედიცინო ცენტრი საქართველოში, სადაც ფულის ხსენებაც კი სირცხვილად ითვლებოდა. პაციენტს ჯიბიდან მხოლოდ პირადობის მოწმობის ამოღება ევალებოდა და ყველა საჭირო პროცედურა უფასოდ უტარდებოდა. მთლიანი დაფინანსება მეცენატისგან მოდიოდა – საჩხერელების და მათი სტუმრების მკურნალობა ივანიშვილს წელიწადში 8 მილიონამდე ლარი უჯდებოდა.

ახლა ერთი წუთით გაიხსენეთ ახლო წარსული და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს მკურნალობა ჭირდება და  საჭირო ფული არ გაქვთ. დღეები გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ვერაფერს შველი, ყველაფერი გაყიდე, ღამის გასათევის გარეშე ქუჩაში დარჩი და საკმარის ფულს ვერ შოულობ, ბიზნესის პირისპირ მარტო დარჩენილს ექიმი და საავადმყოფო უფასოდ არ გშველის!  – ამ უმძიმესი რეალობის გამო მოქალაქეები აღტაცებით შეხვდნენ ახალი მთავრობის ინიციატივას უფასო ჯანდაცვის შესახებ.

       ნიშნავდა თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საჩხერული მოდელის მთლიან საქართველოზე გავრცელებას? ვინ დააფინანსებდა და რა დაჯდებოდა მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება? საკმარისი იქნებოდა ეს ცვლილებები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?  აპირებდა კი საჩხერის სამედიცინო ცენტრის ყოფილი დირექტორი და უკვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზემოთ ხსენებული პრაქტიკის დანერგვას მთელი ქვეყანის მასშტაბით?

        ერთი შეხედვით სქემა ერთნაირი იყო – უკლებლივ ყველა მოქალაქეს ჯანდაცვა უფასოდ.. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობით –  ბიზნესმენის ჯიბე სახელმწიფო ბიუჯეტმა ჩაანაცვლა. ის რაც მილიარდელის ბიუჯეტისთვის ადვილად შესაძლებელი იყო, ქვეყანას უმძიმეს ტვირთად დააწვა.

მოსახლეობის მოლოდინი და რეალობა

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოლოდინი ქონდა, რომ მკურნალობა უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. მიუხედავად მათი შემოსავლებისა, მოქალაქეების უმრავლესობას დღემდე სრულიად არ აღელვებს, რომ სამედიცინო სერვისი საერთო ჯიბიდან ანუ ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამ გზით დახარჯული ფული ამონაგებს ვერ მოგვცემს, პროდუქტს ვერ შექმნის.

პროგრამის ამოქმედებამ ცალსახად შეცვალა რეალობა – მომხმარებლების ჯანდაცვის სისტემასთან ურთიერთობის გამოცდილება გაუმჯობესდა. უღარიბეს მოქალაქეებშიც კი საავადმყოფოში მოხვედრის შიში გაქრა. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტები უმრავლეს შემთხვევაში ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტების ხარჯები წარმოუდგენლად გაიზარდა და კლინიკაში მოხვედრის პირველივე წუთებში წამალში ფულის დახარჯვის გადაუდებელი საჭიროება დგება, ჯანდაცვის რეფორმა მაინც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა ხალხის კმაყოფილებას იწვევს. ქუჩაში ჩემს მიერ გამოკითხული მოსახლეობის განწყობა ადასტურებს, რომ ადამიანებს ბიუჯეტური საკითხები არ აინტერესებთ და მარტივად მიიჩნევენ, რომ ხალხის ფული ხალხს უნდა მოხმარდეს.

რისკი

რამდენ ხანს გაუძლებს ბიუჯეტი უმძიმეს ტვირთს, სად გაწყდება ბეწვის ხიდი და რამდენი ადამიანის ფინანსურ კეთილდღეობას ჩაიყოლებს?

სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედზე მეტი ჯანდაცვის ხარჯია. განურჩევლად ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის დაფინანსება ჩვენნაირი ღარიბი ერისთვის  წარმოუდგენელი ფუფუნება, ხოლო სახელმწიფოსთვის უმძიმესი სოციალური ტვირთია.

დანახარჯების ეფექტიანობა

რამდენად ეფექტურად იხარჯება ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი 3 მილიარდი ლარი? დანახარჯები მზარდია. სახეზეა გადახარჯვა. მხოლოდ ბოლო 6 თვეში დაგეგმილზე 32 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა. ფონდ „კურაციოს“  მიერ ჩატარებული „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის“ მეხუთე ტალღა იტყობინება, რომ აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ძალიან სწრაფად ზრდით. ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაუდებელი ოპერაციების მაჩვენებელი 314%-ით გაიზარდა,(ცხრილი #1) რაც ბადებს კითხვას: ხომ არ არის ეს საავადმყოფოების მიერ ხელოვნურად გამოწვეული? ხომ არ შეუქმნის პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად არის გადახარჯული?

01კვლევა ადასტურებს რომ კლინიკები საბიუჯეტო სახსრებს იყენებენ არარენტაბელურად და ირაციონალურად. საჭიროზე დიდხანს ტოვებენ პაციენტებს კლინიკაში, ექიმები ასწავლიან ავადმყოფებს მაქინაციურ ხერხებს, თუ როგორ გაიკეთონ გეგმიური პროცედურები სწრაფად და გადაუდებლად. ერთი ექიმი აგზავნის მეორესთან, მეორე მესამესთან და წრეზე ატრიალებენ პაციენტს, რომლის მკურნალობაშიც ფულს სახელმწიფო იხდის. ამგვარი ფაქტები უმარავია –  ჯანდაცვის სამინისტრო კი  ოპერატიულ  მკაცრ რეაგირებას აგვიანებს.

ჯანდაცვის სისტემის გადაჭარბებული ფუნქციები

ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ხარვეზი მოთამაშეების ნაკლებობაა. ძირეული შეცდომა სამედიცინო დაზღვევის ბაზრიდან კერძო სადაზღვევო კომპანიების გაძევება და მთელი ტვირთის ბიუჯეტზე ზეწოლა იყო. შედეგად მივიღეთ, რომ ფულიც სახელმწიფოსია, ზედამხედველიც თავად არის და რესურსების გენერირებაც დიდ წილად სახელმწიფოს პრეროგატივაა. მხოლოდ მომსახურების მიწოდებაში ერთვება კერძო სექტორი და რიგ შემხვევაში აქაც სახელმწიფოს კუთვნილი კლინიკები ფიგურირებენ. შესაბამისად ნაკლებია კონტროლი, ფაქტიურად არ მუშაობს რეგულარული მონიტორინგის სისტემა. უმსხვილესი საავადმყოფოების თვით ცენზურით შეპყრობილი მმართველები თავს არიდებენ სისტემის ჯანსაღ კრიტიკას და საბჭოური მოდელის მსგავსად მაქსიმალურად წურავენ ბიუჯეტს.

სწორი გზა მომავლისკენ თუ მოკლევადიან კმაყოფილებაზე  ორიენტირებული ნაბიჯები ???

რამდენად სწორი გზით მიდის მთავრობა ჯანდაცვის სისტემის მიზნების სისრულეში მოსაყვანად, აქტიური დავის საგანია. ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მიზანი.

ჯანდაცვის სისტემის მიზანი # 1:  მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება

ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წლის შემდეგ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მეტიც, საქსტატის მონაცემები არც თუ სახარბიელოა. ყოველწლიურად იზრდება რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა.(ცხრილი #2).  მათ  შორის მატებაა ბავშვთა ავადობაშიც (ცხრილი #3).

02

03 ჯანდაცვის სისტემის მიზანი # 2: გულისხმიერება

სისტემა, რომლის წარმატების საფუძველიც პირველადი ჯანდაცვაა, ხოლო ექიმისა და ექთნის შემოსავალი 300-400 ლარია, ძნელია იყოს გულისხმიერი და პაციენტზე ორიენტირებული (ცალკეული გამონაკლისების გარდა). ბიზნესის პირისპირ დარჩენილი სამედიცინო რგოლი ფარმაცევტული კომპანიის დაკვეთით უნიშნავს პაციენტს მედიკამენტს. შესაბამისად არღვევს კონფიდენციალურობას და პაციენტის დიაგნოზის, დანიშნული მკურნალობის კურსის შესახებ ინფორმაციას აწვდის ფარმაცევტულ კომპანიებს. პაციენტს აქვს დაწესებულების თუ ექიმის არჩევის საშუალება,მაგრამ დარგის წამყვანი კერძო კლინიკები უარს აცხადებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვაზე, რითიც ხელმოკლე მოსახლეობას მათთან მკურნალობის შესაძლებლობა ერთმევა (მაგალითად, „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“, დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი „ენმედიცი“ და ა.შ.). ასევე, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება რიგები ექიმთან,თითოეული პაციენტისთვის გამოყოფილი დროის დეფიციტი და ეთიკის საკითხები.

 

ჯანდაცვის სისტემის მიზანი # 3: დაფინანსების სამართლიანობა

რაკი საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ერთადერთი სპონსორი ბიუჯეტია, დაფინანსების სამართლიანობა და ხარჯ-ეფექტურობა საკვანძო საკითხებად მოაზრება. USAID – ის, მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის შეძლებული ფენები უფრო მეტად სარგებლობენ, ვიდრე ღარიბი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა.  ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს უმძიმეს ტვირთად აწევთ მედიკამენტებში დახარჯული თანხები. მაშინ როცა,  შემოსავლიანი ოჯახები საუკეთესო კლინიკებს და პოპულარულ ექიმებს არჩევენ..  და უკეთესი სერვისის მისაღებად საკუთარ დანაზოგებთან ერთად სახელმწიფოს ფულსაც ხარჯავენ.

ფონდ „კურაციოს“ მიერ გამოკითხული ექსპერტები წამლებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. რაც მიმდინარე ინფლაციის პირობებში გარდაუვალია. ამასთან ჩნდება მოთხოვნა, ფასიც იმატებს. მითუმეტეს როცა კომერციული სერვისების შემსყიდველი სახელმწიფო ბიუჯეტია – გარანტირებული კლიენტის კიდევ უფრო გასქელებული ჯიბე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან სამი წელი გავიდა და ჯანდაცვის სისტემის მიზნების შესრულება ვერ ხერხდება. ეს სტატისტიკით. ხალხი კი კმაყოფილია. ერთადერთი პროექტი, რომელსაც მოსახლეობა დადებითად აფასებს ჯანდაცვის რეფორმაა. ჯანდაცვის პროექტს აქვს იმდენი ფული რამდენიც დაჭირდება.. თუმცა რის ხარჯზე ამას ხალხი არ კითხულობს და არც მთავრობა თვლის თავს ვალდებულად აუხსნას ხალხს, რის ფასად აძლევს ამ ფუფუნებას.

ჩემი აზრით..

თუ მთავრობა არ  გადახედავს პოლიტიკას,

თუ არ გაარჩევს ვის და რა დოზით ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა,

თუ არ გაზრდის კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას,

თუ არ შეამცირებს წნეხს სახელმწიფო ბიუჯეტზე

ადრე თუ გვიან სისტემა აუცილებლად განიცდის კრახს და ეს გარდაუვალი საშიშროება დომინოს პრინციპით ჩამოაქცევს ქვეყნის ეკონომიკას.

  მეგი კავთუაშვილი