სოციალური

261 ათასი “კმაყოფილი” ქართველი ქალი

ორშაბათობით დასვენების დღე მაქვს. სამსახურიდან თავისუფალი ვარ.  გავიფიქრებ – მოდი რომელიმე მეგობარს დავურეკავ, შემომიაროს, რაიმე გემრიელს გავაკეთებ და ვიჭუკჭუკებთ მეთქი, მაგრამ რად გინდა. ყველა მუშაობს. ვის ცალია ჩემთვის. მიფიქრია, რა იქნებოდა რომელიმე მაინც ისვენებდეს ორშაბათს?! დიასახლისი მაინც იყოს მათ შორის ვინმე! არ გამიმართლა. ჩემ სიახლოვეს ყველას თავისი საქმე, ოჯახი და ცხოვრება აქვს. პარადოქსია. უმუშევარ ქვეყანაში სამუშაო დღეს ვერავის „გამოვიჭერ“ ხოლმე.

12345.jpg

არადა, ნახევარ მილიონზე მეტი დიასახლისია ქვეყანაში. ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო ჩემი ახლო მეგობარი?! მასაც გაუხარდებოდა ჩემი ორშაბათი. მეც უფრო მრავალფეროვნად გავატარებდი დასვენების დღეს. დავსხდებოდით, ყავას დავლევდით და ვილაპარაკებდით მსუბუქ, დროის გასაყვან თემებზე. მაგალითად, შვილებზე, საერთო მეგობრებზე, იმათ მეგობრებზე, ნამცხვრების რეცეპტებზე, პოლიტიკაზე, რეფორმებზე, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზეც; ერთად წავიდოდით პროდუქტების საყიდლად, სილამაზის სალონში,  ავტოსახელოსნოში, უმიზნო „შოპინგზე“ და ა.შ.

ავწონოთ, რომელი ჯობს, ქონდეთ ბევრი თავისუფალი დრო და ეცალოთ ჩემთვის-აც თუ ქონდეთ საკუთარი საქმე.

– რა თქმა უნდა, მეორე. 

– არა? – არაო. – ასე ამბობს ოფიციალური სტატისტიკა.

ბოლო აღწერის შედეგებით 261 000 შრომისუნარიანი ქალი თავს  ეკონომიკურად არააქტიურად აცხადებს. ისინი პერპსეტივაშიც არ ეძებენ  სამსახურს, რადგან მიაჩნიათ, რომ საოჯახო საქმეების სამსახურთან შეთავსება შეუძლებელია. 261 000 ქალი თვლის, რომ უნდა იმუშაოს კაცმა, თავად კი ყველაზე მთავარი პროდუქტი უნდა აწარმოონ – გააჩინონ და გაზარდონ შვილები.

 

სამწუხაროდ, არ არსებობს სტატისტიკა, რა ბენეფიტებს იღებენ ეს ქალები სხვისი გადახდილი გადასახადებიდან. მაგალითად, დაყავთ თუ არა შვილები სახელმწიფო ბაღებში, სარგებლობენ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, იღებენ თუ არა სოციალურ შემწეობას, მგზავრობისთვის განსაზღვრულ შეღავათებს და ა.შ.

diasaxlisi.jpg

რეალურად, დიასახლისობაზე შრომატევადი სამსახური ხომ არ არსებობს? თუ არსებობს ალბათ მაღაროში მუშაობაა. შეიძლება სახლის საქმე უფრო მძიმეც კი იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ 24 საათი კვირაში 7 დღე დაუსრულებლად გრძელდება.

გევალება :

  • სახლის დალაგება
  • საჭმლის მომზადება
  • სუფრის გაშლა-ალაგება
  • სარეცხის რეცხვა
  • გარეცხილის გაუთოვება
  • გაუთოვებულის დაბინავება
  • ბავშვების აღზრდა 
  • ოჯახის დანარჩენ წევრებზე ზრუნვა

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კეთილგანწყობილი
  • მოტივირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში გაუჩერებლად მუშაობა
  • შედეგზე ორიენტირებული სამუშაოს დაგეგმვა.
  • დროის მენეჯმენტი
  • ხარჯების კონტროლი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა

ანაზღაურება 0 ლარი. (არ დამიწყოთ ახლა სიყვარულიო, სითბოო – ეგ ყველაფერი სამსახურის პარალელურადაც გამოდის.)

და მაინც 261 000 ქალი უპირატესობას ანიჭებს დიასახლისობას.

მე რა მაწუხებს? 

ამ შრომას ჩვენს რეალობაში არ აქვს ფასი. ამ შრომას სახელმწიფოს მშენებლობაში არ შეაქვს წვლილი. ეს შრომა აუფერულებს უმაღლესი განათლების დიპლომებს. ეს შრომა იწვევს ქალის ჩაკეტილობას, დეპრესიას, ნერვულ აშლილობას. ეს შრომა იწირავს ურთიერთობებს. ეს შრომა არ ქმნის პროდუქტს. ამ შრომის გადანაწილება ოჯახის სხვა წევრებზე ადვილი შესაძლებელია. არ გამომითვლია, მაგრამ მგონია, გამოთავისუფლებული დროის უფრო სასიამოვნოდ და გონივრულად დახარჯვა მეტ სიკეთეს მოიტანდა. 

მით უფრო, ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნის პირობებში.

ჰოდა არაუშავს, ვიქნები მეგობრების გარეშე ორშაბათობით ან იქნებ ამ წერილის შემდეგ გამომიჩნდნენ ახალი მეგობრები. რა იცი რა ხდება..

 

საზოგადოება · სოციალური

საოცნებო მუქთა კუბო

„მესიებში“ არ გვიმართლებს..

აშკარაა, ჩვენი არჩეული არც ერთი „წინამძღოლი“ეფექტური მხსნელი არ გამოდგა. ქვეყანაში სოციალური ფონი უარესდება. უმუშევრობა ეროვნულ პრობლებათა ჩამონათვალში ნომერ პირველ ადგილზეა. ყველა კვლევით სუბიექტური სიღარიბე გაზრდილია. ანუ ადამიანები ახლა უფრო ღარიბად თვლიან თავს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ასეთია მოცემულობა.

ორი ვარიანტი გვაქვს – ვიძახოთ: „გვეშველება რამე“?! ან ჩვენ თვითონ ავაშენოთ სახელმწიფო.

ოღონდ „ჩვენ თვითონში“ ყველას ვგულისხმობ – ჩემს ოჯახს, სამეგობროს, სანათესაოს, სამეზობლოს, სანაცნობოს, მათ ოჯახებს, მათ სამეგობროებს, მათ სანათესაოებს, მათ სამეზობლოებს, მათ სანაცნობოებს …

ვისთვის რა არის სახელმწიფო? ვიღაცისთვის იგივე მთავრობაა, ვიღაცისთვის მეწველი ძროხა, სხვებისთვის საერთოდ განყენული „რაღაც” ყველაზე და ყველაფერზე ზრუნვა რომ ეკისრება.

სინამდვილეში რა არის სახელმწიფო? ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც სახლობენ ფიქსირებულ ტერიტორიაზე, აქვთ საერთო კანონები, ჰყავთ მთავრობა და შესწევთ საერთაშორისო ურთიერთობის წარმართვის უნარი.

ვინ აფინანსებს სახელმწიფოს? – დაფინანსების მთავარი წყარო მოქალაქის და ბიზნესის  გადახდილი გადასახადებია.

რატომ უნდა გადაიხადოს მოქალაქემ გადასახადი? – სახელმწიფოს ჭირდება შემოსავალი ფუნქციების განსახორციელებლად.

საიდან უნდა გადაიხადოს მოქალაქემ გადასახადი? – მიღებული შემოსავლიდან.

რა უჯდება თითოეულ მოქალაქეს ჩვენი სახელმწიფოს შენახვა? – არსებული კანონმდებლობით სულ მცირე ხელფასის მეხუთედი უნდა უჯდებოდეს. ჩვენს რეალობაში კი საქმე სხვაგვარადაა. 3 მილიონ ადამიანს თეთრიც არ უჯდება (თუ კანონი არ დაარღვია და  ჯარიმა არ გადაიხადა, რა თქმა უნდა).

 

რამდენი ადამიანი შრომობს სახელმწიფოს სასარგებლოდ?

სულ 3 729 500 ვართ. სახელმწიფოს სასარგებლოდ მხოლოდ 698 080 ადამიანი შრომობს. არჩენს საკუთარ ოჯახს და საშემოსავლო გადასახადის სახით მისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას, ხელფასის მეხუთედს ბიუჯეტში იხდის. დანარჩენი მოსახლეობა  ან უმუშევარია ან თვითდასაქმებული ან ბავშვი ან სტუდენტი ან პენსიონერი ან დიასახლისი ან კიდევ სხვა რამ.. ამ 3 მილიონ ადამიანს 1 თეთრიც არ უჯდება სახელმწიფოს შენახვა.

 

რამდენი ადამიანი ელის სახელმწიფოსგან ზრუნვას და სარგებელს? – ყველა. უფრო მეტად ის 3 მილიონი ადამიანი, ვინც ანგარიშვალდებული არ არის სახელმწიფოსთან, მაგრამ ზრუნვა სჭირდება.

ამ 3 მილიონ ადამიანს სახელმწიფო “უფასოდ” აძლევს: (საკმარისია თუ არა, ცალკე თემაა; ხარისხიანია თუ არა ცალკე თემაა, უფასო რომ არ არის – ცალკე თემაა):

  1. სკოლამდელ, საშუალო და რიგ შემთხვევაში უმაღლეს განათლებას.
  2. უფინანსებს ჯანდაცვას.
  3. საჭიროების შემთხვევაში უხდის პენსიის მსგავს შემწეობას.
  4. საჭიროების შემთხვევაში დროებით უნიშნავს სოციალურ შემწეობას.
  5. უწესებს შეღავათებს კომუნალურ გადასახადებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ა.შ.

სანაცვლოდ რას იღებს მთავრობა? ღირსეულ ანაზღაურებას, კომფორტს, სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებულ მომავალს.

ანუ ჩვენივე გადახდილი გადასახადებიდან მოგროვილი ფულით პირობითად “მიდის ბაზარში” ჩვენთვის ყიდულობს არც ისე ხარისხიან სერვისებს, თავისთვის ფუფუნებას. ჩვენ გვაჭმევს ხმელ პურს, თვითონ წინ უდგას თაფლის ქილა. მაგრამ ჩვენ მაინც კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ გვარწმუნებენ ეს პროდუქტები უფასოდ მოგვცეს, ნაჩუქარია. ნაჩუქარ ცხენს კი კბილი არ გაესინჯება. 

ხალხის აზრით, კარგია მთავრობა, როცა (თუნდაც უხარისხო) მომსახურებას “უფასოდ” არიგებს და სანაცვლოდ არაფერს სთხოვს. თავის მხრივ, არც მთარობა გადადგამს არაპოპულარულ ნაბიჯს და ვერ მოგთხოვს შენ: ტაქსის მძღოლო, რეპეტიტორო, ხელოსანო, გარემოვაჭრევ, ფერმერო თუ მევენახე გადასახადის გადახდას. მერე ხომ ხმას აღარ მისცემ და ის კარგ ხელფას-პრემია-დანამატს ვეღარ მიიღებს. შენ კიდევ ტაქსის მძღოლო, რეპეტიტორო, ხელოსანო, გარემოვაჭრევ, ფერმერო თუ მევენახე ნუ გგონია რომ კარგი მთავრობაა თუ 10 თეთრიდან 1-1.5 თეთრს არ გთხოვს. მას ისიც ჰყოფნის რაც ბიუჯეტშია მოგროვილი, მე და შენ კი გაუმართავ ქვეყანაში უღირსად ვცხოვრობთ.

მერე მარტივად იტყვიან ბიუჯეტში ფული არ არის და გარემოს ვერ დავიცავთო, ვერც ხელფასს გაგიზრდით პედაგოგებო და ჯარისკაცებოო. თუ თავად დააკლდებათ კერძო ბიზნესს “დაპრესავენ”, ის პროდუქტს გააძვირებს და ირიბად ისევ ჩვენ დაგვაწვება ეს ხარჯი.

ასე რომ, შენი ლოგიკა:

ტაქსის მძღოლი: – დამასაქმა რო ლიცენზიას მთხოვს?!

ბაზრობის გამყიდველი: რად მინდა სალარო აპარატი სიფთა ვარ დღეს.

გარემოვაჭრე: – რას ვყიდი სალარო აპარატისას..

მევენახე: – გადაგვიხადეთ ფული ყურძენში!

მეთხილე: ბაღები დაისეტყვა და გადაგვიხადეთ კომპენსაცია!

ფერმერი: სახელმწიფომ რო არ დამითვალოს მე არ ვიცი რამდენი ძროხა და ქათამი მყავს? 

ხელოსანი: შპალერის გაკვრაში რა გადასახადს მთხოვთ, კი არ მეხალისება!

ოჯახის დამხმარე: სხვას ვემსახურები და კიდევ მე უნდა გადავიხადო გადასახადი?

ასე რომ, ეს ლოგიკა გადახედვას საჭიროებს.

მე სიამოვნებით მივცემდი ხმას პარტიას, რომელიც წინასაარჩევნოდ დაგვპირდება, რომ თავის ენაზე აუხსნის ხალხს გადასახადის გადახდის საჭიროებას, სამოქალაქო განათლების უმარტივეს პრინციპებს, საზოგადოებრივი აზროვნების მნიშვნელობას და ა.შ. 

მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე ჰგონია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები. ააშენოს ქარხანა-საწარმოები, უნდა დაასაქმოს და ხელფასი უხადოს მოსახლეობას. რა გასაკვირია, ყველა პოლიტიკური ძალა ხომ ამ დაპირებით იმარჯვებს არჩევნებში. სინამდვილეში ეს არის ტყუილი. სახელმწიფო სამუშაო ადგილებს ვერ შექნის, არ არის ეს მისი საქმე და იმიტომ. სახელმწიფოს მხოლოდ შუამავალი რგოლის ფუნქცია აქვს ბიზნესსა და მოქალაქეს შორის. მეტიც, მოქალაქეა ვალდებული აჩვენოს შემოსავლები და გადაიხადოს გადასახადები. შემდეგ აკონტროლოს მთავრობა, როგორ და რაში ხარჯავს მის მიერ გადახდილ ფულს.

ჩვენს რეალობაში კი რა ხდება?

უმუშევარი მოქალაქის პოზიცია

თუ სახელმწიფო დასაქმებას ვერ ახერხებს ზრუნვა მაინც უნდა შეძლოს – ყოველ თვე სოციალური შემწეობა მისცეს (ფული აჩუქოს), ჯანმრთელობა, განათლება დაუფინანსოს და ფინანსური შეღავათები გაუწიოს.

რა ხდება თუ ადამიანმა მოახერხა, გარისკა და დიდი  წვალებით რაიმე საქმე წამოიწყო? ანუ გახდა თვითდასაქმებული:

თვითდასაქმებულის პოზიცია

სახელმწიფოს მის ჯიბესთან აღარაფერი ესაქმება. დაასაქმა,რომ ახლა რამეც სთხოვოს. მერე რა რომ ორ კაპიკს შოულობს? უშრომლად ხომ არ მოსდის ეს ფული, ამიტომ სახელმწიფო შენ შენთვის იყავი და თავშიც ქვა გიხლია. თუ გაუჭირდება მერე მოგაკითხავს. შენ ხომ არ დაგისაქმებია და რას თხოვ!!

ოფიციალური სტატისტიკით, შეთავაზებულ სამსახურზე უარი 7 500 -მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ თქვა. (წყარო: ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პორტალ www.worknet.gov.ge ადმინისტრაცია) რატომ?

სოციალურად დაუცველის პოზიცია ) (მოვიაზრებ, იმ 7 500 სოციალურად დაუცველს, ვინც შეთავაზებულ სამსახურზე უარი თქვა)

იმიტომ რომ დაბალ ხელფასზე (300-500 ლარი) მუშაობა არ უღირს. გზის და კვების ფული რომ გამოაკლოს შეიძლება ცოტათი მეტი დარჩეს, ვიდრე სოციალური შემწეობის სახით ისედაც უხდის სახელმწიფო. მერე ტანსაცმელი ჭირდება, ფეხსაცმელიც. თან შრომაც მოუწევს. მერე ან მოეწონება დამსაქმებელს ან არა. რისკია ხედავთ? უშრომლად კი ასე თუ ისე ცხოვრობს. სკოლა უფასო აქვთ მის შვილებს, ექიმი დაჭირდება უფასოა (წამალიო იკითხავთ, ეგ მეც მიკვირს). ხილს და ნუგბარს დიდი ხანია შეელია. „მეორადებში“ კაპიკებში იყიდება სამოსი. აღარც ასაკი აქვს და აღარც თვითგანვითარების ნერვები. შეეჩვია თან სიღარიბეს და ავად თუ კარგად ცხოვრობს. სამსახური რომ დაიწყოს სოციალურ შემწეობას დაკარგავს. არ ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში სარგებელს სახელმწიფოსაც მისცემს და ოჯახსაც.  თავად კი საკუთარი თავის პატრონი გახდება და სხვისი დასაცავი აღარ იქნება.

 ხომ გაინტერესებთ , გვეშველება თუ არა რამე? გვეშველება თუ მუქთა კუბოზე ოცნებას გადავეჩვევით. თუ არარსებულ უფასო ფულზე ზღაპრებს არ დავიჯერებთ, თუ გავიაზრებთ, რომ ბუნებაში უფასო არაფერია და იმას რასაც “უფასოდ” გვასაღებენ, სინამდვილეში საერთო ყულაბიდან ყიდულობენ. სანაცვლოდ კი სხვა სფეროს აკლებენ. ეს გარდუვალია. სახლიდან ფული არავის მოაქვს არც წიგნებისთვის, არც ჯანდაცვისთვის, არც სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის და ა.შ. გვეშველება, თუ ავიღებთ პასუხისმგებლობას და ვაღიარებთ, რომ სახელმწიფოს ძალა განათლებულ, განვითარებულ მოქალაქეებზე დგას და არა რომელიმე მთავრობის მეთაურის დაგეგმილ პოლიტიკაზე. ყველა მოქალაქე, გლეხი იქნება თუ პროფესორი ერთნაირად ვალდებულია გაინაწილოს პასუხისმგებლობა.

სხვანაირად სახელმწიფოები ვერ შენდება. მუქთა კუბოზე მეოცნებეები ამაზე უკეთეს სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.