საზოგადოება · სოციალური

“შენ, რომელიც ახლა იზრდები, შეგიძლია შეცვალო ტრადიციები” – წერილი პატარა გოგონებს

ქართული წესით ოჯახი მარტივი სქემა არ არის. ამიტომ ფრთხილად, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდე! აქ ოჯახის კეთილდღეობისთვის მხოლოდ ცოლ-ქმრული სიყვარული არ კმარა. იმ ბიჭის დედაც უნდა გიყვარდეს, მამაც, დაც, ძმაც, ახლო და შორეული ნათესავებიც. რაც უფრო დიდია ოჯახი, მით უფრო მეტი უფროსი ეყოლება, ამიტომ ბევრი უნდა მოითმინო, ბავშვების გულისთვის ყველაფერი აიტანო, მაგ ლამაზ თავზე წისქვილის ქვაც დაიტრიალო, თვალების დახუჭვაც უნდა იცოდე და სმენის დახშობაც, რომ ვერც ღალატი დაინახო და ვერც ჭორები მოისმინო შენს “წმინდა” ოჯახზე. მერე ნათესავები რომ გესტუმრებიან სახლში და შენი ხელებით გაშლილ სუფრასთან შეჟუჟუნდებიან, სხვა ქართველ ქალებთან ერთად გადღეგრძელებენ, როგორც ყველაზე მომთმენ არსებას დედამიწაზე. შენ ამ დროს ბედნიერად გატრუნული უნდა იჯდე და თავი აქნიო, დანანებით. ასეთია ჩვენი ტრადიცია.

შენ ახლა ძალიან პატარა ხარ და არ იცი, რომ ბოლო 5 წელიწადში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 55 ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს. ჯერ არც ის გესმის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს შემაშფოთებელი რიცხვია. არც ის გესმის, შენი ბაბუების თაობა 37 – მანეთად რომ ღალატობდა ოჯახს, “პასტაიანკა” რომ ყველამ იცის რას ნიშნავს და ამის მიუხედავად ერი უტიფრად ზეიმობს ოჯახის სიწმინდის დღეს..

შენ, რომელიც ახლა იზრდები და ის ბიჭი, რომელიც ახლა იზრდება, შეძლებთ ქართული ოჯახი აქციოთ წმინდად. და მე ამ თაობის წარმომადგენელი გთხოვთ თქვენ, მომავალ თაობას –  არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

ვნების დასაოკებლად ოჯახს ნუ შექმნით. ოჯახისთვის უფრო მყარი საფუძველია საჭირო. დაოჯახდით მაშინ, როცა გექნებათ თქვენი საქმე; როცა ერთმანეთთად თავს გამორჩეულად კარგად იგრძნობთ; როცა ერთმანეთთად დასამალი არაფერი გექნებათ; როცა ერთად “ბაზარში” სიარულიც ჟრუანტელს მოგგვრით; როცა მზად იქნებით, დაღლილებმა და დაქანცულებმა ერთმანეთის მაგივრად მთელი ღამე არწიოთ ბავშვი. როცა გაიაზრებთ, რატომ უნდა იაროთ ერთად სკოლაში მშობელთა კრებაზე; როცა შეძლებთ, ბავშვების გულისთვის დაისვენოთ სუფთა ჰაერზე, მოსაწყენ ადგილებში, თუნდაც ერთმანეთის სოფლებში, თუნდაც ერთმანეთის მშობლებთან. როცა მზად იქნებით გაინაწილოთ საოჯახო საქმე და ეს ტვირთი კი არა ყოველდღიური სიამოვნება იქნება.

მერწმუნე, დედამიწაზე არავინ არის ვალდებული გემსახუროს მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდები. არც ქმარი – ოჯახი არჩინოს, არც დედამთილი – შვილები გაგიზარდოს, არც დედა – ყოველ დაძახებაზე შენთან გაჩნდეს და შენი მოვალეობები გადაიბაროს.

სიტყვიერადაც არ დათანხმდე, თუ ვინმე გეტყვის, რომ შენი საქმე ბავშვების გაზრდა და სახლის მოვლაა, დოვლათი კი ქმარს უნდა შემოჰქონდეს ოჯახში. შენს მაგივრად გაზრდის შენ შვილებს ან შენს მაგივრად იზრუნებს სადილ-ვახშამზე. გახსოვდეს, შენ ამისთვის მძიმე ხარკის გადახდა მოგიწევს და როცა ამას მიხვდები, გვიანი იქნება! ამიტომ, როცა ოჯახს შექმნით, თავიდანვე აიღეთ პასუხისმგებლობა და გადაინაწილეთ ფუნქციები ისე, რომ ერთად ნაშოვნი ფულსაც ქონდეს გემო და ღიმილ-ღიღინით ერთად მომზადებულ ვახშამსაც.

არავის მისცე უფლება ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში, გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა, გააცივოს თქვენი გრძნობები.

მშვიდად შეხვდი როცა გკითხავენ – რატომ არ ცხოვრობ დედამთილთან? რატომ არ დაარქვი შვილს მამამთილის სახელი? რატომ არ რჩები ფეხმძიმედ? როდის აჩენ მეორეს? მესამეს? ბიჭს? გოგოს? და ა.შ. ნუ გაბრაზდები ამ კითხვებს რომ მოისმენ – გაუღიმე და უთხარი, რომ ეს შენი პირადი საქმეა, მათ კი თავიანთ საქმეებს მიხედონ.

თუ გეტყვიან, რომ შენ მათ ოჯახში შეხვედი, არ დაიჯერო! შენ შენს ოჯახს შექმნი და არავის ოჯახის დამატებითი წევრი არ გახდები!
შენ შეგიძლია, შექმნა პატარა ავტონომია დიდ ოჯახში, ცალკე სახლის, ცალკე ოთახის, ცალკე სივრცის სახით. თუ “ოჯახის ინტერესების” სახელით ვინმე შენს პირად ცხოვრებაში ჩარევას მოინდომებს, არ მისცე ამის უფლება!
თუ რომელიმე ჩვეულებაზე მიგითითებენ, რომ ეს მათ ოჯახში არ ხდება, უთხარი რომ ამიერიდან მოხდება! თუ რომელიმე ოჯახური ტრადიცია შენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ნუ მოგერიდება შეპასუხება, რომ შენ ოჯახში ის ტრადიციები დამკვიდრდება, რასაც თქვენ ორნი ჩათვლით საჭიროდ.
ნურც შენ გადაწყვეტ “სტენკის დადგმას” და დალაგებულის ხელმეორედ დალაგებას. ეს წვრილმანია, ნუ მოცდები წვრილმანებზე.

შენ, რომელიც ახლა იზრდები იმაზე ძლიერი ქალი იქნები, ვიდრე იყო დედა, ბებია, იმის დედა და იმის ბებია…

შენ, რომელიც ახლა იზრდები შეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო ტრადიციები!

საზოგადოება · სოციალური

როგორ სქელდებოდა გულზე გარსი

მშიერი ბავშვების სიმღერა; მშობლების გოდება, როგორ ენატრებათ ხორცი და ტკბილეული მთელი წლის განმავლობაში; ფეხებმოკვეთილი ბებო, წამალი რომ არ აქვს და ჩირქი გადმოსდის ჭრილობებიდან; საწოლზე უძრავად მწოლიარე გოგონა კიდურების ნაცვლად ხის ტოტების მსგავსი ღერები რომ აქვს და დედას ეხუტება ჩვენი ვიდეო კამერის განათებით შეშინებული; შეზღუდული შესაძლებლობის ახალგაზრდა ქალი ეტლში, ლამაზი ზღვისფერი თვალებით 22 წელია ფანჯრიდან რომ უყურებს სამყაროს, გარეთ კი იმიტომ ვერ გადის, რომ კორპუსს პანდუსი არ აქვს. ერთარდეთი პატრონი მოხუცი დედა კი ვეღარ ძრავს 34 წლის შვილს. სამშენებლო კომპანიის უპასუხისმგებლობით დაზარალებული ხანშიშესული კაცი საპროტესტო აქციაზე, თვალებში რომ მიყურებს და თითქმის მიყვირის – “კიბო მაქვს, კიბოო!! ჩემ ნაყიდ სახლში შესვლას ვეღარ ვასწრებ”……..
რამდენი კიდევ, ალბათ ასი ან ასი ათასი ასეთი ისტორია, მე რომ თქვენამდე ისე უნდა მოვიტანო, ჩემში არ უნდა შემოაღწიოს.. ყოველი ჩანაწერიდან საუკეთესო მომენტები უნდა შევარჩიო, გავშიფრო, დავამონტაჟო და მერე თქვენც გაგიზიაროთ. ემოცია ისე უნდა მოვიტანო თქვენამდე, ჩემში არ უნდა გაიაროს, არ უნდა შემეხოს, არ მაქვს ამის უფლება.

სინამდვილეში მანგრევს და მანადგურებს ეს ემოცია.

ცოტა მრცხვენია ამას რომ ვწერ – რამდენჯერ მიტირია გულში, რამდენჯერ რეალობაში, რამდენჯერ ღამით, რამდენჯერ მანქანის უკანა სავარძელზე უკან დაბრუნებისას. რამდენჯერ დამირიგებია ჩემივე თავი – დამშვიდდი, ახლა ამის დრო არ არის, სხვა რამეზე იფიქრე!! შენგან თანაგრძნობაზე მეტად სხვა რამე სჭირდებათ-მეთქი!!
ნელ-ნელა ვატყობ გული მეყინება. ცრემლები შრება, რეაქციები მინელდება. საუბარს ტვინი ისმენს, გული აღარ. ვუყურებ მათ გაჭირვებას და თანაგრძნობის ნაცვლად ვფიქრობ ინტერვიუ რა კადრებით გადავფარო, სად მოვჭრა და სად გადავაბა ნათქვამი.
თითქმის ყოველთვის, ასეთ ოჯახში მოხვედრის შემდეგ ცოტა ფულს ვაგროვებთ, საჭმელს, ტკბილეულს, წამლებს ვუტოვებთ. უფრო ჩვენ გულს ვშველით, თორემ, ვიცით ცოტა ხანს ეყოფათ ძღვენი.
საბედნიეროდ, ყველა დროის მთავრობა მყისიერად რეაგირებს ტელევიზირში ნანახ საცოდაობაზე. რეკავენ მსხვილი ბიზნესმენებიც, პატარა კომპანიებიც, სიუჟეტების გმირების ნომრებს ითხოვენ. მოქალაქეებს მოაქვთ საკვები, ტანსაცმელი, გვთხოვენ მივაწოდოთ გაჭირვებულებს. ეს გვაძლებინებს, ალბათ.

გული კი მიქვავდება თანდათან, ჯავშანს იკეთებს და ცდილობს ემოციები არ მიიკაროს. წლებმა მასწავლა, რომ ადამიანებს ჟურნალისტისგან თანაგრძნობაზე მეტი ჭირდებათ და თუ არა გასქელებული გარსი გულზე, ძნელია მათი მოლოდინების გამართლება.

საზოგადოება · სოციალური · ჯანდაცვა

სიბერე ქართულად ანუ სოციალური დახმარების იმედად დარჩენილი მოხუცი მშობლები

სოციალურად დაუცველ ოჯახში მოვხვდი. ბევრი გაჭირვებული მინახავს, მაგრამ შემძრა, რაც იქ დამხვდა. 60 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის ქალი დანგრეულ, შუშებჩამტვრეულ ქოხმახში ღრმად მოხუც მამასთან და 13 წლის შვილობილთან ერთად ყოველდღიურად ებრძვის შიმშილით სიკვიდილს. არ აქვს გათბობა, საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა… არაფერი აქვთ, რაც ოჯახს ჭირდება. მიწაყრილ იატაკზე თაგვის ცურლებში ლეიბის ნაგლეჯი გდია, წარმოუდგენელი ანტისანიტარიაა. დიასახლისი ტირის, რომ პენსია წამლებში წინასწარ აქვს დახარჯული, ახლა სოციალური შემწეობაც მოუხსნეს და ბავშვის დახმარება, თვეში 10 ლარი მათი ერთადერთი შემოსავალი. – რა მიზეზით მოგიხსნეს დახმარე? – ვეკითხები გაოგნებული – მსგავსი უბედურება ჯერ არ მინახავს. რის გამო შეიძლება ამ საცოდავებს დახმარება შეუწყვიტო.. “პლიტა” ჩავრთეო და დენის გადასახადი რომ მომივიდა, იმიტომო. გადავირიე. წავედი ჯანდაცვის სამინისტროში და მოვუყევი ნანახი და მოსმენილი. პირადი ნომერი გაგვიგე ბაზაში გადავამოწმებთო, შეცდომა არ იყოსო -შეფიქრიანდნენ. ოპერატიულად გავარკვიე. გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ იმ საწყალ ქალს 13 წლის შვილობილის გარდა, 2 ზრდასრული შვილი ყავს, ორი გოგო. და იმ დანგრეული ქოხის გარდა, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში 3 ოთახიანი ბინა აქვთ, თავისივე სახელზე რეგისტრირებული. დაჯერება გამიჭირდა. მე თვითონ გადავამოწმე საჯარო რეესტრის საიტზე. წავედი მითითებულ მისამართზე. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მეზობლები გამოვკითხე, დამიდასტურეს რომ ბინა იმ ქალს ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მისი ქალიშვილები ცხოვრობენ.

რა გვჭირს?
ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება? ვიდრე შეეძლო თან რომ გვყვებოდა, ეს მისი მოვალეობა იყო და ახლა მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია?

მეტროთი შვილთან ერთად ვმგზავრობდი. სახედამალულმა მოხუცმა ჩამოირა ტირილით, დამეხმარეთო. მშიაო. ჩურჩული მომესმა გვერდიდან – მგზავრმა მგზავრს გადაულაპარაკა – სახეს რას მალავს მერე, თუ შიაო. იქნებ არც არის მოხუციო..
– ამ ქალს შვილები არ ყავს? – კაბაზე მომქაჩა ბავშვმა.
– არ ვიცი, არ ვიცნობ. თან რა მნიშვნელობა აქვს, ცოტა ფულით დავეხმაროთ. რაკი ითხოვს ე.ი. სჭირდება. – ვუხსნი ჩუმად.
– როგორ არ აქვს მნიშვნელობა, შვილმა ხომ უნდა მიხედოს დედას – არ მეპუება.
– შეიძლება არ ჰყავს შვილი; შეიძლება ჰყავს და იმასაც შია; შეიძლება ჰყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. – შევეცადე ყველა შესაძლო ვარიანტი მეთქვა.
მესამემ ჩააფიქრა.
– მოხუც დედას არ აქცევს ყურადღებას? – გაოცებული მიყურებს. – შვილის უფლება რო ჩამოართვას პოლიციამ, არ შეიძლება?
– კანონი არ ავალდებულებს ადამიანს მოხუც მშობლებზე ზრუნვას. თვითონ უნდა მიხვდეს, დედ-მამა რომ ასეთ დღეში არ ჰყავდეს. მაგრამ, ალბათ, ამ ქალის შვილსაც ძალიან უჭირს და ისევ დედის დახმარება სჭირდება. – გავუმარტივე ფიქრები და იქვე, მეტროში ადამიანების თვალთვალი დავიწყე. მოზარდი გოგო-ბიჭები მხიარულად ახტებოდნენ ესკალატორის საფეხურებს. არც ყურსასმენიანი სტუდენტები გრძნობდნენ თავს ურიგოდ. 30-40 წლის ადამიანები, ცალხელში რომ პატარა ხელი უჭირავთ და მეორეში სმარტფონი ან ტელეფონში იქექებოდნენ ან ფიქრებით დატვირთულნი ელოდნენ ბაქანზე გადასვლას. აი, ორმოცდაათს ზემოთ, ვერაფერი დავინახე სანუგეშო. 

მომეჩვენა, რომ ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად ბეჩავდებიან და ეს არ არის მხოლოდ წლებით გამოწვეული. მომეჩვენა, რომ ჩვენთან ასაკოვანი ადამიანები იშვიათად გამოიყურებიან მხნედ, ამაყად, ბედნიერად.

რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში მოხუცი ქალის შესახებ გავიდა სიუჟეტი. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მარტოხელა ბებო სოციალურ დახმარებას, თვეში 60 ლარს გულსაკლავად ითხოვდა. თანამშრომლებმა ფული შევკრიბეთ, საკვები ვიყიდეთ და ჩვენს შორის ყველაზე ყოჩაღებმა გურჯაანში ჩააკითხეს სიუჟეტის გმირს. მარტოხელა ბებო სამი ვაჟკაცის დედა აღმოჩნდა. სამივე დაოჯახებული, დაწვრილშვილებული, უმუშევარი, მაგრამ მეურნეობის პატრონი. ჩვენდა გასაოცრად, ერთ-ერთი შვილი მანქანით დაგვხვდა და საჩუქრებით დატვირთული ჩანთები დედის სახლამდე მიგვატანინა . შემოესივნენ ბებოს შვილიშვილები, გახსნეს ნობათი.იმედი დავიტოვეთ, რომ ჩვენი ნაყიდი საკვებიდან რაიმე იმ ბებოსაც შეხვდებოდა და დავემშვიდობეთ.

ორ ცეცხლს შუა ვარ. არც ახალგაზრდა სიკვდილი მინდა და არც სიბერე. საერთოდ რატომ ვფიქრობ ამაზე, რა დროს სიბერეა? 2017 წელია და საპენსიო სისტემა ჯერ კიდევ არ გვაქვს. რომ მიიღონ კიდეც მეეჭვება, იმდენის დაგროვება მოვასწრო, ღირსეული ცხოვრების შენარჩუნება რომ შევძლო. რის იმედად ვართ? ვის იმედად ვართ? ასე ჩემსავით, დილიდან დაღამებამდე ხომ ისინიც შრომობდნენ, ახლა ხელებგაწვდილები რომ დგანან შუქნიშნებთან, სხედან მეტროს ამოსასვლელებთან, ტირიან ტელეეკრანების მიღმა.

ვაითუ ისეთივე სიბერე მოვიდეს, როგორიც ჩვენ მოხუცებთან მოვიდა. დაჭმუჭნული, დარდიანი, ერთფეროვანი, თავზე წისქვილის ქვა დატრიალებული, კაპიკ-კაპიკ გაწერილი და მაინც დუხჭირი სიბერე პირადი ცხოვრების გარეშე..

საზოგადოება

ემანსიპირებული ქალების რეალობა

მე მგონია, რომ ჩემი დროის ქალებთან უფრო ადრე მოვა სიბერე. ჩვენ უფრო ადრე გაგვიჩნდება თვალის ირგვლივ ნაოჭები (თუ ფილერებით არ შევივსეთ), ჩვენ უფრო ადრე გავჭაღარავდებით, ჩვენ უფრო ადრე დაგვღლის ცხოვრება.
ჩვენ ემანსიპირებული ქალები ვართ. ჩვენ აჩქარებული ტემპით ვცხოვრობთ, ჩვენ მხოლოდ ქმარ-შვილს არ ვუვლით, ჩვენ ვმუშაობთ. მთელ დღეებს სამსახურებში ვატარებთ, მერე შვილებთან გავრბივართ ბაღში/სკოლაში . ოთახებში ყველაზე ბოლოს დარჩენილი ჩვენი შვილები როდისმე  გამოტყდებიან რომ ოცნებობენ, ადრე მიაკითხო: “დედა, სიზმარში ვნახე რომ ყველა დედაზე ადრე შენ მოხვედი ჩემ ბაღში” – შენც ეტყვი, რომ აუცილებლად აუხდება ეგ სიზმარი.
ჩვენ ერთად მივალთ იმ სახლებში, სადაც არ გველოდებიან დედები და ბებიები. დღის ბოლოს, როცა სხეული დასვენებას გვთხოვს, ჩვენ ვიწყებთ სახლის დალაგებას, ვამზადებთ საჭმელს მეორე დღისთვის, ვამეცადინებთ, ვეთამაშებით, ვუვლით და ვაძინებთ შვილებს.
და მეორე დღეს, ისევ 8-ის ნახევარზე რეკავს მაღვიძარა. ისევ თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ სახლიდან, თან მივაფრიალებთ ნახევრად მძინარე ბავშვებს და ვტოვებთ სკოლის ჭიშკართან, სამსახურში რომ არ დაგვაგვიანდეს. დამსაქმებელს არ აინტერესებს და არც უნდა აინტერესებდეს ჩვენი პირადი პრობლემები – ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე უნდა ვამტკიცოთ რომ ოჯახი და პატარა შვილები ხელს არ გვიშლიან ხარისხიანად შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა.
როცა მთელი დღე დაგეგმილია და გირეკავენ, რომ შენ შვილს სიცხე აქვს – აქ წყდება ნერვების ჯაჭვი. სამსახურის საპირფარეშოში გაკეთებული მაკიაჟი დარდებს ვერ მალავს და გალიაში გამოკეტილი ლომივით გადი-გამოდიხარ ოთახში.
და თუ სამუშაო საათების შემდეგაც არ ილევა საქმე. ურეკავ ყველას, ვისთანაც დაგერეკება და ეხვეწები, მიხედოს დღეს შენ შვილს. იმიტომ რომ შენ კომპანიას ასე სჭირდება. იმიტომ რომ თითით საჩვენებელი არ გახდე – საქმე შუა გზაზე მიატოვაო. და თუ არ სცალიათ, სკოლის ჩანთა აკიდებული ბავშვით ბრუნდები ოფისში. მიუჩენ კუთხეს, მისცემ ქუჩაში ნაყიდ ხაჭაპურს და ყურში უჩურჩულებ, “გთხოვ, ცოტა ხანს ჩუმად იყავი, დე..”
ეს ჩვენი არჩევანია. 

ჩვენ არ გვინდა ის ვჭამოთ, რასაც მოგვიტანენ; ის ჩავიცვათ, რასაც გვაჩუქებენ. იქით წავიდეთ, საითაც მიგვითითებენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი და სურვილები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი წარმატება ჩვენი შვილების, ოჯახების, მეგობრების, საზოგადოების წარმატებაა. 

მერე რა თუ ადრე გაგვიჩნდება ნაოჭები..  მერე რა თუ დავბერდებით ადრე..

საზოგადოება

დე

მას ისევე სჭირდება დილის ძილი, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება სამსახური, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება მეგობრები, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება თანამეცხედრე, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება დასვენება, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება განმარტოება, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება თანადგომა, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება მოფერება, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება თავისუფალი დრო, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება საყვარელი საქმე, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება ლამაზი სამოსი, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება წყლის მიმწოდებელი, როგორც მე.
მას, ალბათ, ისევე უყვარს სახლში დაბრუნებულს ცხელი სადილი, როგორც მე.

ის დედაა.
დედა ადამიანია.
დედა არ არის მსხვერპლი.
საკუთარი გაჩენილის მსხვერპლი.
და თუ გეუბნებათ რომ ეს ყველაფერი არ სჭირდება, სცადეთ და ამ ერთხელ არ დაუჯეროთ.

იქნებ უფრო გვიან დაბერდეს დედა..

საზოგადოება · სოციალური

– არ მოგწონს? წადი!

საყიდლებზე დავბოდიალობდი. ერთ-ერთ მაღაზიაში გოგო შემოვიდა. კართან, გარეთ პატარა ბიჭი დატოვა, 6-7 წლის. მენეჯერს მოკრძალებულად ჰკითხა ვაკანსია ხომ არ გაქვთო. მკვახე უარი არ გაკვირვებია. ზრდილობიანად გაიღიმა, მოიბოდიშა და გავიდა. მეც გავედი.
– აქაც არაო, დე? – ჰკითხა ბავშვმა. არაო! -სუნთქვას ამოაყოლა იმ გოგომ. მუშაობას რო დაიწყებ, ტყლარწს მიყიდი? – გიყიდი დედი, ცოტაც და ვიპოვი რამეს. – მიიხუტა შვილი და აწყობილი ნაბიჯით გაუყვნენ პეკინს.

კი არ შემეცოდა. მომინდა, იმ ბავშვისთვის მეთქვა, რომ ყველაზე მაგარი დედა ყავს მსოფლიოში და აუცილებლად იპოვის კარგ სამსახურს.
კიდევ ერთ ფაქტს შევესწარი იმ დღეს. კონსულტანტის ვაკანსიაზე გოგონა მივიდა მაღაზიაში, გასაუბრებაზე. “10 საათის განმავლობაში დაჯდომის ან კედელზე მიყუდების უფლება მექნება?” – კითხულობს სამსახურის მაძიებელი. მერე მოაყოლა, ძველი სამსახურიდა ამ მიზეზით გამომიშვეს, დაჯდომა დამაბრალეს, არადა არ დავმჯდარვარო.
ჰოდა, შემრცხვა. იქნებ როგორ სტკივათ ხოლმე ფეხები, როცა მე, ცალწარბაწეული, ღიმილს ვითხოვ მათგან. იქნებ ისე აწუხებს ხერხემალი, კედელზე მიყუდება მთელ სიცოცხლეს ურჩევნია. 10 საათი ფეხზე დგომა ადვილი ხომ არ არის. სულ რომ არაფერი გააკეთო, 10 საათი ფეხზე როგორ უნდა იდგე?!
ახალგაზრდა ქალები შემოვიდნენ მაღაზიაში. რამდენიმე წუთი ათვალიერებდნენ პროდუქციას. კონსულტანტი მიუახლოვდათ, მიესალმათ და ზურგს უკან, შორიახლოს დაიწყო მოძრაობა. ცამოწმენდილზე ერთ-ერთი ქალი მიუბრუნდა და დამცინავად ეუბნება: “რა ძაღლივით დაგვდევ, გვაცადე რა თვალიერება!!!” გაოგნდა გოგო, გაწითლდა სიბრაზისგან. მენეჯერს გახედა. გამოსცილდიო. თვალით ანიშნა უფროსმა. ქალებმა სიცილ-კისკისით დატოვეს მაღაზია.
მძიმე სურათი იყო. რა საშინელი პირობებია მომსახურების სფეროში მეთქი გავიფიქრე. მერე იმაზე დავფიქრდი, ასეთ სამსახურზეც რამდენი ოცნებობს – მეთქი. ალბათ, იმ გოგოს კარდაკარ სიარულით შვილთან ერთად რომ ეძებდა შემოსავლის წყაროს, დაგზავნილ CV-ებზე არავინ გამოეხმაურა. ალბათ, როგორ ჭირდებოდა სამსახური. თუნდაც, თვეში 300 ლარიანი სამსახური.
სამსახური რომ არ ჭირდებოდეს, არც ჩემი ერთი მეგობარი მოითმენდა, რასაც ითმენს. ცნობილი ბრენდის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს. საწყობში გასაყიდი ტანსაცმლის დაფასოების დროს კიბე გატყდა და დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. თავი დაარტყა. მხარი გადაიტყავა. შუბლიდან სისხლი სდიოდა. აბა, გამოიცანით მენეჯერის რეაქცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა? არა! სახლში გაუშვა! არა. უჰ, ეგ არაფერიო. მეორე კიბე ამოატანინა. ამით ისარგებლე, დროზე დაასრულე რაც დაიწყე და გამოდი დარბაზშიო. საწარმოო ტრავმა და შრომის კოდექსი რომ უხსენეს, იკივლა. “არ მოგწონს? წადი!”ორ თვეში ხელშეკრულების ვადა გეწურება და აღარ გინდა გაგირძელოთო?!

ეს ამბები “ფრესკოს” თანამშრომლების წერილმა გამახსენა.
ეს ადამიანები, უმდაბლეს ხელფასზე კონსულტანტებად ან მოლარეებად რომ მუშაობენ, 18-30 წლის გოგო-ბიჭები არიან. ხშირად იმაზე განათლებულები, ვიდრე მათ თანამდებობას ჭირდება. ხშირად იმაზე დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ამ სამსახურებში შეუძლიათ გამოავლინონ.
მესმის, რომ ბიზნესს თავისი კანონები აქვს. მესმის, რომ თუ “უპატრონო” ხარ ამ ქვეყანაში რამეს რომ მიაღწიო, სტაჟიორად/უხელფასოდ მუშაობით უნდა დაიწყო, თუ დამსაქმებელს უნდა, საათში ერთხელ გაჯგიმულმა ჰიმნიც უნდა იმღერო და დასაცინი გახდე, მაგრამ … თუ ბიზნესი არ იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის თანამშრომლებზე, თუ არ მისცემს ცოტათი უფრო ადამიანურ შრომის პირობებს, ეს გოგო-ბიჭები ასაკის მატებასთან ერთად ძალიან ახლოს ჩაუვლიან სოციალურად დაუცველთა რიგებს და რისკები, რომ შეურთდნენ ამ რიგებს ძალიან მაღალია. თუ ამ გოგო-ბიჭებმაც ხელი სახელმწიფოსკენ გამოიშვირეს, მერე მათი პრობლემების მოგვარება იქნება უფრო ძნელი. ისინი არიან ბევრნი.
ამაზე უნდა იფიქროს ბიზნესმა და სახელმწიფომ.

საზოგადოება · Uncategorized

ალაგ-ალაგ გამოფხიზლებული ერი

ჩვენ არც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და არც “ყველაზე დამპალი ნაროდი”. ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ, ცოტა გულიანი და ბევრი “ამ ჩემს ფეხებს” მოქალაქით. გულიანები შინაურის მიმართ, თორემ სხვისი დედა? სხვისი მამა? სხვისი შვილი? სხვისი მოხუცი? – მოიცა ერთი რაა…
ალაგ-ალაგ გამოვფხიზლდებით ხოლმე, ვინმე გალეშილმა მძღოლმა ახალგაზრდა გოგო თუ მოგვიკლა; ყურები თუ გაუხვრიტეს ბავშვს პირდაპირ ეთერში, ბებიის დაწიოკების ვიდეო თუ გააზიარა შვილიშვილმა, ზაზა თუ გვყავს გადასაყვანი ALL STAR-ში და ა.შ. ისე გავერთიანდებით დედა ფუტკარსაც შეშურდება. ასეთ მომენტებში მჯერა, დავით აღმაშენებელმა 50 000 მეომრით თურქ-სელჯუკების 300 ათასიანი კოალიციური ლაშქარი რომ დაამარცხა დიდგორში. მაგრამ ..
ფრაგმენტულად გამოვანათებთ და მერე ისევ ვყარვართ. ადამიანის პატივისცემა არ ვიცით; წესებს და კანონებს არად დაგიდევთ; პირადი ინტერესი უზენაესობს.
მთავრობაშიც ჩვენ ვართ – ხან მე, ხან შენ, ხან ჩემი მეგობარი, ხან შენი მეგობარი.
პატრულშიც ჩვენ ვართ,
ექიმებიც ჩვენ ვართ,
მასწავლებლებიც ჩვენ ვართ,
სამღვდელოებაშიც ჩვენ ვართ – რაც ერიო, ის ბერიო.

მიღებული გასამრჯელოს გასამართლებლად ფაფხურის იმიტაციას ვქმნით და დრო გაგვყავს.

“რაც მთავარია”, ერთმანეთის გვესმის. მერე რა თუ ურიგოდ წავიდა, მერე რა თუ ავტომოძრაობაში შეგაფერხა, მერე რა თუ კარგად ვერ გასწავლა, მერე რა თუ არასწორი წამალი გამოგიწერა, მერე რა თუ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. არაუშავს. სულ ასე ხომ არ იქნება? შენ გაჩუმდი, თავისით” გამოსწორდება! მთავარია ხელი არ გავანძრიოთ, ხმა არ ამოვიღოთ. რა მოხდა მერე ცოტა თავზე თუ გადაგვივლის, ისეთებს შევგუებულვართ, ამასაც გავუძლებთ.

აბა, სულ ასე ხომ არ იქნება..

არადა, იქნება.