საზოგადოება · სოციალური · CSR - ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა

CSR-ის ეპოქაში მშიერი ადამიანები პირამიდებს აღარ აშენებენ

 

  “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

 იმას კი არ გულისხმობს, თუ როგორ ხარჯავს კომპანია მოგებას,

 არამედ იმას, თუ რა გზებით იღებს ამ მოგებას”.

მათიას სტაუსბერგი

 

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მეტად პოპულარული კერძო კომპანიის ოფისის ეზოში ხუთიოდე წლის ბავშვი მოთქმით ტიროდა. დედას ითხოვდა. ვიფიქრე, დაიკარგა-მეთქი. მისკენ გავემართე. გზა დაცვის თანამშრომელმა ჩამიჭრა. თან დამამშვიდა- ნუ დარდობთ, დედა აქ მუშაობს. მალე მორჩება საქმეს და ჩამოვაო. შემდეგ ბავშვთან მივიდა, ისიც დაამშვიდა. ჩემს თვალწინ დაურეკა კიდეც პატარას დედას.

მოგვინებით გავიგე, რომ ამ კომპანიაში საქმე რთულად ყოფილა – თურმე, იმ ოფისში ბავშვებს არ უშვებენ. ანუ თანამშრომლებს სამსახურში შვილის მიყვანა კატეგორიულად ეკრძალებათ. და როცა დედას ან მამას სამუშაო საათების შემდეგაც საქმე აქვს, გამოუვალი მდგომარეობის გამო ბავშვები ოფისში მიჰყავთ და ეზოში ტოვებენ. ეზოში, რომელსაც ავტომანქანების სავალ ნაწილამდე ღია კარიანი ღობე და ერთმეტრიანი ტროტუარი აშორებს.

ვიდრე პირველი შოკიდან გამოვიდოდი, შევიტყვე, რომ ეს კომპანია რამდენიმე პროფესიონალმა დატოვა. მათ შორის ისეთებმა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 3 ათას ლარს აღემატებოდა. მიზეზი ის იყო, რომ დამსაქმებელი მათგან საქმეში დღე-ღამის გაერთიანებას და უპირობო ერთგულებას მოითხოვდა. ნებისმიერ შეწინააღმდეგებაზე კი თანამშრომლებს არჩევანის წინაშე აყენებდა – ან საქმე ან ოჯახი!

ეს, ალბათ, საუკეთესო ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად ვერ აცნობიერებს ზოგიერთი კომპანია კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ მომხმარებლების, გარემოს ან გარეშე დაინტერესებული პირების, არამედ თანამშრომლებიც მიმართ.

როცა ცხოვრებისა და სამუშაოს წონასწორობა ოჯახურ მოვალეობებთან თავსებადი არ არის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალებიც ტოვებენ ასეთ კომპანიებს. მით უფრო, თანამედროვე სამყაროში, როცა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ოჯახთან თავსებადი სამუშაო გარემოს შეთავაზებით ცდილობენ.  family friendly პოლიტიკა მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სახლიდან მუშაობას ან სამსახურში ოჯახური გარემოს შექმნას გულისხმობს. მათ შორის, არაერთ კომპანიას თანამშრომელთა შვილებისთვის საბავშვო ბაგა-ბაღები და გასართობ-განმავითარებელი ოთახებიც აქვს მოწყობილი. თუ საქართველოში მოქმედი ისეთი კომპანიის შესახებ გსმენიათ, აუცილებლად მითხარით. მე კი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე ის ვერ ვიპოვე.

CSR-512.png

მეტიც, არაერთი ფაქტი ვიცი, როგორ ეუბნებიან დასაქმებაზე უარს ახალგაზრდა გოგონებს, იმის გამო რომ პატარა შვილი ჰყავთ. და თუ სამსახურში  მიიღეს, არავითარი შეღავათი მათ. მაგალითად, 28 წლის ლიკამ არაერთხელ სთხოვა მენეჯერს, რომ ერთ საათიანი შესვენების გარეშე იმუშავებდა, ოღონდ 30 წუთით ადრე გაეშვათ სამსახურიდან, შვილი რომ გამოეყვანა საბავშვო ბაღიდან. მაგრამ ამაოდ. მენეჯერის პასუხი ამ დრომდე ასეთია: – „თუ სამსახური არ მოგწონს, წადი!“. ლიკას ფული ძალიან სჭირდება, ამიტომ სამსახურიდან ვერ წავა. არადა, მისი 4 წლის ნუციკო სიზმარში ხედავს და ოცნებობს, რომ დღის ბოლოს,  საბავშო ბაღის ჯგუფში, ერთხელ მაინც არ დარჩეს მარტო, ბოლო ბავშვად;  ერთხელ მაინც ყველაზე ადრე მიაკითხოს დედამ, რომლის გზასაც ბაღის ფანჯრებიდან პატარა სკამზე შემდგარი გაჰყურებს ყოველ საღამოს.

როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, შენ კი უკვე შემდგარი ბრენდი ხარ, უმცირესი დანახარჯებითად შეგიძლია პოზიტიური გავლენა იქონიო საზოგადოების გარკვეული ჯგუფის – მომხმარებლების, პარტნიორების, თუნდაც თანამშრომლების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. და თუ ამას არ აკეთებ, შენ ვერც კარგ კადრს შეინარჩუნებ და ვერც მომხმარებელს, რადგან კლიენტთან ურთიერთობა დაბალი რგოლის თანამშრომლებს აქვთ. მათი განწყობა კი დიდწილად მუშაობის ხარისხზე აისახება.  მით უფრო, თუ ამ ადამიანებს არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა, დაათრევენ სარეალიზაციო პროდუქტით სავსე  უმძიმეს ჩანთებს, იძულებულნი არიან შეისყიდონ დახლზე დარჩენილი ვადაგასული პროდუქცია, აიტანონ სამსახურის გასახდელ ოთახში დამონტაჟებული ვიდეო კამერები და ა.შ.

მართალია, ბიზნესის მიზანი მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგების მიღებაა, მაგრამ, როცა კომპანიის მმართველი რგოლი აცნობირებს, რა სასიკეთო წვლილი შეუძლია შეიტანოს გარემოს და საზოგადოების ცხოვრებაში, მთავარი მიზნის მიღმა განსაზღვრული აქვს პრიორიტეტი და გამოხატავს კეთილ ნებას, შეცვალოს სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ, ასეთ კომპანიას განვითარების გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, რადგან საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მომხმარებელი ენდობა, ხოლო თანამშრომლებს ეამაყებათ მაღალი კოპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაში მუშაობა და ხშირად უარს ამბობენ სამსახურში მეგობრული გარემოს დათმობაზე, თუნდაც  უფრო მაღალი ხელფასის სანაცვლოდ.

ჩვენს დროში გრძელვადიან და მდგრად წარმატებას მხოლოდ მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები აღწევენ, რადგან დღეს 21-ე საუკუნეა. CSR-ის ეპოქაში მშიერი ადამიანები პირამიდებს აღარ აშენებენ.

 

 

განათლება · საზოგადოება

ბავშვები ჩვენთან ურთიერთობაზე ოცნებობენ, ჩვენ ანიმატორებს ვქირაობთ

ექსკურსიაზე ვიყავით  კახეთში. გრძელი და უსაფრთხო გზა ავირჩიეთ. მაგრამ მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ შეეძლო მძღოლს ასეთ ხმაურში მანქანის მართვა. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, წარმოდგენაც არ მინდა. ვიცი, მეტყვით, სულ ეგრე იყოო, მაგრამ ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი და ახლა ცხადად ვხედავ, რომ ძალიან მაღალია ასეთ დროს ავარიის რისკი. ჩვენ კი, რატომღაც დარწმუნებულები, რომ ყველა მძღოლი ჯანსაღი და მდგრადი ფსიქიკისაა, ჩვენდაუნებურად ვუშვებთ უბედური შემთხვევების ალბათობას.  რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლმა გამომიცხადა, კლინიკური სიკვდილი მაქვს გადატანილი და საფრთხის მოახლოებას ისე ვგრძნობ, თვალდახუჭულსაც შემიძლია მართვაო. შეეცადა კიდეც, სანამ მშვიდად არ დავარწმუნე, რომ მჯეროდა მისი და ნიჭის დემოსტრირება არ ღირდა. მეორემ, დამტვრეული ქართულით გამომიცხადა, თურქეთის მოქალაქე ვარ, იქ კაცი მოვკალი და საქართველოს შევაფარე თავიო. გაჩერება რომ მოვითხოვე, დიდხანს უარზე იყო. მერე გამოტყდა, რომ ქართველი იყო, ეს ისტორია მოიგონა და მგზავრების რეაქციებზე ერთობოდა.

 

34846343_801957119992883_1699558588122398720_o.jpg

აი, რა ვიცი, რომ ეგეთი მძღოლი არ შეხვდება ექსკურსიაზე მიმავალ კლასს? ან რა ვიცი, რომ მანქანას, რომელსაც მართავს მუხრუჭები უჭერს? ….   რა ვიცი …  რა ვიცი …. რამდენიც გინდათ, იმდენი რა ვიცი….

არადა სკოლებს შეუძლიათ მართონ რისკები. კერძოდ, ჰყავდეთ კონტრაქტორი მძღოლები, რომლებიც გამართული მანქანებით მოემსახურებიან კლასებს. მნიშვნელოვანია, ორგანიზატორმა კლასის დამრიგებელს და დანარჩენ მშობლებს წინასწარ დაუგზავნოს: ავტომანქანის სერია – ნომერი, ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის მართვის მოწმობა, მანქანის ტექნიკური პასპორტი, რომლითად მშობლებს საშუალება მიეცემათ დაადგინონ, რამდენი ჯარიმა აქვს მათი შვილების პოტენციურ მძღოლს. ასევე, კარგი იქნება თუ შედგება იმ ისტორიული ძეგლების თუ ადგილების სია, სადაც მისასვლელი გზა გაფუჭებულია. სკოლებს შეუძლიათ თავად შეადგინონ ასეთი ნუსხა. ასევე, როცა არსებობს არჩევანის საშუალება, არც განიხილონ მოკლე გზა.

ეს ყველაფერი უბედური შემთხვევების რისკებს  შეამცირებს.  მშობლები და სკოლა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვანთა გაყვანას სკოლის შენობიდან.

და კიდევ, ბოლო წლებში დაწყებით კლასებში გავრცელებული პრაქტიკა, ანიმატორების წაყვანა ბავშვების გასართობად სრულიად არღვევს ექსკურსიის არსს და დანიშნულებას. ექსკურსია ის აქტივობაა, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთად, საინტერესოდ, შედეგიანად უნდა ატარებდნენ დღეს. განსხვავებულ გარემოში ეცნობოდნენ ერთმანეთს, ამყარებდნენ ახალ კავშირებს, ერთად თამაშობდნენ წინასწარ დაგეგმილ თამაშებს  და ა.შ. რათა ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მეტი საერთო ჰქონდეთ ერთმანეთთან, ვიდრე იქამდე ჰქონდათ.

თუ ამ დღეს ვჩუქნით შვილებს, ვიყოთ ბოლომდე მათ გვერდით, შუამავლების გარეშე. ისე, როგორც ამას ბავშვები წარმოიდგენენ ოცნებებში. ბავშვები არ ოცნებობენ შეჟუჟუნებულ დედებზე, რომლებიც ერთმანეთთად ვახტანგურებს სვამენ ან მამებზე, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, სკოლასთან დაბრუნებულს მანქანით დახვდება.

ბავშვები ჩვენთან ურთიერთობაზე ოცნებობენ.

 

 

განათლება · საზოგადოება · სოციალური

მშობლებო, ხელის გულზე გიდევთ პრობლემები! თქვით. ილაპარაკეთ..

მშობლებო, ამოიღეთ ხმა!

კონსტრუქციულად გამოთქვით თქვენი აზრი, თორემ ამდენი დუმილით სკოლაში უინტერესოები ვგონივართ.

 

ხმამაღლა და გასაგებად თქვით, რასაც ერთად შეკრებილები მოსთქვამთ, რაზეც გაუჩერებლად საუბრობთ ყველგან, სკოლის კედლების გარდა.

 

ამოიღეთ ხმა, თორემ, იცით რას ამბობენ სკოლებში ჩვენზე? თავიანთი შვილებისთვის არ სცალიათო, დრო არ აქვთ, რა უნდა ელაპარაკოო. წელიწადი ისე გადის, შვილის ამბავს არ იკითხავენო.

 

რისი გეშინიათ? იმაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რაც ისედაც ხდება?

 

გგონიათ შვილს დაგიჩაგრავენ და იმიტომ დუმხართ?

ასწავლეთ შვილებს, რომ არ ღირს გაჩუმება იქ, სადაც სათქმელია.

ასწავლეთ, რომ გაჩუმება გამოსავალი არ არის.

ასწავლეთ, რომ სიმართლეს თავისი ძალა აქვს და აუცილებლად შეჭამს სამართალი პურს.

ასწავლეთ რომ ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე და სკოლაში მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციები კი არ ისწავლება, წინააღმდეგობების გადალახვაც აქ უნდა ისწავლოს.

ასწავლეთ, რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია და საზოგადოება მხოლოდ მაშინ ვითარდება, როცა ყველა მხრიდან აფასებს და წონის ამა თუ საკითხს.

 

ნუ შეაჩვევთ უსამართლობას, ჩაგვრას, ხმის ვერ ამოღებას.

 

დასცინიან  – არ ერევით!

სხვას დასცინის – არ ერევით!

სკოლის ბინძურ ტუალეტში შედის – თვალს ხუჭავთ!

სახლამდე თავს იკავებს – ეგეც არაუშავს!

ხელს ვერ იბანს? – რა უჭირს მერე.

თვალსაჩინოება არ აქვთ? – უიმე!

სახელმძღვანელო არ ვარგა? – რა გასაკვირია!

მასწავლებელი ვერ უხსნის? – რა არის ახალი ამაში!

კლასში ბევრი ბავშვია? – რა ქნან, სად წაიყვანონ!

ეგ რა არის, რეგიონებში უარესები ხდება?! მეც ამას ვამბობ, რომ უნდა ავლაპარაკდეთ.

 

ნუ ავიღებთ საზომად უარესს. უარესი ყოველთვის იარსებებს, უკეთესს შევედაროთ. უკეთესზე ავიღოთ სწორება. უკეთესი გვინდოდეს და უკეთესი მოვითხოვოთ მისგან, ვისაც ეს ევალება.

 

რამ შეგაშინათ?

ვის უწევთ ანგარიშს?

ვინ გყავთ უფრო ძვირფასი, ვიდრე თქვენი შვილია?

 

უთხარით მასწავლებელს, რომ პრობლემა გაქვთ, მაგრამ არ გამოსწორდა? მიმართეთ დირექტორს, მაგრამ ვერ მოაგვარა დიალოგით? დაწერეთ განცხადება და მოსთხოვეთ დირექტორს ეს განცხადება განათლების სამინისტროს დოკუმენტგაცვლის სისტემა e-flow -ში ატვირთოს და დაელოდებით პასუხს განათლების სამინსიტროსგან.  ნუ გგონიათ, რომ ამით სკოლის დირექტორს ან მასწავლებელს უჩივით, დამრიგებლის წინ მიდიხართ და ა.შ. ეს არ არის მთავარი. მთავარი ბავშვის ინტერესია. მთავარი იმ გარემოს სიჯანსაღეა, სადაც ბავშვი იზრდება. ნუ გვავიწყდება, რომ სკოლა ბავშვებისთვის არის და არა მასწავლებლებისთვის და არა დირექტორებისთვის, არამედ ბავშვებისთვის.  

 

სკოლა ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს, მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა იქ დასაქმებულების ნება-სურვილებსა და შესაძლებლობებს.

 

რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ნაცნობი პედაგოგი ან სხვა მშობელი, რა მნიშვნელობა აქვს წარბაწეული შეგხვდება დირექტორი თუ ღიმილით? შენ რაც არ მოგწონს, უნდა თქვა, უნდა დაწერო, უნდა ილაპარაკო, იმისთვის რომ მოგვარდეს, იმისთვის რომ წინ წავიდეთ, იმისთვის რომ სისტემას, რომელიც გავალდებულებს სკოლაში ატარო შვილი, გააგონო შენი ხმა, შენი სურვილი, შენი აზრი, შენი დაკვეთა.

 

შენ არ ხარ სტუმარი სკოლაში, შენ თანაბარუფლებიანი პარტნიორი ხარ და გააქტიურდი.

გაუზიარე შენი აზრი კარგზეც და ცუდზეც. უთხარი რა მოგწონს და რა არ მოგწონს. წაახალისე პოზიტივი და ყველას გასაგონად განიხილე ნეგატივი.

 

როგორი იქნება სკოლა ხვალ, შენს ხელშია. შენ უნდა მისცე დაკვეთა სახელმწიფოს, როგორი სკოლა გინდა შენი შვილისთვის. თუ შენ ჩუმად იქნები, არაფერი მოგვარდება. სისტემის ყველა რგოლის თანამშრომელი აიღებს ხელფასს, სხვადასხვა დროს, ბევრს ან ცოტას, შენ კი ის რაც უფასო გგონია, ძალიან ძვირი დაგიჯდება.  

 

შეხედეთ სერიოზულად სასკოლო ცხოვრებას!

აგიჩქარდეთ გული პატარების დიდ ამბებზე!

აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა!

სიჩუმე დანაშაულია!

ზურგს უკან ლაპარაკი, კიდევ უფრო დიდი დანაშაული!

 

მშობლებო, ხელის გულზე გიდევთ პრობლემები.

თქვით.

ილაპარაკეთ..

 

#მშობლებიგანათლებისთვის

თბილისი · საზოგადოება

ელიავას ბაზრობა, როგორც გამოუსწორებელი შეცდომების მაგალითი

eliava.jpg

ეს თბილისია.

თბილისის ცენტრი.

მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორია.

ე.წ ელიავას ბაზრობის საკადასტრო რუკის ნაწილი.

თუ ამ ფოტოს ჩამოწერთ და გაადიდებთ, ასობით საკადასტრო კოდს ნახავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიას ერთი, ორი ან სამი მეპატრონე კი არ ჰყავს, არამედ 100 და კიდევ უფრო მეტი.. და როგორ ფიქრობთ, ამას მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვა არ დასჭირვებია? თბილისის მერიის ნებართვით და სრულიად ლეგალურად, კანონიერი გზით თბილისის ცენტრში 12 ჰექტარზე მეტი მიწა ნაკუწებად არის გაყიდული.

დედამიწაზე ვერავინ აიძულებს კეთილსინდისიერ შემძენს  თავის საკუთრებაში საბურავი, ქვიშა, ხრეში ან ცემენტი არ გაყიდოს. მათი ძალა ერთობაშია. მივა ბიძა კაცი “შპაკლზე”, წამოიყოლებს ცემენტს, ცოტა ქვიშას, თაბაშირ-მუყოს. მერე ცოლთან ერთად ონკანის და ნიჟარის საყიდლადაც იქ მივა. მისი ბიჭი, “BMW”-ს რომ ალეწავს, ძმაკაცებთან ერთად გაივლის დაშლილებში. მოგვწონს თუ არა, ჩვენი კულტურის ნაწილია ელიავაზე სავაჭროდ სიარული.

ერთ დღესაც გაიღვიძა თბილისის მერიის ყოფილმა შემადგენლობამ და თქვა: თბილისს გენ.გეგმა სჭირდებაო. ვინ იქნებოდა წინააღმდეგი? ნამდვილად სჭირდება. შეიკრა 70 კაციანი ჯგუფი, ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული და დაიწყო ქალაქის კონცეფციაზე მუშაობა. დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ დასრულდა. ვერ დასრულდა იმიტომ, რომ თუ ქალაქის იერსახის გამოსასწორებლად დაუკვეთეს ეს გეგმა, მაშინ დოკუმენტით განსაზღვრული ზონებიც უნდა დაიცვან. დოკუმენტში კი წერია, რომ მაგალითად ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეში-ღორღის ნაცვლად კარგი იქნებოდა მწვანე ზონა იყოს, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკი იქნებოდა. დაახლოებით, აი, ასეთი.24130480_717885625066700_4450616509438779689_o.jpg

როგორც კი ელიავაზე მწვანე ზონის მოწყობის გეგმა დაიდო, დაინტერესებული მხარე ალაპარაკდა, რომ ელიავაზე ნიადაგი არ ვარგა და სკვერი ვერ მოეწყობა. თუმცა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მწვანე ზონები უდაბნოში ან სახლის სახურავზე გააშენო, ან სულაც ყრუ კედელზე მოაწყო ვერტიკალური ბაღი.

პრობლემა სწორედ იმ ასობით მესაკუთრეშია, ვისაც პირველ ფოტოში ხედავთ. გენ.გეგმის მიხედვით, სამშენებლო და ავტონაწილების ბაზრობა ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს. საწარმოო, აუთვისებელ ტერიტორიებზე, რომელიც სამგორსა და ავჭალაში მრავლად გვაქვს. მაგრამ მეწარმეებს ეს გეგმა არ მოსწონთ, მოტივი მარტივია – ავჭალაში ვინ ივლისო, ამბობენ.

თუმცა სულ ცოტა უკან რომ გავიხედოთ, გავიხსენებთ რომ დიღმიდან მანქანების ბაზრობის რუსთავში გადატანის დროსაც ეს ფრაზები ისმოდა. დღეისათვის კი მანქანის ყიდვის და გაყიდვის მსურველი შაბათ-კვირას რუსთავში ატარებენ, ანუ ბიზნესი ამ გადაწყვეტილებით არ მომკვდარა, მხოლოდ მდებარეობა შეიცვალა.

რა გადაწყევტილებას მიიღებს თბილისის მერია, გენ.გეგმის შესახებ 28 ნოემბერს გახდება ცნობილი. (მერიას დოკუმენტი 15 დღის წინ ჩაბარდა, კანონით განსაზღვრული ვადა ხვალ, 28 ნოემბერს იწურება)

“ელიავას ბაზრობა”, როგორც ამ დოკუმენტის ყველაზე ცხელი წერტილი, კარგი მაგალითია იმისა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ხვალ შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქალაქს.

თბილისის მერის კაბინეტის ვიტრაჟი პირდაპირ გადაჰყურებს ქალაქის ცენტრში მოწყობილ სამშენებლო ბაზრობას. მესამე მერი გვყავს, რომელიც სამუშაო ოთახიდან გაჰყურებს ნაკუწებად გაყიდულ თბილისს. გადაწყვეტილება იმდენად რთული მისაღებია, რომ ელიავას თემას ყველა აჩერებს.

თბილისის ჩასმა კი დედაქალაქისთვის შესაფერის ჩარჩოში ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება.

საზოგადოება

ექნება თუ არა დედაქალაქს გენ.გეგმა – თბილისი განაჩენის მოლოდინში

თბილისის ყოფილი თავებისგან მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების მცდელობებიც გვახსოვს  და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ბევრი გვინახავს ვიდეო კამერების წინ ცხვირზე ხელაფარებული. თბილისის ახალ მერს გაცილებით მსხვილი მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, ვიდრე ნაგვის თავახდილ ურნაში ჭვრეტაა.

მერიის ახალ შემადგენლობას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია ერთი კვირის წინ ჩაბარდა. დოკუმენტი, რომელსაც ნარმანიას მთავრობა 4 წელი ფარად იშველიებდა, როცა საქმე არასასურველ თუ უკანონო მშენებლობაზე მიდგებოდა. “აი, სადაც არის გენ.გეგმა გვექნება და მერე მოვუღებთ ბოლოს ამ ჯოჯოხეთსო”– ეს იყო მერიის პასუხი ყველა კითხვაზე, რასაც ჟურნალისტები უსვამდნენ ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით და ყველა პრეტენზიაზე, რასაც მშებენლობის ბუმით შეწუხებული მოსახლეობა უყენებდათ.

თუმცა 4 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მერიას თბილისის განაშენიანების ძირითადი დოკუმენტი მიეღო და დაემტკიცებინა. ამასობაში ქალაქში მილიონობით კვ.მ. ფართის მშენებლობის უფლება  გაიცა, რაც ისედაც ჩაბეტონებულ ქალაქს მომავალ წლებში კიდევ უფრო უჟანგბადოს და გაუვალს გახდის.

მოკლედ, როგორც იქნა გენ.გეგმის 2 000 გვერდიანი და 50 რუკიანი დოკუმენტი მერიამ ჩაიბარა. ახლა ჯერი მთავრობაზეა – ან დაამტკიცებენ გენ.გეგმას ან იტყვიან რომ არ ვარგა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გეგმა მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა და საბოლოო ვარიანტის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა გავლილი ფაზა უკვე ჩაბარებული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გენ.გეგმა არ ვარგოდა, ამას ახლა არ უნდა ვიგებდეთ. 

ახალი გარემოება: 

უკვე იმ დროს, როცა თბილისს დამტკიცებული გენ. გეგმა უნდა ჰქონოდა, სრულიად მოულოდნელად მერიამ გადაწყვიტა, შუა აზიის განვითარების ბანკისთვის დაეკვეთა ამ დოკუმენტის შეფასება. შერჩეულ ფრანგ ექსპერტს დოკუმენტაციის ნაწილი ინგლისურად უთარგმნეს, 2 კვირით ჩამოიყვანეს, ექსპერტმა უარყოფითი დასკვნა დადო. არ ვარგა თქვენი გენ.გეგმაო, ბევრი ხარვეზი აქვსო და ა.შ.

მე, როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს  3 კითხვა მაქვს: 

1. რატომ გაიწელა გენ.გეგმის დამტკიცების პროცესი? (ქალაქს გენგეგმა ჯერ კიდევ მაისში უნდა ჰქონოდა)

2. თუ ეს გენ.გეგმა არ ვარგა, მაშინ რატომ იბარებდა ეტაპობრივად მერია გაწეულ სამუშაოებს? 

3. რატომ დასჭირდა მერიას თავისივე დაწყებული სამუშაოების შეფასება უკვე იმ დროს, როცა გენ.გეგმა მიღებული უნდა ჰქონოდა?

შემთხვევით, მერია გამოსავალს ხომ არ ეძებს, როგორ თქვას უარი თბილისის გენერალური განაშენიანების დოკუმენტზე, რომლის სისრულეში მოყვანასაც არანაკლები შრომა, ცოდნა, კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე მის შექმნას. არადა, თუ გეგმას დაამტკიცებს, მისი განხორციელებაც მოუწევს. შეძლებს კი იმ ამოცანების დაძლევას, რაც გენ.გეგმის დოკუმენტით არის განსაზღვრული? უფრო ადვილი არ არის ქალაქის მართვა სახელმძღვანელოს გარეშე? აი, როგორც დღეს არის, ერთ ქუჩაზე ველობილიკი რომ გაგვიკეთეს და იქამდე ტრანსპორტით უნდა მიიტანო ველოსიპედი.. 

ერთი რამ ფაქტია, თბილისის დასაკუთრება 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება. რაც დრო გავა, მით უფრო შეუძლებელი გახდება კვ.მ-ობით გაყიდული თბილისის ქალაქისთვის დამსგავსება. როგორც, “ელიავას ბაზრობის” შემთხვევაშია – საბურავი, “დაშლილები”, ქვიშა, ხრეში, ქვა, ღორღი შუა ქალაქში, საცხოვრებელ ზონაში ყრია, მაგრამ მიწა კერძო საკუთრებაა და არავის დედამიწაზე, უფლება არ აქვს ხელყოს კერძო საკუთრება.

სულ ცოტა ხანიც და თბილისის გენ.გეგმის დოკუმენტის შექმნა აზრს დაკარაგავს. თუ მერიას მიწის ნაგლეჯიც აღარ ექნება საკუთრებაში, იქ ვერც ზონას დაადგენს, ვერც ხმაურის კოეფიციენტს და ვერც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი “ცეხების” ყოფნა-არყოფნას განსაზღვრავს.

P.S. მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, არც არსად  წასვლას ვაპირებ. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისის ბედი. მე არ მინდა, წლები მალოდინონ და მერე მითხრან:  უი, ის, რასაც შენ ელოდებოდი, მე რომ შეგპირდი, თურმე არ ვარგოდაო. მითუმეტეს, თუ ჩემი და სხვა მოქალაქეების ჯიბიდან ამისთვის გაცილებით მეტი ფული ამოიღეს, ვიდრე ის 2 800 000 ლარი, გენ.გეგმის ღირებულებისთვის რომ გაწერეს.

განათლება · საზოგადოება

სკოლა – ჩემი ფეისბუქფრენდების კედლებზე

ნაწილი 1 – სწავლის დაწყება – 15 სექტემბერი
15 სექტემბერს სწავლა რომ დაიწყო და მოსწავლეების მშობლებმა სოციალურ ქსელში გამოვფინეთ თეთრპერანგიანი გაპრანჭული შვილების ფოტოები, რამდენიმე “ფრენდის” გვერდზე საინტერესო დისკუსიას წავაწყდი. ფბ. საზოგადოების ერთი ნაწილი ამუნათებდა მეორე ნაწილის მხრიდან სკოლის დაწყებით გამოწვეულ სიხარულს. მეტიც, წერდნენ რომ სწავლის პროცესი ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია, სკოლა – ყველაზე საზიზღარი ორგანიზაცია, მოსწავლეები კი საცოდავი წიწილები, რომლებიც მშობლების ტელეფონში ფოტოკამერის ჩაჩხაკუნების შემდეგ, საბრალო მობუზულ არსებებად იქცევიან, აღტკინებულ-აჟიტირებული მშობლები კი სინამდვილეს თვალს არ უსწორებენ.
პირველი რაც ამ დისკუსიის წაკითხვის შემდეგ გავიფიქრე, იყო – სად არის ეს ხალხი მაშინ, როცა სკოლაში ბავშვების უფლებები ირღვევა? რატომ ტოვებენ შვილებს ისეთ ადგილას, სადაც ბავშვები თავს ცუდად გრძნობენ? თუ მათ, ჩემგან განსხვავებით, ჰგონიათ, რომ სკოლა ერთი დიდი სატანჯველია და ძირითადად უარყოფითი ემოცია აკავშირებთ, მაშინ რატომ არ იბრძვიან შეცვალონ სისტემა უკეთესობისკენ.

ნაწილი 2 – რა მოხდა შემდეგ – 1 ოქტომბერი
სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში ფეისბუქზე ახალი თემა გაიხსნა – “ღმერთო დამეხმარე გავაკეთებინო ბავშვს დავალებები და დავრჩე მოსიყვარულე დედად, კულტურულ ქალად და ადექვატურ მეზობლად”.
აქ კი გაერთიანდა ფეისბუქსაზოგადოება. ისინი, ვინც სწავლის დასაწყისში განსხვავებულ აზრზე იყო, საერთო სატკივარი აღმოაჩნდათ.
“რატომ არ იწერება სტატიები, როგორ არ უნდა მოიქცეს მასწავლებელი მშობლებთან პირველი შეხვედრის დროს, გავუზიარებდი მაინც. რატომ ღმერთო, რატომ..”
გამოჩნდა იგივე პირველკლასელების თვალცრემლიანი ფოტოები გადაშლილ წიგნებთან და რვეულებთან, წარწერით – “იტანჯება”.
თეკოს წერა განსაკუთრებით უჭირს. სწორ ხაზებსაც ვერ ავლებს, მის დედას კი ნერვები არ ჰყოფნის. თავზე ადგას და დაჰკივის. დაბნეული თეკო თვლის, რომ მას არაფერი შეუძლია, მეცადინეობა კი ყველაზე ცუდი პროცესია დედამიწაზე.
იმედგაცრუებულია პირველკლასელის დედა თამუნა, რომელმაც მასწავლებელს თანამშრომლობა შესთავაზა და რჩევები ჰკითხა, როგორ დახმარებოდა შვილს საშინაო დავალების მომზადებაში. სანაცვლოდ, ზედმეტი და “უსარგებლო” აქტივობისთვის შენიშვნები მიიღო და მშობელთა კრებაზე კრიტიკის სუბიექტი გახდა.
6 წლის ნინუცა, მთელი წელი რომ ემზადებოდა სკოლისთვის, თან რეალისტური წარმოდგენა ჰქონდა სასწავლო გარემოზე, ტირის და უარს აცხადებს სკოლაში სიარულზე. მიზეზი მარტივია, მასწავლებელი ყვირის. ნინუცას თქმით, მასწავლებელმა ისიც უთხრათ, “გაგაჩენენ თქვენი მშობლები და მერე ჩვენ მოგვიყრიან სკოლაში ამ ბავშვებს, ჩვენ უნდა ვიჭყლიტოთ ტვინიო”. ნინუცა კახეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში სწავლობს.
სკოლაში სიარული დიდი ხანია არ ეხალისება მესამე კლასელ დანიელს. მასწავლებელი დეგენერატებს გვეძახის კუთხეში გვაყენებსო.
მეხუთე კლასელმა მალხაზიმ მათემატიკის სწავლას მოუკლო – ახალ მასწავლებელს თითქმის ყოველდღე სთხოვდა, მისთვის მახო დაეძახა, როგორც ყველა ეძახდა აქამდე, მაგრამ მასწავლებელი ვერ დაიყოლია. შედეგად საგანზე გული აიყარა, აქამდე წარმატებულ მოსწავლეს დედა ძალით სვამს სამეცადინოდ.

ორი კვირა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები და მათი მშობლები განათლების სისტემის მანკიერებებს შეჯახებოდნენ. ისინი, ვისაც სკოლის დაწყება უხაროდა და ისინი, ვისაც არ უხაროდა, უკვე ერთ აზრზე შეჯერდნენ – სკოლასთან ურთიერთობა ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
ნაწილი 3 – ვინ არის დამნაშავე, როცა სასწავლო წლის დასაწყისშივე ჩიხში შედის სისტემა?!
კვლევები აჩვენებს, რომ ოჯახის მახასიათებლების შემდეგ, მოსწავლის სწავლის შედეგებზე მოქმედი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი მასწავლებლის ხარისხია.
ნუთუ, ასე ძნელია, გვეყოს ნერვები ჩვენივე შვილებისთვის? ნუთუ, ასე ძნელია, მოვიძიოთ ინფორმაცია თამაშით სწავლების მეთოდებზე? ნუთუ, ასე ძნელია, გავაცნობიეროთ და შვილებსაც ავუხსნათ, რომ სკოლა მათი “სამსახურია”? ნუთუ, ასე ძნელია კუთხეში არ დააყენოთ და სამარცხვინო დაფაზე არ გამოაკრათ მოსწავლე? ნუთუ ასე ძნელია, პირველკლასელს პირველივი თვეში საშინაო დავალება არ მისცეთ? ნუთუ ასე ძნელია წითელი კალამი მწვანეთი ჩაანაცვლოთ? ნუთუ ასე ძნელია, სანამ მიეჩვევა, ფანქრით წერის უფლება მისცეთ, შეცდომის დაშვების შიში რომ მოუხსნათ? ნუთუ, ასე ძნელია, ხელებში არ ჩაარტყათ, როცა ზურგსუკან თითებზე ჩუმად ანგარიშობს? ნუთუ, ასე ძნელია, ხანდახან მერხიდან ადგომის უფლება მისცეთ ახალბედა მოსწავლეს? ნუთუ, ასე ძნელია, დასჯის მეთოდები წახალისებით ჩაანაცვლოთ? ნუთუ, ასე ძნელია, მოხალისე მშობელი ჩართოთ სასწავლო პროცესებში? ნუთუ, ასე ძნელია, თუ არ შევაყვარებთ, არ შევაჯავროთ მაინც ბავშვებს სწავლის პროცესი?
P.S. კარგი მასწავლებელი ამ წერილს თავის თავზე არ მიიღებს. მეტიც, დამეთანხმება. პირადად ჩემს თვალში არასოდეს იმხელა ფასი არ ჰქონია კარგ მასწავლებელს, როგორც ახლა. შესაბამისად, საუბარი იმაზე რომ მასწავლებლის იმიჯი დაეცა, სასაცილოა. ვიღაცის ეცემა, ვიღაცის იზრდება. საზოგადოება ადექვატურად აფასებს მოვლენებს. შესაბამისად, კომენტარები იმაზე, რომ “ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ” და ა.შ. არ განიხილება.

 

 

განათლება · საზოგადოება

დატოვეთ ღირსება სკოლის გარეთ, შენობაში ის არ დაგჭირდებათ!

ცემა, წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა და თმის მოქაჩვა რომ საქართველოს სკოლებში ძალადობად არ ითვლება, პირადად ჩემთვის ახალი ამბავი არ არის. ჯერ კიდევ დაწყებით კლასში ორი ისეთი მასწავლებელი მყავდა, დაფასთან ცალი ყურით ჰაერში აწეულ ბავშვს მეორე, გაშლილი ხელით სახეში რომ ურტყამდნენ გაკვეთილის დროს. ერთი-ორჯერ მეც მომხვედრია ასეთი სილა და მწარედ მახსოვს გაცეცხლებული მასწავლებლის არათითზე დაბინავებული “კალიცოს” ნაკვალევი ჩემს ისედაც გაჩხიკინებულ ლოყაზე.
თუმცა ეს იყო 90-იანებში. მას შემდეგ მთელი ცხოვრება გავიდა და წესით, რაღაც სასიკეთოდ უნდა შეცვლილიყო. სწავლების ველური მეთოდები, ჩემი ასაკის გოგო-ბიჭებს რომ დღემდე ცუდად გვახსენებს სკოლას, გამოყენებიდან ამოიღეს. თუმცა მასწავლებლების დიდ ნაწილს ამ დრომდე ნერვები ეშლება, როცა ვინმე ბავშვთა უფლებების შესახებ საუბრობს.

ერთი წლის წინ ჩემს თავზე გამოვცადე, რომ სკოლის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობა, ყვირილი, მუქარა, შეურაცხყოფა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა ძალადობად ჯერ კიდევ არ მიიჩნევა.
ყველაფერი ასე დაიწყო:
ტელევიზიიდან თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთ სკოლაში მივედი გადაღებაზე. ვიღებდით სიუჟეტს შესაძლო კორუფციულ სქემაზე განათლების სისტემაში. საქმეში ფიგურირებდა კონკრეტული დირექტორის ხელმოწერილი დოკუმენტები. ამიტომ ჯერ ტელეფონით დავუკავშირდი სკოლის ხელძღვანელს. პასუხს რომ თავი აარიდა, სკოლაში მივაკითხე. ხელმოწერილი დოკუმენტი ტელეეთერში უნდა მეჩვენებინა. სიუჟეტი რომ ცალმხრივი არ გამოსულიყო ყველა კანონიერი გზა უნდა მესინჯა დირექტორთან დასაკავშირებლად.
სკოლის შენობაში არ შემიშვეს, იმ მოტივით, რომ საგაკვეთილო საათები იყო. ბუნებრივია, შეჭრა არც მიცდია. ღია კარების ზღურბლიდან ვითხოვდი დირექტორთან შეხვედრას და გასაუბრებას.

ასაკიანი დარაჯი, ვინმე კოლია თავიდანვე არ გამოირჩეოდა ზრდილობით. კარში ჩამიდგა, თითქოს ძალით ვაპირებდი შეღწევას. დირექტორს დაურეკა. არ ვიცი, რა ბრძანება მიიღო, მაგრამ გათიშა თუ არა ტელეფონი, ცხვირში მომარტყა კარი და მომაძახა, რომ დირექტორი ადგილზე არ იყო. 

მოსწავლეებმა, რომლებიც საგაკვეთილო საათებში ეზოში დასეირნობდნენ, ჩურჩულით მიმანიშნეს დირექტორის ახალთახალ ძვირადღირებულ მანქანაზე და დაზუსტებით მითხრეს, რომ ადგილზე იყო და გვემალებოდა. (წესით კი ფიზკულტურა ჰქონდათ ამ ბავშვებს, მაგრამ დარბაზი არ გაგვაჩნია, ტენდერი არ ჩატარებულა ჯერ და დრო გაგვყავსო – მითხრეს. იქვე იყო ფიზკულტურის მასწავლებელიც.)

კიდევ ერთხელ ვცადე კოლიასთან კომუნიკაცია. ჰოლში, კარიდან ორ ნაბიჯში გავჩერდი და ვთხოვე: – დაზუსტებით ვიცი, რომ აქ არის და იქნებ კამერის გარეშე მაინც შემხვდეს, რომ მასზე ინფორმაცია ცალმხრივად არ გავაშუქოთ მეთქი. სრულიად მოულოდნელად დარაჯი ჩემსკენ თითქმის სირბილით წამოვიდა, მომვარდა, დაგეშილივით ჩამაფრინდა მკლავში, კარებისკენ წამაპორწიალა და ჩემს ძაღლივით გაგდებას შეეცადა. რასაკვირველია, თავის დაცვა ვცადე, წამიერად შევაჩერე, თუმცა კოლიამ მაჯობა, ერთი კარგად შემომიკურთხა და ძალით გამომაგდო.

მე, რომელიც ხელს არავის ვუშლიდი, ვიდექი კართან და კონსტრუქციულად ვითხოვდი სკოლის დირექტორთან შეხვედრას, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომაგდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ვიდეოკამერის თანხლებით მისულ არასურველ სტუმარს რომ ასე ექცევიან სკოლაში, რა ხდება დახურულ კარს მიღმა გაკვეთილზე, კაბინეტსა და დერეფნებში.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, გვერდით მედგა ოპერატორი, რომელიც ვიდეოკამერით იღებდა მოვლენებს. მათ შორის, ვიდეოზე იყო ასახული ის კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ არსად შეჭრის მცდელობა არ მაქვს, ფეხებში არავის ვუძვრები და სრულიად მოულოდნელად, ცამოწმენდილზე მაგდებს სკოლის შესასვლელიდან გარეთ ჩემს მკლავს ჩაბღაუჭებული დარაჯი.

რა თქმა უნდა, შემეძლო წამოვსულიყავი და მარტივად გამომეყენებინა ეს ვიდეო მასალა იმის მტკიცებულებად, რომ დირექტორმა არ მიმიღო. თუმცა რომ წარმოვიდგინე, როგორ ექცევიან იმ სკოლაში მოსწავლეებს, საიდანაც ჟურნალისტებს კინწისკვრით ყრიან, თავი მოვალედ ჩავთვალე, “ჭკუა მესწავლებინა” და ცოტა მეტად შემეწუხებინა სკოლის მოძალადე ადმინისტრაცია.

ჩემი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტზე პატრული გამოვიძახე. აი, მაშინ დაიწყო სკოლაში ის, რაც დაიწყო. სკა რომ შეარხიო და გააფთრებული ფუტკრები გარეთ გამოცვივდნენ, დაახლოებით მსგავსი სურათი იყო. აფუთფუთდა სკოლა. მოაწყდნენ ფანჯრებს. გაივსო დერეფანი.

მე მშვიდად ვიდექი ეზოში და პატრულთან ვარკვევდი, ჰქონდა თუ არა დარაჯს შენობის შესასვლელიდან ჩემი გამოთრევის უფლება. რა თქმა უნდა, არ ჰქონდა! პატრულის თანამშრომლები სრული გულმოდგინებით მოეკიდნენ საქმეს. შეამოწმოს ვიდეო კამერის ჩანაწერი. ცალსახად, ვუთხარი, რომ იმ დარაჯისთვის ჩივილს არ ვაპირებდი. ერთადერთი მიზანი მქონდა, სამართალდამცავებს სკოლის თანამშრომლებისთვის შეეხსენებინათ მათი და სხვისი უფლებების შესახებ.

დაკითხვის დროს შორიახლოს გვივლიდა სკოლის შენობიდან “წიომნად” გამოსული ორი თანამშრომელი, რომლებსაც, სავარაუდოდ, დირექტორისთვის უნდა ეცნობებინათ, რას ვუყვებოდი პატრულს. წავიდნენ თუ არა პატრულის თანამშრომლები სკოლის ადმინისტრაციის მოსანახულებლად, მომადგა ეს ორი ქალი.
– რატომ იტყუებით ახალგაზრდა? – მეკითხებიან დამცინავად და გამომცდელად.
– მე მეუბნებით ქალბატონო?
– ხო, თქვენ. სხვათაშორის, პატრულს კამერები უკვე შეუმოწმებია და იქ ძალადობის არანაირი კვალი არ ჩანს.
გამეცინა. კასეტა კამერაში იდო, კამერა ოპერატორს ჰქონდა, ოპერატორი გვერდით მედგა.
– მართლა? ვინ გითხრათ ქალბატონო? – შევეცადე შემეცხადებინა ეს ამბავი.
– ჰმ. ჩემი თვალით ვნახე, არაფერი ეგეთი ჩანაწერი ვიდეოზე არ იყო! – დაუსვა წერტილი.
ჭორს ავრცელებდნენ. სკოლის ორი თანამშრომელი იდგა იდგა ჩემს წინ და ურცხვად ავრცელებდნენ ჭორს.

პატრულმა სკოლაში გამაგრებულ დირექტორს შენობის გარეთ გამოსვლა მოსთხოვა. გამოვიდა ამალით. პედაგოგებით გარშემორტყმული. თითქოს ვინმე თავს ესხმოდა. იდგა პედაგოგების ალყაში და ეირზე ეტყობოდა დირექტორობა.

მივუახლოვდი. ვცდილობ გავესაუბრო. შეკითხვას ვუსვამ, მაგრამ ვინ მაცდის. არის ერთი გნიასი. მივლიან გარშემო, მიყვირიან. ისე გამლანძღეს, ისე გამთათხეს, კაციშვილი არ დაინტერესებულა, რა საქმეზე ვიყავით მისულები. რა იყო იმ საქმეში ისეთი, ამ ამბის ატეხვად რომ ღირდა.

– როგორ უბედავ დირექტორს ამდენ შეკითხვას, სად გაიზარდე, სად ?!

– ვინ გამოგგზავნა, ვინ, შე პროვოკატორი !! ოჯახი არ გყავს? არ გრცხვენია? 

– როგორ კადრულობ? რამდენს გიხდიან, გამოტყდი ახლავე! 

პედაგოგიური კოლექტივი ჩემს თვალწინ გადაიქცა ინსტიქტებით მოქმედ დაჯგუფებად. რაკი თავად სკოლის თანამშრომლები იყვნენ და მე – გარეშე პირი, ავტომატურად დამიპირისპირდნენ. 0 კრიტიკული აზროვნება. 0 სიმართლის გარკვევის სურვილი. 0 და 0-ზე უფრო დაბლა იმის ფიქრი, ვაითუ, არ იდგნენ სიმართლის მხარეს. ვაითუ, ეშლებოდათ რამე. ვაითუ, მართლა რამეს მალავდა მათი დირექტორი, ვაითუ, მართლა დაარღვია მათი სკოლის დარაჯმა ადამიანის უფლებები. თუმცა ვის ადარდებდა იქ ადამიანის უფლებები. ვის ახსოვდა, რომ ადამიანს აქვს უფლებები.. ვირი არ ჰყავდათ, თორემ უკუღმა შემსვავდნენ.

დირექტორიც იდგა მედიდურად, ხელქვეითებისგან შეგულიანებული და ერთი სიტყვაც არ დაძრა იმ მთავარ დოკუმენტზე, რის გამოც მას მივაკითხეთ. ამაში მშვენივრად გამოიყენა კოლექტივი და მასწავლებლებმაც გადასარევად გაართევეს თავი შესაძლო დანაშაულის დამალვას.
სადაც ჟურნალისტზე ძალადობა არ გაუკვირდათ, სადაც პატრულის იდენტიფიცირებული ძალადობის ფაქტი ჩაფარცხეს, სადაც ჭორად გაავრცელეს და თვითონვე დაიჯერეს, რომ კამერით არაფერი გადაგვიღია და ყველაფერი მოვიგონეთ, წარმოიდგინეთ როგორ განსხვავდება მათი რეალური სახე, იმ დეკლარირებული დამოკიდებულებისაგან, რასაც ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემის მიმართ იჩენენ. ფაქტია, თანამედროვე სკოლას არ აქვს არასასურველ ქცევაზე სწორი რეაგირების საკმარისი კომპეტენცია.
კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ ბავშვებს, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას რომ ავალდებულებს სახელმწიფო.

P.S. წერილი არ ეხება იმ ერთეულ პედაგოგებს ვინც დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა და გვერდი აგვიარა. ვისაც არც სეირის საყურებლად ეცალა და არც დირექტორის საამებლად სიტყვის გამოსვლის სურვილი ჰქონდა.

საზოგადოება · სოციალური

“შენ, რომელიც ახლა იზრდები, შეგიძლია შეცვალო ტრადიციები” – წერილი პატარა გოგონებს

ქართული წესით ოჯახი მარტივი სქემა არ არის. ამიტომ ფრთხილად, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდე! აქ ოჯახის კეთილდღეობისთვის მხოლოდ ცოლ-ქმრული სიყვარული არ კმარა. იმ ბიჭის დედაც უნდა გიყვარდეს, მამაც, დაც, ძმაც, ახლო და შორეული ნათესავებიც. რაც უფრო დიდია ოჯახი, მით უფრო მეტი უფროსი ეყოლება, ამიტომ ბევრი უნდა მოითმინო, ბავშვების გულისთვის ყველაფერი აიტანო, მაგ ლამაზ თავზე წისქვილის ქვაც დაიტრიალო, თვალების დახუჭვაც უნდა იცოდე და სმენის დახშობაც, რომ ვერც ღალატი დაინახო და ვერც ჭორები მოისმინო შენს “წმინდა” ოჯახზე. მერე ნათესავები რომ გესტუმრებიან სახლში და შენი ხელებით გაშლილ სუფრასთან შეჟუჟუნდებიან, სხვა ქართველ ქალებთან ერთად გადღეგრძელებენ, როგორც ყველაზე მომთმენ არსებას დედამიწაზე. შენ ამ დროს ბედნიერად გატრუნული უნდა იჯდე და თავი აქნიო, დანანებით. ასეთია ჩვენი ტრადიცია.

შენ ახლა ძალიან პატარა ხარ და არ იცი, რომ ბოლო 5 წელიწადში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 55 ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს. ჯერ არც ის გესმის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს შემაშფოთებელი რიცხვია. არც ის გესმის, შენი ბაბუების თაობა 37 – მანეთად რომ ღალატობდა ოჯახს, “პასტაიანკა” რომ ყველამ იცის რას ნიშნავს და ამის მიუხედავად ერი უტიფრად ზეიმობს ოჯახის სიწმინდის დღეს..

შენ, რომელიც ახლა იზრდები და ის ბიჭი, რომელიც ახლა იზრდება, შეძლებთ ქართული ოჯახი აქციოთ წმინდად. და მე ამ თაობის წარმომადგენელი გთხოვთ თქვენ, მომავალ თაობას –  არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

ვნების დასაოკებლად ოჯახს ნუ შექმნით. ოჯახისთვის უფრო მყარი საფუძველია საჭირო. დაოჯახდით მაშინ, როცა გექნებათ თქვენი საქმე; როცა ერთმანეთთად თავს გამორჩეულად კარგად იგრძნობთ; როცა ერთმანეთთად დასამალი არაფერი გექნებათ; როცა ერთად “ბაზარში” სიარულიც ჟრუანტელს მოგგვრით; როცა მზად იქნებით, დაღლილებმა და დაქანცულებმა ერთმანეთის მაგივრად მთელი ღამე არწიოთ ბავშვი. როცა გაიაზრებთ, რატომ უნდა იაროთ ერთად სკოლაში მშობელთა კრებაზე; როცა შეძლებთ, ბავშვების გულისთვის დაისვენოთ სუფთა ჰაერზე, მოსაწყენ ადგილებში, თუნდაც ერთმანეთის სოფლებში, თუნდაც ერთმანეთის მშობლებთან. როცა მზად იქნებით გაინაწილოთ საოჯახო საქმე და ეს ტვირთი კი არა ყოველდღიური სიამოვნება იქნება.

მერწმუნე, დედამიწაზე არავინ არის ვალდებული გემსახუროს მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდები. არც ქმარი – ოჯახი არჩინოს, არც დედამთილი – შვილები გაგიზარდოს, არც დედა – ყოველ დაძახებაზე შენთან გაჩნდეს და შენი მოვალეობები გადაიბაროს.

სიტყვიერადაც არ დათანხმდე, თუ ვინმე გეტყვის, რომ შენი საქმე ბავშვების გაზრდა და სახლის მოვლაა, დოვლათი კი ქმარს უნდა შემოჰქონდეს ოჯახში. შენს მაგივრად გაზრდის შენ შვილებს ან შენს მაგივრად იზრუნებს სადილ-ვახშამზე. გახსოვდეს, შენ ამისთვის მძიმე ხარკის გადახდა მოგიწევს და როცა ამას მიხვდები, გვიანი იქნება! ამიტომ, როცა ოჯახს შექმნით, თავიდანვე აიღეთ პასუხისმგებლობა და გადაინაწილეთ ფუნქციები ისე, რომ ერთად ნაშოვნი ფულსაც ქონდეს გემო და ღიმილ-ღიღინით ერთად მომზადებულ ვახშამსაც.

არავის მისცე უფლება ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში, გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა, გააცივოს თქვენი გრძნობები.

მშვიდად შეხვდი როცა გკითხავენ – რატომ არ ცხოვრობ დედამთილთან? რატომ არ დაარქვი შვილს მამამთილის სახელი? რატომ არ რჩები ფეხმძიმედ? როდის აჩენ მეორეს? მესამეს? ბიჭს? გოგოს? და ა.შ. ნუ გაბრაზდები ამ კითხვებს რომ მოისმენ – გაუღიმე და უთხარი, რომ ეს შენი პირადი საქმეა, მათ კი თავიანთ საქმეებს მიხედონ.

თუ გეტყვიან, რომ შენ მათ ოჯახში შეხვედი, არ დაიჯერო! შენ შენს ოჯახს შექმნი და არავის ოჯახის დამატებითი წევრი არ გახდები!
შენ შეგიძლია, შექმნა პატარა ავტონომია დიდ ოჯახში, ცალკე სახლის, ცალკე ოთახის, ცალკე სივრცის სახით. თუ “ოჯახის ინტერესების” სახელით ვინმე შენს პირად ცხოვრებაში ჩარევას მოინდომებს, არ მისცე ამის უფლება!
თუ რომელიმე ჩვეულებაზე მიგითითებენ, რომ ეს მათ ოჯახში არ ხდება, უთხარი რომ ამიერიდან მოხდება! თუ რომელიმე ოჯახური ტრადიცია შენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ნუ მოგერიდება შეპასუხება, რომ შენ ოჯახში ის ტრადიციები დამკვიდრდება, რასაც თქვენ ორნი ჩათვლით საჭიროდ.
ნურც შენ გადაწყვეტ “სტენკის დადგმას” და დალაგებულის ხელმეორედ დალაგებას. ეს წვრილმანია, ნუ მოცდები წვრილმანებზე.

შენ, რომელიც ახლა იზრდები იმაზე ძლიერი ქალი იქნები, ვიდრე იყო დედა, ბებია, იმის დედა და იმის ბებია…

შენ, რომელიც ახლა იზრდები შეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო ტრადიციები!

საზოგადოება · სოციალური

როგორ სქელდებოდა გულზე გარსი

მშიერი ბავშვების სიმღერა; მშობლების გოდება, როგორ ენატრებათ ხორცი და ტკბილეული მთელი წლის განმავლობაში; ფეხებმოკვეთილი ბებო, წამალი რომ არ აქვს და ჩირქი გადმოსდის ჭრილობებიდან; საწოლზე უძრავად მწოლიარე გოგონა კიდურების ნაცვლად ხის ტოტების მსგავსი ღერები რომ აქვს და დედას ეხუტება ჩვენი ვიდეო კამერის განათებით შეშინებული; შეზღუდული შესაძლებლობის ახალგაზრდა ქალი ეტლში, ლამაზი ზღვისფერი თვალებით 22 წელია ფანჯრიდან რომ უყურებს სამყაროს, გარეთ კი იმიტომ ვერ გადის, რომ კორპუსს პანდუსი არ აქვს. ერთარდეთი პატრონი მოხუცი დედა კი ვეღარ ძრავს 34 წლის შვილს. სამშენებლო კომპანიის უპასუხისმგებლობით დაზარალებული ხანშიშესული კაცი საპროტესტო აქციაზე, თვალებში რომ მიყურებს და თითქმის მიყვირის – “კიბო მაქვს, კიბოო!! ჩემ ნაყიდ სახლში შესვლას ვეღარ ვასწრებ”……..
რამდენი კიდევ, ალბათ ასი ან ასი ათასი ასეთი ისტორია, მე რომ თქვენამდე ისე უნდა მოვიტანო, ჩემში არ უნდა შემოაღწიოს.. ყოველი ჩანაწერიდან საუკეთესო მომენტები უნდა შევარჩიო, გავშიფრო, დავამონტაჟო და მერე თქვენც გაგიზიაროთ. ემოცია ისე უნდა მოვიტანო თქვენამდე, ჩემში არ უნდა გაიაროს, არ უნდა შემეხოს, არ მაქვს ამის უფლება.

სინამდვილეში მანგრევს და მანადგურებს ეს ემოცია.

ცოტა მრცხვენია ამას რომ ვწერ – რამდენჯერ მიტირია გულში, რამდენჯერ რეალობაში, რამდენჯერ ღამით, რამდენჯერ მანქანის უკანა სავარძელზე უკან დაბრუნებისას. რამდენჯერ დამირიგებია ჩემივე თავი – დამშვიდდი, ახლა ამის დრო არ არის, სხვა რამეზე იფიქრე!! შენგან თანაგრძნობაზე მეტად სხვა რამე სჭირდებათ-მეთქი!!
ნელ-ნელა ვატყობ გული მეყინება. ცრემლები შრება, რეაქციები მინელდება. საუბარს ტვინი ისმენს, გული აღარ. ვუყურებ მათ გაჭირვებას და თანაგრძნობის ნაცვლად ვფიქრობ ინტერვიუ რა კადრებით გადავფარო, სად მოვჭრა და სად გადავაბა ნათქვამი.
თითქმის ყოველთვის, ასეთ ოჯახში მოხვედრის შემდეგ ცოტა ფულს ვაგროვებთ, საჭმელს, ტკბილეულს, წამლებს ვუტოვებთ. უფრო ჩვენ გულს ვშველით, თორემ, ვიცით ცოტა ხანს ეყოფათ ძღვენი.
საბედნიეროდ, ყველა დროის მთავრობა მყისიერად რეაგირებს ტელევიზირში ნანახ საცოდაობაზე. რეკავენ მსხვილი ბიზნესმენებიც, პატარა კომპანიებიც, სიუჟეტების გმირების ნომრებს ითხოვენ. მოქალაქეებს მოაქვთ საკვები, ტანსაცმელი, გვთხოვენ მივაწოდოთ გაჭირვებულებს. ეს გვაძლებინებს, ალბათ.

გული კი მიქვავდება თანდათან, ჯავშანს იკეთებს და ცდილობს ემოციები არ მიიკაროს. წლებმა მასწავლა, რომ ადამიანებს ჟურნალისტისგან თანაგრძნობაზე მეტი ჭირდებათ და თუ არა გასქელებული გარსი გულზე, ძნელია მათი მოლოდინების გამართლება.

საზოგადოება · სოციალური · ჯანდაცვა

სიბერე ქართულად ანუ სოციალური დახმარების იმედად დარჩენილი მოხუცი მშობლები

სოციალურად დაუცველ ოჯახში მოვხვდი. ბევრი გაჭირვებული მინახავს, მაგრამ შემძრა, რაც იქ დამხვდა. 60 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის ქალი დანგრეულ, შუშებჩამტვრეულ ქოხმახში ღრმად მოხუც მამასთან და 13 წლის შვილობილთან ერთად ყოველდღიურად ებრძვის შიმშილით სიკვიდილს. არ აქვს გათბობა, საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა… არაფერი აქვთ, რაც ოჯახს ჭირდება. მიწაყრილ იატაკზე თაგვის ცურლებში ლეიბის ნაგლეჯი გდია, წარმოუდგენელი ანტისანიტარიაა. დიასახლისი ტირის, რომ პენსია წამლებში წინასწარ აქვს დახარჯული, ახლა სოციალური შემწეობაც მოუხსნეს და ბავშვის დახმარება, თვეში 10 ლარი მათი ერთადერთი შემოსავალი. – რა მიზეზით მოგიხსნეს დახმარე? – ვეკითხები გაოგნებული – მსგავსი უბედურება ჯერ არ მინახავს. რის გამო შეიძლება ამ საცოდავებს დახმარება შეუწყვიტო.. “პლიტა” ჩავრთეო და დენის გადასახადი რომ მომივიდა, იმიტომო. გადავირიე. წავედი ჯანდაცვის სამინისტროში და მოვუყევი ნანახი და მოსმენილი. პირადი ნომერი გაგვიგე ბაზაში გადავამოწმებთო, შეცდომა არ იყოსო -შეფიქრიანდნენ. ოპერატიულად გავარკვიე. გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ იმ საწყალ ქალს 13 წლის შვილობილის გარდა, 2 ზრდასრული შვილი ყავს, ორი გოგო. და იმ დანგრეული ქოხის გარდა, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში 3 ოთახიანი ბინა აქვთ, თავისივე სახელზე რეგისტრირებული. დაჯერება გამიჭირდა. მე თვითონ გადავამოწმე საჯარო რეესტრის საიტზე. წავედი მითითებულ მისამართზე. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მეზობლები გამოვკითხე, დამიდასტურეს რომ ბინა იმ ქალს ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მისი ქალიშვილები ცხოვრობენ.

რა გვჭირს?
ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება? ვიდრე შეეძლო თან რომ გვყვებოდა, ეს მისი მოვალეობა იყო და ახლა მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია?

მეტროთი შვილთან ერთად ვმგზავრობდი. სახედამალულმა მოხუცმა ჩამოირა ტირილით, დამეხმარეთო. მშიაო. ჩურჩული მომესმა გვერდიდან – მგზავრმა მგზავრს გადაულაპარაკა – სახეს რას მალავს მერე, თუ შიაო. იქნებ არც არის მოხუციო..
– ამ ქალს შვილები არ ყავს? – კაბაზე მომქაჩა ბავშვმა.
– არ ვიცი, არ ვიცნობ. თან რა მნიშვნელობა აქვს, ცოტა ფულით დავეხმაროთ. რაკი ითხოვს ე.ი. სჭირდება. – ვუხსნი ჩუმად.
– როგორ არ აქვს მნიშვნელობა, შვილმა ხომ უნდა მიხედოს დედას – არ მეპუება.
– შეიძლება არ ჰყავს შვილი; შეიძლება ჰყავს და იმასაც შია; შეიძლება ჰყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. – შევეცადე ყველა შესაძლო ვარიანტი მეთქვა.
მესამემ ჩააფიქრა.
– მოხუც დედას არ აქცევს ყურადღებას? – გაოცებული მიყურებს. – შვილის უფლება რო ჩამოართვას პოლიციამ, არ შეიძლება?
– კანონი არ ავალდებულებს ადამიანს მოხუც მშობლებზე ზრუნვას. თვითონ უნდა მიხვდეს, დედ-მამა რომ ასეთ დღეში არ ჰყავდეს. მაგრამ, ალბათ, ამ ქალის შვილსაც ძალიან უჭირს და ისევ დედის დახმარება სჭირდება. – გავუმარტივე ფიქრები და იქვე, მეტროში ადამიანების თვალთვალი დავიწყე. მოზარდი გოგო-ბიჭები მხიარულად ახტებოდნენ ესკალატორის საფეხურებს. არც ყურსასმენიანი სტუდენტები გრძნობდნენ თავს ურიგოდ. 30-40 წლის ადამიანები, ცალხელში რომ პატარა ხელი უჭირავთ და მეორეში სმარტფონი ან ტელეფონში იქექებოდნენ ან ფიქრებით დატვირთულნი ელოდნენ ბაქანზე გადასვლას. აი, ორმოცდაათს ზემოთ, ვერაფერი დავინახე სანუგეშო. 

მომეჩვენა, რომ ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად ბეჩავდებიან და ეს არ არის მხოლოდ წლებით გამოწვეული. მომეჩვენა, რომ ჩვენთან ასაკოვანი ადამიანები იშვიათად გამოიყურებიან მხნედ, ამაყად, ბედნიერად.

რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში მოხუცი ქალის შესახებ გავიდა სიუჟეტი. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მარტოხელა ბებო სოციალურ დახმარებას, თვეში 60 ლარს გულსაკლავად ითხოვდა. თანამშრომლებმა ფული შევკრიბეთ, საკვები ვიყიდეთ და ჩვენს შორის ყველაზე ყოჩაღებმა გურჯაანში ჩააკითხეს სიუჟეტის გმირს. მარტოხელა ბებო სამი ვაჟკაცის დედა აღმოჩნდა. სამივე დაოჯახებული, დაწვრილშვილებული, უმუშევარი, მაგრამ მეურნეობის პატრონი. ჩვენდა გასაოცრად, ერთ-ერთი შვილი მანქანით დაგვხვდა და საჩუქრებით დატვირთული ჩანთები დედის სახლამდე მიგვატანინა . შემოესივნენ ბებოს შვილიშვილები, გახსნეს ნობათი.იმედი დავიტოვეთ, რომ ჩვენი ნაყიდი საკვებიდან რაიმე იმ ბებოსაც შეხვდებოდა და დავემშვიდობეთ.

ორ ცეცხლს შუა ვარ. არც ახალგაზრდა სიკვდილი მინდა და არც სიბერე. საერთოდ რატომ ვფიქრობ ამაზე, რა დროს სიბერეა? 2017 წელია და საპენსიო სისტემა ჯერ კიდევ არ გვაქვს. რომ მიიღონ კიდეც მეეჭვება, იმდენის დაგროვება მოვასწრო, ღირსეული ცხოვრების შენარჩუნება რომ შევძლო. რის იმედად ვართ? ვის იმედად ვართ? ასე ჩემსავით, დილიდან დაღამებამდე ხომ ისინიც შრომობდნენ, ახლა ხელებგაწვდილები რომ დგანან შუქნიშნებთან, სხედან მეტროს ამოსასვლელებთან, ტირიან ტელეეკრანების მიღმა.

ვაითუ ისეთივე სიბერე მოვიდეს, როგორიც ჩვენ მოხუცებთან მოვიდა. დაჭმუჭნული, დარდიანი, ერთფეროვანი, თავზე წისქვილის ქვა დატრიალებული, კაპიკ-კაპიკ გაწერილი და მაინც დუხჭირი სიბერე პირადი ცხოვრების გარეშე..