Uncategorized

ნაადრევი ქორწინება – ნორმად აღიარებული ქალზე ძალადობის ფორმა საქართველოში

 

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგები საქართველოში:

• ქალებისა (66%) და კაცების (78%) უმეტესობა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სახლის საქმეების მოწესრიგებაა.
• ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს.
• ქალების ერთი მეოთხედსა (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია.
• როგორც მამრობითი (50%), ისე მდედრობითი (33%) სქესის რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა პირადი ცხოვრების საკითხია და მასში არავინ უნდა ჩაერიოს.
• კაცების 22%-ისა და ქალების 14%-ის აზრით, თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

პირადად ჩემთვის, ქალთა​ ​მიმართ​ ​ძალადობის​ ​მძლავრი იარაღი ნაადრევი ქორწინება, ნაადრევი უღელში შებმა და ნაადრევი “პატრონს ჩაბარებაა”. ის შედეგებიც, რაც ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, ჩვენში დაუწერელ კანონად აღიარებულმა არასრულწლოვანთა ქორწინებამ მოგვიტანა.  სანამ თვალს გაახელს, მანამდე რომ უკრავენ თავს საზარეულოში, დიდი შანსია მან თქვას რომ მისი ადგილი “კუხნაშია”, მთავარი ფუნქცია შვილების გაზრდა და მოსიყვარულე მეუღლედ დარჩენაა. უნდა მოითმინოს, უნდა აიტანოს, აბა როგორ უნდა.. ოჯახში უფროსი მაინც კაცია…

რეალურად ადრეული ქორწინება ბავშვთა უფლებების დარღვევაა, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ქორწინებაზე თავისუფალი, გააზრებული და ინფორმირებული თანხმობის გაცემა არ შეუძლიათ.

ქართული კანონმდებლობა კრძალავს ბავშვთა ქორწინებას, მაგრამ მთელი საზოგადოება, მათ შორის ისეთი მძლავრი ინსტიტუტი, როგორიც არის ეკლესია, ქადაგებს რომ ოჯახი წმინდაა და ოჯახის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს. ამას იძახიან იმ გოგონების მშობლებიც კი, რომლებიც დედ-მამის თანხმობის გარეშე დაოჯახდნენ. არსებობს მაგალითები, როცა მცირეწლოვანი წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში არ არის, მაგრამ ჯვარი აქვთ დაწერილი, რაც მათ ოჯახს საზოგადოების თვალში​ ​იმხელა​ ​ლეგიტიმაციას​ ​ჰმატებს,​ ​რომ​ ​მის​ ​წინააღმდეგ​ ​ვერავინ​ ​წავა.

საქართველოში ხშირად ქორწინება გამოსავალია. გამოსავალი იმ სიტუაციიდან თუ მცირეწლოვან გოგონაზე იძალადეს, ის ფეხმძიმედ არის. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ ხდება მისი ოჯახის უღელში შებმა, მოძალადე მამაკაცთან დატოვება, იმის შიშით, რომ არ ამოქმედდეს სტიგმა, რომ ის არის ხელიდან წასული, მსუბუქი ყოფაქცევის და ა.შ. სინამდვილეში, ეს არათუ გამოსავალია, პირიქით, არასრულწლოვანის მდგომარეობის დამძიმებაა.
გასული წლის 6 თვეში საქართველოში 396 არასრულწლოვანი გახდა მშობელი, მათ შორის 382 გოგონაა. ანუ თავად ბავშვი სხვისი დედაა.. 

როგორც წესი მცირეწლოვანმა გოგონამ არ იცის და ვერ ეცოდინება ის მოსალოდნელი პრობლემები, რაც მას ელის ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ განათლების მიღების და მატერიალური კეთილდღეობის შესაძლებლობები უმცირდება, ყველაზე მთავარი მაინც არის გოგონას ჯანმრთელობა. როცა ის იწყებს ნაადრევ სექსუალურ ცხოვრებას, როცა ის ბავშვობაში ხდება დედა, თან რამდენჯერმე. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას. ხოლო, დედები, რომლებიც უშვებენ იმ ფაქტს რომ შესაძლოა მათი შვილი 13, 14, 15 წლის ასაკში თავად გახდეს დედა, დარწმუნებული ვარ, ვერ აცნობიერებენ რა რისკს სწევს მისი შვილი.

გაეროს ოფიციალური სტატისტიკით, განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა მშობიარობს, რომელთა შორის ორ მილიონს 14 წლამდეც კი არ მიუღწევია. დაახლოებით 70 000 მოზარდი გოგონა კვდება ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, აბორტები კი 3​ ​მილიონზე​ ​მეტ​ ​მოზარდზე​ ​მოდის.

მე მყავს ორი შვილი, ორივე გოგო და არავითარ შემთხვევაში არ გავიმეტებ მათ​ ​ნაადრევი​ ​ქორწინებისთვის.

One thought on “ნაადრევი ქორწინება – ნორმად აღიარებული ქალზე ძალადობის ფორმა საქართველოში

  1. “განათლების მიღების და მატერიალური კეთილდღეობის შესაძლებლობები უმცირდება” – მე ვიტყდი, დრამატულად უმცირდება, თითქმის ნულდება. რაც მომავალში პასუხგაუცემელი ძალადობისთვის ერთობ ნოყიერ ნიადაგს ამზადებს 😦

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s