საზოგადოება

ექნება თუ არა დედაქალაქს გენ.გეგმა – თბილისი განაჩენის მოლოდინში

თბილისის ყოფილი თავებისგან მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების მცდელობებიც გვახსოვს  და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ბევრი გვინახავს ვიდეო კამერების წინ ცხვირზე ხელაფარებული. თბილისის ახალ მერს გაცილებით მსხვილი მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, ვიდრე ნაგვის თავახდილ ურნაში ჭვრეტაა.

მერიის ახალ შემადგენლობას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია ერთი კვირის წინ ჩაბარდა. დოკუმენტი, რომელსაც ნარმანიას მთავრობა 4 წელი ფარად იშველიებდა, როცა საქმე არასასურველ თუ უკანონო მშენებლობაზე მიდგებოდა. “აი, სადაც არის გენ.გეგმა გვექნება და მერე მოვუღებთ ბოლოს ამ ჯოჯოხეთსო”– ეს იყო მერიის პასუხი ყველა კითხვაზე, რასაც ჟურნალისტები უსვამდნენ ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით და ყველა პრეტენზიაზე, რასაც მშებენლობის ბუმით შეწუხებული მოსახლეობა უყენებდათ.

თუმცა 4 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მერიას თბილისის განაშენიანების ძირითადი დოკუმენტი მიეღო და დაემტკიცებინა. ამასობაში ქალაქში მილიონობით კვ.მ. ფართის მშენებლობის უფლება  გაიცა, რაც ისედაც ჩაბეტონებულ ქალაქს მომავალ წლებში კიდევ უფრო უჟანგბადოს და გაუვალს გახდის.

მოკლედ, როგორც იქნა გენ.გეგმის 2 000 გვერდიანი და 50 რუკიანი დოკუმენტი მერიამ ჩაიბარა. ახლა ჯერი მთავრობაზეა – ან დაამტკიცებენ გენ.გეგმას ან იტყვიან რომ არ ვარგა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გეგმა მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა და საბოლოო ვარიანტის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა გავლილი ფაზა უკვე ჩაბარებული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გენ.გეგმა არ ვარგოდა, ამას ახლა არ უნდა ვიგებდეთ. 

ახალი გარემოება: 

უკვე იმ დროს, როცა თბილისს დამტკიცებული გენ. გეგმა უნდა ჰქონოდა, სრულიად მოულოდნელად მერიამ გადაწყვიტა, შუა აზიის განვითარების ბანკისთვის დაეკვეთა ამ დოკუმენტის შეფასება. შერჩეულ ფრანგ ექსპერტს დოკუმენტაციის ნაწილი ინგლისურად უთარგმნეს, 2 კვირით ჩამოიყვანეს, ექსპერტმა უარყოფითი დასკვნა დადო. არ ვარგა თქვენი გენ.გეგმაო, ბევრი ხარვეზი აქვსო და ა.შ.

მე, როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს  3 კითხვა მაქვს: 

1. რატომ გაიწელა გენ.გეგმის დამტკიცების პროცესი? (ქალაქს გენგეგმა ჯერ კიდევ მაისში უნდა ჰქონოდა)

2. თუ ეს გენ.გეგმა არ ვარგა, მაშინ რატომ იბარებდა ეტაპობრივად მერია გაწეულ სამუშაოებს? 

3. რატომ დასჭირდა მერიას თავისივე დაწყებული სამუშაოების შეფასება უკვე იმ დროს, როცა გენ.გეგმა მიღებული უნდა ჰქონოდა?

შემთხვევით, მერია გამოსავალს ხომ არ ეძებს, როგორ თქვას უარი თბილისის გენერალური განაშენიანების დოკუმენტზე, რომლის სისრულეში მოყვანასაც არანაკლები შრომა, ცოდნა, კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე მის შექმნას. არადა, თუ გეგმას დაამტკიცებს, მისი განხორციელებაც მოუწევს. შეძლებს კი იმ ამოცანების დაძლევას, რაც გენ.გეგმის დოკუმენტით არის განსაზღვრული? უფრო ადვილი არ არის ქალაქის მართვა სახელმძღვანელოს გარეშე? აი, როგორც დღეს არის, ერთ ქუჩაზე ველობილიკი რომ გაგვიკეთეს და იქამდე ტრანსპორტით უნდა მიიტანო ველოსიპედი.. 

ერთი რამ ფაქტია, თბილისის დასაკუთრება 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება. რაც დრო გავა, მით უფრო შეუძლებელი გახდება კვ.მ-ობით გაყიდული თბილისის ქალაქისთვის დამსგავსება. როგორც, “ელიავას ბაზრობის” შემთხვევაშია – საბურავი, “დაშლილები”, ქვიშა, ხრეში, ქვა, ღორღი შუა ქალაქში, საცხოვრებელ ზონაში ყრია, მაგრამ მიწა კერძო საკუთრებაა და არავის დედამიწაზე, უფლება არ აქვს ხელყოს კერძო საკუთრება.

სულ ცოტა ხანიც და თბილისის გენ.გეგმის დოკუმენტის შექმნა აზრს დაკარაგავს. თუ მერიას მიწის ნაგლეჯიც აღარ ექნება საკუთრებაში, იქ ვერც ზონას დაადგენს, ვერც ხმაურის კოეფიციენტს და ვერც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი “ცეხების” ყოფნა-არყოფნას განსაზღვრავს.

P.S. მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, არც არსად  წასვლას ვაპირებ. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისის ბედი. მე არ მინდა, წლები მალოდინონ და მერე მითხრან:  უი, ის, რასაც შენ ელოდებოდი, მე რომ შეგპირდი, თურმე არ ვარგოდაო. მითუმეტეს, თუ ჩემი და სხვა მოქალაქეების ჯიბიდან ამისთვის გაცილებით მეტი ფული ამოიღეს, ვიდრე ის 2 800 000 ლარი, გენ.გეგმის ღირებულებისთვის რომ გაწერეს.