თბილისი · საზოგადოება

ელიავას ბაზრობა, როგორც გამოუსწორებელი შეცდომების მაგალითი

eliava.jpg

ეს თბილისია.

თბილისის ცენტრი.

მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორია.

ე.წ ელიავას ბაზრობის საკადასტრო რუკის ნაწილი.

თუ ამ ფოტოს ჩამოწერთ და გაადიდებთ, ასობით საკადასტრო კოდს ნახავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიას ერთი, ორი ან სამი მეპატრონე კი არ ჰყავს, არამედ 100 და კიდევ უფრო მეტი.. და როგორ ფიქრობთ, ამას მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვა არ დასჭირვებია? თბილისის მერიის ნებართვით და სრულიად ლეგალურად, კანონიერი გზით თბილისის ცენტრში 12 ჰექტარზე მეტი მიწა ნაკუწებად არის გაყიდული.

დედამიწაზე ვერავინ აიძულებს კეთილსინდისიერ შემძენს  თავის საკუთრებაში საბურავი, ქვიშა, ხრეში ან ცემენტი არ გაყიდოს. მათი ძალა ერთობაშია. მივა ბიძა კაცი “შპაკლზე”, წამოიყოლებს ცემენტს, ცოტა ქვიშას, თაბაშირ-მუყოს. მერე ცოლთან ერთად ონკანის და ნიჟარის საყიდლადაც იქ მივა. მისი ბიჭი, “BMW”-ს რომ ალეწავს, ძმაკაცებთან ერთად გაივლის დაშლილებში. მოგვწონს თუ არა, ჩვენი კულტურის ნაწილია ელიავაზე სავაჭროდ სიარული.

ერთ დღესაც გაიღვიძა თბილისის მერიის ყოფილმა შემადგენლობამ და თქვა: თბილისს გენ.გეგმა სჭირდებაო. ვინ იქნებოდა წინააღმდეგი? ნამდვილად სჭირდება. შეიკრა 70 კაციანი ჯგუფი, ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული და დაიწყო ქალაქის კონცეფციაზე მუშაობა. დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ დასრულდა. ვერ დასრულდა იმიტომ, რომ თუ ქალაქის იერსახის გამოსასწორებლად დაუკვეთეს ეს გეგმა, მაშინ დოკუმენტით განსაზღვრული ზონებიც უნდა დაიცვან. დოკუმენტში კი წერია, რომ მაგალითად ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეში-ღორღის ნაცვლად კარგი იქნებოდა მწვანე ზონა იყოს, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკი იქნებოდა. დაახლოებით, აი, ასეთი.24130480_717885625066700_4450616509438779689_o.jpg

როგორც კი ელიავაზე მწვანე ზონის მოწყობის გეგმა დაიდო, დაინტერესებული მხარე ალაპარაკდა, რომ ელიავაზე ნიადაგი არ ვარგა და სკვერი ვერ მოეწყობა. თუმცა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მწვანე ზონები უდაბნოში ან სახლის სახურავზე გააშენო, ან სულაც ყრუ კედელზე მოაწყო ვერტიკალური ბაღი.

პრობლემა სწორედ იმ ასობით მესაკუთრეშია, ვისაც პირველ ფოტოში ხედავთ. გენ.გეგმის მიხედვით, სამშენებლო და ავტონაწილების ბაზრობა ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს. საწარმოო, აუთვისებელ ტერიტორიებზე, რომელიც სამგორსა და ავჭალაში მრავლად გვაქვს. მაგრამ მეწარმეებს ეს გეგმა არ მოსწონთ, მოტივი მარტივია – ავჭალაში ვინ ივლისო, ამბობენ.

თუმცა სულ ცოტა უკან რომ გავიხედოთ, გავიხსენებთ რომ დიღმიდან მანქანების ბაზრობის რუსთავში გადატანის დროსაც ეს ფრაზები ისმოდა. დღეისათვის კი მანქანის ყიდვის და გაყიდვის მსურველი შაბათ-კვირას რუსთავში ატარებენ, ანუ ბიზნესი ამ გადაწყვეტილებით არ მომკვდარა, მხოლოდ მდებარეობა შეიცვალა.

რა გადაწყევტილებას მიიღებს თბილისის მერია, გენ.გეგმის შესახებ 28 ნოემბერს გახდება ცნობილი. (მერიას დოკუმენტი 15 დღის წინ ჩაბარდა, კანონით განსაზღვრული ვადა ხვალ, 28 ნოემბერს იწურება)

“ელიავას ბაზრობა”, როგორც ამ დოკუმენტის ყველაზე ცხელი წერტილი, კარგი მაგალითია იმისა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ხვალ შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქალაქს.

თბილისის მერის კაბინეტის ვიტრაჟი პირდაპირ გადაჰყურებს ქალაქის ცენტრში მოწყობილ სამშენებლო ბაზრობას. მესამე მერი გვყავს, რომელიც სამუშაო ოთახიდან გაჰყურებს ნაკუწებად გაყიდულ თბილისს. გადაწყვეტილება იმდენად რთული მისაღებია, რომ ელიავას თემას ყველა აჩერებს.

თბილისის ჩასმა კი დედაქალაქისთვის შესაფერის ჩარჩოში ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება.

საზოგადოება

ექნება თუ არა დედაქალაქს გენ.გეგმა – თბილისი განაჩენის მოლოდინში

თბილისის ყოფილი თავებისგან მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების მცდელობებიც გვახსოვს  და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ბევრი გვინახავს ვიდეო კამერების წინ ცხვირზე ხელაფარებული. თბილისის ახალ მერს გაცილებით მსხვილი მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, ვიდრე ნაგვის თავახდილ ურნაში ჭვრეტაა.

მერიის ახალ შემადგენლობას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია ერთი კვირის წინ ჩაბარდა. დოკუმენტი, რომელსაც ნარმანიას მთავრობა 4 წელი ფარად იშველიებდა, როცა საქმე არასასურველ თუ უკანონო მშენებლობაზე მიდგებოდა. “აი, სადაც არის გენ.გეგმა გვექნება და მერე მოვუღებთ ბოლოს ამ ჯოჯოხეთსო”– ეს იყო მერიის პასუხი ყველა კითხვაზე, რასაც ჟურნალისტები უსვამდნენ ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით და ყველა პრეტენზიაზე, რასაც მშებენლობის ბუმით შეწუხებული მოსახლეობა უყენებდათ.

თუმცა 4 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მერიას თბილისის განაშენიანების ძირითადი დოკუმენტი მიეღო და დაემტკიცებინა. ამასობაში ქალაქში მილიონობით კვ.მ. ფართის მშენებლობის უფლება  გაიცა, რაც ისედაც ჩაბეტონებულ ქალაქს მომავალ წლებში კიდევ უფრო უჟანგბადოს და გაუვალს გახდის.

მოკლედ, როგორც იქნა გენ.გეგმის 2 000 გვერდიანი და 50 რუკიანი დოკუმენტი მერიამ ჩაიბარა. ახლა ჯერი მთავრობაზეა – ან დაამტკიცებენ გენ.გეგმას ან იტყვიან რომ არ ვარგა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გეგმა მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა და საბოლოო ვარიანტის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა გავლილი ფაზა უკვე ჩაბარებული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გენ.გეგმა არ ვარგოდა, ამას ახლა არ უნდა ვიგებდეთ. 

ახალი გარემოება: 

უკვე იმ დროს, როცა თბილისს დამტკიცებული გენ. გეგმა უნდა ჰქონოდა, სრულიად მოულოდნელად მერიამ გადაწყვიტა, შუა აზიის განვითარების ბანკისთვის დაეკვეთა ამ დოკუმენტის შეფასება. შერჩეულ ფრანგ ექსპერტს დოკუმენტაციის ნაწილი ინგლისურად უთარგმნეს, 2 კვირით ჩამოიყვანეს, ექსპერტმა უარყოფითი დასკვნა დადო. არ ვარგა თქვენი გენ.გეგმაო, ბევრი ხარვეზი აქვსო და ა.შ.

მე, როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს  3 კითხვა მაქვს: 

1. რატომ გაიწელა გენ.გეგმის დამტკიცების პროცესი? (ქალაქს გენგეგმა ჯერ კიდევ მაისში უნდა ჰქონოდა)

2. თუ ეს გენ.გეგმა არ ვარგა, მაშინ რატომ იბარებდა ეტაპობრივად მერია გაწეულ სამუშაოებს? 

3. რატომ დასჭირდა მერიას თავისივე დაწყებული სამუშაოების შეფასება უკვე იმ დროს, როცა გენ.გეგმა მიღებული უნდა ჰქონოდა?

შემთხვევით, მერია გამოსავალს ხომ არ ეძებს, როგორ თქვას უარი თბილისის გენერალური განაშენიანების დოკუმენტზე, რომლის სისრულეში მოყვანასაც არანაკლები შრომა, ცოდნა, კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე მის შექმნას. არადა, თუ გეგმას დაამტკიცებს, მისი განხორციელებაც მოუწევს. შეძლებს კი იმ ამოცანების დაძლევას, რაც გენ.გეგმის დოკუმენტით არის განსაზღვრული? უფრო ადვილი არ არის ქალაქის მართვა სახელმძღვანელოს გარეშე? აი, როგორც დღეს არის, ერთ ქუჩაზე ველობილიკი რომ გაგვიკეთეს და იქამდე ტრანსპორტით უნდა მიიტანო ველოსიპედი.. 

ერთი რამ ფაქტია, თბილისის დასაკუთრება 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება. რაც დრო გავა, მით უფრო შეუძლებელი გახდება კვ.მ-ობით გაყიდული თბილისის ქალაქისთვის დამსგავსება. როგორც, “ელიავას ბაზრობის” შემთხვევაშია – საბურავი, “დაშლილები”, ქვიშა, ხრეში, ქვა, ღორღი შუა ქალაქში, საცხოვრებელ ზონაში ყრია, მაგრამ მიწა კერძო საკუთრებაა და არავის დედამიწაზე, უფლება არ აქვს ხელყოს კერძო საკუთრება.

სულ ცოტა ხანიც და თბილისის გენ.გეგმის დოკუმენტის შექმნა აზრს დაკარაგავს. თუ მერიას მიწის ნაგლეჯიც აღარ ექნება საკუთრებაში, იქ ვერც ზონას დაადგენს, ვერც ხმაურის კოეფიციენტს და ვერც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი “ცეხების” ყოფნა-არყოფნას განსაზღვრავს.

P.S. მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, არც არსად  წასვლას ვაპირებ. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისის ბედი. მე არ მინდა, წლები მალოდინონ და მერე მითხრან:  უი, ის, რასაც შენ ელოდებოდი, მე რომ შეგპირდი, თურმე არ ვარგოდაო. მითუმეტეს, თუ ჩემი და სხვა მოქალაქეების ჯიბიდან ამისთვის გაცილებით მეტი ფული ამოიღეს, ვიდრე ის 2 800 000 ლარი, გენ.გეგმის ღირებულებისთვის რომ გაწერეს.

განათლება

ხარისხიან განათლებას მეტი ფული სჭირდება

განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები იზრდება, თუმცა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლებაზე გაწეული ხარჯების წილი დაბალია, უფრო კონკრეტულად კი მშპ-ს 2.8 %-ს არ აღემატება (2016 წ). მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ამ მიმართულებით გაცილებით დიდ თანხებს ხარჯავენ. მაგალითად, შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში განათლებაზე მშპ-ს 7%-ზე მეტი იხარჯება. ინგლისის და ამერიკის მშპ-ს 5%-ზე მეტი ეთმობა, გერმანიაში, ხორვატიასა და იტალიაში – 4%-ზე მეტი.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, განათლებას ერთი ფასი აქვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. კავკასიონის ქედს აქეთ მდებარე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი,  კულტურის, ფართობის და მოსახლეობის რაოდენობის განსხვავების მიუხედავად, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში თითქმის ერთნაირად იმეტებენ ფულს განათლებისთვის. სამივე შემთხვევაში განათლებაზე დანახარჯები 2-3%-ს შორის მერყეობს.

 Megikoli.jpg

 

 

განათლება

განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები იზრდება, ოჯახების ხარჯები კი იკლებს

განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები იზრდება, ოჯახების მიერ გაწეული ხარჯები კი იკლებს. ამის მიუხედავად ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლებაზე გაწეული დანახარჯები 2.8%-ს არ აღემატება. (განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია)
გრაფიკი1. განათლების დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში (ნომინალური მშპ) 

Megi-2.jpg

გაცილებით თვალსაჩინოა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების სამინისტრო დაფინანსების რაოდენობით მესამე ადგილზეა და 1. 116 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი.

გრაფიკი2. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი წლების მიხედვით

Megi-3.jpg

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარდა, განათლების ხელშწყობისთვის ფულს სხვა სახელმწიფო ორგანოებიც ხარჯავენ. მათ შორის, თავდაცვის, კულტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსიტრო, აჭარის მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობები და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით განათლების დარგის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება.
გრაფიკა 3: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები განათლებაზე (მლნ ლარი)

Megi-4.jpg

განათლებაში ინვესტირებას ოჯახებიც ახდენენ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახების მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა არაერთგვაროვანი კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ბოლო მონაცემების თანახმად, შინამეურნეობების დანახარჯები კვლავ ასობით მილიონი ლარია.
გრაფიკი 4: შინამეურნეობების და არაკომერციული ორგანოების დანახარჯები განათლებაზე (მლნ. ლარი)

Megi-5.jpg