მეჩქარება, 16:00-ზე შეხვედრა მაქვს ჩანიშნული, სულ 15 წუთია დარჩენილი. დგას ჩემს უკან “ოპელი” და მძღოლი არ ჩანს. ჩაკეტილი ვარ. 5 წუთიანი უიმედო ტრიალის შემდეგ მივხვდი, დაცდას აზრი არ ქონდა. დომინოს პრინციპით დამენგრეოდა ყველა გეგმა და გავიქეცი ფეხით, მერე ტაქსით. საქმე რომ მოვილიე, დავბრუნდი ჩემს მანქანასთან. ისევ ისე დგას “ოპელი”, ამჯერად პატრონთან ერთად. ამ დროს ერთადერთი სურვილი გაქვს, არ დავწერ, ისედაც გეცოდინებათ. მაგრამ..
შუახნის კაცი, მოკლე შარვლით, გაცრეცილი დიდი ზომის ქურთუკით, საბარგულს მიყუდებია. პირში სიტყვები ვერ მოვაგროვე, ისე უმწეოდ გამოიყურებოდა ჩემი გამბრაზებელი. გავაღე მანქანა და გაწიე მეთქი, ვთხოვე.
“- ხო გავწევ რა იყო, არ არი სხვა ადგილი” – უკმაყოფილოდ აზოზინდა.
“- ადგილი რომ არ იყო, 200 მეტრის დაშორებით გავაჩერე და თქვენც რო გადადგათ 2 ნაბიჯი რა მოხდება, ან ნომერი მაინც დაგეტოვათ მანქანაზე”
“- ნეტა შენა რაა.. მეტი პრობლემა რო არა გაქვს!”
“- თქვენ შემიქმენით დღეს პრობლემა.” – ჩემთვის ჩავილაპარაკე.
“- აესე რაა.. წაისმევენ პომადას, მოაჯდებიან მერსედესებს და კიდე შენა ხარ დამნაშავე” – არ ჩქარობს წასვლას.
” – ცოტა დრო მაქვს, გამაცალე მანქანა” – ავუწიე ხმას. სადღაციდან მესმის:
“- გაჭირვებული კაცია, რას დასჩხავიხარ”- ნაცნობი გამოესარჩლა.
“- რაკი გაჭირვებულია წესების დარღვევა შეუძლია?”
“- წადი რა, გაიარე. შარზე ხარ. შენ რა იცი ხალხი როგორ ცხოვრობს, შენ ლუკმა-პური უნდა გქონდეს საშოვნელი და მერე გნახავდი ერთი !!!”
ბოლომდე ვერ მივხვდი, რა კავშირი იყო ლუკმა-პურის შოვნასა და მანქანის არასწორ პარკირებას შორის ან რატომ ჩათვალა რომ მე არ მაქვს “ლუკმა პური” საშოვნელი, მაგრამ გავჩუმდი. აზრი არ ქონდა – შენ მარჯვნივ ხარ, ისინი მარცხნივ არიან. ან პირიქით. ხმას ამოიღებ და ისევ შენ გამოდიხარ უზრდელი, უგულო, თავში ავარდნილი გულქვა დედაკაცი.
ქვეყანაში ქაოსია, რომელსაც ლუკმა-პურის შოვნის სახელით გამართლება აქვს.
გარევაჭრობას ვერაფერს ვუზამთ, ბაზრის ქირას ვერ იხდიან მოვაჭრეები. მეტროს ამოსასვლელებთან დაყრილ მეორადი ტანსაცმლის გროვებს უნდა შევეგოუთ, იმიტომ რომ შია ხალხს.
“ელიავას” ბაზრობის ნაცვლად ცენტრალური პარკი ვერ გაკეთდება, გარეუბნებში ვინ წავა ქვიშა-ხრეში-ცემენტისთვის! მტკვრის პირას თუ თაბაშირ-მუყაო არ იყიდე, რაა მამული.
ტაქსებზე ლიცენზიას ვერ შემოვიღებთ, სად აქვთ ამდენი ფული საწყალ მძღოლებს?
სავალდებულო ტექდათვალიერებას ვერ დავაკანონებთ, რა ქნას ხალხმა, საიდან მოიტანონ ახალი მანქანები?
გზა უნდა გადაჭრან, ხიდზე ვერ ავლენ, ამდენ საფეხურს რა აივლის?
წითელზე ვერ გაჩერდებიან, ეჩქარებათ!
ავტოფარეხი რომ ჭირდებათ თორემ, ამ ნაძვს კი არაფერს ერჩის და ა.შ.
ყველაფერს გამართლება აქვს. ვიძრომიალოთ ნაგავში, ვიმგზავროთ ფახ-ფახით, ვისუნთქოთ კიბო, ვიცხოვროთ ქაოსში. მთავარია ლუკმა-პური ვიშოვოთ, რა გზებით და როგორ აღარ აქვს მნიშვნელობა.
სადამდეც ვიქნებით ვიქნებით.