საზოგადოება

ქალობის გზა და ქალები გზებზე

ყველაზე მეტად სამანქანო გზაზე გადასვლისას ეტყობათ ჩვენ ქალებს წისქვილის ქვა რომ დატრიალებულა მათ თავზე. მთლიანად მინდობილი ირგვლილ მოძრავი მანქანების მძღოლებზე – ტრასაზე მიდიან მშვიდად, აუჩქარებლად, ზლაზვნით. თითქოს არაფერი აქვთ დასაკარგი, თითქოს შინ არავინ ელოდებათ. ფიქრებში წასული ნაოჭებში ჩაკარგული თვალები არ იხედებიან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. დაუსიგნალებ შეხტება, მობრუნდება მოგაწყევლის ან დაგიტოვებს ღვარძლიანად “გადამიარე ბარემ” და განაგრძობს გზას უკმაყოფილო. თითქოს შენ შეუშალე ხელი!
დაღლილები, შეურაცხყოფა გადატანილები, მშობლებისგან პატრონს ჩაბარებულები, შვილების მარტო გამზრდელები, დედამთილებისგან ჭკუა დარიგებულები, ქმრისგან ნაცემები, შვილებისგან იმედგაცრუებულები, არ ნასახელები დედები ინსტიქტურად დადიან ქუჩებში.

ეს ქალები გადადიან გზებზე ყველაზე მშვიდად, აუჩქარებლად, უდრტვინველად. იმდენი გადაუტანიათ, ისეთ ეკლიან გზებზე უვლიათ, ისეთი ლაბირინთები გაუკვლევიათ, შენ ვეღარაფერს დააკლებ.

თუ დააკვირდებით, ისინი არიან ბევრნი. ქალზე ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. ნუ მივიყვანთ ჩვენ ქალებს იმ მდგომარეობამდე, დასაკარგი რომ აღარაფერი ქონდეთ.

განათლება · საზოგადოება

დედაჩემი ფეისბუქდამოკიდებულია!

“ზუსტად ვერ ვიხსენებ როდის გავმრავლდით, მაგრამ დიდი ხანია აღარ ვართ სამნი.

ბოლო დროს ასე ვართ დაჯგუფებული: მე და მამა, დედა და დედას ტელეფონი.

ჩვენ ვართ ორნი, დედა ბევრია.

ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენზე, დედა გვიყვება ვიღაცეების ამბებს.

ჩვენ ვთამაშობთ, დედა ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ფილმს ვუყურებთ დედა ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვვახშმობთ, დედა თან ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვიძინებთ, დედა ისევ ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვმგზავრობთ, დედა ტელეფონს სქროლავს, მარცხენა ხელში ჩემი ხელი უჭირავს, ცეკვაზე მივყავარ – მარჯვებათი ტელეფონს სქროლავს.
მე აღარ მიყვარს საღამო, როგორც ჩვენი შეკრების დრო. აღარ მიყვარს კუთხე ჩვენს სახლში, სადაც დედაჩემი მოიკალათებს ხოლმე.

ხანდახან იტყვის, გამოვრთავ ინტერნეტს. გადადებს ტელეფონს და ვიწყებთ თამაშს. მიყვარს და სულ უფრო ხშირად მენატრება ეს წუთები.

ზოგჯერ მინდა, ვიყოთ ერთად როგორც ადრე. ამბები მოვყვეთ, ვიცინოთ, ვიტიროთ, ჩავეხუტოთ. მხოლოდ მე და ის, ისე რომ არ მოუკაკუნოს ვინმემ, ისე რომ არ მითხრას “დე, ერთ წუთს ხო..” და არ შეეცვალოს მიმიკა სხვაგან წასული ფიქრებით.
აიღებს დადებს, აიღებს დადებს. ავიწყდება, 20 წამის წინ ხელში რომ ეჭირა ტელეფონი.ის ფეისბუქდამოკიდებულია. მისი სიამოვნების გზა წითელ შეტყობინებებზე გადის.
დანარჩენს აკეთებს ინერციით, მექანიკურად. იცის რომ უნდა მაჭამოს, დამბანოს, დამაძინოს, გამიღიმოს, მაგრამ მისი თვალები სხვანარი გახდა. თითქოს გამჭირვალეა და შიგ ფეისბუქის შეტყობინებები ირეკლება.
მეშინია, რომ ერთ დღესაც დედაჩემს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გაუშეშდება. მეშინია, წითელი ერთიანის მის ტელეფონზე. მეშინია, განათებული ეკრანის. მეშინია, რომ ის ადამიანები, ვინც დედაჩემს წერს/უკომენტარებს, უწონებს ჩემი მტრები გახდებიან. შეჭამებ და მოინელებენ ჩვენ დედა-შვილობას.

ერთხელ სტუმრად რომ წავედით, მეგობრის შვილს მივარდა დედაჩემი, ჩემხელა ბავშვს. ისეთი დეტალები უთხრა მისი ცხოვრების შესახებ, გაოცებული უსმენდა ბიჭი უცნობ დედაჩემს. სად გადაუხადეს მე-9 დაბადების დღეს, რა ეცვა, რა საჭმელი უყვარს, რომელ სკოლაში სწავლობს. გაოცებული უყურებდა ის ბიჭი, მე კი ვფიქრობდი, რაში ჭირდება დედაჩემს ეს ინფორმაცია? რას უთმობს დროს მაშინ, როცა მე მასთან ურთიერთობა მენატრება?!. მერე მეც მომვარდა იბ ბიჭის დედა და იგივე სიტყვები მითხრა ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან. და მე მივხვდი რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ იყო.

მე არ გიცნობთ, მაგრამ თქვენზე ვეჭვიანობ.

ვიცი, დედაჩემი ამ წერილსაც გააზიარებს და თქვენ დაიწყებთ, “ვაიმეე საყვარელი ბავშვიი”. გთხოვთ, არ გინდათ. თუ თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ, უბრალოდ არ მოუკაკუნოთ დედაჩემს. ის კიდევ ერთ საღამოს დამტოვებს მარტო.”

საზოგადოება

სად გაიზარდე?!

პირველად მასწავლებელმა უთხრა, სად გაიზარდეო და კუთხეში დააყენა!!
მერე, ცუდი ნიშანი რომ მიიღო, მამამ წაუთაქა სად გაიზარდეო, დედა შეაგინა, სიგარეტს მოუკიდა და გამწარებულმა აივნიდან გადაანერწყვა.
მერე სკოლიდან გამოპარული სადარბაზოში რომ ეწეოდა და იგინებოდა, მეზობლის ქალმა ჩაუარა ბუტბუტით, სად გაიზარდეო და გვარიანად მიაწყევლა.
მერე, პატარა შვილს დაარტყა და აბობოქრდა ერი, სად გაიზარდაო.
მერე მოხუც ბებოს თოფი ესროლა და ახლა ამაზე ატეხეს აურზაური, სად გაიზარდეო.

Continue reading “სად გაიზარდე?!”