საზოგადოება · Uncategorized

ჩემი უცნაური მოგზაურობა საფრანგეთში

მე არ მოგიყვებით ლუვრის, ვერსალის, ეიფელის კოშკის ან პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ. არც ივ სენ ლორანის, კოკო შანელის, კრისტიან დიორის, პიერ კარდენის სამოდელო სახლებზე გეტყვით რამეს. მე ნამდვილ საფრანგეთში მოვხვდი, ისეთში სადაც მილიონერების გვერდით რიგითი, საშუალო და დაბალი შეძლების ფრანგები ცხოვრობენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კანის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე საქმიანი მიწვევა მივიღე.

მოლოდინი

მივლინებაში წასვლის წინ სულ გგონია, რომ საქმეს ძალიან სწრაფად მორჩები და დრო აუცილებლად დაგრჩება ცოტა ხნით ჭეშმარიტ ტურისტად გადაიქცე. მეც ამ ფიქრებით დახუნძლული ვზივარ თვითმფრინავში (პირღია, რომ აფრენისას ყურები არ დამიგუბდეს) და ცხადად ვხედავ, როგორ გავყურებ ფრანგულ რივიერას სასტუმროს ნომრის ვერანდიდან. როგორ მივქრივარ ლაჟვარდოვან სანაპიროზე “ფერარის” “კატერით” და როგორ მივირთმევ ვარდისფერ შუშხუნა ღვინოს ფრანგული ბროლის ჭიქიდან. ოცნებები ბორტგამცილებლის შემოთავაზებულმა გემრიელობებმა იმსხვერპლა.

 რეალობა

ნიცაში დილაადრიან ჩავფრინდით. რა თქმა უნდა, არც მანქანა დაგხვდა და არც სასტუმროში დაბინავების დრო დაგვრჩა. რაკიღა ფრანგი ტაქსისტის მოთხოვნილი 100 ევროც არ აღმოგვაჩნდა, 2 ევროიანი ავტობუსი მოვძებნეთ, ჩანთები საბარგულში შევჭუჭყნეთ და კანის კინოფესტივალის სასახლესთან ახლოს გაჩერებაზე ჩამოვედით. ბარგი შევინახეთ. აკრედიტაცია გავიარეთ და მთელი ღამის ნამგზავრები უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე შევცვივდით.

საქმე

კანი – მილიონერების ქალაქი. კინოფესტივალის მუდმივი მასპინძელი ამჟამად უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს მასპინძლობს. ათასობით საქმიანი შეხვედრა, ასობით ინვესტორი, დეველოპერი, ბანკირი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდი, დელეგაცია, მედია საშუალება ფუსფუსებს, გეგმავს, ათანხმებს, სანაცნობო წრეს აფართოვებს, კონსულტაციებს გადის, იღიმის, ფოტოებს იღებს, ერთმანეთს ხელს ართმევს. პავილიონები დამთვალიერებელს ვეღარ იტევს. საქმე თავზე გვაყრია. საქართველოს პაწუკა სტენდს რუსეთის დელეგაციის წევრები ეხვევიან. საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინის და ჩურჩხელის დეგუსტაციის პარალელურად მიდის – მერე რა რომ კანში ვართ, მერე რა რომ კანი საფრანგეთია, ჩვენ ჩვენებური მასპინძლობა ვიცით. პატარა გემრიელი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ.

შოპინგი

სამუშაო დღის ბოლოს გამოვქასქასდით მე და ჩემი ოპერატორი. ტელეფონის ნომერი ვიყიდეთ. სახლებში დავრეკეთ. ქალაქში გავიარეთ. ტურისტების ტევა არ იყო ქუჩებში. Bonjour გვესალმებიან მაღაზიებში. მიკვირს, მიხარია, ძალას მმატებს “თუ ყიდვა არ გინდა რას დაეთრევის” ქალაქიდან ვარ ჩასული. დამავიწყდა რომ ნამგზავრი ვარ, დაღლილი, მშიერი, ახალი სუნთქვა გამეხსნა. სადაც არის დაღამდება. მაღაზიიდან მხოლოდ ერთი მიზნით გამოვდივარ, მეორე მაღაზიაში რომ შევიდე. ოპერატორი გარეთ ზის – “ისვენებს”, თვლემს, ეწევა, “ათვალიერებს”, მაკვირდება ხომ ჯანმრთელად ვარ, უკვირს, ელოდება როდის დავეცემი, აქა იქ თვალს მავლებს – არ დავეკარგო. “ერთიც და მოვდივარ” – შევძახებ და იმ იმედით რომ თბილისში ნანახ 500 ლარიან ყავისფერ ტილოს პიჯაკს სამშობლოში ბევრად იაფად ვნახავ “სინექუანონში” შეშლილივით შევრბივარ. მაღაზიაში უჩვეულო უწესრიგობაა. ჭერიდან დაშვებული სარკის წინ ტანსაცმლის გორა დგას. 4 კონსულტანტი ამაოდ ცდილობს პოტენციური კლიენტისთვის შესაფერისი შარვლის, ქურთუკის, პერანგის მორგებას, კიდევ ორი ამაოდ კეცავს ძირს დაყრილ ტექსტილს და უკმაყოფილოდ ბუზღუნებს. კლიენტი არ იმჩნევს, ცალი ხელით საკიდზე ჩამოკონწიალებულ მაისურს იტოლებს, მეორეთი ტელეფონს იღებს, რეკავს და განგმირული ხმით იწყებს: “რა ქენი დეეეე ჭამე მაწვნის კერძიიი? ” ქართველია. აქამდე რატომ ვერ მივხვდი. თბილისში დაბრუნდება და იტყვის დავიხვიე მთელი საფრანგეთი თავზეო. მართალიც იქნება. შემეშინდა, ჩემი ტელეფონიც არ აწკრიალებულიყო და მეც იმ ენაზე არ დამეწყო ლაპარაკი. ჩუმად გამოვიძურწე.

tax

დაბინდებულიყო, ჩანთები ავიღეთ, გაჩერებაზე მივედით და მერეღა შევამჩნიე “რენჯროვერი” ყველაზე ცუდი ბრენდი იყო, რითიც კანში “ტაქსაობდნენ”. კონკურენცია დიდია. მძღოლები გაჩერებაზე ერთად დგანან და კლიენტს როგორც ნადავლს ისე ინაწინებენ. “რენჯროვერის” მძღოლს სასტუმროს მისამართი რომ ვუთხარით, 90 ევროზე ნაკლები არ გამოვაო. გადავამოწმეთ “პორშეთი” და “ბენტლით” მოტაქსავე მძღოლებთან, არ მოგვატყუოს მეთქი. კი გამახსენდა, სამსახურიდან სახლამდე მიყვანაში 1 ლარის დაკლებაზე რომ ვეჯღანები ხოლმე თბილისელ მძღოლებს, მაგრამ რას ვიზამდი საფრანგეთის ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე – გავიღეთ მსხვერპლი.

სასტუმრო

დაახლოებით ისეთ ადგილებში გვატარა, ჩვენში რომ “პერევალს” ვეძახით და მთაწმინდიდან კუკიის გავლით ვაზისუბნის ბოლოში ახვიდე. ჯიპიარესმა რომ აჩვენა აქ არის სასტუმროო, კიდევ ნახევარი საათი ვეძებეთ ჯერ მანქანით, შემდეგ ფეხით. ბოლოს მივაგენით – ერთ სართულიანი შენობა იყო, ვუვლით გარშემო როგორც ზღაპრებში, გასაღების ჭუჭრუტანიდან გამომავალი სინათლით ვიპოვეთ კარი. “სასტუმროში” კაციშვილის ჭაჭანება არ არის. როდისღაც კუთხური ფრანგულით მოსაუბრე ერთადერთი თანამშრომელი ქალი გამოჩნდა, გასაღებების ასხმიდან ერთი ცალი გამოაძვრინა და ჩაბნელებული დერეფნისკენ გაგვიძღვა. ჩანთები დავაწყეთ. იმედგაცრუებულმა მიმოვიხედე. მივხვდი, რომ შუასაუკუნეების ფუნდუკში ვიყავი. ის იყო მდგომარეობასთან შეგუება დავიწყე. გავიფიქრე, რაც არის არის, საფრანგეთში ვარ, ხასიათს არ გავიფუჭებ, დავიძინებ მეთქი და ორი თითით საწოლის გადასაფარებელი ავწიე. თურმე რა მელის.. ლოგინს თეთრეული არ ქონდა. აი ასე, უზეწრო ლეიბებზე უკონვერტოდ ეწყო გაძუნძგლული ლურჯი ადიალები და ბალიშები და ეს ხდებოდა ჩემს თავს საფრანგეთში 2011 წელს.

ADIALA.jpg

აქ ჩაირთო განგაშის ზარები. მოვიხმე ფუნდუკის დიასახლისი. ვერ ვაგებინებ რა მინდა. კუთხური ფრანგულის გარდა არაფერი ესმის. საცოდავად იყურება და ხელებს შლის რა გინდაო. ჩემმა სახემ ოპერატორი აიძულა სიმშვიდე და ნათელი გონება შენარჩუნებინა. ურეკავს მეგობარს, რომლის ცოლმაც იცის ფრანგული. მეგობრის ცოლი უხსნის რომ ლოგინს სჭირდება თეთრეული, რომ გაძუნძგლულ “ადიალებში” ჩაწოლა არაჰიგიენურია. კარგითო. გამომყევითო. ფუნდუკის საკუჭნაოში შემიყვანა, იქექა, იქექა და ზეწრები იპოვა. მხოლოდ ზეწრები.. უკან დასახევი გზა არ გვქონდა. იყო ღამე და ჩვენ ორნი, მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით უცხო ქვეყნის მიყრუებულ სოფელში, სადაც არც ტრანსპორტია, არც სულიერის ჭაჭანება. იმ ღამეს გვეძინა ჩაცმულებს. დაძინებამდე მადიანად მივირთვით კანის სუპერმარკეტში ნაყიდი “პეჩენიები”, დავაყოლეთ თბილისიდან წაღებული ბორჯომი. ჩვენ ფუნდუკში არც ჩაი და ყავა იყო. მაშინ პირველად და უკანასკნელად გავიფიქრე, რომ ჩხოროწყუში უკეთესი სასტუმროები გვაქვს.

მომსახურება

ინათა თუ არა იქ რა გაგვაჩერებდა. ავიკიდეთ ჩვენი ბარგი-ბარხანა და გავუყევით გზას კანისკენ. 1 კმ-ის ფეხით სიარულის შემდეგ კაფე გამოჩნდა. გაგვიხარდა. დავსხედით. შემწვარი “ჩიქენი” და კარტოფილი შევუკვეთეთ. ნახევარი საათის შემდეგ სისხლით მოწუწული წინსაფრიანი მიმტანი მოგვიახლოვდა, მგონი თვითონ დაკლა ის ქათამი. ეს იყო წუთი, როცა დავრწმუნდი, რომ თბილისში არ არის ყველაზე ცუდი მომსახურება.

ქუჩაში

ვდგავართ ტროტუარზე მე და ჩემი ოპერატორი და ვკამათობთ აქეთ უნდა წავიდეთ თუ იქით. ჩვენი ლაპარაკი ყვირილად გვესმის. უჩვეულოდ დაწყნარდა გარემო. შუქნიშანი არ არის, მაგრამ მოძრაობის ორივე მხარეს მანქანები გაჩერებულა, მძღოლები მშვიდად, წყნარად, ღიმილით გვიყურებენ. ვაი, ვფიქრობ “მიჩანს რამე”? რა უნდათ. ქვეითთა გადასასვლელთან ახლოს ვმდგარვართ. ისხდნენ და გველოდნენ საყვარელი ფრანგები როდის გადავკვეთდით ჩვენს გზას. არც სიგნალი, არც აგრესია.

ტრანსპორტში

მოვიდა ავტობუსი. მძღოლს რომ მისამართი ვუთხარით, არაო, გეშლებათო. წამოდით მე გაჩვენებთ რომელ მხარეს უნდა დადგეთო. ავტობუსი მგზავრებიანად გაჩერებაზე დატოვა, გამოგვყვა და იმ გაჩერებამდე მიგვაცილა სადაც ჩვენთვის საჭირო ტრანსპორტი გამოივლიდა. წარმატებული დღე გვისურვა და ღიმილით დაგვემშვიდობა.
მეორე ავტობუსი ისეთი იყო, უბანში რომ დადის და თითქმის ყოველ დღე ერთი და იგივე მგზავრები გადაყავს. ტემპერამენტიანი მძღოლი მთელი გზა ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვინმე ანტუანს და ჟერარს. თან საცობებსა და მოტოციკლის მძღოლებზე ჩხუბობდა. ვიწრო ქუჩაზე ცუდად გაჩერებული მანქანა შენიშნა, გვერდი რომ აუარა, პოლიციაში დარეკა და ეჩხუბა, რატომ არ აწესრიგებთ პარკირების საკითხებს, ხელი მეშლება მოძრაობაშიო. ახლა თქვენ მიხვდით რა სიტყვებით შეამკო ჩემმა ოპერატორმა ბატონი მძღოლი. სახით კი უღიმოდა, მაგრამ ქართულად სულ ბოზი და ჩამშვები ნაბიჭვარი ეძახა საფრანგეთის კანონმორჩილ მოქალაქეს.

ღამე კანში

გვიან მოვრჩით მუშაობას. უბადრუკ ფუნდუკში დაბრუნებას ქალაქში გასეირნება ვამჯობინეთ. იმ საღამოსაც ჩვეულ ბრწყინავდა ფრანგული რივიერა. საქმიანმა შეხვედრებმა არაფორმალურ გარემოში ზღვაში მოლივლივე იახტებზე გადაინაცვლა. ასობით გემბანიდან შეჟუჟუნებული ჟღურტულები, კისკისები, არ შემაწუხებელი მუსიკები ისმოდა. დუღდა, დუღდა, დუღდა სიცოცხლე.
მე კი დიდხანს ვიჯექი სანაპიროზე. შორიდან ვუთვალთვალებდი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების გუგუნს, გემიდან კაზინოს შორის რომ მოძრაობდნენ. დავყურებდი ჩემს ფეხებზე ხაშურში 34 ლარად ნაყიდ ბოტასებს და ვფიქრობდი, რომ ჩემს ქალაქში უკვე დიდი ხანია დაღამდა. ჩემს სოფელში კი მალე გაიღვიძებენ, რომ საქონელი გადენონ.  ორივეს ცხოვრება ქვია. აქაც და იქაც.

3 thoughts on “ჩემი უცნაური მოგზაურობა საფრანგეთში

  1. ჩემი ვოიაჟი გამახსენდა მშობლიური ბათუმის რივიერაზე. ზუსტად იგივე გადამხდა 😃. ტრენერად მივლინებულმა როგორ ვიძუნწე და საშუალო სიძვირის სასტუმრო შევიგულე ინტერნეტიდან.ჯერ ერთი,ახლოს იყო ჩემს ობიექტთან,მერე ძალიან კომფორტულად მეჩვენა ერთი ადამიანისთვის,მესამე-დიასახლისი აღმოჩნდა სირინოზისხმიანი,სანდომიანი ქალბატონი,რომელიც საუზმის ლამის ლოგინში მორთმევას დამპირდა,მეოთხე-ხელმისაწვდომი ფასი. 4 დღე ვიქნები ჩემს გემოზე.ვისეირნებ,დავისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან- დავალაგე პროგრამა. სინამდვილე აღმოჩნდა სასტიკი😃😃😃. დამავიწყდა,ფული წინასწარ გადავურიცხე,რა მრჯიდა. ჰოდა,აღმოვჩნდი სუპხარჩოს სუნით აქოთებულ ზავედენიაში. ვეძებე და ვერსად ვიპოვე ინტერნეტში ფოტოზე გამოსახული სამეული. მთელი მშვენება პლასტმასის პალმები გახლდათ, ცუდადმოწმენდილ მეტლახზე კედელთან მილაგებული. დროის დეფიციტის გამო ვერ მოვახერხე ეგრევე წამოსვლა. დავიბარე კი. სადღა იყო სირინოზისხმიანი დიასახლისი ?აღმოჩნდა ფურია, განსხეულებელი გორგონა. ფული არ დამიბრუნა. დიდი ომით შევაცვლევინე თეთრეული. 2 ღამე ძლივს გავძელი.

    Like

    1. სასწაულები იქ ხდება, სადაც არ ელი 🙂 როცა მოლოდინი გაქვს, იმედები ხშირად ცრუვდება 🙂

      Like

Leave a comment