საზოგადოება

იმიტომ, რომ მეც გოგო ვარ

2012 წლიდან 11 ოქტომბერს გაერო გოგოების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. როგორც ჩანს, ჩვენთან ამ თარიღმა წელს შემოაღწია – დღეს ვისაც ვუხსენე პატარა გოგონების დღეა მეთქი, თითქმის არავინ იცოდა ამ თარიღის შესახებ.
დღის მიზანი გენდერული ნიშნით გამოწვეულ პრობლემებზე და უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილებაა. მსოფლიოში მწვავედ დგას ქალების დისკრიმინაციის პრობლემა..

ჩვენში კი გენდერულ უთანასწორობას ასაკიც არ აქვს. ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში მკაფიოდ გაიელვებს ხოლმე კუდიანი ფრაზები: “ვინც ბოლო, ის – გოგო” , “გადი შე გოგო შენ!” , “რა გატირებს გოგო ხომ არ ხარ”, “დაუთმე გოგოს” (ნუ ვიკამათებთ – “დაუთმე მეგობარს” ჯობს), “კაცურად მოიქეცი ქალაჩუნა ხო არ ხარ”, “ხმამაღლა ნუ იცინი, გოგო ხარ და არ შეგეფერება”, “გოგო ხარ და არ შეგშვენის ხტუნვა-სირბილი”, “კალათბურთი რა გოგოს საქმეა, ბალეტზე იარე”, “რად უნდა გოგოს ამდენი სწავლა.”, “გოგო ხარ მაინც, რა გინდა კომაროვში”, “მეტი სიმაღლე რა საჭიროა, სად უნდა იშოვოს თავისზე მაღალი ქმარი.”საწყენია, ძალიან საწყენი რომ ეს აქტუალობა დაკარგული ვაი არგუმენტები ყოველდღიური ლექსიკონიდან ვერ ამოვძირკვეთ.
ამ თესლის საფუძლევზე ამოდის “ქალი ვიცი მე კუხნაში”, “გათხოვდება ქმარი მიხედავს”, “ქალი ჯერ დიასახლისი უნდა იყოს, მერე სამსახური და სხვა დანარჩენი”, “ქალის მოვალეობა ბავშვების გაზრდაა” და ა.შ.
მოკლედ, საქართველოში გოგოდ რომ დაიბადები, უკვე ძნელია. სულ უნდა ამტკიცო, რომ შენც ძლიერი ხარ, შენც შეგიძლია. თანაბარი წარმატების შემთხვევაშიც კი მამაკაცი უფრო წინ დგას, ვიდრე ქალი. მაგალითად საჭესთან. თითქოს ისეთ რამეს შევეჭიდეთ, რაც ჩვენი საქმე არ არის. თითქოს დიდი გმირობა იყოს მანქანის მართვა. (ეს კაცების გამოგონილი მითია, ისევე როგორც ქალებმა შეთხზეს, რომ მურაბის მოხარშვას ზებუნებრივი ნიჭი და უშრეტი ენერგია ჭირდება)

აქვე: ბიჭი თუ კვერცხს და კარტოფილს წვავს, ოცნების მამაკაცია. ქალისთვის ეს დაუწერელი მოვალეობაა. კაცი თუ შვილს მარტო დაიტოვებს, კარგი მამაა. ქალი რომ წლები ცხოვრობს ბავშვის ცხოვრებით ეს ასეც უნდა იყოს.
მაგრამ..
მომწონს მე გოგოობა. ერთხელაც არ მინატრია ბიჭი ვყოფილიყავი.
საინტერესოა გოგოობა “მონადირე ბიჭების” და “პატიოსანი გოგონების” ქვეყანაში. როცა მეზობელი ქალები ყელყელაობენ, როცა კლიშეებს შეგუებული “ზრდასრულები” ინტერესით უთვალთვალებენ შენ ცხოვრებას; როცა ენას იგრძელებ მყარად ფესვგამდგარი სტერეოტიპების წინააღმდეგ; როცა ზურგს უკან თავის ქნევას და “ნწ ნწ”- ს ხედავ, გესმის და გეღიმება. შენ კი გზას აგრძელებს და იცი, ამ ქვეყნის ქუჩებში ყოველ მეორე დღეს უფრო მეტი შენი თანამოაზრე გაივლის.
ამიტომაც მომწონს მე გოგოობა.
ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.
გოგოების დღეს გილოცავთ გოგოებო.
ნუ დაიღლებით “არას” თქმით.