განათლება

საგანგაშო მდგომარეობა

ცუდად არის საქმე!

ისეთი სკოლებიც გვქონია, სადაც მოსწავლების ნახევარზე მეტი  ატესტატს ვერ იღებს, ისეთი რეგიონებიც, სადაც თითქმის ნახევარი სკოლას ვერ ამთავრებს.  სად მიდიან ეს ბავშვები, რას სწავლობენ, როგორ ცხოვრობენ? ამ სტატისტიკას აწარმოებს ვინმე? აი, გათენდა დღე უატესტატოდ! რას ვთავაზობთ 8 გამოცდიდან ერთ-ერთში ჩაჭრილებს?  ბიჭებს ჯარს და გოგოებს გათხოვებას? ისწავლიან რამეს ჯარიდან დაბრუნებული და მუცელგაბერილი გუშინდელი ბავშვები?

სად იყავით მშობლებო აქამდე, სანამ ეს შედეგი დაგიდგებოდათ? რატომ არ ყვიროდით, რატომ არ ხმაურობდით, რატომ არ აპროტესტებდით დარღვეულ სწავლა-სწავლების პროცესს? სოც. ქსელს და სერიალებს ვერ მოსწყდით?  საზღვარგარეთ მუშაობთ და ბებიას დაუტოვეთ შვილები? საჭმელზე ფიქრობდით და სულისთვის არ გეცალათ? მათი არსებობისთვის იბრძოდით? ბანკიდან ვალი შვილის კეთილდღეობისთვის აიღეთ და დღე და ღამე სამსახურში მყოფს იმ შვილებისთვის აღარ გცალით?  თქვენ რომ აღარ ეყოლებით, რითი უნდა იცხოვრონ?

სად იყავით მასწავლებლებო, სანამ ეს შედეგი დაგიდგებოდათ? არ დაგიჯერეს ბავშვებმა რომ ეუბნებოდით “იცინეთ, იცინეთ და ბოლოს მე გავიცინებო?” სასაცილოა შედეგი, როცა ნახევარი კლასი ატესტატს ვერ იღებს?! არ ჯობდა აგეხსნათ, რომ განათლებული ადამიანს მეტი შანსი აქვს ღირსეულად იცხოვროს და სხვების ცხოვრებაც შეცვალოს უკეთესობისკენ? თქვენ ხომ ყველა ჩვენთაგანზე კარგად იცოდით, რა შედეგებზე გავიდოდნენ თქვენი მოსწავლეები? წინასწარ რომ გეთქვათ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, დირექტორი თქვენი ჩატარებული გაკვეთილის ხარისხს შეამოწმებდა? დაგესწრებოდათ გაკვეთილზე?  სერთიფიცირებული პედაგოგით ჩაგანაცვლებდათ? ღრმა სიბერემდე ვეღარ დარჩებოდით იმ სკოლაში? ხმაურის აზრს ვერ ხედავდით?  თქვით და არავინ დაგიდგათ გვერდით? დაპირისპირებას ერიდებოდით? თქვენი რეპუტაცია ხომ თქვენი მოსწავლეების წარმატებით ფასობს. მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სკოლას ვერ ამთავრებს. ამიტომ ნუ აღშფოთდებით თუ მასწავლებლის სახელი ისე ვეღარ ქუხს ქვეყანაზე როგორც ოდესღაც. მხოლოდ წელს 10 000-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი.

სად იყავით სკოლის დირექტორებო, როცა თქვენი მასწავლებლები დაზუთხულ გაკვეთილებს ატარებდნენ? რატომ არ ესწრებოდით გაკვეთილზე, რატომ არ ატოვებინებდით სკოლას? გაწყობდათ შეშინებული პედაგოგი, ოღონდ ის არ ყოფილიყო ამბიციური? ოღონდ უსიტყვო მორჩილება გქონოდათ სკოლაში? რატომ არ ახალისებდით წარმატებულ პედაგოგს დირექტორებო? რატომ უკლავდით მოტივაციას სახალისო გაკვეთილები საინტერესოდ ჩაეტარებინათ? სად იყავით როცა პათეტიკურ ზეიმებზე გეპატიჟებოდნენ? გამგებელი გეჯდათ გვერდით და ბავშვების შესაფასებლად არ გეცალათ? რესურს ცენტრის უფროსისთვის გვერდზე ოთახში პურ-მარილი იშლებოდა და დანა-ჩანგალი ხომ სწორად დადეს იმაზე დარდობდით? პატივი ხომ უნდა მიგეგოთ თქვენი თანამდებობაზე დამნიშვნელებისთვის? გულწრფელად, რა დამსახურებისთვის დაგნიშნეს სკოლის დირექტორად? იმ სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა მოგიწონეს, სადაც დირექტორობამდე არ ყოფილხართ?

რესურს-ცენტრების უფროსებო – ნეპოტიზმით დასაქმებულო გამგებლების და გუბერნატორების ოჯახის წევრებო და მეგობრებო, თავზე ვინც ასხედხართ სკოლებს, გადმოფინეთ შავი სია. რამდენი პროფესიონალი შეიყვანეთ ამ სახიფათო ჩამონათვალში, უცბად სადმე სკოლასთან ახლოს რომ არ დაიწყონ მუშაობა. Facebook-ზე  მოთვალთვალეებო და სხვისი Like-ების ჩუმად დამთვლელებო !  ნეგატიური შედეგი აქვს თქვენს მუშაობას. იცით ქვეყნის და საზოგადოების ხერხემალს რომ აავადებთ? მცოდნე და კეთილის მსურველი ადამიანების ადგილს რომ იკავებთ? სხვაგან მოძებნეთ დასაყრდენი, ჩამოსცილდით სკოლას თორემ  ჩვენებთან ერთად თქვენი შვილებიც “დაიღუპებიან”.

განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებო რატომ არ უშვებთ სკოლაში ახალ კადრებს? პრაქტიკოსების ხმებს დაკარგავს მმართველი პარტია? მაშინ რატომ აწვალებთ მოქმედ პედაგოგებს, რატომ ახარჯვინებთ თანხებს და დროს “ტრენერებთან” მომზადებაში? ისედაც ხომ კაპიკებს ვუხდით საშვილიშვილო საქმეში. რატომ აცხადებთ, რომ საკუთარი საგანი არ იციან და გამოცდაში ჩაჭრილებს სკოლებში აბრუნებთ? რატომ? ბავშვების დასაცინები რომ გახდნენ? ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს!!! რატომ არის რესურს-ცენტრი და სკოლები ნეპოტიზმის ბუდე? რატომ არ აგყავთ სისტემის ყველა რგოლის თანამშრომლები კონკურსის წესით? რატომ არ აძლევთ სკოლას თვითგანვითარების საშუალებას? რატომ არის სწავლა-სწავლების პროცესი ბავშვების დიდი უმრავლესობისთვის “ტანჯვა-წამება”? როგორ ახერხებთ რომ მასიურად შეჯავრდეთ პატარა ადამიანებს სწავლა?

სამწუხაროდ, მოცდის დრო არ გვაქვს! დიდ ფულს და ენერგიას არაგონივრულად  ვხარჯავთ.  მცოდნე და გულანთებული ერთეული ადამიანების მხრები სკოლის პრობლემების სიმძიმეს დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხისტი საკადრო ცვლილებები  ჰაერივით გვჭირდება.

 

4 thoughts on “საგანგაშო მდგომარეობა

  1. მეგი, არაფერი უშველის ამ ქვეყნის განათლებას, სანამ უფასო იქნება. უფასო განათლება არის ამ ქვეყნის განათლების სისტემაში ყველა უბედურების სათავე. ის სკოლები, რაც წელიწადში 4,000-5,000 ლარი ღირს, მაშინ როცა ხარისხიან განათლებას მინიმუმ ოთხჯერ მეტი ჭირდება (დათვლილი მაქვს თავის განფასებებით), არის იგივე საჯარო სკოლები. ესე ვივიშვიშებთ (ჩემი ჩათვლით) და ვიტრიალებთ მანკიერ წრეში სანამ არ დაიხურება ყველა საჯარო სკოლა და არ შემოვა ის მოთხოვნები, რის დაცვასაც სკოლა ერთ ბავშვზე წელიწადში აღებული 5000 ლარით ვერ (!) მოახერხებს. ვინმეს დაუთვლია ამ ქვეყანაში რამდენი შეძლებული ოჯახის ბავშვი დადის საჯარო სკოლაში და უაზროდ ხარჯავს იმ უმწირეს ფისკალურ რესურსს, რაც რაციონალიზების შემთხვევაში მცირეშემოსავლიანი ოჯახის ბავშვებს დარჩებოდათ და რაღაცაში წაადგებოდათ?!

    2016 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 572.75 მილიონი ლარია. ხარისხიან ზოგად განათლებას 572.75 მილიონი კი არა სულ მცირე 10 მილიარდი ლარი უნდა (ჰაერში არ მომიწყვეტია ეს რიცხვი). 10 მილიარდი ამ ქვეყნის მთელი ნაერთი ბიუჯეტია. ეს ფული საიდან უნდა გააჩინოს მთავრობამ მხოლოდ ზოგადი განათლებისთვის (ანუ მთლიანად განათლების კი არა მარტო პირველდაწყებითი და საშუალო სკოლებისთვის)?!

    რა ქნან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებმა? ეს 572.75 მილიონი ამ ნორმალურ სკოლებში სწავლისთვის ამ ბავშვების გრანტებს თავისუფლად ეყოფა.

    Like

  2. განათლების სამინისტრო, რესურს ცენტრები, სკოლა, მშობლები, მასწავლებლები. ეს ის ჩამონათვალია (და შესაძლოა კიდევ საჭიროებს დამატებას), რომლებიც მოქმედებენ მოსწავლის სწავლების პროცესზე. ყველაფერი ერთად თავმოყრილი კი ერთი სკოლის ერთ რომელიმე კლასში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თამაშდება. თამაშდება ის ყოველგვარი დამოკიდებულება, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ორგანომ, თუ პირმა გამოიწვია. თამაშდება კომედია სახელით ,,იცინეთ, იცინეთ, ბოლოს ვინ გაიცინებს”, სატირული დასასრულით ,,ვეღარ გავიცინეთ”.

    იტყვიან ხოლმე, მეხი გავარდაო. მართლაც მეხის გავარდნას ჰგავს მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში გამოცდები. თავიდან თავის ნებაზე მიშვებულს, ბოლოს ვთხოვთ პასუხს კითხვაზე ,,აბა ეს როგორ გაქვს ნასწავლი?”

    მოდით და შევიხედოთ კლასში და დავესწროთ გაკვეთილს. შევიდეთ იმ მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის სივრცეში და ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი.

    სწავლების პროცესი კი სასწავლო გარემო, სახელმძღვანელო და მასწავლებლის კომპეტენციაა.

    სასწავლო გარემოს შემქმნელი მასწავლებელია, მასწავლებელი სახელმძღვანელოს იყენებს, სახელმძღვანელო კი – — და როცა მასწავლებელი ვერ ხელმძღვანელობს სახელმძღვანელოს საშუალებით, ჯაჭვი ირღვევა და მოსწავლის დამოკიდებულება საგნებისადმი იცვლება.

    დღეს 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველაფერი გამარტივებულად გვაქვს. მეცნიერულმა მიღწევებმა შეძლო ღამე სინათლე გვქონდეს, ერთმანეთს სხვადასხვა მსოფლიოს კუთხეში დავუკავშირდეთ, ნებისმიერი ცხოვრებისეული კადრი სამახსოვროდ თუ ისე უბრალოდ გადავიღოთ და სხვა მრავალი.

    მაგრამ ცოდნის მიღება არ გამარტივებულა. ნამდვილად არა.
    ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ კეთდება 🙂
    არ ვიცი, უბრალოდ მეფიქრება ნუთუ გვჭირდება 90-იანი წლების უშუქობა, სანთლის შუქზე წიგნებზე და საკუთარ თავზე დაკვირვება, რადგან ცხოვრება ძალზედ მარტივად იხედება ამ ,,შუქიანობის” დროს.

    Like

  3. მე რომ ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული რაში გამომადგაა ნეტავ 😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s