განათლება

მომავლის მასწავლებელი: – “экзамены для меня всегда праздник”

“წარმატებული ადამიანების ადგილი არ არის სკოლაში”, “იმდენს იზამენ მოტივირებული პედაგოგი აღარ შერჩება სკოლას”, “ნემსის ყუნწში ძვრებიან საარჩევნო ხმებისთვის”, “ეს იმ საშემოდგომო გამოცდას გავს, გვიან, მაგრამ ყველა რომ აბარებს”, “დაგვცინიან სერთიფიცირებულებს!”, “რატომ გვიშლიან ნერვებს, ამ ქვეყანას მასწავლებლები არ ჭირდება? ჩვენი იმიჯის შელახვის კიდევ ერთ მცდელობაა” – facebook -ის დახურულ ჯგუფებში წარმატებული და იმედგაცრულებული მასწავლებლები ღელავენ. შრომა, რომელიც გაწიეს, რომლითაც სხვა 50 ათას კოლეგას ბევრად სჯობდნენ, წყალში ჩაუყარეს. დღეიდან წარმატებული და წარუმატებელი პედაგოგი აღარ არსებობს. ყველა ერთნაირად “კარგია”! რას იზამთ, 15 ათასი 50 ათასზე 3-ჯერ და უფრო მეტად ნაკლებია. სად 15 000 ხმა და სად 50 000 ?! წინასაარჩევნოდ!

ამიერიდან გვექნება გამოცდა, სადაც არავინ ჩაიჭრება. ყველა იმას ჩააბარებს რაც იცის. რა მოხდება, თუკი სწავლებისთვის საკმარისი ცოდნა არ აღმოაჩნდება მასწს? არაფერი! სად არიან ამ დროს მშობლები? ნეტაი, შენ. მოგცლია, მაინც რეპეტიტორტან უნდა ატაროს 😦
როგორ უნდა მოახერხო, რომ წარმატებულ მასწავლებლებს თავიანთი თავი შეაცოდო? რა მიზანი უნდა გქონდეს, რომ საგნის უცოდინარ მასწავლებელს პასი მისცე, ხმა ამოაღებინო და “ესეც თქვენო” ნიშნისმოგებით აძახებინო მასზე მშრომელი და ჭკვიანი კოლეგებისთვის? – კითხეთ სანდრო ჯეჯელავას, ვიდრე მე ინტერვიუს რიგში ვდგავარ!
ჩემი თვალით კი ასე ჩანს – ვისაც უნდა ეფერებოდეს ნერვებს აწყვეტს, ვისთანაც პრინციპული და შეუვალი უნდა იყოს, თავზე ხელს უსვამს.
მე ვინ ვარ?- ერთი რიგითი მშობელი, გადასახადის გადამხდელი, რომელსაც სახელმწიფო შესაძლებლობას მიკარგავს საჯარო სკოლაში ხარისხიანად ვასწავლო ჩემ შვილებს. მე არ მინდა წარუმატებელი, გაყინული, შეშინებული, ჩირგვში მჯდომი ან დირექტორის ნათესავი მასწავლებლები. “აქედან იქამდე წაიკითხეთ, ლექსი დაიზეპირეთ, ჩემთან მოემზადეთ” ტექსტებით. მე თანამედროვე სტანდარტებს მორგებულ მომავლის პედაგოგებთან მინდა მუშაობა, რომლებიც ზრუნავენ განვითარებაზე. დიახ, აბარებენ გამოცდებს, აგროვებენ კრედიტებს, იყენებენ სხვა და სხვა რესურსებს, წერენ პროექტებს, მშობლებისგან ითხოვენ ჩართულობას, მოსწავლეებისგან – სწავლას, შრომისმოყვარეობას, პატივისცემას, და ა.შ.
მე ვერ შევაჩერებ ჩემი შვილების ზრდას. დრო არ იცდის და ვერც მე დაველოდები სკოლიდან თავისით როდის გაიწოვება უცოდინარი მასწავლებლების და უმანდატო პარტიული დირექტორების რაოდენობა. ამაზე განათლების სამინისტრო უნდა ზრუნავდეს. ამისთვის ვუხდი ხელფასს, პრემიას და დანამატს ჩემი შემოსავლიდან. ამისთვის ვუფინანსებ კომფორტული მანქანით მგზავრობას, ტელეფონზე საუბრებს, მივლინის ხარჯებს და ა.შ.

ტაში 50 ათასო მასწავლებელო, ვინც იძახდით რომ გამოცდები შეურაცხყოფაა! აი, თქვენი დრო მოვიდა.

.49138186.jpg

იძახეთ ახლა “экзамены для меня всегда праздник” და გულში მაინც გრცხვენოდეთ, მომავლის შემოქმედის ნაცვლად უბრალო ელექტორატი რომ ხართ.

 

საზოგადოება

ქართული პარტიული SOUND-ის 18 წლიანი ისტორია

მუსიკა როგორც კათარზისი – მოვდუნდეთ, ვუყუროთ, ვუსმინოთ, ავყვეთ, გული აგვიჩუყდეს, უფრო ძალიან შეგვიყვარდეს ქართველობა და საქართველო, მალულად ცრემლი მოვიწმინდოთ, მოვიხსნათ სტრესი, განვიმუხტოთ მძაფრი ვნებებისგან, დავიცალოთ უარყოფითი განცდებისგანს. მოკლედ ხან ასფალტი ვჭამოთ ხან – მუსიკა.

“გიხაროდენ” – 1998 წელი – “მოქალაქეთა კავშირი”

“გიხაროდენ 2” –  2002 წელი.  ახალი სახეებით

“ქვეყანაშია ფერები მუქი” – 1998 წელი – “ახალი მემარჯვენეები”.

“ვარდების რევოლუციის ჰიმნი” – 2003 წელი

“38 მზეს ველოდები”  –  “ახალი მემარჯვენეები”

“მიშა მაგარია” – 2007 წელი – “ნაციონალური მოძრაობა”

 

2012 წელი – “ქართული ოცნება”

“გირჩი” -2016 წელი

ჩემი საქართველო აქ არის. – 2016 წელი – “ქართული ოცნება”

 

ცოტნე ცოტაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გამახსენდა “ჩემი ცოლის დაქალებიდან” 🙂

განათლება

საგანგაშო მდგომარეობა

ცუდად არის საქმე!

ისეთი სკოლებიც გვქონია, სადაც მოსწავლების ნახევარზე მეტი  ატესტატს ვერ იღებს, ისეთი რეგიონებიც, სადაც თითქმის ნახევარი სკოლას ვერ ამთავრებს.  სად მიდიან ეს ბავშვები, რას სწავლობენ, როგორ ცხოვრობენ? ამ სტატისტიკას აწარმოებს ვინმე? აი, გათენდა დღე უატესტატოდ! რას ვთავაზობთ 8 გამოცდიდან ერთ-ერთში ჩაჭრილებს?  ბიჭებს ჯარს და გოგოებს გათხოვებას? ისწავლიან რამეს ჯარიდან დაბრუნებული და მუცელგაბერილი გუშინდელი ბავშვები?

სად იყავით მშობლებო აქამდე, სანამ ეს შედეგი დაგიდგებოდათ? რატომ არ ყვიროდით, რატომ არ ხმაურობდით, რატომ არ აპროტესტებდით დარღვეულ სწავლა-სწავლების პროცესს? სოც. ქსელს და სერიალებს ვერ მოსწყდით?  საზღვარგარეთ მუშაობთ და ბებიას დაუტოვეთ შვილები? საჭმელზე ფიქრობდით და სულისთვის არ გეცალათ? მათი არსებობისთვის იბრძოდით? ბანკიდან ვალი შვილის კეთილდღეობისთვის აიღეთ და დღე და ღამე სამსახურში მყოფს იმ შვილებისთვის აღარ გცალით?  თქვენ რომ აღარ ეყოლებით, რითი უნდა იცხოვრონ?

სად იყავით მასწავლებლებო, სანამ ეს შედეგი დაგიდგებოდათ? არ დაგიჯერეს ბავშვებმა რომ ეუბნებოდით “იცინეთ, იცინეთ და ბოლოს მე გავიცინებო?” სასაცილოა შედეგი, როცა ნახევარი კლასი ატესტატს ვერ იღებს?! არ ჯობდა აგეხსნათ, რომ განათლებული ადამიანს მეტი შანსი აქვს ღირსეულად იცხოვროს და სხვების ცხოვრებაც შეცვალოს უკეთესობისკენ? თქვენ ხომ ყველა ჩვენთაგანზე კარგად იცოდით, რა შედეგებზე გავიდოდნენ თქვენი მოსწავლეები? წინასწარ რომ გეთქვათ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, დირექტორი თქვენი ჩატარებული გაკვეთილის ხარისხს შეამოწმებდა? დაგესწრებოდათ გაკვეთილზე?  სერთიფიცირებული პედაგოგით ჩაგანაცვლებდათ? ღრმა სიბერემდე ვეღარ დარჩებოდით იმ სკოლაში? ხმაურის აზრს ვერ ხედავდით?  თქვით და არავინ დაგიდგათ გვერდით? დაპირისპირებას ერიდებოდით? თქვენი რეპუტაცია ხომ თქვენი მოსწავლეების წარმატებით ფასობს. მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სკოლას ვერ ამთავრებს. ამიტომ ნუ აღშფოთდებით თუ მასწავლებლის სახელი ისე ვეღარ ქუხს ქვეყანაზე როგორც ოდესღაც. მხოლოდ წელს 10 000-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი.

სად იყავით სკოლის დირექტორებო, როცა თქვენი მასწავლებლები დაზუთხულ გაკვეთილებს ატარებდნენ? რატომ არ ესწრებოდით გაკვეთილზე, რატომ არ ატოვებინებდით სკოლას? გაწყობდათ შეშინებული პედაგოგი, ოღონდ ის არ ყოფილიყო ამბიციური? ოღონდ უსიტყვო მორჩილება გქონოდათ სკოლაში? რატომ არ ახალისებდით წარმატებულ პედაგოგს დირექტორებო? რატომ უკლავდით მოტივაციას სახალისო გაკვეთილები საინტერესოდ ჩაეტარებინათ? სად იყავით როცა პათეტიკურ ზეიმებზე გეპატიჟებოდნენ? გამგებელი გეჯდათ გვერდით და ბავშვების შესაფასებლად არ გეცალათ? რესურს ცენტრის უფროსისთვის გვერდზე ოთახში პურ-მარილი იშლებოდა და დანა-ჩანგალი ხომ სწორად დადეს იმაზე დარდობდით? პატივი ხომ უნდა მიგეგოთ თქვენი თანამდებობაზე დამნიშვნელებისთვის? გულწრფელად, რა დამსახურებისთვის დაგნიშნეს სკოლის დირექტორად? იმ სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა მოგიწონეს, სადაც დირექტორობამდე არ ყოფილხართ?

რესურს-ცენტრების უფროსებო – ნეპოტიზმით დასაქმებულო გამგებლების და გუბერნატორების ოჯახის წევრებო და მეგობრებო, თავზე ვინც ასხედხართ სკოლებს, გადმოფინეთ შავი სია. რამდენი პროფესიონალი შეიყვანეთ ამ სახიფათო ჩამონათვალში, უცბად სადმე სკოლასთან ახლოს რომ არ დაიწყონ მუშაობა. Facebook-ზე  მოთვალთვალეებო და სხვისი Like-ების ჩუმად დამთვლელებო !  ნეგატიური შედეგი აქვს თქვენს მუშაობას. იცით ქვეყნის და საზოგადოების ხერხემალს რომ აავადებთ? მცოდნე და კეთილის მსურველი ადამიანების ადგილს რომ იკავებთ? სხვაგან მოძებნეთ დასაყრდენი, ჩამოსცილდით სკოლას თორემ  ჩვენებთან ერთად თქვენი შვილებიც “დაიღუპებიან”.

განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებო რატომ არ უშვებთ სკოლაში ახალ კადრებს? პრაქტიკოსების ხმებს დაკარგავს მმართველი პარტია? მაშინ რატომ აწვალებთ მოქმედ პედაგოგებს, რატომ ახარჯვინებთ თანხებს და დროს “ტრენერებთან” მომზადებაში? ისედაც ხომ კაპიკებს ვუხდით საშვილიშვილო საქმეში. რატომ აცხადებთ, რომ საკუთარი საგანი არ იციან და გამოცდაში ჩაჭრილებს სკოლებში აბრუნებთ? რატომ? ბავშვების დასაცინები რომ გახდნენ? ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს!!! რატომ არის რესურს-ცენტრი და სკოლები ნეპოტიზმის ბუდე? რატომ არ აგყავთ სისტემის ყველა რგოლის თანამშრომლები კონკურსის წესით? რატომ არ აძლევთ სკოლას თვითგანვითარების საშუალებას? რატომ არის სწავლა-სწავლების პროცესი ბავშვების დიდი უმრავლესობისთვის “ტანჯვა-წამება”? როგორ ახერხებთ რომ მასიურად შეჯავრდეთ პატარა ადამიანებს სწავლა?

სამწუხაროდ, მოცდის დრო არ გვაქვს! დიდ ფულს და ენერგიას არაგონივრულად  ვხარჯავთ.  მცოდნე და გულანთებული ერთეული ადამიანების მხრები სკოლის პრობლემების სიმძიმეს დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხისტი საკადრო ცვლილებები  ჰაერივით გვჭირდება.