საზოგადოება · ჯანდაცვა

საბედისწერო სიუჟეტი

ჩვეულ რომ აწკრიალდა სამსახურში ტელეფონი, იქიდან დაიწყო ყველაფერი.
– ბიზნეს კურიერში ვრეკავ – საქმიანი ტონით იწყებს მოქალაქე.
– გისმენთ ყურადღებით.
– შშმ პირების დასაქმებაზე რატომ არ ამზადებთ გადაცემებს? მე უსინათლო ვარ და სამსახურს ვერ ვშოულობ. იქნებ დაინტერესდეთ ამ პრობლებით. არ იფიქროთ მოწყალებას ვითხოვდე, უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრატურაში ვსწავლობ. ინგლისურიც კარგად ვიცი, წესით არ უნდა გამჭირვებოდა დასაქმება, მაგრამ იმის გამო რომ უსინათლო ვარ, არავის ავყავარ სამსახურში.
ეს არ იყო ჩვეულებრივი ზარი. იმ ხმის პატრონმა ზუსტად იცოდა, სად რეკავდა და რა მიზნით.
ნანას დავემშვიდობე, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. პროდიუსერს ვთხოვე, ფონიჭალიდან უსინათლო გოგომ დარეკა, დღესვე უნდა წავიდე გადაღებაზე მეთქი. ეჭვით შემომხედა ნინომ. – აარა!! გეფიცები მაგარი გოგოა. აი, გამაყოლე ოპერატორი და მაგარ სიუჟეტს მოგიტან. დავიყოლიე.
წავედით მე და დიმა კოსტავა. შუა გზაში სმს მივიღე ნანასგან. “მეგი გაჩერებაზე გელოდებით”, მწერს უსინათლო გოგო. საპასუხო ტექსტი ავკრიფე და ვფიქრობ? რას ვშვრები ახლა მე? უსინათლო ადამიანს სმს-ს ვუგზავნი? ალბათ სხვამ აუკრიფა ტექსტი და პასუხს როგორ წაიკითხავს? მივწერე და გადავურეკე კიდეც. არ მინდოდა რამე შემშლობდა.
დათქმულ დროს ნანა გაჩერებაზე გველოდა. მაღალი ქუსლებით, მოკლე კაბით, მოწესრიგებული ვარცხნილობით და სათვალით. სახლისკენ გაგვიძღვა. ბილიკ-ბილიკ ჩავყევით “ბარაკებს”. ნანას სახლი, სულ ქვევით იყო, ყველაზე ქვევით. სახლი ერქვა ერთ ოთახს 2 საწოლით, კარადით და მაგიდით. მარტოხელა ასაკოვანი დედა იხსენებდა, რომ ნანას 2 თვისას ვირუსი შეხვდა და მას შემდეგ სინათლის სხივის გარდა ვერაფერს ხედავდა.
“მეგონა, ბავშვობაში ვერავინ ხედავდა და სამყაროს დანახვა მხოლოდ მოზრდილ ასაკში იყო შესაძლებელი”.
“დედას ჩემს ბაღში მიღებაზეც კი უარს მეუბნებოდნენ, ამიტომ მან ხელწერილი დაწერა, რომ ჩემგან პრობლემა არავის შეექმნებოდა. მართლაც, არავის ვუქმნიდი პრობლემას. ბავშვობაშიც ვცდილობდი, სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. ბაღის მასწავლებლებს უკვირდათ, რომ სხვა ბავშვებს ტოლს არაფერში ვუდებდი და ჩემი მოვლა არც ისე ძნელი იყო, როგორც ეგონათ. ვცდილობდი, ჩემი პრობლემებით სხვები ზედმეტად არ შემეწუხებინა “.
“შემიძლია დავარწმუნო ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, რომ ყველაფერი შემიძლია გავაკეთო ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი მხედველები აკეთებენ. ბევრ მათგანს კონკურენციასაც კი გავუწევ” – ირწმუნებოდა ნანა.
იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე როგორ მუშაობდა კომპიუტერზე, “მესიჯობდა” ტელეფონზე,  ფონიჭალიდან ვაკეში მიდიოდა ავტობუსით, აქტიურობდა უნივერსიტეტში, ეძებდა ვაკანსიებს, აგზავნიდა რეზიუმეებს.. წერდა წერილებს ყველა უწყებას; არ აშინებდა დაფინანსებაზე მიღებული უარი; აგროვებდა უარის წერილებს და უფრო მაღალჩინოსნებს უგზავნიდა. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, როგორ იბრძოდა ადამიანი, რომ დედასთან ერთად ცოტათი უფრო ღირსეულად ეცხოვრა. ნანას შესაძლებლობები ნამდვილად არ იყო შეზღუდული …
გმირი გოგოს შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით ბრწყინვალე სიუჟეტი გამომივიდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს იყო ამბის დასაწყისი. რა მოხდა შემდეგ, მოკლედ გეტყვით.
სიუჟეტი მაშინდელ პრეზიდენტს უნახავს. პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე იხსენებდა, რომ დაურეკა სააკაშვილმა და იმ უსინათლო გოგოს კოორდინატების დადგენა დაავალა, რუსთავი 2-ის ეთერით რომ აჩვენეს. ნანას საზღვარგარეთ მკურნალობა 47 000 დოლარით დაუფინანსდა. ძველი მთავრობის დაწყებული საქმე ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა – 2012 წელს ნანას მეორე ოპერაციაც გაუკეთეს.

ახლა ნანა აღარ არის უსინათლო. მხედველობა აღდგენის პროცესშია. ყველაზე მეტად ზეცის და ღურბლების დანახვამ გამაოცა, მეგონა ნაფლეთ-ნაფლეთი ღრუბლები ჩემთან ერთად მოძრაობსო . .

მაგრამ სირთულეები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ნანას სრულ განკურნებამდე 6 000 დოლარი აშორებს. ბოლო ოპერაცია ოქტომბერშია ჩანიშნული.. კვლავ წერილები, წერილები, წერილები.. ნანა ბრძოლას აგრძელებს.

იმ დღის შემდეგ, ვითომ ჩვეულებრივ რომ აწკრიალდა სამსახურში ტელეფონი, მე ღრმად ვირწმუნე რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არ იფიქროთ მე ჩემს თავს ვუწერდე ქულას, იმ საბედისწერო სიუჟეტის გამო. მე არა, სხვა იქნებოდა ჩემს ადგილას. სულ სხვა რამ უნდა ვთქვა: მე, ორივე თვალით მხედველს მეიმედება ნანა ბრეგვაძე თავისი შემართებით, შეუპოვრობით, ბრძოლის უნარით, მიზანდასახულობით, იმედით, მიღწეული წარმატებით .. 

დღეს ნანას დაბადების დღეა.

…… 2 თვის წინ ჩემმა შვილმა თანატოლი უსინათლო მარი გაიცნო. მერე მთელი საღამო თვალდახუჭული დადიოდა, მაინტერესებს სიბნელეში როგორ ცხოვრობსო მარი. ვიფიქრე  აუცილებლად გავაცნობ ნანას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s