საზოგადოება · ჯანდაცვა

საბედისწერო სიუჟეტი

ჩვეულ რომ აწკრიალდა სამსახურში ტელეფონი, იქიდან დაიწყო ყველაფერი.
– ბიზნეს კურიერში ვრეკავ – საქმიანი ტონით იწყებს მოქალაქე.
– გისმენთ ყურადღებით.
– შშმ პირების დასაქმებაზე რატომ არ ამზადებთ გადაცემებს? მე უსინათლო ვარ და სამსახურს ვერ ვშოულობ. იქნებ დაინტერესდეთ ამ პრობლებით. არ იფიქროთ მოწყალებას ვითხოვდე, უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრატურაში ვსწავლობ. ინგლისურიც კარგად ვიცი, წესით არ უნდა გამჭირვებოდა დასაქმება, მაგრამ იმის გამო რომ უსინათლო ვარ, არავის ავყავარ სამსახურში.
ეს არ იყო ჩვეულებრივი ზარი. იმ ხმის პატრონმა ზუსტად იცოდა, სად რეკავდა და რა მიზნით.
ნანას დავემშვიდობე, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. პროდიუსერს ვთხოვე, ფონიჭალიდან უსინათლო გოგომ დარეკა, დღესვე უნდა წავიდე გადაღებაზე მეთქი. ეჭვით შემომხედა ნინომ. – აარა!! გეფიცები მაგარი გოგოა. აი, გამაყოლე ოპერატორი და მაგარ სიუჟეტს მოგიტან. დავიყოლიე.
წავედით მე და დიმა კოსტავა. შუა გზაში სმს მივიღე ნანასგან. “მეგი გაჩერებაზე გელოდებით”, მწერს უსინათლო გოგო. საპასუხო ტექსტი ავკრიფე და ვფიქრობ? რას ვშვრები ახლა მე? უსინათლო ადამიანს სმს-ს ვუგზავნი? ალბათ სხვამ აუკრიფა ტექსტი და პასუხს როგორ წაიკითხავს? მივწერე და გადავურეკე კიდეც. არ მინდოდა რამე შემშლობდა.
დათქმულ დროს ნანა გაჩერებაზე გველოდა. მაღალი ქუსლებით, მოკლე კაბით, მოწესრიგებული ვარცხნილობით და სათვალით. სახლისკენ გაგვიძღვა. ბილიკ-ბილიკ ჩავყევით “ბარაკებს”. ნანას სახლი, სულ ქვევით იყო, ყველაზე ქვევით. სახლი ერქვა ერთ ოთახს 2 საწოლით, კარადით და მაგიდით. მარტოხელა ასაკოვანი დედა იხსენებდა, რომ ნანას 2 თვისას ვირუსი შეხვდა და მას შემდეგ სინათლის სხივის გარდა ვერაფერს ხედავდა.
“მეგონა, ბავშვობაში ვერავინ ხედავდა და სამყაროს დანახვა მხოლოდ მოზრდილ ასაკში იყო შესაძლებელი”.
“დედას ჩემს ბაღში მიღებაზეც კი უარს მეუბნებოდნენ, ამიტომ მან ხელწერილი დაწერა, რომ ჩემგან პრობლემა არავის შეექმნებოდა. მართლაც, არავის ვუქმნიდი პრობლემას. ბავშვობაშიც ვცდილობდი, სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. ბაღის მასწავლებლებს უკვირდათ, რომ სხვა ბავშვებს ტოლს არაფერში ვუდებდი და ჩემი მოვლა არც ისე ძნელი იყო, როგორც ეგონათ. ვცდილობდი, ჩემი პრობლემებით სხვები ზედმეტად არ შემეწუხებინა “.
“შემიძლია დავარწმუნო ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, რომ ყველაფერი შემიძლია გავაკეთო ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი მხედველები აკეთებენ. ბევრ მათგანს კონკურენციასაც კი გავუწევ” – ირწმუნებოდა ნანა.
იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე როგორ მუშაობდა კომპიუტერზე, “მესიჯობდა” ტელეფონზე,  ფონიჭალიდან ვაკეში მიდიოდა ავტობუსით, აქტიურობდა უნივერსიტეტში, ეძებდა ვაკანსიებს, აგზავნიდა რეზიუმეებს.. წერდა წერილებს ყველა უწყებას; არ აშინებდა დაფინანსებაზე მიღებული უარი; აგროვებდა უარის წერილებს და უფრო მაღალჩინოსნებს უგზავნიდა. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, როგორ იბრძოდა ადამიანი, რომ დედასთან ერთად ცოტათი უფრო ღირსეულად ეცხოვრა. ნანას შესაძლებლობები ნამდვილად არ იყო შეზღუდული …
გმირი გოგოს შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით ბრწყინვალე სიუჟეტი გამომივიდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს იყო ამბის დასაწყისი. რა მოხდა შემდეგ, მოკლედ გეტყვით.
სიუჟეტი მაშინდელ პრეზიდენტს უნახავს. პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე იხსენებდა, რომ დაურეკა სააკაშვილმა და იმ უსინათლო გოგოს კოორდინატების დადგენა დაავალა, რუსთავი 2-ის ეთერით რომ აჩვენეს. ნანას საზღვარგარეთ მკურნალობა 47 000 დოლარით დაუფინანსდა. ძველი მთავრობის დაწყებული საქმე ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა – 2012 წელს ნანას მეორე ოპერაციაც გაუკეთეს.

ახლა ნანა აღარ არის უსინათლო. მხედველობა აღდგენის პროცესშია. ყველაზე მეტად ზეცის და ღურბლების დანახვამ გამაოცა, მეგონა ნაფლეთ-ნაფლეთი ღრუბლები ჩემთან ერთად მოძრაობსო . .

მაგრამ სირთულეები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ნანას სრულ განკურნებამდე 6 000 დოლარი აშორებს. ბოლო ოპერაცია ოქტომბერშია ჩანიშნული.. კვლავ წერილები, წერილები, წერილები.. ნანა ბრძოლას აგრძელებს.

იმ დღის შემდეგ, ვითომ ჩვეულებრივ რომ აწკრიალდა სამსახურში ტელეფონი, მე ღრმად ვირწმუნე რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არ იფიქროთ მე ჩემს თავს ვუწერდე ქულას, იმ საბედისწერო სიუჟეტის გამო. მე არა, სხვა იქნებოდა ჩემს ადგილას. სულ სხვა რამ უნდა ვთქვა: მე, ორივე თვალით მხედველს მეიმედება ნანა ბრეგვაძე თავისი შემართებით, შეუპოვრობით, ბრძოლის უნარით, მიზანდასახულობით, იმედით, მიღწეული წარმატებით .. 

დღეს ნანას დაბადების დღეა.

…… 2 თვის წინ ჩემმა შვილმა თანატოლი უსინათლო მარი გაიცნო. მერე მთელი საღამო თვალდახუჭული დადიოდა, მაინტერესებს სიბნელეში როგორ ცხოვრობსო მარი. ვიფიქრე  აუცილებლად გავაცნობ ნანას.

საზოგადოება

ის, რაც მართვის მოწმობის ბილეთებში არ წერია, მაგრამ უნდა იცოდეთ

1. თუ შეამჩნიეთ, რომ ახლო-მახლო მოძრავ მანქანას გვერდითა სარკე არ აქვს, ფრთხილად გაერიდეთ.

2. თუ შეამჩნიეთ, ახლო-მახლო მოძრავ მარჯვენასაჭიან მანქანას მარცხნივ სარკე არ აქვს, დაუყოვნებლივ გაერიდეთ.

3. თუ თქვენს წინ მოძრავ ავტომობილს მართავს მელოტი ან ქუდიანი მამაკაცი, მის გვერდით ხედავთ ასეთივე პრიალა თავს ან ქუდს და ემოციურად მოძრავ ხელებს, იცოდეთ პოლიტიკაზე საუბრობენ და აზრზე არ არინ რომელ ზოლში რა სიჩქარით მოძრაობენ.
4. თუ თქვეს წინ მოძრავ ავტომობილს მართავს გოგო,რომელიც ნერვიულად ისწორებს თმას, ისვამს ტუჩსაცხს ან მაჯაში “ჩატეხილ” მტევანში უჭირავას “ლაუდ სპიკერზე” ჩართული ტელეფონი, ნუ დაუსიგნალებთ, შეიძლება დაიბნეს და პედლები აერიოს.
5. თუ თქვეს წინ მოძრავ ავტომობილს მართავს ბიჭი რომელიც მესიჯობს ან პარკიდან ჭამს ხაჭაპურს, ნუ დაუსიგნალებთ, აზრი არ აქვს, ვერ მიხვდება რა გინდათ.
6. თუ თქვენს წინ მოძრავ ავტომანქანას მართავს გოგო, გვერდით უზის მეორე გოგო და უკანაც სხედან გოგოები, იცოდეთ რომ ფარების ანთებას აზრი არ აქვს. ასევე არ შეიძლება დასიგნალება, შეიძლება გაბრაზდეს და პროტესტის ნიშნად სწრაფმავალ ზოლში ცხვირწინ გაგიჩეროთ, რომ პირში მოგახალოთ “დეგენერატოოოო!!!”. (თუ თქვენც გოგო ხართ უფრო მწვავედ გამოხატავს აზრებს.)
7. თუ გოგო ხარ და მიმდებარედ მოძრავი მანქანა სავსეა ბიჭებით მოემზადეთ, რომ მათი დაკვირვების ქვეშ მოგიწევს გზის გაგრძელება.
8. თუ მოძრაობის დროს შენთვის ჩაფიქრებულს ვინმემ ღია ფანჯრიდან ყურში ჩაგბღავლა “ნელაააა გოგო რას აკეტებო” და მერე გაგეღრიჭა, შენი შესაძლებლობები არ დაზოგო.
9. თუ უკანა ხედვის სარკეში ხედავთ შავ ჯიპს ან შავ BMW-ს პირველივე შესაძლებლობის დროს დაუთმეთ გზა. (ყურადღება! გამონაკლისი- მძღოლს ფანჯრიდან მკლავი აქვს გადმოყოფილი და იღლია ჩამოკიდებულ ხელებს კარებს გარედან უტყაპუნებს, ეს ნიშნავს რომ მუსიკას უსმენს, არსად ეჩქარება და თამამად შეგიძლიათ გაუსწროთ).
10. თუ უკნიდან იმდენად სწრაფად გიახლოვდება მანქანა, რომ მარჯვნივ გახედვასაც ვერ ასწრებ, გააგრძელე სვლა, თვითონ იპოვის გამოსავალს. თუ მორწმუნე ხართ, ილოცეთ რომ მშვიდობით დაბრუნდეს სახლში.
11. თუ შენს უკან ცამოწმენდილზე ამოფრინდა ვინმე და არაგონივრული სიჩქარით გაგასწრო, ნუ იფიქრებ რომ მილიმეტრებით ააცილე, თავად გათვალა, რომ მოგვიანებით შეგემჩნია. გააგრძელეთ სვლა და ფრთხილად დაელოდეთ შემდეგს – არსებობს რეალური რისკი, ვისაც გაუსწრო ის მოსდევდეს.
12. თუ ორი ან მეტი მანქანა “გონკაობს” მარჯვენა განაპირა ზოლის დაკავებას აზრი არ აქვს.
13. თუ ორმა “CLK” – მ შუაში ჩაგიყენა და შენს გარშემო რვიანებს ხაზავენ, პანიკაში არ ჩავარდე, სიჩქარე უმნიშვნელოდ შეამცირე და სტაბილურობა შეინარჩუნე.
14. თუ შემთხვევით ნამდვილ მამაკაცს “დაუაბგონებთ”, ეს მისი პირადი შეურაცხყოფაა და აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს (სულ მცირე თქვენ წინ ჩაეკვეტება).
15. თუ გინდათ რომ გააოცოთ ვინმე, დაუთმეთ გზა ჩიხიდან უიმედოდ და გაუბედავად გამომავალი მანქანების მძღოლებს; მშვიდათ დაელოდეთ თუ თქვენს წინ ვინმე პარკირებას გაბედავს და შეჩერდით ქვეითთა გადასასვლელთან. ამ უკანასკნელს იმდენად დიდი ეფექტი აქვს, რომ გაოცებული ქვეითი ვეღარ გაინძრევა, ირგვლივ კი ყველა თქვენ მოგაჩერდებათ.

დღეს სულ ეს იყო 🙂

განათლება · საზოგადოება

საკონტოლო გასროლა აბიტურიენტებს

მე არ ვარ აბიტურიენტი. არც შვილი მყავს აბიტურიენტი, არც და, არც ძმა, არც დის შვილი ან ძმის შვილი. მაგრამ წარმომიდგენია რამხელა ღამე იქნება ათეულობით ათასი აბიტურიენტისთვის და მათი მშობლისთვის. რამდენჯერ შეეცვლებათ გუნება-განწყობა და რამდენ ვერსიას განიხილავენ ხვალამდე.
იმიტომ რომ ვიღაცამ გამოცდების და შეფასების ცენტრში დაუშვა შეცდომა. ძალიან მტკივნეული შეცდომა.

წარმომიდგენია რას გრძნობენ აბიტურიენტები და მათი მშობლები. გაურკვევლობაში რომ ხარ, იმედგაცრუებული და მილოცვებს იღებ, რაზე შენ თვითონაც აღარ იცი.

ეს არ არის უბრალოდ სისტემური შეცდომა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი მძიმე ზაფხულგადავლილი ბავშვების და მათი ბოლომდე ჯიბე გადმობრუნებული მშობლების.
გუშინ მივულოცეთ, რომ უკვე დიდია. დღეს ვეუბნებით, რომ გვაპატიოს, შეგვეშალა და ხვალ ვეტყვით გაიზარდა თუ ისევ სკოლის პროგრამით მოუწევს სწავლა.
გუშინ ვუთხარით, რომ უმაღლესში სწავლის საფასურის გადასახდელად სესხის აღება არ მოუწევდა, დღეს ვეუბნებით, რომ გვაპატიე, ამაღამ დავითვლით და ხვალიდან დაიწყე მაგ ფულზე ფიქრი.
არადა უნდა მოვეფეროთ, იმიტომ რომ ისწავლეს, იმიტომ რომ გაბედეს, იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრება უნდათ, იმიტომ რომ ჩვენზე ბევრად ჭკვიანები არიან და იმიტომ რომ მათ უნდა მართონ მალე ქვეყანა.
საკონტოროლო გასროლას გავდა ეს შეცდომა.
განათლება · საზოგადოება

შეხვედრების მინისტრი

თამარ სანიკიძის ხისტი და შეუვალი პოლიტიკის შემდეგ სანდრო ჯეჯელავა “მხსნელად” მოევლინა პედაგოგებს. დაიწყო დიალოგი, ასე მონატრებული დიალოგი მინისტრთან, მაღალ ჩინოსანთან.
შეხვედრები, შეხვედრები, შეხვედრები … 40-ზე მეტი შეხვედრა მინისტრობის 2,5 თვეში. ფოტოები განათლების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან, საუკეთესოდ ასახავს ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

DSC_0567.JPG
13735031_1620488078281410_7302453554787297339_o.jpg
direqtorebi.JPG

 

DSC_0535.JPGDSC_0777.JPG

DSC_3464.JPG

DSC_3654.JPGDSC_5348 (1).JPGDSC_5786.JPGDSC_0804.JPGDSC_8719.JPGDSC_7040.JPGDSC_8935.JPGDSC_9722.JPGreqtorebi.JPG

როცა კომუნიკაციის “მამა” ხარ, ზუსტად იცი როგორ მოიგო ადამიანების გული. როცა მასების ფსიქოლოგიას იცნობ, ზუსტად იცი, რა დროს რა უნდა თქვა.  და ისიც იცი როგორ მოგყვება ადამიანის ფიქრები..

“სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს”. ”მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე”. “უბატონოდ ვერავინ შეგეხებათ”. „მაგარ შარში ვართ ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“. “ვიდეო გაკვეთილები სავალდებულო აღარ არის. მასწავლებელთა შეფასების სქემა შეიცვლება.” – უსწრაფესად, რამდენიმე დღეში მოიგო მასწავლებლების გული და აღადგინა ნდობა. (თუმცა თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის მართვის ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნა).
“რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google?” – მოიგო მოსწავლეების გული. (თუმცა რატომ ვსწავლობთ ანგარიშს, როცა არსებობს კალკულატორი?!)
“შევზღუდავთ მოსწავლის ჩანთის ჯამურ წონას. ახლა სექტემბერში ვერ, მაგრამ მომავალ სექტემბერს, ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება” – მოიგო მოსწავლეთა მშობლების გული. (აქ თუმცა არ არსებობს)
“5 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში შესაძლოა, მოსამზადებელი კლასი გაიხსნას” – მოიგო მომავალი მშობლების გული. (თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს მოსამზადებელი პროგრამები საბავშვო ბაღებში და რას ვუშვებით მას?)
“უმაღლესში მთავარი პრობლემა დაწეული პლანკაა. ძალიან ბევრს ვუშვებთ უმაღლესში, როცა უმაღლესი იმის უმაღლესია, რომ იქ ძალიან ნარჩევი ხალხი უნდა იყოს” – მოიგო პროფესორ-მასწავლებლების გული. (თუმცა სკოლა რეპეტიტორის გარეშე ამზადებს “ნავაროჩენ” მოსწავლეებს? არა. მაშინ რას ვთავაზობთ დანარჩემენს?)
“ბუნდოვანია, რატომ სჩუქნის ჩემს შვილს სახელმწიფო წიგნს, როცა შემიძლია ვიყიდო?!” – “პასი მისცა” ოპონენტებს.
“ვაპირებ კომაროვის მსგავსი სკოლების შექმნას” – მოიგო სრულიად მსმენელების გული (თუმცა როგორ?)
თუ მცირედით მაინც შეგტკივა გული განათლების სისტემაზე, ძნელია გულგრილად უსმინო საუბრების ოსტატს, მით უფრო, როცა პიროვნების კულტი ჯერ კიდევ სისხლში გვაქვს გამჯდარი.

ერთი რაც ცალსახად გამოიკვეთა განათლების სისტემის გადატრიალებას აპირებს. ოღონდ ისე, რომ ყველას თავზე ხელს უსვამს, შენ კარგი ხარო, შენ შეგიძლიაო. “დირექტორების სისხლის მსმელი” შაშკინის და “მასწავლებელთმოძულე, გაბრაზებული” სანიკიძის შემდეგ სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დგას. პოზიტიური მშობლობა რომ ბავშვთა აღზრდაში ამართლებს, ვიცი.

მაგრამ კითხვა მაქვს: აღზრდის პოზიტიური “მამა” უკვე ზრდასრულ “შვილებს”?!

საზოგადოება

სამოსელი თუ კანოე?!

მეხუთე ადგილზე გავიდა მსოფლიოში და ჩვენ ისიც არ ვიცოდით მოკლე ნიჩბიანი სპორტული ნავით თუ ასპარეზობდა ვინმე საქართველოდან. იმდენი ვიღლაბუცეთ ოლიმპიელების ჩაცმულობაზე, მთავარი გამოგვრჩა. ვწუხვარ, რომ ზაზა ნადირაძისნაირი სპორტსმენები ქართული ხმაურიანი გულშემატკივრობით არ გავაცილეთ ოლიმპიადაზე. ვწუხვარ, რომ მისი მიღწევის გასააზრებლად პირადი ცხოვრების ნამდვილი თუ გამოგონილი დეტალების გააშკარავება გახდა საჭირო.
მამა არ ყავსო, ოჯახს არჩენსო, პურის ფულის საშოვნელად მშენებლობაზე მუშაობსო, არც ნავი აქვსო, არც ხელფასიო.. ახლა ვინმე გამოჩნდება და იტყვის, ჩემ ხელშია გაზრდილიო და ერთი აღარ გამომივლის ეგ ასეთი და ისეთიო და ა.შ.
რატომ ვახდენთ პოზიტიური ამბების დრამატიზებას? ისე ვერ ვიზიარებთ სიხარულს? ორმაგად დასაფასებელია თუ ღარიბია? ორმაგად გვაოცებს მშიერი ხალხის მიღწევები? მართლა გვგონია კანოეს შეჯიბრებისთვის მომზადება “სამაგატკაზეა” შესაძლებელი?
ყავს თუ არა მამა, მშენებლობაზე მუშაობს თუ მეეზოვედ, არ არის ეს არსებითი. ასეც რომ იყოს, ამ მომენტში სიბრალული აღარაფერ შუაშია. აქ უნდა გვიხაროდეს, ვსწავლობდეთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში პატივს ვცემდეთ ადამიანებს, რომლებიც მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან.
ამალია გამახსენდა ახლა, “ნიჭიერის” ამალია. მარტოხელა დედა, ირანული ჩანთით გასაყიდად ხელნაკეთ ბაფთებს რომ დაატარებდა და მერე Moon River იმღერა ცოცხლად, სასწაულად, დიდი გარდასახვა მოახდინა სცენაზე. სწორად დაუგეგმავთ შოუს პროდიუსერებს სცენარი – რაც უფრო გაჭირვებულია ადამიანი, მით უფრო არ მოველით მისგან წარმატებულ ნაბიჯებს. 
გაიხედეთ აბა, რამდენი “ზაზა” და “ამალიაა” ჩვენს ირგვლივ. ზოგს ღარიბულად აცვია, ზოგს მდიდრულად; ზოგს უგემოვნოდ, ზოგს მოდურად; ზოგი მეტროთი დადის, ზოგს მძღოლი ემსახურება; ზოგს საჭმლის ფულიც არ აქვს, ზოგი ერთ სადილში ხარჯავს ასობით ლარს; ზოგი სოფელშიც ვერ მიდის, ზოგი საზღვარგარეთ ისვენებს; ზოგს მამა ყავს მილიონერი, ზოგი თავად არჩენს მამას, ზოგსაც უბრალოდ უნდა რომ გვერდით ყავდეს მამა – ეს ყველაფერი პირობითია, დროებითია, უმნიშვნელოა. “ცუდად” ჩაცმული, უმაკიაჟო, “მარშუტკიდან” ჩამოსული თუ “ვენახიდან” დაბრუნებული ადამიანი ისეთივე ალბათობით შეიძლება იყოს ნიჭიერი მომღერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი, ექიმი, ადვოკატი ან სხვა რამ, როგორც მდიდარი და გავლენიანი ოჯახის ფუფუნებაში გაზრდილი შვილი. “ყველა ადამიანშია მზე, ოღონდ მიეცი საშუალება, რომ ანათოს” – სოკრატე. ასე რომ, ვაცადოთ რა დანაყრებულმა სნობებმა, სიბრალულზე და სამოსელზე რომ აგვიგია ზედაპირული წარმოდგენების სტერეოტიპები.

განათლება · საზოგადოება · სოციალური

უმუშევრობა, სოფელი და შესაძლებლობები

გული მიწუხს ისეთია ქართული სოფელი.
სახურავგადახუნებული, მეორე სართულ გაულესავი სახლებით; ადგილ-ადგილ მოხრეშილი ორღობეებით; უწესრიგო, ოღრო-ჩოღრო ღობეებით, ღამით მთვარის ანაბარად მიტოვებული ქუჩებით; მეორადი ტანსაცმლისა და ლილოდან ჩატანილი საჩუქრების მაღაზიებით, ნისიებით რომ არსებობენ; ტალახიან ნაკელში ამოზელილი რეზინის “კალოშებით”; დაძველებული საოჯახო ნივთებით; ნაადრევად დაბერებული, კბილებგამოცლილი, დარდისგან სახე შეცვლილი ადამიანებით; შრომისგან კანგაუხეშებული ქალებით; მძიმე საქმისგან იძულებით დაკუნთული კაცებით, უმეტესად ბირჟაზე გაზრდილი შვილებით, სამსახური რომ საჩუქარი გონიათ და ისე ოჯახდებიან, მრავლდებიან ხვალინდელ დღეზე ფიქრი საიდან უნდა დაიწყონ, არც იციან.
სტუმრად მივედი. მიწაზე მუშაობა არ უნდაო – შემომჩივლა ბავშვობის მეგობრის დედამ. არ ეხმარებაო მამას. დაცვაში მუშაობს, 250 ლარი აქვს ხელფასი – გზაში და სიგარეტში არა ჰყოფნისო. შეყვარებული ყავსო, 30 წლისაა, მაშ რა ქნასო. მეც ხო მინდა შვილიშვილიო. მერე 250 ლარით როგორ უნდა იცხოვროს-მეთქი. აგე, მაგისი ბიძაშვილი გამგეობაში მუშაობს, რა ხანია პირდება სამსახურს, მაგრამ არაფერიო. “გამგეობა” ყველაზე პრესტიჟული და პერსპექტიული სამსახურია სოფელში. მოვიდა ისიც. კარგია რო გამოგვიარეო, გხედავ ხოლმე ხანდახან ტელევიზორში, ისე მიხარია შენი დანახვა, რაზე ლაპარაკობ აღარ მესმისო – შემომღიმა. რას საქმიანობ მეთქი – სამ დღეში ერთხელ ერთი “სუტკა” ვმუშაობ, დანარჩენი მძინავს ან ვქეიფობ, ჩვენი ამბავი ხო იციო. სამ დღეში ერთხელ რა გაქეიფებს, პროფსასწავლებელში მაინც ისწავლე, ვენახი გაქვს, საფერავი გიდგას, მასწავლებელი სახლში გყავს, მარკეტინგის წიგნიც რო გადაშალო, აღარც 250 ლარზე მოცდები, აღარც სუბსიდიაზე იფიქრებ, უფრო ძვირად გაყიდი მეთქი ღვინოს. ვინ იყიდის ჩალის ფასი ააქვსო. იმოდონა მოვლა უნდაო ვაა.. შენ რა იციო, შორიდან თქმა ადვილიაო! – შემეკამათა- ჩემ ადგილას ვერც შენ იზამდი ვერაფერსო! შენ ადგილას რომ ვიყო, მოვძებნიდი პროფსასწავლებელს, სადაც ღვინის ტექნოლოგია ისწავლება, ვისწავლიდი მარკეტინგს, მოვიფიქრებდი საფირმო სახელს მამაშენის დაყენებული ღვინისთვის, მივიდოდი დიდ ქარხნებთან, მოველაპარაკებოდი ჩამოსხმაზე, ჩავაწყობდი ჩანთებში და დავივლიდი ბარ-რესტორნებს მეთქი. გაეცინა. რას დაარქმევდიო? პატარ-პატარა ქვევრებში ჩამოვასხამდი და “განსხვავებულს” დავარქმევდი მეთქი – ნაუცბათევად ენაზე მომდგარი ვუთხარი. კარგია ისე, ხო იციო, – გაიღიმა. მარა ეგეთი ადვილი მაინც არ არისო.

ვერ შევძელი, ვერ დავიყოლიე.. 

გული მიწუხს ისეთია ქართული სოფელი. სავსე უიმედო და უპერსპექტივო ახალგაზრდებით, იშვიათად თუ გამოერევა მშრომელი და მოტივირებული გოგო/ბიჭი. სხედან და ელოდებიან სამსახურს. არადა ყავთ რამდენიმე სული ძროხა, ათობით ქათამი, ცხვარი ან ღორი. აქვთ ყანა, ვენახი, ხშირად თავისუფალი მიწაც. მე რომ სოფელში ვცხოვრობდე და ახალგაზრდა ვიყო ოჯახის ერთი წლის მოსავლით მარკეტინგთან ერთად ვისწავლიდი მეცხოველეობას, ვეტერინარიას, აგრონომიას, სასურსათო საქმეს ან მეღვინეობას. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაწყობდი ჩემ საქმეს და ჩემ ცხოვრებას სუფთა ჰაერზე.
მე მაინც მიყვარს სოფელი, დაღლილი და ლაღი ადამიანებით. ფიანდაზების მოლოდინში სამ დღეში ერთხელ რომ ქეიფობენ და ხელფასის ოდენობით არ ზომავენ ბედნიერებას.