განათლება · საზოგადოება

გინახავთ რა ხდება ბაღებსა და სკოლებში გამგებლის ცოლი რომ მიდის სტუმრად?

გინახავთ რა ხდება ბაღებსა და სკოლებში გამგებლის ცოლი რომ მიდის სტუმრად? მე მინახავს.

ბავშვები საკლასო ოთახებში შელალული, დამლაგებლები დერეფნებში წყლით სავსე სათლებით, მასწავლებლები  უახლოესი საკონდიტროდან დირექტორის კაბინეტამდე ქუსლიანი ფეხსაცმლით მოკაკუნე. მნე “კოკა-კოლის” ორ ლიტრიანი ბოთლებით ხელში. გასაღიმებლად მომზადებული  დირექტორი კაბინეტიდან იძლევა განკარგულებებს, სასწავლო ნაწილები სართულებზე დარბიან.  დარაჯი ცენტრალურ ჰოლში ბავშვებს და მშობლებს არ აჩერებს, სააქტო დარბაზში ფარდებს ასწორებენ. ეზო სახელდახელოდ მილაგებული. სკოლის ჭიშკარი ღია.

მოვიდა გამგებლის ცოლი. ჩაეგება დირექტორი ორიოდე სანდო თანამშრომლით, მაგრამ რად გინდა. შემოვიდა სამი მასწავლებელი და ვერ იცნეს გამგებლის ცოლი. წარმოგიდგენიათ რამხელა უპატივცემულობაა? რაიონის გამგებლის ცოლი ვერ იცნეს. წყალში ჩაყარეს მთელი მონდომება და შრომა. საპატიო სტუმარი კმაყოფილი რომ წავა, ემოციებისგან დაღლილი დირექტორი სასწრაფოდ კოლექტივს შეკრებს და ამ თემით დაიწყებს პედ.საბჭოს – “რას იტყოდა გამგებლის ცოლი”  ..

დეკემბერში 28-ე ბაგა-ბაღის საახალწლო ზეიმის ვიდეო გამოქვეყნდა ფეისბუზე, სადაც ბაღის აღსაზრდელი გამგებელს სთხოვს ოცნების ასრულებას და მათთან სურათის გადაღებას. ტექტს მასწავლებელი კარნახობს და ბოლოს თავად მიმართავს ახალგაზრდა გამგებელს “ნუ დაწყვეტავთ ბავშვებს გულს”. ბავშვებს “ოცნება”  ბაღის თანამშრომელი აღტკინებული ქალების სიხარულის ფონზე უსრულდებათ. “როგორ დაჯდა გამგებელი ბავშვებთან ერთად იატაკზე”- ოვაციების ზღვა იღვრება დარბაზში ..  ღმერთო, სასწაულია, გააზიარეთ!!! – (2015 წლის დეკემბერი) ესეც ბმული –

თქვენ ფიქრობთ, ამათ, იერარქიის მიმართ პატივისცემას რომ ფორთხვა-ლაქუცით გამოხატავენ და ბავშვების აღზრდაში გვართმევენ ხელფასს, იციან საქართველოში რომ დემოკრატიული მმართველობაა?!