განათლება

მორჩილების გაკვეთილები

პრეზიდენტი რომ შევარდნაძე იყო და განათლების მინისტრი თუ არ ვცდები კვაჭანტირაძე, გაკვეთილების დროს ორჯერ გაგვიყვანეს ქუჩაში მოსწავლეები. ერთხელ ნურსულთან ნაზარბაევი ჩამოფრინდა, მეორედ ალიევი.. ჩვენი ფუნქცია აეროპორტის ტრასის პირას ჩამომწკრივება, პრეზიდენტების ესკორტის ლოდინი და გადაკეტილ გზაზე გამოჩენილი მანქანებისთვის ხელის დაქნევა იყო. . . ვიდექით ბავშვები ასე ჩამწკრივებული  ორხევიდან სამას არაგველამდე და ზოგი სიხარულით, ზოგი ნაძალადევად პატივს მივაგებდით ბატონ სტუმრებს. ჩვენ გვესმოდა, როგორ ბუზღუნებდნენ მთელი გზა მასწავლებლები და ვხედავდით, როგორი გაბადრულები იქნევდნენ ხელს ესკორტის გამოვლისას. ეს იყო დიდი გარდასახვა. სამსახიობო მასტერკლასი ქართულის, მათემატიკის, ისტორიის, ხატვის თუ ფიზ.კულტურის მასწავლებლებისგან. ეს იყო პრაქტიკული ნიმუში, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე, როცა სისტემა გთხოვს მორჩილებას.

და დღესაც სკოლა ყველა საგანზე უკეთ მორჩილებას ასწავლის.

ერთი თვის წინ რუსთავის სკოლაში საატესტაციო გამოცდების დამკვირვებლების გამოსაკვებად მოსწავლეებს 2-2 ლარი მოსთხოვეს. გამოცდაზე მისულ უფროსკლასელებს გვერდით საკლასო ოთახში სახელდახელოდ შეერთებულ მერხებზე სუფრაც გააშლევინეს. „საქმეშიც“ ჩაეთვალათ და მოსწავლეებიც „გაანათლეს“, როგორ გაეფინონ ფიანდაზად გავლენიან პირებს, რომ უკეთესად თუ არა სტაბილურად მაინც იყვნენ მომავალში..

ჩვენი რეალობაა სასკოლო გარემო, სადაც „მეორე განყოფილების“ ეპოქა ჯერ არ დასრულებულა! სადაც მუდმივად ისჯებიან ურჩები და წახალისებულნი არიან მორჩილები! სადაც კანონიერი ავტორიტეტები მოითხოვენ უსიტყვო მორჩილებას! სადაც ასაკით თუ იერარქიით უფროსთან კამათი უზრდელობად ითვლება! სადაც, ავტორიტეტებს უფლება აქვთ გამოიყენონ ირონია, ხმამაღალი სიტყვა და სიძულვილის ენა! სადაც უხვად არიგებენ იარლიყებს! სადაც არ აქვთ საწინააღმდეგო აზრის მოსმენის სურვილი და მისი გააზრების უნარი! სადაც სიმშვიდეს არღვევს კრიტიკა! სადაც შეპასუხებას ენის ტლიკინი ქვია. სადაც რაიმე ნიშნით გამორჩეული თითით საჩვენებელი ხდება! სადაც ცდილობენ, განსხვავებული გახადონ ჩვეულებრივი!

დღემდე ასეთია ჩვენი დაფინანსებული საჯარო სკოლა. ბიუროკრატიული, წინ კუს ნაბიჯით მიმავალი – ცოტა გულანთებული და ბევრი გაღიზიანებული თანამშრომლით, რომლებიც მუდმივად მზად არიან ჩაგიტარონ მორჩილების გაკვეთილები.