განათლება

თვითცენზურა საჯარო სკოლებში

ზოგჯერ, როცა საჯარო სკოლაში ვარ, ცალკე სახელმწიფოში მგონია თავი. ეს არის ჩაკეტილი სამეფო თავისი მონარქებით, ლაქიებით, მოსახლეობით და ჯარით. ვინ ვისი პროტოტიპია თქვენ განსაზღვრეთ, მე იმ ჟურნალისტის თვალით დანახულს გეტყვით, პერიოდულად სკოლებში გადაღებებზე სიარული რომ უწევს და არც თუ იშვიათად დაუპატიჟებელი სტუმრის რანგში. ზოგჯერ კარი ცხვირწინ იკეტება, რას იზამ, დირექტორის ბრძანებაა. ზოგჯერ იხსნება, ოღონდ ისე ფართოდაც არა, რომ ყველაფერი გამოჩნდეს. დადიხარ დერეფნებში სკოლის დირექტორის გვერდით. კიდევ რამდენიმე ადამიანი უკან დაგყვება. ყველანი ღელავენ. დაბნეულები გპასუხობენ. აქცენტს მხოლოდ პოზიტივზე აკეთებენ. ის რაც გამოსასწორებელია, არასოდეს ახსენებენ. ტუალეტიდან გამოსულ სუნს არ იმჩნევენ, უხერხულად იშმუშნებიან. თუ მიუთითე გიმარტივებენ, რა მოხდა მერე, ყოველთვის ასე კი არ არის, რაღა ახლა გამოვიდა ეს სუნიც.. სინამდვილეში შენზე უკეთ იციან, შენზე მეტად აწუხებთ, მაგრამ არ იტყვიან. სისტემის წინააღმდეგ არ წავლენ. და ამ დროს ხალასი ბავშვები ცხვირზე ხელებმიფარებული დადიან, მხიარულად დაჭყანული სახით და იმ ბავშვური ფიქრით, რომ საღამოს ტელევიზორში გამოჩნდებიან -” მას, ქაღალდი და საპონი კიდევ არ არის ტუალეტში!” 🙂 “შეფობა” ფეხაკრებით დადის და წარბის აწევით შემოიფარგლება. მერე, ის წუთიც დგება, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება კოლექტივი. “ნახვამდის, დიდი მადლობა” ვამბობ და სახეებიც იბადრება. ზე ზრდილობიანი “რას ამბობთ, ყოველთვის მზად ვართ”-მზად არის. არადა გულში ფიქრობენ “უჰ, გადავრჩით”.. და ვტოვებ სკოლას, ისევ ისეთს, როგორიც 16 წლის წინ დავამთავრე. და ამაზე არავინ საუბრობს..

როგორია თავად დირექტორი? – ხელისუფლების მორჩილი, პოლიტიკური უმრავლესობის უპარტიო წევრი, იცის როგორ გაჩუმდეს და საფიქრალი არ გაუჩინოს რაიონის რესურს-ცენტრს და სამინისტროს. როგორ მიიღოს საპატიო სტუმრები გამგეობიდან. რა დაათვალიერებინოს და რა დაუმალოს სტუმრად მისულ ხელმძღვანელობას. სისტემის ხარვეზებს იცნობს, თუმცა, მიიჩნევს რომ ის ვერაფერს შეცვლის, ამიტომ არჩევს დიდხანს დარჩეს თანამდებობაზე. მითუმეტეს რომ უამრავი თავისიანი ყავს დასაქმებული სკოლაში.

სკოლის დირექტორის ნათესაობისგან შემდგარი გუნდი – მნე, საქმეთა მმართველი, ბუღალტერი, ფსიქოლოგი, ექიმი და რამდენიმე მასწავლებელი, რომელიც პროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, მაგრამ აწყობილი პირადი კავშირების გამო გაცდენებიც ეპატიება.
მანდატური – იშვიათად იღიმება. ფეხაკრებით დადის. იცის რა ხდება დახურულ კარს მიღმა. ოპერატიულად აწვდის ინფორამაციას “ზევით”.

დარაჯი – როგორც წესი შუახანს გადაცილებული, არც თუ იშვიათად რუსულენოვანი კარის ქალი თუ კარის კაცი მუდამ გაბრაზებულია. ეტყობა, რომ პატივს არ სცემენ და თავადაც არ იმჩნევს ზრდილობას. უსიტყვოდ ემსახურება ბატონს, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასაკის მიუხედავად “შენობით” ელაპარაკოს (თავად კი სულ იმას უჩიჩინებს მოსწავლეებს, უფროსს პატივი სცეს და სიტყვის შეუბრუნებლად დაემორჩილოს).
მოსწავლის მშობელი – უუფლებო რგოლი, რომელსაც უმეტესად სამ კატეგორიად ყოფენ სკოლაში: უყურადღებო, ინტრიგანი ან ყოჩაღი. მოუცლელი მშობელთა კრებაზეც არ მიდის, “ინტრიგანი” ყველა ხარვეზს აღნიშნავს. ყოჩაღი ყველაფერს აკეთებს, რომ დირექტორს და მასწავლებლებს ასიამოვნოს, ამიტომაც არის ყოჩაღი.
მოსწავლეები? – ყველაზე ნადვილი ადამიანები.
მასწავლებელი –  მოსწავლეებთან დიდი, დირექტორთან – პატარა.

როცა მასწავლებელს ვახსენებ, თავში ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კატეგორია მიტრიალებს.
1) თანამედროვე (არ ვგულისხმობ მხოლოდ ახალგაზრდას), მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების მოყვარული, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები რეალური ამბიციებით. ბავშვებს აღიქვამენ ინდივიდებად. საინტერესოდ მიაჩნიათ მათთან ურთიერთობა. აცნობიერებენ, რომ მათი საგნის გარეშეც შეძლებს ბავშვი გარემოში ადაპტირებას. ბავშვებს არ ყოფენ ცუდებად და კარგებად. არ აინტერესებთ ვის რა აცვია, აქვს თუ არა ტელეფონი, ვისი დედ-მამა სად მუშაობს, სკოლა არ გონიათ “ტაძარი”, მაგრამ უყვართ ადგილი, სადაც პაწაწინა პირები ერთ დღესაც გადაიქცევიან პიროვნებებად. ასეთი ადამიანებისთვის სხვა ბევრი სამსახურიც არსებობს, თუმცა მათ მოსწონთ საქმე, რომელსაც აკეთებენ. ამიტომ მუშაობენ სკოლაში ბავშვებთან, იმ ანაზღაურების სანაცვლოდ რასაც ოდესღაც დათანხმდნენ და იმ იმედით, რომ ხელფასი გაიზრდება. ვისაც იმედი ამოეწურა და ხმამაღალი პროტესტი გამოხატა, 62 000-დან ერთადერთს, სანიმუშოდ დაატოვებინეს სკოლა (თბილისი, 116-ე სკოლა, ისტორიის მასწავლებელი დათო ფერაძე). სისტემამ იმ ერთადერთ შემთხვევაშიც  “კლასი” აჩვენა როგორ დასჯის მოაზროვნე მასწავლებელს.
2) მეორენი ანუ დიდი უმრავლესობა- ოდესღაც კარგად ნასწავლზე დამოკიდებული. ნიშნებით მოვაჭრე. თვითცენზურით შეპყრობილი, დირექტორის თვალებში შემციცინებელი, ავტორიტეტების გავლენის ქვეშ მყოფი, სტერეოტიპებით მოაზროვნე. დამფრთხალი, რომ ვიღაც ბავშვის უფლებებზე ალაპარაკდა. წარბაწეული, რომ კართან შეიძლება მანდატური იდგეს. შეურაცხყოფილი, რომ გამოცდებზე გაიყვანეს, დაბალი ხელფასის შესაბამისად უხარისხოდ მომუშავე, მოსწავლეების მშობლების ხელის შემყურე, კუბოკრულ კაბებში გამოწყობილი ორიოდე კოლეგა დაქალით, ღვაწლმოსილი და სკოლიდან თავისი ფეხით არასოდეს წამსვლელი პედაგოგები დიდი ამბიციებით, რომელთანაგან ხშირად მოისმენთ „იცით რის ფასად გვიჯდება მომავალი თაობის აღზრდა?“. ხშირად გეტყვიან «კმარა მასწავლებლებისკენ ლაფის სროლა, იცით მაინც რამდენი აქვს მასწავლებელს ხელფასი?“ – მაგრამ არასოდეს, არასოდეს ხმას არ ამოიღებს დარგის პრობლემებზე იქ სადაც საჭიროა – არც დირექტორთან, არც სამინისტროში, არც ჟურნალისტებთან. მის თვალში სკოლა ტაძარია, ცოდნის ტაძარი, რომელზე აუგის თქმაც კარგ პედაგოგს არ შეშვენის. «ძირითადად გაბრაზებული» (ამის მიზეზი რეალურადაც ბევრი აქვთ) აბსოლიტურად კმაყოფილდება საკლასო ოთახის დახურულ კარს მიღმა, სადაც სხვაგან დაჩაგრული, პატარა ადამიანების თვალწინ მეფედ და დედოფლად იქცევა. მოუნდება «ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებს», საჭიროდ ჩათვლის დასჯის, კუთხეშიც დააყენებს მძიმე ჩანთა აკიდებულს, კლასიდან გააგდებს, ოჯახს გაულანძღავს, დაამცირებს კიდეც, შეიძლება ხელითაც შეეხოს, თუ ვერ შეეხება – ეს უფრო განარისხებს, რომ აუკრძალეს. მერე მშობლებს მიიხმობს და ეტყვის, რომ უზრდელი შვილები ყავთ, თან ფარდები არ უვარგათ საკლასო ოთახში და პარკეტიც აქა-იქ ამოყრილია, მაგრამ ფულს თვითონ ვერ შეაგროვებს, არც ამის უფლება აქვს …

P.S. საჯარო სკოლაში არის გარემო, სადაც ზრდასრულები არ იცავენ თავიანთ უფლებებს. სადაც სხვისი ხელით ელიან თავიანთი ყოველდღიური სოციალური პრობლემების მოგვარებას. სადაც ყალბად თავაზიანი მოწიწებით აწურულები დაიარებიან. ასეთები ვერასოდეს ვერავის ასწავლიან და აჩვენებენ მთავარს – პიროვნების თავისუფლებას. ამაზრზენია, როცა ბავშვები მთელი ბავშვობის განმავლობაში ამ სიყალბეს თვალებში უყურებენ.

17 thoughts on “თვითცენზურა საჯარო სკოლებში

  1. სწორედ ასეთი სიტუაციაა.ასეთია დირექტორების უმრავლესობა, მათი გუნდიც, მშობლებიც, მასწავლებლებიც. ჰო, კიდევ ერთი კატეგორიის მასწი არსებობს, არ აინტერესებს არც გარემო, არც არავინ. არ ერევა არაფერში. მთავარია, მოსწავლეები არ მოაკლდეს შინ სამეცადინოდ. რასაც კლასში აკლებს, სახლში ამატებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. მერე რა, რომ კანონი კრძალავს. ვინ იცავს კანონს ასე თავგამოდებით. არ გაემტყუნება.შვილი სტუდენტი ჰყავს, ოჯახი მეტწილად მისი სარჩენია. არ გაემტყუნება არც ლაქიობას.თვითდამკვიდრებისთვის სხვა საშუალება არ გააჩნიათ, სამსახური კი სჭირდებათ, მათაც ოჯახი ჰყავთ სარჩენი. არ გაემტყუნება არც უნიათო, კონფორმისტ, არაკომპეტენტურ მენეჯერებს, იმიტომ, რომ სხვაგვარად არც იციან და არც შეუძლიათ. მათაც სჭირდებათ ეს ხელფასი. ოდესღაც, სადღაც, რაღაც ისწავლეს, ვიღაცამ ხელი წაუკრა და არიან იქ, სადაც არიან.რაც უფრო კონფორმისტია, მით უკეთესი. არავინ შეაწუხებს. არაფერს შეცვლის, მხოლოდ მავანის სურათი იცვლება მის კედელზე. თუ იმდენი შეუძლია, რომ გამოცდა ჩააბაროს, სერტიფიცირებული მენეჯერი იქნება უეჭველი. ასეთს ხელს არავინ შეუშლის, ე.წ გასაუბრებაზე. მისაღებთა სიაში ეწერება მუდმივად.სიები კი, იცოცხლეთ, მუდამ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. თუ ვერ აბარებს და მოსწავლეების ლექსიკით ვთქვათ, ,გარტყმაში არაა”, არც ეგაა პრობლემა. იქნება და იქნება მ. შ (მოვალეობის შემსრულებელი).რატომ შეაწუხებს ზედმეტად ვინმეს, თვალში რატომ შეეჩხირება? მერე რა, რომ მის მასწავლებლებს სამასწავლებლო არ აქვთ და პატარა ოთახში არიან შეხურხლილები, ვინც მიასწრებს ის დაჯდება, სხვები იდგენენ , რა უჭირთ! ნაწილისთვის მუდმივად ღიაა მისი კაბინეტი ყავის დასალევად და სიახლეების გასაგებად.მერე რაა, რომ ათეული წელია მის სკოლაში დასალევი წყალი არაა, ტუალეტს პირობითად ჰქვია ტუალეტი და ა.შ. არც ეს ადამიანია ბრალში. სხვანაირად არ იცის და რა ქნას? ეს სისტემის ბრალია, სისტემის, რომელსაც სჭირდება ასეთი კადრი. სისტემის, რომელსაც ყველაფერი მოჩვენებითი აქვს- ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსებიდან დაწყებული, სწავლების ხარისხის ჩათვლით. არც სწავლების, არც მართვის, არც ტექნიკის, არც შესრულებული სამუშაოს ხარისხზე არავინ აგებს პასუხს. სისტემის, რომელიც მუდმივად რომელიც მუდმივად არაკომპეტენტურებზე აკეთებს არჩევანს. და კიდევ 62 000-დან მხოლოდ ერთი არ აპროტესტებს ამას.ძალიან ბევრს აქვს მცდელობა შეცვალოს სიტუაცია იქ, სადაც არის. ძალიან ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ისევ და ისევ სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას.

    Liked by 1 person

  2. ზუსტად გამიარა 12 წელმა თვალწინ ერთი ერთში, დავამატებდი რა საძაგლობებს ასწავლიან ბავშვებს, როგორ აყვარებენ ყალბი ისტორიით ქვეყანას და რა ტყუილებში ამყოფებენ, როგორ ამცირებენ და როგორი უტაკტოები არიან, ასაკს გადაცილებული პედაგოგოები განსაკუთრებით, ოჯახური პრობლემები გადააქვთ ბავშვებზე, სკოლას ამთავრებ და რიგითი ქართველი ნაგავი ხარ. კიდევ კაი უკეთესობისკენ მიდის თვითშეგნება.

    Liked by 2 people

  3. ვკითხულობ და ისეთი წარმოდგენა მექმნება, რომ თქვენ საუბრობთ არა სკოლაზე, საიდანაც განათლებული ახალგაზრდა უნდა გამოვიდეს და მშობელი ამის გამო ხარჯავს დიდ ენერგიას და მონდომებას შვილებისთვის,არამედ ციხეზე,საიდანაც განუვითარებელი და “ნაგავი”ახალგაზრდობა გამოდის.საუბრობთ მშობლებზე და ყველა მშობელს “ერთ ქვაბში” ხარშავთ. ეს ძალიან ცუდია,თუ თქვენ ედავ იმ საერთო სავალალო ფონს რაც რიგ სკოლებშია, არ შეიძლება ყველა სკოლა და პროფესიონალი მასწავლებელი გაასწოროთ ძირს.ჩვენ არ ვზრდით “ნაგავ”შვილებს და თუ ვინმე ზრდის ჩვენ არ უნდა გადაგვატეხოთ ჯოხი. ჩვენ ქვეყანაში ისევ ბევრი გაიზრდება ისეთი შვილები, რომლრბიც ჩვენს ქვეყანას და ერს ასახელებს და მათ გვერდზე იქნებიან შვილებე გადაყოლილი მშობლები და პროფესიონალი მასწავლებლები.
    მესმის ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია მაგრამ არა ასეთი.თქვენ გაუშვებთ თქვენ შვილებს ისეთ სკოლაში სადაც ასეთი კოლექტივია?თუ ყველგან ასეა მაშ სად წავიყვანოთ შვილები, რომელ ქვეყანაში აღვზარდოთ თუ საქართველოში ყველაფერი ცუდი და მოუწესრიგებელია . ვაქციოთ ქვეყანას ზურგი?არა ვეცადოთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ გვქონდეს პროგრესი და არა ეს ჩაკეტილი აზროვნება და სეპტიმიზმი.

    Liked by 1 person

  4. Ox es yovlismcodne jurnalistebi. Ra masobrivi sheurawyofa gamogividat ! Tashis xma AR gesmit? Ramodenime 1000 Direqtori ateulatasobit pedagogi da ateulatasobit mshobeli gikravt 🙂

    Like

    1. ტაში რომ მჭირდებოდეს სხვა გზას მოვნახავდი 😉 მე ჩემი თვალით არაერთხელ ნანახი გაგიზიარეთ. თქვენ უფრო მეტს უნდა ხედავდეთ, წესით

      Like

    1. ვისი დაკვეთაა? ამაზეც ხომ არ გაქვთ ეჭვი 🙂 სკოლა უნდა იყოს ავტორიტეტული, მაგრამ მიმოიხედეთ ირგვლივ

      Like

  5. ქალბატონო მეგი, თუ თქვენ მართლა ჟურნალისტი ბრძანდებით და გაქვთ პროფესიული ღირსების გრძნობა, დაანებეთ თავი “ჰაერში” წერას და კონკრეტულად დაასახელეთ სკოლა, სადაც იყავით და ნახეთ ის, რაც დაწერეთ. თუ არ დაასახელებთ, თქვენი სტატია ერთი გახვრეტილი გროშის ფასია.

    Like

      1. გეთანხმებით, ეს ერთისკოლის პრობლემა არაა, პრობლემა საზოგადოებრივ ცნობიერებაშია, რომ ვკითხულობდი თვალწინ წარმომიდგა ნაცნობი სურათი, ჩემითვალით ნანახი,მოსმენილი, ან სხვებისგან მოყოლილი, ასე, რომ სკოლის დასახელებას თუ დავიწყებთ, უამრავი სკოლის ჩამოთვლა მოგვიწევს.

        Liked by 1 person

  6. თქვენს ნააზრევში ღვარძლი უფრო მეტია, ვიდრე კეთილი განწყობა… ეს სავალალოა…

    Like

    1. ერთი ადამიანის პერსონალურ დაკვირვებებში “ღვარძლ” ამჩნევთ და სავალალოდ მიგაჩნიათ. რა გარემოც სკოლებშია ეს მისაღებია ხომ თქვენთვის.მეორე გაცილებით მასშტაბურია თუ თვალს გაუსწორებთ სინამდვილეს

      Like

  7. თქვენ თუ მართლა შეგტკივათ გული და თუ ჟურნალისტის პროფესიულ სტანდარტებს იცნობთ, აუცილებლად დაასახელეთ სკოლა, ან სკოლები, სადაც იყავით და ნახეთ ის, რაც დაწერეთ. სხვა შემთხვევაში არაფერი არ გამოსწორდება. ჟურნალისტის იარაღი არის სიტყვა, კონკრეტული სიტყვა და არა ეპისტოლარული ჟანრის ესე. ქალბატონო მეგი, თქვენი დაკვირვება ძალიან ძვირფასი იქნებოდა, ეს რომ საქმიანი მანერით დაგეწერათ. გაბედეთ, დაასახელეთ, საჯაროდ ამხილეთ და მე, ჩემი მოკრძალებული აზრით, თქვენთან ვარ. ახლა კი მე შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება.

    Like

    1. ჩემი ყველა სიუჟეტი რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა, დასამალი არაფერია როცა ტელევიზიის ჯგუფი გადაღებაზე გადის. რაც შეეხება აქ ჩამოთვლას, ეს სხვა ფორმატში გადაიყვანს თემას. მით უფრო, როცა სხვაგანაც იგივე ხდება (თუ ყველგან არა, ძალიან კარგი ) და სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაოცებს თუ თქვენ არასოდეს შეჯახებიხართ

      Like

      1. როდის და რა ჟანრში გადმოვცე აზრი,ამის გადაწყვეტის უფლებას ნუ წამართმევთ 🙂

        Like

  8. ეს ზოგადქართული წესია,როცა სხვისი ხელით ველით პრობლემების მოგვარებას.მოვა ვინმე,კეთილი ფერია და პრობლემას გააქრობს.
    ყველაფრის მიუხედავად დიდი იმედი მაქვს ახალი თაობა შეცვლის სურათს.თაობა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთნაირად იქნება ორიენტირებული.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s