განათლება

თვითცენზურა საჯარო სკოლებში

ზოგჯერ, როცა საჯარო სკოლაში ვარ, ცალკე სახელმწიფოში მგონია თავი. ეს არის ჩაკეტილი სამეფო თავისი მონარქებით, ლაქიებით, მოსახლეობით და ჯარით. ვინ ვისი პროტოტიპია თქვენ განსაზღვრეთ, მე იმ ჟურნალისტის თვალით დანახულს გეტყვით, პერიოდულად სკოლებში გადაღებებზე სიარული რომ უწევს და არც თუ იშვიათად დაუპატიჟებელი სტუმრის რანგში. ზოგჯერ კარი ცხვირწინ იკეტება, რას იზამ, დირექტორის ბრძანებაა. ზოგჯერ იხსნება, ოღონდ ისე ფართოდაც არა, რომ ყველაფერი გამოჩნდეს. დადიხარ დერეფნებში სკოლის დირექტორის გვერდით. კიდევ რამდენიმე ადამიანი უკან დაგყვება. ყველანი ღელავენ. დაბნეულები გპასუხობენ. აქცენტს მხოლოდ პოზიტივზე აკეთებენ. ის რაც გამოსასწორებელია, არასოდეს ახსენებენ. ტუალეტიდან გამოსულ სუნს არ იმჩნევენ, უხერხულად იშმუშნებიან. თუ მიუთითე გიმარტივებენ, რა მოხდა მერე, ყოველთვის ასე კი არ არის, რაღა ახლა გამოვიდა ეს სუნიც.. სინამდვილეში შენზე უკეთ იციან, შენზე მეტად აწუხებთ, მაგრამ არ იტყვიან. სისტემის წინააღმდეგ არ წავლენ. და ამ დროს ხალასი ბავშვები ცხვირზე ხელებმიფარებული დადიან, მხიარულად დაჭყანული სახით და იმ ბავშვური ფიქრით, რომ საღამოს ტელევიზორში გამოჩნდებიან -” მას, ქაღალდი და საპონი კიდევ არ არის ტუალეტში!” 🙂 “შეფობა” ფეხაკრებით დადის და წარბის აწევით შემოიფარგლება. მერე, ის წუთიც დგება, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება კოლექტივი. “ნახვამდის, დიდი მადლობა” ვამბობ და სახეებიც იბადრება. ზე ზრდილობიანი “რას ამბობთ, ყოველთვის მზად ვართ”-მზად არის. არადა გულში ფიქრობენ “უჰ, გადავრჩით”.. და ვტოვებ სკოლას, ისევ ისეთს, როგორიც 16 წლის წინ დავამთავრე. და ამაზე არავინ საუბრობს..

როგორია თავად დირექტორი? – ხელისუფლების მორჩილი, პოლიტიკური უმრავლესობის უპარტიო წევრი, იცის როგორ გაჩუმდეს და საფიქრალი არ გაუჩინოს რაიონის რესურს-ცენტრს და სამინისტროს. როგორ მიიღოს საპატიო სტუმრები გამგეობიდან. რა დაათვალიერებინოს და რა დაუმალოს სტუმრად მისულ ხელმძღვანელობას. სისტემის ხარვეზებს იცნობს, თუმცა, მიიჩნევს რომ ის ვერაფერს შეცვლის, ამიტომ არჩევს დიდხანს დარჩეს თანამდებობაზე. მითუმეტეს რომ უამრავი თავისიანი ყავს დასაქმებული სკოლაში.

სკოლის დირექტორის ნათესაობისგან შემდგარი გუნდი – მნე, საქმეთა მმართველი, ბუღალტერი, ფსიქოლოგი, ექიმი და რამდენიმე მასწავლებელი, რომელიც პროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, მაგრამ აწყობილი პირადი კავშირების გამო გაცდენებიც ეპატიება.
მანდატური – იშვიათად იღიმება. ფეხაკრებით დადის. იცის რა ხდება დახურულ კარს მიღმა. ოპერატიულად აწვდის ინფორამაციას “ზევით”.

დარაჯი – როგორც წესი შუახანს გადაცილებული, არც თუ იშვიათად რუსულენოვანი კარის ქალი თუ კარის კაცი მუდამ გაბრაზებულია. ეტყობა, რომ პატივს არ სცემენ და თავადაც არ იმჩნევს ზრდილობას. უსიტყვოდ ემსახურება ბატონს, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასაკის მიუხედავად “შენობით” ელაპარაკოს (თავად კი სულ იმას უჩიჩინებს მოსწავლეებს, უფროსს პატივი სცეს და სიტყვის შეუბრუნებლად დაემორჩილოს).
მოსწავლის მშობელი – უუფლებო რგოლი, რომელსაც უმეტესად სამ კატეგორიად ყოფენ სკოლაში: უყურადღებო, ინტრიგანი ან ყოჩაღი. მოუცლელი მშობელთა კრებაზეც არ მიდის, “ინტრიგანი” ყველა ხარვეზს აღნიშნავს. ყოჩაღი ყველაფერს აკეთებს, რომ დირექტორს და მასწავლებლებს ასიამოვნოს, ამიტომაც არის ყოჩაღი.
მოსწავლეები? – ყველაზე ნადვილი ადამიანები.
მასწავლებელი –  მოსწავლეებთან დიდი, დირექტორთან – პატარა.

როცა მასწავლებელს ვახსენებ, თავში ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კატეგორია მიტრიალებს.
1) თანამედროვე (არ ვგულისხმობ მხოლოდ ახალგაზრდას), მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების მოყვარული, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები რეალური ამბიციებით. ბავშვებს აღიქვამენ ინდივიდებად. საინტერესოდ მიაჩნიათ მათთან ურთიერთობა. აცნობიერებენ, რომ მათი საგნის გარეშეც შეძლებს ბავშვი გარემოში ადაპტირებას. ბავშვებს არ ყოფენ ცუდებად და კარგებად. არ აინტერესებთ ვის რა აცვია, აქვს თუ არა ტელეფონი, ვისი დედ-მამა სად მუშაობს, სკოლა არ გონიათ “ტაძარი”, მაგრამ უყვართ ადგილი, სადაც პაწაწინა პირები ერთ დღესაც გადაიქცევიან პიროვნებებად. ასეთი ადამიანებისთვის სხვა ბევრი სამსახურიც არსებობს, თუმცა მათ მოსწონთ საქმე, რომელსაც აკეთებენ. ამიტომ მუშაობენ სკოლაში ბავშვებთან, იმ ანაზღაურების სანაცვლოდ რასაც ოდესღაც დათანხმდნენ და იმ იმედით, რომ ხელფასი გაიზრდება. ვისაც იმედი ამოეწურა და ხმამაღალი პროტესტი გამოხატა, 62 000-დან ერთადერთს, სანიმუშოდ დაატოვებინეს სკოლა (თბილისი, 116-ე სკოლა, ისტორიის მასწავლებელი დათო ფერაძე). სისტემამ იმ ერთადერთ შემთხვევაშიც  “კლასი” აჩვენა როგორ დასჯის მოაზროვნე მასწავლებელს.
2) მეორენი ანუ დიდი უმრავლესობა- ოდესღაც კარგად ნასწავლზე დამოკიდებული. ნიშნებით მოვაჭრე. თვითცენზურით შეპყრობილი, დირექტორის თვალებში შემციცინებელი, ავტორიტეტების გავლენის ქვეშ მყოფი, სტერეოტიპებით მოაზროვნე. დამფრთხალი, რომ ვიღაც ბავშვის უფლებებზე ალაპარაკდა. წარბაწეული, რომ კართან შეიძლება მანდატური იდგეს. შეურაცხყოფილი, რომ გამოცდებზე გაიყვანეს, დაბალი ხელფასის შესაბამისად უხარისხოდ მომუშავე, მოსწავლეების მშობლების ხელის შემყურე, კუბოკრულ კაბებში გამოწყობილი ორიოდე კოლეგა დაქალით, ღვაწლმოსილი და სკოლიდან თავისი ფეხით არასოდეს წამსვლელი პედაგოგები დიდი ამბიციებით, რომელთანაგან ხშირად მოისმენთ „იცით რის ფასად გვიჯდება მომავალი თაობის აღზრდა?“. ხშირად გეტყვიან «კმარა მასწავლებლებისკენ ლაფის სროლა, იცით მაინც რამდენი აქვს მასწავლებელს ხელფასი?“ – მაგრამ არასოდეს, არასოდეს ხმას არ ამოიღებს დარგის პრობლემებზე იქ სადაც საჭიროა – არც დირექტორთან, არც სამინისტროში, არც ჟურნალისტებთან. მის თვალში სკოლა ტაძარია, ცოდნის ტაძარი, რომელზე აუგის თქმაც კარგ პედაგოგს არ შეშვენის. «ძირითადად გაბრაზებული» (ამის მიზეზი რეალურადაც ბევრი აქვთ) აბსოლიტურად კმაყოფილდება საკლასო ოთახის დახურულ კარს მიღმა, სადაც სხვაგან დაჩაგრული, პატარა ადამიანების თვალწინ მეფედ და დედოფლად იქცევა. მოუნდება «ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებს», საჭიროდ ჩათვლის დასჯის, კუთხეშიც დააყენებს მძიმე ჩანთა აკიდებულს, კლასიდან გააგდებს, ოჯახს გაულანძღავს, დაამცირებს კიდეც, შეიძლება ხელითაც შეეხოს, თუ ვერ შეეხება – ეს უფრო განარისხებს, რომ აუკრძალეს. მერე მშობლებს მიიხმობს და ეტყვის, რომ უზრდელი შვილები ყავთ, თან ფარდები არ უვარგათ საკლასო ოთახში და პარკეტიც აქა-იქ ამოყრილია, მაგრამ ფულს თვითონ ვერ შეაგროვებს, არც ამის უფლება აქვს …

P.S. საჯარო სკოლაში არის გარემო, სადაც ზრდასრულები არ იცავენ თავიანთ უფლებებს. სადაც სხვისი ხელით ელიან თავიანთი ყოველდღიური სოციალური პრობლემების მოგვარებას. სადაც ყალბად თავაზიანი მოწიწებით აწურულები დაიარებიან. ასეთები ვერასოდეს ვერავის ასწავლიან და აჩვენებენ მთავარს – პიროვნების თავისუფლებას. ამაზრზენია, როცა ბავშვები მთელი ბავშვობის განმავლობაში ამ სიყალბეს თვალებში უყურებენ.