საზოგადოება

პოლიტიკოსები ჩვენს უბნებში

წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანა იმ სახლს გავს სასიკვდილოდ გადადებული მოხუცის გარდაცვალებამდე სასწრაფოდ რომ არემონტებენ, პანაშვიდზე მისული ხალხის თვალის ასახვევად. ხალხიც ვერაფერს ამჩნევს, ყველაზე უკეთ თვალების ახვევა გამოსდის და იმიტომ.

ერთ-ერთი პარტიის წევრი გვესტუმრა უბანში, ახალაშენებული ეკლესიის ეზოში შეხვდა მოსახლეობას. კვარცხლბეკზე შემდგარი მთელი მონდომებით არწმუნებდა ხალხს, რატომ უნდა მისცენ ხმა მაინც და მაინც მას. არავინ არცერთი შეკითხვა არ დაუსვა, არც მის გავლილ საქმიანობაზე, არც სამომავლო მოქმედების გეგმებზე. მოვიდა – მივიდნენ, წავიდა – დაიშალნენ. აზრი? საინფორმაციო გამოშვებებში თქვეს, რომ ეს პოლიტიკოსი დღეს ამ უბნის მოსახლეობას შეხვდა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს.

თქვენს უბანში რომ მოვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, თუ კითხვები არ გაქვთ ნუ ჩამოუდგებით ტელეკამერებს წინ და ნუ შეავსებთ “მასოვკას”. მუჭში ჩაკუჭული წერილები, პოლიტიკოსისთვის სახალხოდ ხელის ჩამორთმევა და მისი პირგაბადრული ღიმილი არ შველის საქმეს. თუ მაინც და მაინც “ცხოვრებაში როგორია” იმის გაგება გინდათ და ამიტომ მიდიხართ, ბარემ რამე კითხეთ კიდეც, რაც მართლა გაღელვებთ, რაზეც შინაურებში ბევრს ლაპარაკობთ. იცოდნენ რომ მასაზე მეტი ვართ, კითხვები გვაქვს, პასუხები გვაინტერესებს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მინდა მჯეროდეს, სოფელ-სოფელ მოარული შევარდნაძე და ჯორნებაძე რომ დენს და გაზს გვპირდებოდნენ ის დრო აღარ არის და გავიზარდეთ როგორც საზოგადოება.

 

მაგრამ..