ჯანდაცვა

მშიერი ექიმი საშიშია ჯანმრთელობისთვის

 

პაციენტების ნაამბობიდან :

– ექიმმა არასწორი დიაგნოზი დამისვა. – ბავშვს ვირუსი ქონდა და თავის დაზღვევის მიზნით მაინც ანტიბიოტიკები დაუნიშნა; – ბრმანაწლავი ამოაჭრეს და ბამბა ჩაუტოვეს შიგნით; – არარსებულ დაავადებაზე მიმკურნალეს და მერე ფარმაცევტული კომპანიიდან დამირეკეს, მკითხეს რომელ აფთიაქში ვიყიდე ექიმის დანიშნული წამალი; – ექთანს შეეშალა და მედიკამენტის ნაცვლად საკვები გადაუსხა ბავშვს; – მამაჩემს პირში მიახალეს კიბო გაქვსო; – დილიდან რიგში ვდგავარ და ვიღაც თეთრხალათიანმა ურიგოდ შეიყვანა ნაცნობი; – ვიზიტზე შევედი და 40 სტუდენტის წინ მალაპარაკა კუჭში რა სიხშირით გავდივარ; – წესიერად არ ამიხსნა რა მჭირდა, ისე გამომიშვა ოთახიდან; რაკი მოხუცი იყო, ექიმი ყურადღებასაც არ აქცევდა; – ტკივილისგან ვტიროდი და ისინი თანამშრომლის შვილის ქორწილს განიხილავდნენ; წრეზე მატარეს კლინიკიდან კლინიკაში, გამოკვლევიდან გამოკვლევაზე, ქვეყანა ფული დამიჯდა იმის გარდა რაც სახელმწიფომ დაფარა; იმდენი წამალი დამინიშნა, ჭამის  დრო აღარ მქონდა…

ექიმების ნაამბობიდან:
– კართან ასი კაცი მელოდება და ამან ბაბუამისიდან დაიწყო ჩივილების მოყოლა; – სხვა ერთ წუთში უნდა გავუშვა და მას ორი საათი უნდა დავუთმო; ხედავს რომ პაციენტი მყავს და მაინც შემოდის; -დასვენება ჩვენთვის არ არის, ქორწილი და დაბადების დღე ჩვენთვის არ არის, ფეისბუქზე შევალ და იქაც პაციენტების ანალიზის პასუხები მხვდება, სად გავიქცე აღარ ვიცი; – პირდაპირ რეანიმაციაში შემოდიან პაციენტის “პატრონები”, რომელს მივხედო აღარ ვიცი; – მედიცინა ერთართი სფეროა, ჯერ კიდევ თვეობით რომ ველოდებით მიზერულ ანაზღაურებას; – რა დაბალ ხელფასზეა ლაპარაკი, მარტის შუა რიცხვებში რომ დეკემბრის ხელფასზე ოცნებობ ესაა საქმე? – თვეში 16 დღეს რომ ერთ სამსახურში ათენებ, რვას მეორეში და მაინც სულ იმას ფიქრობ ფული სად იშოვო, რომელ ქვეყანაში ხდება ასე;

მე, როგორც მხარე:
2010 წელს სრულიად ჯანმრთელს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დამისვეს და მეორე დღეს მითხრეს რომ შეეშალათ. როგორ დაღამდა და გათენდა ჩემთვის ექიმს არ უკითხავს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს 24 საათი, რამდენი ვიტირე, რამდენი ვეფერე 2 წლის მძინარე შვილს, რამდენჯერ ჩამიარა გავლილმა 28-მა წელმა თვალწინ ოჯახის წევრების გარდა არავინ დაინტერესებულა. მეც, უპასუხისმგებლო მოქალაქემ, არ ვუჩივლე ექიმს. ბედნიერმა, რომ ცხოვრება ერთ დღეში დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს, დავივიწყე ყველაფერი. აღარ მინდოდა იმათი დანახვა, ვინც “გრიპის” გამო მისულს მითხრა, რომ სიმსივნეს უცებ ამომაჭრიდნენ და ორ კვირაში სახლში გამიშვებდნენ. მე დამნაშავე ვარ. სხვა უფრო საზრიანი მიყენებული მორალური ზიანისთვის საზღაურს სასამართლოში მოითხოვდა და პრეცენდენტს შექმნიდა. მეც ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პაციენტი ვარ.

აი ასე .. ექიმებს არც კრიტიკა აკლიათ და არც პაციენტი.
ყველას გვაქვს არგუმენტი. ერთი რამ კი ფაქტია – ქართველი ექიმების უმრავლესობას ხელფასთან ერთად გულისხმიერება აკლია. თუმცა ჩემნაირი პაციენტები მეტს არც იმსახურებენ.

(საგანგებოდ არ გამოვყოფ კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ერთეულ ექიმებს, რათა ჩემმა სამიზნე აუდიტორიამ მათში არ მოიაზროს თავისი თავი)
საზოგადოება

სკოლა – ლიმუზინი – შარვალი და კოსტუმი

მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების.  რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ,  რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.

ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემ „ქეიფ-დროს ტარებაში“ კიდევ დამატებით   ვერ დავახარჯინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.

გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 – 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო. თან შარვალ-კოსტუმიც საყიდელი გვაქვს და ვის ვესესხო ფული, იმას ვფიქრობო. გლდანში ხდება ეს.

რა ბანკეტი, რა მასწავლებელი, რა ლიმუზინი, რა შარვალ-კოსტუმი..

თუ დედამიწაზე არ ვარ „შემომილაწუნეთ“ !